არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა უკან-უკან მიდის, რადგან არ მუშაობს იმ პროგრამების ძირითადი ნაწილი, რომლებსაც ამ სფეროს განვითარების სააგენტო განახორციელებს და მათზე მილიონებს ვხარჯავთ; არავინ უსმენს ფერმერებს, ანუ იმ ხალხს, რომელმაც იცის, რა და როგორ სჭირდება საქმეს განვითარებისთვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მართებულად მოიქცა, როცა ჩამოიარა ყველა რეგიონი და მწარმოებლებს პირადად შეხვდა, მათგან მოისმინა შექმნილი პრობლემების შესახებ, მაგრამ… ჯერ წინ ვერ წავიწიეთ, ვერ წავიწიეთ იმიტომ, რომ პრობლემები ჯაჭვურია, მხოლოდ ერთის მოგვარება დიდ შედეგს ვერ მოიტანს, სისტემური ცვლილებებია საჭირო და ისეთი ადამიანების დასაქმება, რომლებიც კაბინეტებში ჰალსტუხებით კი არ ისხდებიან, არამედ ფერმებში ივლიან, მინდვრებში მივლენ, სათბურებს ნახავენ, პიარის გარეშე გააკეთებენ საქმეს და არ იკეკლუცებენ იმისთვის, რომ შემდეგ კარგად გამოჩნდნენ ვიდეოკადრებსა თუ ფოტოებზე. როცა ამის შესახებ ვსაუბრობდით, გვეუბნებოდნენ, რომ ვითარება კარგია, რომ ვაჭარბებთ და ისე არ არის, როგორც ვამბობთ… აჰა ოფიციალური მონაცემები და მერე ვისაუბროთ:
საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტში(მშპ) სოფლის მეურნეობის წილი წლიდან წლამდე მცირდება და ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია ასახული. უფრო კონკრეტულად კი შარშან მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6,2%-ს შეადგენდა, რაც ბოლო 15-წლიან პერიოდში მინიმუზე მიუთითებს. საქსტატის ეს მონაცემები 2010 წლიდან არის ხელმისაწვდომი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემი, ბოლო 15 წლის მინიმუმი კი არა, უფრო მეტი პერიოდისაა. საინტერესოა ისიც, რომ 2010–24 წლებში სოფლის მეურნეობას მშპ-ში ყველაზე დიდი წილი 2011 წელს ჰქონდა, როცა 11%-ს შეადგენდა.
მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი იმაზე მიუთითებს, რა შეუძლია ქვეყანას, რას აწარმოებს, რა მოჰყავს და რამდენად თვითკმარია, ანუ შეუძლია თუ არა საკუთარი თავის გამოკვება. ამ გადმოსახედიდან საქართველოს საკუთარი კვების პროდუქტებით თავის დაკმაყოფილება, უხეშად რომ ვთქვათ, 6%-ით შეუძლია, დანარჩენი 94% კი შემოგვაქვს. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ, თუ ასე გაგრძელდება, სხვა ქვეყნებზე ვიქნებით სრულად დამოკიდებულნი და ეს 6%-იც სანატრელი გაგვიხდება. არადა, წლების წინათ იმდენ პროდუქტს ვაწარმოებდით, ჩვენთვის საკმარისი კი არა, საზღვრებს გარეთ გასატანიც ბევრი გვქონდა და არავის მოუვიდოდა აზრად, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოეტანა. იმ რამდენიმე პროდუქტს ჩამოვთვლი, რომლებიც ჩვენთვის საკმარისი მოგვყავდა და საზღვრებს გარეთ გაგვქონდა კიდეც: მწვანილი, ხახვი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, კვერცხი, ქათამი, საქონლისა და ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ყველი, ჩაი, ციტრუსები, შაქარი … ახლა კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი შემოგვაქვს და ადგილზე ძალიან მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ. აგარის ქარხანა ჰყოფნიდა საქართველოს შაქრით მოსამარაგებლად და ახლა შევიტყვეთ, რომ იმპორტული შაქრის მოცულობა 16%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 114 512 ტ შაქარი იყიდა და 63 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 98 576 ტ შაქარი გვქონდა შესყიდული. ახლა რომ ვთქვათ, შაქრის მოხმარება გაიზარდაო, სისულელე იქნება – იმავე რაოდენობას მოვიხმართ, უბრალოდ, წარმოება შევამცირეთ და ამიტომ უფრო მეტი შემოგვაქვს, რადგან ასე უფრო იოლია. იცით, რომ ახალი ბიზნესი „დაამხეცეს“ საქართველოში (არა, ეს ადრეც იყო, მაგრამ ახლა ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო)? დიდი რაოდენობით ყიდულობენ დაუფასოებელ შაქარს, მარილს, ბურღულეულს და საქართველოში ფუთავენ, შემდეგ კი ყიდიან. შეფუთვას აწერია, რომ საქართველოშია შეფუთული, მომხმარებელს კი ჰგონია, რომ ქართულ პროდუქტს ყიდულობს. არადა, უბრალოდ, აქ შეიფუთა და ეგაა. ასე შემოაქვთ ვაგონებით ირანიდან მარილი, ბრაზილიიდან – შაქარი და ყველა ბედნიერია.
