Home რუბრიკები ეკონომიკა როგორ გვაზარალა პანდემიამ

როგორ გვაზარალა პანდემიამ

სიმულაციური ანალიზის მიხედვით

275
ნოდარ კაპანაძე

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, უწინარესად, მოქალაქეთა შრომით დასაქმებასა და მათ შემოსავლებზემთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა ეფექტიანი აღმოჩნდა. სულ ცოტა, გაანახევრა შეზღუდვებით გამოწვეული დარტყმა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მსგავსია და უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ასეთი ღონისძიების ეფექტი მხოლოდაქ და ახლაჩანს და მათი გაგრძელების პერსპექტივა ნულოვანია. ანტიპანდემიური შეზღუდვების გავლენით გამოწვეულ პრობლემებზე გვესაუბრება ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე.

_ ეს პრობლემა შეისწავლა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის (რონდელის) ფონდმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ხელმძღვანელი იყო მერაბ კაკულია, ხოლო მე გახლდით მთავარი მკვლევარი.

თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველისთვის პანდემიური აჟიოტაჟის მიმართ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება, წესით, ცნობილი უნდა იყოს. ეს დამოკიდებულება არც ახლა შემიცვლია.

პანდემიის საფანელით შემოღებული შეზღუდვები რეალური მოვლენაა და მათი სოციალური და ეკონომიკური შედეგები ხელშესახებია. ჩატარებული კვლევა სწორედ მოსახლეობის დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბეზე ანტიპანდემიური შეზღუდვების ზეგავლენის შეფასებას შეეხება.

როგორ გვაზარალა პანდემიამ

რადგან მთავრობამ შეზღუდვების დაწესებასთან ერთად ანტიკრიზიული ღონისძიებების მთელი პაკეტი წარმოადგინა, რომლის მთავარი ამოცანა შეზღუდვების შედეგად გამოწვეული კრიზისული დარტყმის შერბილება იყო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის სავარაუდო ეფექტის მოდელირებაც მოვნიშნეთ.

_ ამ კვლევის შედეგები მოცემულია შემაჯამებელ დოკუმენტში, რომელშიც მნიშვნელოვან თავისებურებად დასახელებულიასიმულაციური ანალიზის მეთოდი”. რას ნიშნავს ეს?

_ სიმულაციური ანალიზი უკვე არსებული ინფორმაციული მასივების გამოყენებით მოვლენების ზეგავლენის სიმულაციაში მდგომარეობს.

განვმარტავ: არსებული მდგომარეობის ამსახველი მონაცემები მაკრო დონეზე დღეისთვის არ გვაქვს, მიკრო დონეზე კი მხოლოდ 2021 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი. შეზღუდვები კი “აქ და ახლა” გვაქვს და მათ მოსალოდნელ შედეგებზე პასუხი სწორედ “აქ და ახლაა” აქტუალური. ამიტომ სიმულაციური ანალიზის გზით შევეცადეთ, პასუხი გაგვეცა კითხვებზე: რა მოხდებოდა, პანდემია რომ 2019 წელს მოხდარიყო, ანუ როგორი იქნებოდა ანტიპანდემიური შეზღუდვების გავლენა შინამეურნეობების შემოსავლებზე, დასაქმებასა და სიღარიბეზე? რა შედეგს მოიტანდა შინამეურნეობებში მთავრობის მიერ 2020 წელს გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, 2019 წელს რომ განხორციელებულიყო?

როგორ გვაზარალა პანდემიამ

_ სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების დამძიმება რეალურად ეკონომიკის რომელ სფეროებში გამოიკვეთა უფრო მეტად?

_ ყველაზე მეტად დაზარალდებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, რომელშიც დასაქმება 61 პროცენტით შემცირდებოდა, თუმცა სახელმწიფო ანტიკრიზისული პროგრამებით კლების ტემპი 36 პროცენტამდე შენელდებოდა. მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა ხელოვნება, გართობა-დასვენების სექტორი, დასაქმება აქ 47 პროცენტით შემცირდებოდა, თუმცა სახელმწიფო ანტიკრიზისული პროგრამების მეშვეობით კლების ტემპი 27 პროცენტამდე მცირდება.

