Home ახალი ამბები საქართველო „მხოლოდ ევროპისკენ“!

„მხოლოდ ევროპისკენ“!

რეპლიკა

რატომ „მხოლოდ ევროპისკენ“?! ან ჩვენ რა დავაშავეთ, ანდა  აზია–აფრიკა–ამერიკის ქვეყნებმა?! ალბათ, ასე გაიფიქრებს ნებისმიერი ნორმალური ადამიანი. არადა, რამდენიმე დღის წინათ ზუსტად  ამ სიტყვებით ომახიანად დაასრულა თავისი გამოსვლა  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა (იმავდროს  ვიცე–პრემიერმა), ბატონმა ირაკლი ჩიქოვანმა  ქალაქ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ლიდერების  შეხვედრაზე რაიონის მოსახლეობასთან.

ჩიქოვანის სიტყვებმა მისი  სხვა ორი სიტყვაც  გამახსენა, თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას წარმოთქმული: „ნატოში ინტეგრაცია, სრული(!) ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით“. 10–15 წლის წინათ რომ ეთქვა ეს ან თუნდაც 3 წლის წინათ, დიდად არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ეს თქვა მან   2024 წლის დასაწყისში, როდესაც, უკვე ორი წელია, უსასტიკესი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, როდესაც სწორედ ნატოსკენ ლტოლვისთვის რუსეთმა მოძმე უკრაინაც კი  არ დაინდო.  იმჟამინდელი  ჩემი კომენტარი ასეთი იყო:„სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყო კაცი, მით უფრო სახელმწიფო მოღვაწე, რომ ამ ყველაფრის შემხედვარე, რამაც დაღუპა ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო, მაინც ნატოსკენ მიისწრაფვოდე და მის სამიტებში მონაწილეობდე (ვილნიუსში თუ ბრიუსელში) ამ ორგანიზაციაში გაწევრების დაჩქარების მიზნით“!

ზოგჯერ ერთ სიტყვას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ასეა ახლაც. „სრული“ ინტეგრაცია და „მხოლოდ“ ევროპისკენ, ამის კლასიკური მაგალითებია. დაუჯერებელია, რომ ამგვარ კატეგორიულ განცხადებებს პარტიის ლიდერებთან შეუთანხმებლად აკეთებდეს ძალოვანი სტრუქტურის – თავდაცვის(!) მინისტრი, თუმცა არც ესაა გამორიცხული ნატოს თავდაცვისკოლეჯდამთავრებულისგან  (რომი, იტალია, 2005 წელს). და, თუკი ეს მმართველი პარტიის კურსიცაა, მაშინ რა უნდა იყოს ამ „ბრძნული“ განცხადებების მიზანი: დიპლომატიური ვირეშმაკობა – „შორსმჭვრეტელობა“ და სხვისი შეცდომაში შეყვანა თუ მართლაც გულწრფელი, მაგრამ დანაშაულებრივი(!)  ლტოლვა  მხოლოდ ევროპისკენ და ნატოში სრული ინტეგრაციისკენ?

განვიხილოთ ორივე ვარიანტი, როგორც  ნატოს, ისე  ევროკავშირის მიმართ. ხშირად გაიგონებთ: დღეს ასეა საჭირო ლაპარაკი. აბა, ცივ უარს ხომ არ ვსტკიცავთ ნატოს, ანუ ამერიკასო.  რა თქმა უნდა, კარის გამოჯახუნება დიპლომატიაში ცუდ ტონად ითვლება, #1 სახელმწიფოსთან კი ყოვლად გაუმართლებელია, მაგრამ მორიდებულ დიპლომატიურ ენაზე იმის ახსნა მაინც ხომ შეიძლება, რომ უკრაინის შემხედვარე (გნებავთ, რუსეთის შემხედვარე) დროებით თავს შევიკავებთ ნატოსკენ სწრაფვის საჯაროდ გამოხატვისგან და ნატოს სამიტებში მონაწილეობისგანაც, რადგან რუსეთმა მოძმე უკრაინელი ხალხი არ დაინდო და ჩვენ, კავკასიელებს, იმავე „დანაშაულისთვის“ ხომ ნამდვილად არ გადაგვისვამს თავზე ხელს–თქო. ნატო (ამერიკა) ჩვენ თავშეკავებაზე ვერ გვისაყვედურებს და ვერც დაგვაიმედებს: ნუ გეშინიათ, გარანტიას გაძლევთ, – რუსეთი უბატონოდ ხმას ვერ გაგცემთო! ამიტომ აბსოლუტურად გაუმართლებელია რუსეთის შეგნებულად გაღიზიანება – იმის აქტიურად ხაზგასმა, რომ ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომ ამის შესახებ კონსტიტუციაში გვიწერია. არავინ აპირებს ნატოში ჩვენ მიღებას (ჩვენ კი არა, უკრაინას არ იღებენ),  ფუჭი, არაფრის მომცემი განცხადებები კი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში გვიშლის ხელს. ასე რომ, ნატოში ჩვენი გაწევრება   უტოპიაა და ამიტომ ჩვენივე დამაზიანებელი განცხადებების კეთებას უნდა შევეშვათ, სანამ გვიან არ არის! ვითომდაც, დიპლომატიური ვირეშმაკობა, ანუ ყასიდად თქმულს – „არ მიღებ, მაგრამ მე მაინც შენი ვარ“,  დასავლეთი არ „ჭამს“ (ნუ გვგონია, რომ ჩვენ სხვებზე ჭკვიანები ვართ), რუსეთი კი, ბუნებრივია, პოტენციურ მტრად აღგვიქვამს.

