მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი გაჩერდა, თითქოს საქართველო გაიყინა… ძალიან დიდი იყო პატრიარქი და მისმა გარდაცვალებამ ყველა და ყველაფერი გადაფარა. ეს არ იყო მხოლოდ გლოვა და პატივის მიგება, ეს იყო უხმო რეფერენდუმი, რომლითაც ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახვა, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და საით გვინდა სვლა.
17 მაისიც მალე მოვა – პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე, პატრიარქის სახელით გამოვა ხალხი ქუჩაში და ისევ დაანახვებს ყველას, რომ არ გამოვა საქართველოს დაჩოქება-დამონება, არ გამოვა ხალხის გადაკეთება, არ და ვერ გამოუვიდა მიხეილ სააკაშვილს ქართველებისთვის გენის შეცვლა, იმ სააკაშვილს, რომელიც გაიძახოდა, პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანეთ, უნდა გამოვემშვიდობოო; იმ პატრიარქის, რომლის სავარძელშიც გათხლეშილ კაიფში მყოფი მოკალათდა და სულაც არ აინტერესებდა, რა ხდებოდა გარშემო…
პატრიარქმა ჩაატარა რეფერენდუმი, ყოველგვარი დანახარჯის, ხმების დათვლისა და შედეგების გამოცხადების გარეშე. მან, გარდაცვლილმაც კი, ყველას აჩვენა, რა ძალა აქვს ქართველების რწმენას! აირჩევენ ახალ პატრიარქს და, ვინც უნდა ჩაიბაროს საქართველოს ეკლესია, ძალიან გაუჭირდება ილია II-ის ავტორიტეტთან გათანაბრება და, სავარაუდოდ, ამას არც არავინ შეეცდება… და ერთიც – პროცენტულად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა ლიდერმა (სასულიერომ თუ პოლიტიკურმა) თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, ვინ მოახერხებს იმას, რაც საქართველოს პატრიარქმა შეძლო!
ბესო ბარბაქაძე







