Home რუბრიკები პოლიტიკა საპრეზიდენტო არჩევნები _ ლაკმუსის ქაღალდი, რომელზეც ნათლად გამოჩნდება, რომელი პარტიები მისტირიან სააკაშვილის...

საპრეზიდენტო არჩევნები _ ლაკმუსის ქაღალდი, რომელზეც ნათლად გამოჩნდება, რომელი პარტიები მისტირიან სააკაშვილის რეჟიმს, რომელსაც ვითომ ხმალამოღებული ებრძოდნენ

1532
შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი მზად არის, ეშმაკსაც შეეკრას ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბაჩუკი ქარდავას კი ნაციონალების შეთავაზება პატივად მიაჩნია

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და, შესაბამისად, უკვე დაიწყო მსჯელობა, რომელ პარტიას ვინ ეყოლება კანდიდატად. დიდი ალბათობით, მმართველი გუნდის _ “ქართული ოცნებისკანდიდატი ქალი იქნება და ის, ასევე დიდი ალბათობით, გამარჯვებას მოიპოვებს. ეს კი იმიტომ, რომ რეალურად, ოპოზიციურ ფლანგზე არ ჩანს კანდიდატი, რომელიც ხელისუფლებას, თუნდაც ისეთს, როგორიც დღეს გვყავს, კონკურენციას გაუწევს. შესაბამისად, მმართველი გუნდი ფონს ადმინისტრაციული რესურსითაც იოლად გავა, თუმცა მთავარი არის ის, რომ ყოფილი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დაბრუნებას ცდილობს და მათმა ლიდერმა, ევროპაში შავი ჭირივით მოარულმა მიხეილ სააკაშვილმა, სპეციალური განცხადებაც გააკეთა.

“ჩვენ, ყველანი, ვხედავთ, თუ რა განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა _ ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა; სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და იქ დაბრუნდა კორუფცია; კრიმინალი მძლავრობს; უსაფრთხოების სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ასეთი უიმედობა არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი. ამ ყველაფრის ფონზე, ასიათასობით ყველაზე შრომისუნარიანმა ჩვენმა თანამემამულემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან თვალი უჭირავს წასვლაზე. საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამ პირობებში ივანიშვილმა, პრაქტიკულად, კასტინგი გამოაცხადა მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს, ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთვის და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაც საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად! ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? _ ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამის ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო. ხალხს ის სძულს, ყველას აეხილა თვალი და დაინახა განსხვავება იმათ შორის, რაც არის და რაც ამათ მოშალეს. რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ჭაობიდან ქვეყნის ხელახლა ამოყვანა, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის _ პრაიმერიზის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია _ აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილების გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის, ახალგაზრდობის მასობრივად მოზიდვით. ჩვენი ძალა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, არ გაიყიდა და არ განადგურდა (რაც ივანიშვილისა და მისი ჩრდილოელი პატრონების სანუკვარი ოცნება იყო) და გადარჩა. ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია. ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა. მე ბოლომდე ვარ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში და მინდა, რომ თქვენც წამომყვეთ ამ ბრძოლაში. საქართველოს აქვს ძალიან მაგარი მომავალი, ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია და ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად გარდაუვალია”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბაჩუკი ქარდავა
ბაჩუკი ქარდავა

გაგიკვირდებათ და, ამ განცხადებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის, ეშმაკსაც კი შეეკრას ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ბაჩუკი ქარდავას ნაციონალების შეთავაზება პატივად მიაჩნია.

“ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი პოლიტიკური ძალა საქართველოში. მათ მიერ გაკეთებული შეთავაზება კი ნებისმიერი ოპოზიციური ძალისთვის დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებში აქტიურად ჩავერთვებით”, _ განაცხადა ქარდავამ.

არადა, ქარდავამ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მისი პარტიის რეიტინგი ორი ხელის თითებზე დასათვლელ ამომრჩეველს, დიდი ხანია, აღარ სცდება და პარტიისგან, რომელიც გია ჭანტურიამ ააშენა, მხოლოდ სახელიღა დარჩა, სახელი და არა სახე, რადგან ამ განცხადებით ქარდავამ საბოლოოდ დაკარგა სახე და შეეკრა ადამიანებს, რომლებმაც ერს გენოციდი მოუწყვეს და სხვათა შორის, ამ გენოციდს ქარდავა თავის დროზე აპროტესტებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ მისი ათკაციანი პარტია აღარავის დასჭირდა და ახლა ნაციონალებს შეეკრა, პოლიტიკურ მორევში რომ იტივტივოს.

ეგ კი არა, ბატონმა ბაჩუკიმ რუსეთის წინააღმდეგაც კი გაილაშქრა და პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნების თაობაზე, ძალიან საინტერესოდ გამოეხმაურა:

“ბატონებო! უადგილო უსტარით რუსეთს თავის გეგმებზე ხელს ვერ ააღებინებთ. გაიგეთ, მას სძულს არა ესა თუ ის ხელისუფლება, არამედ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. თავის დროზე, საერთაშორისი დღის წესრიგიდან საქართველოს ამოღება, თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი იყო, ახლა მაინც გაუსწორეთ თვალი რეალობას, კარასინთან ჭორაობას მოეშვით და გააძლიერეთ ყველა დონეზე, იქნება ეს ევროპის დედაქალაქებში თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის თავხედობის წინააღმდეგ აქტივობები! არავინ გთხოვთ თოფის სროლას, სიტყვა მაინც ისროლეთ!” _ აცხადება ქარდავა.

სროლაზე თუ მიდგა საქმე, თქვენს ახალ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, მიმართეთ, ბატონო ბაჩუკი. მაგან სროლა იცის, ტყვიას ტყვიაში აჯენს. თუ არ გჯერათ, გორში გადაღებული კადრები ნახეთ, ძლივს რომ “წაართვეს” იარაღი მიშას ხელიდან და მერე მიწაზეც დააგდეს: ამდენი სროლა არ გინდა, დაისვენე ცოტაო…

ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ასეა _ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი, რომელზეც ნათლად გამოჩნდება, რომელი პარტიები მისტირიან სააკაშვილის რეჟიმს, რომელსაც ვითომ ხმალამოღებული ებრძოდნენ და “სიტყვებს ესროდნენ”. ქარდავამ სათქმელი უკვე თქვა, ახლა სხვების ჯერია და გამოდით, არ მოგერიდოთ… უნდა დაგთვალოთ!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here