ახლა, რაც შეეხება ევროკავშირს, „მხოლოდ“ მისკენ ლტოლვას, თანაც, „ღირსებით“:  აბსოლუტურად გაუგებარია, ჯერ ვინ გვიღებს და მეორე – რომელი ღირსებით ვაპირებთ შესვლას, რომელიც, აღარც კი მახსოვს, როდის გვქონდა, ანუ როდის გამოვამჟღავნეთ, როდის დავანახვეთ  იგი ვინმეს. ამერიკამ და ევროპამ, დიდი ხანია, გათელეს ჩვენი თავმოყვარეობა და ღირსება, ნელ–ნელა შეგვაჩვიეს უსიტყვო, მონურ მორჩილებას და ესეც არ იკმარეს – კადრების, პარლამენტარების, მინისტრების, პრეზიდენტ–პრემიერების  თავის ჭკუაზე შერჩევასთან ერთად, არ გვაკლებენ არც შეურაცხყოფას, თავსლაფის დასხმას, მუქარას, სანქციებს, საჯაროდ, მსოფლიოს თვალში  დამცირებას (ბაიდენის მიერ გამართულ ვახშამზე მიწვეული ჩვენი პრემიერისთვის „ცხვირწინ კარის მიხურვა“), პირდაპირ და უხეშად ერევიან არჩევნებში და  სასამართლო საქმეებში, ნებისმიერ სფეროში, აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ მეხუთე კოლონას, გვიწყობენ საპროტესტო მიტინგებს და, ივიწყებენ რა საერთაშორისო კანონებს, თავადაც მონაწილეობენ მასში, აწარმოებენ არნახულ წნეხს, რათა  რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაგვაბან, თითის ქნევასა და მაგიდაზე მუშტის დარტყმაზე რომ არაფერი ვთქვათ და ა.შ.,  ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია.

როგორ შეიძლება იმ ევროპაში, ანუ ევროკავშირში მიგიწევდეს გული, რომელიც ჩვენგან მოითხოვს, ფაქტობრივად, შეუძლებელს, შეუსრულებელს – ხელი შევუწყოთ მამათმავლობის პროპაგანდას, სქესის შეცვლას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მცირეწლოვანი ბავშვების „გენდერულ განათლებას“, გეიაღლუმებს, უცხოეთიდან დაფინანსებულ და უცხო ქვეყნების  ინტერესების გამტარებელ არასამთავრობოებს; უარი ვთქვათ ჩვენს ტრადიციებზე, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე  და თან გვაფრთხილებს: ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკავშირში მიღებაზე არც იფიქროთო!   ჩვენ კი ჯიქურ ვაწვებით რქებით და რაღაც არარეალური, მითური გადატვირთვა მოვიგონეთ, რომლის შემდეგაც ევროკავშირთანაც და ამერიკასთანაც თითქოს ყველაფერი დალაგდება. „რა გადატვირთვა, რის გადატვირთვა“?! ვინ გვეკითხება ჩვენ რამეს! იქნებ, ამერიკა-ევროპაში იმ ძალების, იმ ახალი, ღვთისნიერი მილიარდერების  მოსვლას უნდა დაველოდოთ, რომლებიც კეთილი თვალით გადმოგვხედავენ, ჩვენს საშინაო საქმეებში აღარ ჩაერევიან  და საქართველოს   ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ?! დავხუჭოთ თვალები, დავიცოთ ყურები, დავიხშოთ გონება და…მხოლოდ ნატოს და მხოლოდ ევროპას  მივაჩერდეთ კიდევ 30 წელი?!

ვინაიდან ევროკავშირის მოთხოვნებს (ხან 12 და ხანაც 9 პუნქტად ჩამოყალიბებულს) შესრულება დღევანდელ საქართველოში არ უწერია და, მაშასადამე,  ევროკავშირში ჩვენ მიღებასაც, აბსოლუტურად აუხსნელია და გულისამრევიც, როცა, აგერ უკვე მესამე ათწლეულია, ისევ „ნატო–ნატო“ და „ევროპა–ევროპა“ გვესმის, რომლებსაც თითო–თითო დამაზუსტებელი და „გამაძლიერებელი“ სიტყვა დაუმატა თავდაცვის მინისტრმა: ნატოში სრული ინტეგრაცია და მხოლოდ ევროპისკენ!

საკუთარი უმწეობისგან, ხელისუფლების უუნარობისგან, ამდენი გაბრიყვებული და სულგაყიდული ხალხის ყოველდღიური ყურებისგან ლამის გასკდეს გული!

იაკობ ლეჟავა

ოქტომბერი, 2024 წ

                                                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here