Home რუბრიკები სამართალი როდემდე იბოგინებს უსამართლობა, როდის შეცვლით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხალხის ასაწიოკებლად შეთითხნილ კანონებს?

როდემდე იბოგინებს უსამართლობა, როდის შეცვლით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხალხის ასაწიოკებლად შეთითხნილ კანონებს?

1583
სასამართლო

ამა წლის 3 ნოემბერს ქალაქ რუსთავის სასამართლომ გაამართლა წალკის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სამსონ თამარიანი. შეგახსენებთ, თამარიანმა 2016 წლის 30 ივლისს თავისიმერსედესიდააჯახა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის _ აიკ მალტონიანის არასრულწლოვან შვილს _ მერგელ მელტონიანს და ფეხი მოსტეხა; ხოლო 20-25 წუთის შემდეგ მისმა შვილმა ანდრანიკ თამარიანმა დაურეგისტრირებელი თოფიდან გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა აიკ მელტონიანის ძმისშვილი, იმედისმომცემი სპორტსმენი, მძლეოსანი, საქართველოს ჩემპიონი, 23 წლის ანდრანიკ მელტონიანი.

რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს მკითხველისთვის, რომელიც ყურადღებით თვალს ადევნებს ამ საქმესთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, მე სრულიად ვეთანხმები მოსამართლე ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებას, რადგან ბრალდებულ სამსონ თამარიანს არ ჩაუდენია სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ერთ-ერთ წერილში ვწერდი: მიუხედავად თვითმხილველთა ჩვენებებისა, რომ სამსონ თამარიანმა განზრახ დააჯახა თავისიმერსედესიარასრულწლოვან მერგელ მელტონიანს, ფეხი მოსტეხა და სცადა მეორედ დაჯახება, სამხარეო პროკურატურამ სამსონ თამარიანის მიმართ საქმე აღძრა სსკის 124- მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხეულის დაზიანებას გაუფრთხილებლობით და ისჯება მხოლოდ ფულადი ჯარიმით, რაც ყოვლად უსამართლოა და აბსურდული”. გამოძიების მასალების გაცნობის, თვითმხილველ მოწმეებთან არაერთი საუბრისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების შემდეგ, ჩამომიყალიბდა აზრი, რომ სამსონ თამარიანი უნდა გასამართლებულიყო სსკ-ის 19.109-ე მუხლით (არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობა), რომელიც ითვალისწინებს 14 წლიდან ზემოთ ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურის მიერ სამსონ თამარიანისთვის წაყენებულ 124-ე მუხლს, ფაქტობრივად, არ ეთანხმება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილიც. განაჩენში, მის მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასებაში, ვკითხულობთ (გვ.13): სასამართლო განმარტავს, რომ სამსონ თამარიანის მიმართ საქართველოს სსკის 124- მუხლით ბრალდების კვალიფიკაციისთვის ბრალდების მხარეს არ დაუდასტურებია, გაუფრთხილებლობის რა სახე დაარღვია ბრალდებულმა; თუ ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ წინდახედულობის ნორმა დაარღვია სამსონ თამარიანმა და ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, ამ შემთხვევაშიც კი არ იქნებოდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია სწორი, ვინაიდან გაუფრთხილებელი ქმედების ჩადენისას, ზოგადთან ერთად, არსებობს, ასევე, სპეციალური უსაფრთხოების ნორმა (“საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი), რომლის დაცვაც მოეთხოვება იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს და მისი დარღვევის შემთხვევაში, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა დგება საქართველოს სსკის 276- მუხლით”. ანუ, მოსამართლემ არაორაზროვნად მიუთითა ქვემო ქართლის პროკურატურას შეცდომაზე, რადგან სსკ-ის 124-ე მუხლი არ ითვალისწინებს ავტომანქანით დაჯახებას. არადა, მერგელ მელტონიანისთვის, როგორც სასამართლომ დაადგინა, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიყენებულია სწორედ ავტომანქანით და არა ლოდით, უროთი ან სხვა საგნით. შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რა ვითარებაში და როგორ მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება სამსონ თამარიანმა არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს. მოწმეთა ჩვენებებიდან ასევე იკვეთება, რომ წალკის საკრებულოს ყოფილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ არ იკმარა თავისი “მერსედესის” 16 წლის ბიჭისთვის დაჯახება და შეეცადა, ავტომობილით გადაეარა მისთვის. სამსონ თამარიანის მიზნის განხორციელებას ხელი შეუშალა იქვე მყოფმა მერგელის ბიძაშვილმა გაიკ მელტონიანმა, რომელმაც მერგელი მიწაზე გათრევით განარიდა უბედურებას. სამსონ თამარიანი მანქანიდან გადმოუსვლელად დაემუქრა მათ, რომ დაბრუნდებოდა და გაუსწორდებოდა, შემდეგ კი გაიქცა თავისი სახლის მიმართულებით. მერგელ მელტონიანის ჩვენება დადასტურებულია არა მხოლდ გაიკ მელტონიანის, არამედ ნეიტრალური მოწმის _ სარო აივაზიანის მიერ. ასევე, მერგელ მელტონიანის ჩვენება დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ბრალდების მიერ დანაშაულის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით. მტკიცებულება იმისა, რომ სამსონ თამარიანს დანაშაული არ ჩაუდენია, საქმეში ვერ მოვიძიე, რადგან ასეთი მტკიცებულება, ეტყობა, ბუნებაში არ არსებობს. მეტიც, სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმემ, სოფელ ნარდევანის იმჟამინდელმა რწმუნებულმა, ახლა კი წალკის საკრებულოს წევრმა, სამსონ თამარიანის ახლო მეგობარმა ანტარამ მელტონიანმა მომხდარი დაადასტურა და განმარტა, რომ მას მობილურით დაუკავშირდა სამსონ თამარიანი და აცნობა, რომ ის ავტომანქანით დაეჯახა მერგელ მელტონიანს, შემდეგ კი სთხოვა, მომხდარზე შეეტყობინებინა პოლიციისთვის, რაც ქალბატონმა ანტარამმა შეასრულა კიდეც. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ბატონმა სამსონმა თავისთან, სახლში მოუხმო ძმას _ სამველ თამარიანს, შვილს _ ანდრანიკ თამარიანს და მოუყვა მომხდარზე. ასევე, დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი _ ვინჩესტერის ტიპის თოფი, თანაც დაურეგისტრირებელი, ინახებოდა ბატონი სამსონის სახლში; მანქანა (სატვირთო “ფორდ-ტრანზიტი”), რომლითაც სამველ თამარიანმა ანდრანიკ თამარიანი, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად მიიყვანა მკვლელობის ადგილზე, სამსონ თამარიანს ეკუთვნის, რაც სასამართლო პროცესზე დაადასტურა მაშინ ჯერ კიდევ ბრალდებულმა ანდრანიკ თამარიანმა… ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურამ კატეგორიული უარი განუცხადა მელტონიანების ადვოკატებს _ თემურ და დიანა გვიშიანებს _ აიკ მელტონიანის, ანდრანიკ თამარიანისა და სამსონ თამარიანის სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანებაზე და ეს მაშინ, როცა ბრალდებამ, კერძოდ, პროკურორმა გიორგი ღონღაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მერგელ მელტონიანისთვის დაზიანების მიყენება პირდაპირ ეხება რამდენიმე წუთში იმავე ადგილზე ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმეს. პროფესიონალ სამართალმცოდნეებთან კონსულტაციების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ორი საქმის გაერთიანებაზე კატეგორიული უარის თქმა, სავარაუდოდ, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორის _ ლევან გეგეჭკორის მითითებით მოხდა, რათა ხელი შეეშალა სამსონ თამარიანის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის მტკიცებულებების გამოკვლევისთვის და ბრალის დამტკიცებისთვის. სამსონ თამარიანის ქმედება ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურას უნდა განეხილა არა 124-ე მუხლით, არამედ 19.109-ე მუხლით; დამატებით, სამსონ თამარიანი პროკურატურას უნდა ეცნო, როგორც ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის ორგანიზატორი, რადგან სასამართლოზე დამტკიცდა, რომ ანდრანიკ და სამველ თამარიანები სამსონის სახლიდან დაიძრნენ მკვლელობის ჩადენის ადგილისკენ, ხოლო მკვლელობის შემდეგ, ორივენი დაბრუნდნენ იმავე სახლში. ვიმედოვნებთ, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მიუხედავად მეგობრობისა ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორთან, დაავალებს მთავარი პროკურატურის გენინსპექციას, დაიწყოს გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სავარაუდო კორუფციული გარიგების ფაქტების დადგენის მიზნით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: თუ პროკურატურამ ასეთი მძიმე შეცდომები დაუშვა, დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია მისცა, მაშინ რას აკეთებდა სასამართლო და, კერძოდ, მოსამართლე ლუაშვილი?

