სამი ეშმაკი ანუ დამასანქცირეთ, თქვე შობელძაღლებო!

    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას „იმედსა“ და „პოსტივის“. საფუძველი: „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით.“  

    ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობა ასახელებს „დეზინფორმაციას“ უკრაინის შესახებ. კერძოდ: „ისინი ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაზე, ძირითადად, საქართველოში მყოფ აუდიტორიაში. ინფორმაციას, რომელიც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რაც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

    აი, ასეთი სურათი გვაქვს.

    უნდა ვთქვა, რომ შეურაცხყოფილად მივიჩნევ  თავს. როგორ, „იმედი” და „პოსტივი” ჩემზე მეტს აკეთებენ იმ მიმართულებით, რომ უკრაინულ რეჟიმს (უკრაინულ ფაშიზმს) ნიღაბი ჩამოგლიჯონ?! ეს ხომ მოღაღადე უსამართლობაა! „იმედი” დღემდე გაჰკივის, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენო. „იმედი”, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინულ დროშას აფრიალებდა და უკრაინელ ფაშისტებს ჩვენს ძმებს უწოდებდა, ანტიუკრაინული საქმიანობისთვის უნდა დასანქცირდეს და მე ყოველგვარი სანქციის გარეშე უნდა დავრჩე?! ვიღაცას გაუკვირდება, სანქციებს თუ არ გადებენ ანუ არ გსჯიან, ამან რატომ უნდა შეგაწუხოსო. არ არის სწორი ასეთი მსჯელობა. ჩემი ნახევარსაუკუნოვანი ჟურნალისტური საქმიანობის გამო არავის დაუჯილდიებივარ, უბრალო მადლობაც კი არავის უთქვამს (ხალხს არ ვგულისხმობ) და რაღაცით ხომ უნდა აღინიშნოს ჩემი მოკრძალებული წვლილი (ოცდაათი ტომი მაქვს დაწერილი და ათასობით სატელევიზიო გადაცემა ეთერში გაშვებული), რის გამო დაფნის გვირგვინს არ ვითხოვ, მაგრამ კრიტიკასა და სანქციას მაინც არ ვიმსახურებ?! ერთადერთი ხელისუფალი, რომელმაც ჩემი საქმიანობა უარყოფითად შეაფასა და ციხეში მიკრა თავი, ზვიად გამსახურდია იყო, რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავ. მართალი იყო ის ცხონებული. საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა სულაც არ არის ცუდი მოვლენა-მეთქი, ვეუბნებოდი; სტალინი უდიდესი ისტორიული პიროვნებაა, რომელმაც საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკური და სულიერი აღორძინება მოუტანა, არამედ სწორი გეოპოლიტიკური ადგილი განუსაზღვრა-მეთქი; რუსეთთან მტრობას რუსეთთან მეგობრობა სჯობს-მეთქი; 1921 წლის 25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და დაპყრობის დღე კი არ არის, დასავლეთის კლანჭებისგან და განძიპარია მენშევიკური რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლების დღე არის-მეთქი. ზვიად გამსახურდია, რომელსაც ჭირის დღესავით სძულდა რუსეთი, საბჭოთა კავშირი, სოციალისტური სისტემა და სტალინი; ზვიად გამსახურდია, რომელიც საბჭოთა დისიდენტი და საქართველოში ე.წ. ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი იყო; ზვიად გამსახურდია, რომელიც საბჭოთა სოციალისტური საქართველოს დროშას ანათმას გადასცემდა და ჟორდანიას მენშევიკურ დროშას დააფრიალებდა, ამას მაპატიებდა? რა თქმა უნდა, არ მაპატიებდა. მეტსაც გეტყვით, არც უნდა ეპატიებინა, რადგან საშიში კაცი ვიყავი. როდესაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და კრემლის ამერიკულმა აგენტურამ (გორბაჩოვი, შევარდნაძე, იაკოვლევი)  ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოიყვანეს, საბჭოთა კავშირს საძირკველი მორყეული ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა და სოციალისტური იდეა ცოცხლობდა, არც ქართულ რუსოფობიას ჰქონდა ის მასშტაბი, რომელიც  შემდეგ შეიძინა. ამიტომავ ვიყავი საშიში. გამსახურდიამ კი, სხვა რომ არაფერი, საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ საშიში კაცები დროზე თუ არ გაანეიტრალე, სერიოზულ პრობლემებს შექმნიან. მან ისიც იცოდა, რომ ეროვნული მოძრაობის იმ წევრებზე უფრო საშიში, რომელიც მას დაუპირისპირდა, მე ვიყავი. ამიტომაც, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში, ობიექტურად ვმსჯელობ, პირად წყენასა და იმხანად  განცდილ ტკივილზე მაღლა ვდგები და ისე ვაფასებ მის გადაწყვეტილებას ჩემი დაპატიმრების შესახებ. მისი მხრიდან ეს იყო ჩემი პიროვნებისა და ჩემი საქმიანობის სწორი შეფასება. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, იმასაც ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო იყო – დასავლური პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ჩემთვის მონიჭებული, ჩემთვის ბოძებული ჯილდო.