ეს მაჩვენებლები სექტორებში დასაქმების ცვლილების მოსალოდნელ მასშტაბს გვიჩვენებს. ამდენად, შესაბამის სექტორში შექმნილი მშპ-ს ცვლილება შეიძლება განსხვავდებოდეს დასაქმების ცვლილებისგან მოცულობით, მაგრამ მიმართულება ისეთივე იქნება.

როგორ გვაზარალა პანდემიამ

ახლახან სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მთლიანი შიდა პროდუქტის მე-3 კვარტლის მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ანტიპანდემიური შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისი სწორედ იმ სექტორებზე აისახა, რომლებიც სიმულაციური ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებში დასაქმების ცვლილება მყისიერად და ზუსტად იმავე პროპორციით არ აისახება. მაგალითად, ელექტოენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების სექტორში დასაქმება შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ შემცირებული მსყიდველუნარიანობის პირობებში მოსახლეობამ ნაკლები ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მოიხმაროს. ლოკდაუნის პირობებში გაჩერებული სამეწარმეო სექტორი, ბუნებრივია, შეამცირებდა მოხმარებას. დასაქმების უცვლელობის პირობებში სექტორში შექმნილი მშპ შემცირდებოდა.

ეროვნული ანგარიშების მაჩვენებლები, უპირველეს ყოვლისა, გვიდასტურებს, რომ სიმულაციური ანალიზით მიღებული შეფასებები სწორი მიმართულებისაა. ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების პირველი სამეული _ სასტუმროები და რესტორნები; ხელოვნება, გართობა და დასვენება; ტრანსპორტი და დასაწყობება _ როგორც სიმულაციური ანალიზის, ისე ეროვნული ანგარიშების მონაცემებით, აბსოლუტურად იდენტურია.

როგორ გვაზარალა პანდემიამ

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმის გამოცხადება სტრატეგიულად მცდარი გადაწყვეტილებაა, რომელიც თვალნათლივ გამოიკვეთა 2020 წელს განვითარებული მოვლენების დროს. ანტიპანდემიური ისტერიკის პირველი მსხვერპლი სწორედ ტურისტული ინდუსტრია გახდა.

_ შექმნილ მდგომარეობაზე იქონია თუ არა გავლენა სავალუტო აჟიოტაჟმა, რომელიც ეროვნული ვალუტის გაიაფებამ გამოიწვია? რა იყო ამის ჭეშმარიტი მიზეზი?

_ ამ კითხვაზე პირდაპირი და მარტივი პასუხის გაცემა არ ივარგებს. ჩემი აზრით, აქ ჯერ თვით შეკითხვის შინაარსია გასარკვევი _ რა არის მიზეზი და რა არის შედეგი; სავალუტო აჟიოტაჟი არის კრიზისის მიზეზი თუ სავალუტო აჟიოტაჟი არის კრიზისის შედეგი? კორონაისტერიკა ცოტა ხნით დავივიწყოთ.

ქართული ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსი მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტების გაცვლით კურსთან შედარებით არასტაბილურია. აზერბაიჯანული მანათის აშშ დოლართან გაცვლითი კურსი 2020 წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე სტაბილური იყო. ასევე სტაბილური იყო სომხური დრამის გაცვლითი კურსიც, თუმცა, ნოემბერდეკემბერში გამოიკვეთა გაუფასურების გარკვეული ტენდენცია.

არასტაბილურობის მხრივ ქართული ვალუტის კურსი ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე დრამი და მანათი, მაგრამ უფრო სტაბილურია, ვიდრე ლირა და რუბლი.

ქართული ლარის გაცვლით კურსთან თურქეთისა და რუსეთის ეროვნული ვალუტების გაცვლითი კურსის მჭიდრო კავშირს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ამ ორი ქვეყნის წამყვანი პოზიცია განაპირობებს. თურქეთი და რუსეთი საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორების პირველი ხუთეულის მუდმივი წევრები არიან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

_ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სურსათით მომარაგებაში პერმანენტული შოკი რამ გამოიწვია?