ბოლო პერიოდში ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ მოსამართლეებს, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არ გვყავდეს კარგი მსაჯულები. მაგალითად, ქალაქ რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უმაღლესი რანგის პროფესიონალია, აქვს დიპლომატიური ნიჭი და გასაოცარი მეხსიერება. მკაცრიც არის და ლმობიერიც. არის ძლიერი ნების მქონე. ჩანასახშივე ახშობს არეულობის მცდელობებს სასამართლო დარბაზში. მიუხედავად ამისა, ამ რანგის მოსართლეც კი შეზღუდულია ჩვენი გაუკუღმართებული, ადამიანის საწინააღმდეგოდ შექმნილი კანონმდებლობით. დღეს მოსამართლეები, ფაქტობრივად, იძულებულნი არიან, პროკურატურის დაკრულზე იცეკვონ… უწინ კი, საქმის სასამართლოში გაგზავნის შემდეგ, მოსამართლეს ჰქონდა უფლებები: სასამართლოში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თუ არ ეთანხმებოდა ბრალდების კვალიფიკაციას, ძიებაში დაებრუნებინა საქმე; ჯერ მოსამართლე სვამდა შეკითხვებს და შემდეგ _ მხარეები; განაჩენით დაემძიმებინა ბრალდების კვალიფიკაცია. ამჟამად კი, ბრალდების რომელი მუხლითაც შევა პროკურორი სასამართლოში, მოსამართლე ვალდებულია, განიხილოს ეს მუხლი და არ დაამძიმოს ბრალი; მოსამართლე არ ერევა საქმის განხილვაში, მხოლოდ ისმენს; შეკითხვის დასმის ნებართვას მხარეებისგან იღებს… არც დაზარალებულს სწყალობს ჩვენი კანონმდებლობა. ადრე დაზარალებული იჯდა პროკურორის გვერდით, აძლევდა შეკითხვებს ბრალდებულს, მოწმეებს; ჰქონდა ყველა გადაწყვეტილების, განაჩენის ქსეროასლის გადაღების უფლება. დღეს დაზარალებული არ არის მხარე, ზის დარბზში, საქმის მასალებს ვერ იღებს ქსეროქსზე, მხოლოდ ეცნობა მათ, ვერ სვამს შეკითხვებს, ვერ ასაჩივრებს განაჩენს, აქვს მხოლოდ მოწმის სტატუსი. ყველა ამ უკუღმართობის ავტორია სახელმწიფო ბოროტმოქმედ მიხეილ სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი. სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმის შემდეგ ნაცების ხელისუფლებამ ჩამოართვა, როგორც სასამართლოს, ისე დაზარალებულ მხარეს ძირითადი უფლებები და გადასცა ბრალდებას _ პროკურატურას. ეს დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში ხელშემწყობ გარემოს ქმნის უდანაშაულო ადამიანებისთვის არარსებული ბრალის დასამტკიცებლად, რაც სააკაშვილ-ადეიშვილის ფრთების ქვეშ გამოზრდილმა პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა და მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა წარმატებით გამოიყენეს აიკ მელტონიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ. დამაფიქრებელი ფაქტი _ აიკ მელტონიანისა და ანდრანიკ თამარიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში მოსამართლე პართენიშვილმა სიტყვასიტყვით, თავისი მძიმეებითა და წერტილებით გადაწერა აიკ მელტონიანის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის დადგენილება (!). მივმართავ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკატერინე ბესელიას: ქალბატონო ეკატერინე! 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიტინგებზე თქვენ ყვირილით (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) იწყებდით და ფალცეტით ამთავრებდით თქვენს ყველა გამოსვლას, რომელშიც სამართლიანად აკრიტიკებდით სააკაშვილის კაცთმოძულე რეჟიმს და მას მართლმსაჯულების გაუკუღმართებაში ადანაშაულებდით. მეც ხელისგულების გაწითლებამდე არ ვიშურებდი თქვენთვის აპლოდისმენტებს… სააკაშვილის ხელისუფლება, უკვე მეექვსე წელია, განისვენებს პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში ფეხქვეშ გათელილი და შერყვნილი კანონმდებლობა დღემდე “ყვავის”. მიჩნდება კითხვა: როდემდე იბოგინებს უსამართლობა? როდის შეცვლით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხალხის ასაწიოკებლად შეთითხნილ კანონებს? თუ ხელს გაძლევთ ნაცების სამარცხვინო დანატოვარი?..

დაზარალებული მხარის, მისი ადვოკატების, წალკის რაიონის მოსახლეობის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული, აგრეთვე, ადამიანის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ მთავარი პროკურორის სახელზე გაგზავნილ ყველა განცხადებას, საჩივარს, მიმართვას, შეკითხვას აღნიშნულ საქმეში ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის მიერ დაშვებული შესაძლო დარღვევების თაობაზე მთავარი პროკურატურა უგზავნის… საჩივრის ადრესატს _ ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით არის უხეში დარღვევა. ამ ქმედებით მთავარი პროკურატურა აშკარად გამოხატავს უპატივცემულობას კანონმდებლობისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ.

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here