მომავალი წლიდან პლასტმასის ჭიქები, თეფშები, კონტეინერები და დანა-ჩანგალი აიკრძალება. პლასტმასის საწრუპებიც აღარ იქნება და, როგორც გვეუბნებიან, ეს ყველაფერი ხის ან ქაღალდის ნამზადმა უნდა ჩაანაცვლოს, რადგან პლასტმასს ისეთი სტრუქტურა აქვს, მისგან მიღებული საკვები ორგანიზმში მავნე ნივთიერებებს ლექავს და ჯანმრთელობისთვის საშიშია. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, პლასტმასი ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ… პალმის ზეთით გაჯერებული და რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი არ არის უფრო საშიში? პრემიქსზე ნაზარდი საქონლისა და ღორის ხორცი არ არის საშიში? მაყალზე შემწვარ ღორის ხორცს არაფრის სუნი რომ არ აქვს, არ არის საშიში? თუ ეს კონკრეტული ადამიანების ბიზნესია და ხელს ვერ ვახლებთ? 40 დღის ქათამი 2 კილოს რომ იწონის, სოფლად ბებიები ქათმებს ამ წონამდე მისაყვანად 8-10 თვის განმავლობაში რომ ზრდიდნენ სიმინდითა და ხორბლით, არ გახსოვთ? 4 თვის გოჭი 100 კგ-ზე მეტს რომ არ უნდა იწონიდეს, ვერ ხვდებით? 1 კგ ტარხუნა და 1 კგ რეჰანი 80 ლარი რომ ღირს ბაზარზე, ნორმალურია? ორივე მწვანილის მოყვანა სათბურებში შეიძლება და სოფლის მეურნეობის სააგენტოსაც გამოცხადებული აქვს სასათბურე მეურნეობის მოწყობის პროგრამა შეღავათიანი სესხითა და მომხიბვლელი პირობებით. როგორ გგონიათ, რატომ ვერ მუშაობს? ვერ ხვდებიან ადამიანები ამ სიკეთეს? იმიტომ ხომ არა, რომ პროგრამაში რეალურად ბევრი ხარვეზია და არც მისი გამოსწორება უნდა ვინმეს და არც იმის გაგება, რატომ არ ამოიწურა ამ პროგრამის ბიუჯეტი? არადა, გვიანონსებდნენ, ისეთი კარგი და გადასარევი ამბავია, იჩქარეთ, თორემ შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ, რომ ვერ მოასწარითო. მოსწრება კი არა, ამ პროგრამით სარგებლობა არავის სურს. არადა ასობით სათბური უნდა გაკეთებულიყო, სინამდვილეში თითო-ოროლა გაკეთდა და ახლა მათი გახსნით არიან დაკავებული, აქაოდა, ახალი სათბურები შენდება, წინ მივიწევთო. რეალობა კი სხვაგვარია და მწარე. როცა ვამბობთ, რომ სოფლის მეურნეობაში ყველაფერი კარგად არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვმტრობთ. პირიქით, ვცდილობთ, მდგომარეობა გამოვასწოროთ თუნდაც შექმნილ პრობლემებზე მითითებით, სამწუხაროდ, შემდეგ ჩვენს ნათქვამს საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს ხოლმე. ნამდვილად ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალი წლისთვის ან როგორია ბიუჯეტი და რა მიმართულებები გახდება პრიორიტეტული, მაგრამ ეჭვი გვაქვს, კვლავ არ აიკრძალება ჯანმრთელობისთვის საშიში პრეპარატებითა და ქიმიური დანამატებით საქონლისა თუ ფრინველის გაზრდა, არ შეწყვეტენ ფუტკრის შესაწამლი ისეთი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც გავლენას თაფლის ხარისხზეც ახდენს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. რაც მთავარია, აქეთ მიდის მთელი მსოფლიო, ანუ ამ პრეპარატებს სპობენ, ხვდებიან, რომ ქიმიური დანამატებით მიღებული საკვები მავნეა და ახლა ბიოლოგიურად სუფთა საკვებს ეძებენ, აწარმოებენ და კარგ ფასადაც ყიდიან. იცოდით, რომ არაერთ ქვეყანაში ქათმის ფილეს არ ჭამენ, მაღაზიებშიც არ იყიდება, რადგან თურმე არანაირი სარგებელი არ მოაქვს – არც მაწყინარია, არც სასარგებლო, ჩვენთან კი ცალკე სექციებში ფენებად დევს და არცთუ იაფად. მსოფლიოსთვის თუ გვინდა ფეხის აწყობა, იმ ქვეყნების მაგალითი უნდა გადმოვიღოთ, რომლებმაც ეს ყველაფერი უკვე გაიარეს. წლების წინ ვინ იფიქრებდა, რომ თურქთი სოფლის მეურნეობის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდებოდა. დღეს კი სწორედ თურქები ყიდიან მსოფლიოში ყველაზე მეტ მარწყვს და ამ პროდუქტის ფასიც იმაზეა დამოკიდებული, როგორი მოსავალი ექნება თურქეთს და რამდენს გაიტანენ ბაზარზე. რაც მთავარია, თურქები წლიდან წლამდე ზრდიან სოფლის მეურნეობის წილს მთლიან შიგა პროდუქტში და ეს მათ ეკონომიკას ეტყობა. ჩვენ კი…
ლევან გაბაშვილი