_ სანამ ამ კითხვას ვუპასუხებ, უპრიანი იქნებოდა, დაგვეზუსტებინა: იყო კი შოკი სურსათით ქვეყნის მომარაგებაში? მარტის ბოლოს, როდესაც ლოკდაუნის გამოცხადების პერსპექტივა რეალური გახდა, რაღაც პანიკის მსგავსი მოვლენები დაიწყო, მაგრამ ეს “პანიკა” ერთ კვირასაც არ გაგრძელებულა. ამ მოვლენას შეიძლება ვუწოდოთ პირველადი მოხმარების საქონელზე აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც მარაგების შექმნას ისახავდა მიზნად. თუმცა ერთ კვირაში ეს აჟიოტაჟი მიწყნარდა და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ამ თვალსაზრისით არც 2021 წელი იქნება განსაკუთრებული საფრთხით აღსავსე. თუ თვითონ არ ვიქნებით “განსაცდელისტები” და “ვაი-ვიშისტები”, სურსათით მომარაგების თვალსაზრისით განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი.

სხვა საქმეა სურსათზე ფასების მატება, რომელიც 2020 წელს ინფლაციის საშუალო დონეს რამდენიმეჯერ აღემატებოდა. სასურსათო ინფლაციის თითქმის 15-პროცენტიანი დონის მიზეზი მხოლოდ ერთი არ ყოფილა. სურსათზე ფასების მატება გამოიწვია რამდენიმე გარემოებამ, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა. საზღვრების ჩაკეტვამ განაპირობა მიწოდების მოკლევადიანი გართულება, რომელსაც დაემთხვა რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვის გამო შექმნილი ე.წ. ლოჯისტიკური პრობლემები, რომლებმაც, თავის მხრივ, ასევე გაართულა რეგიონებიდან გასაღების ბაზრებზე სასურსათო პროდუქტების მიწოდება. გარდა ამისა, არავის გაუუქმებია გაჭირვების დროს ხელის მოთბობის “წმიდათაწმიდა” ჩვევა, რომელიც ნებისმიერი კრიზისის განუყრელი თანამგზავრია.

სურსათის გაძვირება, შემოსავლების შემცირებით დაწეული მსყიდველუნარიანობის ფონზე გარკვეულწილად შეცვლის მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევებს, მაგრამ ეს სურსათით მომარაგებაში არსებული პრობლემებით არ იქნება განპირობებული.

_ შეზღუდვების ნაწილის გაუქმებამ შეუწყო თუ არა ხელი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას (საბანკო გადასახადების გაუქმება, გაზრდილი საგრანტო პროგრამები და ..), ანუმოქალაქეებზე ზრუნვისდაბიზნესზე ზრუნვისანტიკრიზისულმა პაკეტებმა გამოიღო თუ არა სასურველი შედეგი?

_ კვლევის ფარგლებში შეფასებისთვის ავიღეთ სახელმწიფო ანტიკრიზისული პროგრამები და სიმულაციური ანალიზის მეთოდით გავიანგარიშეთ, თუ რა ეფექტი ექნებოდა ამ დახმარებებსა და შეღავათებს, 2019 წელს რომ ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ მოცულობით ყველაზე მეტი კრედიტების გადავადების პროგრამაა, რომელიც შინაარსით შემოსავალი არ არის, მაგრამ ოჯახებს აუცილებელი გადასახდელებისგან ათავისუფლებს. ანალოგიური შინაარსისაა კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაც, რომლებიც ასევე არაა შემოსავალი, მაგრამ ხარჯებისგან გათავისუფლებაა.