    სხვა დროსაც არ დავუტოვებივართ უყურადღებოდ. ედუარდ შევარდნაძემაც ბევრი მარბენინა უშიშროების სამსახურში (ბატონი მალხაზ სალაყაია დამიდასტურებს ამას, რომელიც „ტერორისტ” იგორ გიორგაძესთან ჩემი საეჭვო კავშირისა და საზღვარგარეთ მასთან შეხვედრის საქმეს იძიებდა). ერთხელ გენერალურ პროკურორს ჯამლეთ ბაბილაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში შევუვარდი, როდესაც ჩემი სამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე ღია ეთერში საუბრობდა. ამის გამოც ბევრი მარბენინეს დაკითხვებზე. ეს ყველაფერი იმიტომ მოგახსენეთ, რომ ჩემი პოლიტიკური და ჟურნალისტური საქმიანობა შეუფასებელი  არ რჩებოდა. შეფასება ყოველთვის უარყოფითი იყო, მაგრამ რატომ უნდა ყოფილიყო დადებითი დასავლეთის მიერ მოყვანილი პრეზიდენტების ხელში?! ასე ვუყურებ და ასე ვაფასებ ჩემს ოცდათხუმეტწლიან დევნას-შევიწროებას, ეს გზა ჩემთვის გარედან თავსმოხვეული ხომ არ არის, მე თვითონ ავირჩიე, ამიტომაც მე ჯილდოს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) არავინ მომცემდა. ჩემი ჯილდო სწორედ ის დევნა-შევიწროებაა, რომლის უმცირესი ფრაგმენტები გავიხსენე.

    ახლა უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარ. იმ საქმიანობის გამო (დასავლური პოლიტიკის მხილება და რუსული პოლიტიკის მხარდაჭერა), რომელშიც ლომის წვლილი მაქვს შეტანილი, სხვებს უწესებენ სანქციებს და მე თითქოს არც ვარსებობ.

    დიდ ბრიტანეთს მივმართავ და მასთან ერთად მთელ დასავლეთს: რა „იმედი” და „პოსტივი”, ნამუსი არ გაქვთ? ეს ტელევიზიები ხანდახან წამოიკნავლებენ რაღაცას (ისიც ხელისუფლების შეკვეთით), თორემ თქვენს წინააღმდეგ ხმის ამომღები არიან? როგორ გეკადრებათ?! საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს რომ შემობრუნდეს (ცოტა თუ მოეფერებით, რა თქმა უნდა, ასე იზამენ), ეს ტელეარხები იმავე წამს ააფრიალებენ თქვენს დროშებს. თქვენ კი მათ სანქციებით აჯილდოებთ. იცით, რომ მომავალში ისინი კვლავ თქვენ მხარეს იქნებიან და ამიტომ უკეთებთ რეიტინგს. არადა, მე აგერ ვარ, მე, ვინც, ოცდაათი წელიწადზე მეტია, ვუსაბუთებ ქართველ ხალხს, რომ თქვენ (მთელი დასავლეთი) გარყვნილების, ომის და გადაგვარების კონტინენტი და გეოგრაფიული მხარე ხართ. თქვენ კი ვითომ ვერ მამჩნევთ. ამას იმიტომ კი არ აკეთებთ, რომ მართლა ვერ მხედავთ და ვერ მამჩნევთ, არამედ იმიტომ, რომ ჩემი სიმართლის გეშინიათ, ნამდვილი ჟურნალისტიკისა და ნამდვილი პოლიტიკის გეშინიათ. საჯაროდ და ოფიციალურად არ მასანქცირებთ, თორემ, ოცდაათი წელიწადია, რაც უმძიმეს სანქციებში გყავართ მოქცეული. იცით, რომ თქვენგან ჩემთვის გამოწერილი ნებისმიერი სასჯელი და თქვენ მიერ ჩემთვის გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის მიერ ჩემთვის გადმოცემულ ჯილდოდ იქნება აღქმული…

    გამოუშვით ეგ თქვენი სანქციები, სასჯელები და განაჩენები, თქვე გარეწრებო, ქართველი ხალხის დაუძინებელო მტრებო, მსოფლიოს კიბო და ხორცმეტებო! მე თქვენ დიდი ხნის წინათ გამოგიტანეთ განაჩენი, რომელსაც იმის მიხედვით კი არ ვცვლი, ვინ მოვა თქვენთან პრეზიდენტად ან პრემიერმინისტრად. ამას მნიშვნელობა არა აქვს. დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო მეთაურები კი არა,  უნდა შეიცვალოს პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოს დაპყრობისკენ არის მიმართული და საბრძოლო არსენალში სამი ეშმაკი ჰყავს: დეზინფორმაცია, გარყვნილება და ომი. აი, რა უნდა დაინგრეს. დიახ, კი არ უნდა შეიცვალოს, უნდა დაინგრეს! თქვენი პოლიტიკა, როგორც უნდა შეიცვალოს იგი, ნებისმიერ შემთხვევაში, ბოროტებად დარჩება. თქვენი პოლიტიკა ისევე უნდა დაინგრეს, როგორც სტალინმა დაანგრია გერმანული ფაშიზმი, რომელიც (ისევე, როგორც უკრაინული ფაშიზმი) თქვენ მიერ იყო შექმნილი და დასავლური სიბინძურის თაიგულს წარმოადგენდა!

    მე გეუბნებით:

    ძირს დასავლური (ამერიკულ-ევროპული) პოლიტიკა და არავითარი კომპრომისი მის სიბინძურესთან!

    მეტი რა გითხრათ, ახლა მაინც დამასანქცირეთ, თქვე შობელძაღლებო!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here