საერთო ჯამში, მთავრობის ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა არსებითად შეარბილა კრიზისის დარტყმა შინამეურნეობების შემოსავლების შეცირების კუთხით.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: 2020 წლის მეორე და მესამე კვარტალებში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა უმუშევრობის დონის მაჩვენებლები, რომლებიც იმავე სამუშაო ძალის გამოკვლევის მონაცემთა ბაზიდან არის დათვლილი, რომელიც სიმულაციური ანალიზისთვის გამოვიყენეთ. ამ მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონე 2020 წლის მე-2 კვარტალში 12,3 პროცენტი იყო, ხოლო მე-3 კვარტალში _ 11,9 პროცენტი. ამ მონაცემებმა საკმაო გაუგებრობა გამოიწვია, რომელიც სრულიად ბუნებრივია, მაგრამ პრობლემა აქაც იმავე შინაარსისაა და ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უცვლელია. ესაა სიღრმისეული ანალიზის პრობლემა.

ინფორმაციის მომხმარებელთა უმრავლესობა მაჩვენებლის გაგებისთანავე იწყებს დამნაშავის ძებნას და არა ანალიზის მეორე, მესამე და ასე შემდეგ დონეზე გადასვლას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული 2019 და 2020 წლების პირველი და მეორე კვარტალური გამოკვლევის მონაცემთა ბაზების ანალიზით გაირკვა, რომ 2019 წლისა და 2020 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,4-ჯერ გაიზარდა იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც განაცხადეს, რომ გამოკითხვის ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ჰქონდათ სამუშაო, რომელსაც დროებით ვერ ასრულებდნენ. ასეთი დასაქმებულების ხვედრითი წონა მთლიანი დასაქმების 19 პროცენტი იყო, რაც მხოლოდ და მხოლოდ კორონომიკური კრიზისის ზეგავლენით შეიძლება აიხსნას. იმავე ჯგუფის ხვედრითი წონა 2019 წლის მე-2 კვარტალში მხოლოდ 3 პროცენტი იყო.

ასეთი ტიპის დასაქმებულების რაოდენობამ 2020 წლის პირველ კვარტალშიც მოიმატა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თუმცა ისე, როგორც მე-2 კვარტალში. როგორც ჩანს, შეზღუდვების შემოღების დაწყებამ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მარტში ერთობ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ აქტივობაზე და, შესაბამისად, დასაქმებაზე. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ისეთი დასაქმებულების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით ვერ ასრულებდნენ სამუშაოს, 2019 წლის პირველ კვარტალში უფრო მეტი იყო ვიდრე მეორეში. დიდი ალბათობით, ეს კანონზომიერება სხვა წლებშიც აღინიშნებოდა.

დასაქმებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დროებით ვერ ასრულებდა სამუშაოს კალენდარული წლის პირველ კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით ბუნებრივად უფრო მეტი იქნება. აქედან გამომდინარე, ასეთი დასაქმებულების რაოდენობის წლიური მატება 50 ათასიდან 322 ათასამდე 2020 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ კორონომიკული კრიზისით შეიძლება აიხსნას.

საერთო ჯამში, რა შეიძლება ითქვას 2020 წლის მე-2 კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელზე, რომელი მაჩვენებელია სწორი _ 12,3 პროცენტი თუ 28,2 პროცენტი? ორივე მართალია და განსხვავება მხოლოდ ანალიზის სიღრმესა და დეფინიციის შინაარსის სწორად გაგებაშია.

ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსავლის რეალური სტრატეგიის შემუშავება, მისი ისევე ზუსტად და ეფექტიანად შესრულება, როგორც ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა. ამისთვის აუცილებელია, რომ პოსტკრიზისული სტრატეგია იყოს ძალიან მაღალი დეტალიზაციის; მიმღებთა წრე მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს; აუცილებელია პოსტკრიზისულ საქმიანობაში სახელმწიფოს მაღალი ჩართულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.

დასასრულ, იმედია, რომ პოსტკრიზისული სტრატეგიის ქვაკუთხედი არ იქნება ტურიზმი, რომელიც ყველაზე უფრო მოწყვლადი სექტორია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

* * *

რედაქციისაგან: ბატონი ნოდარ კაპანაძე დაგვპირდა, რომ ანალიტიკურ წერილს კორონაპანდემიით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შესახებ რამდენიმე დღეში მოგვაწვდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here