Home რუბრიკები საზოგადოება “რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი… აბა...

“რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი… აბა ერთი გვიბრძანეთ, _ რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს”?!

127

აი ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით, რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგიცვნია”. სამწუხაროა, რომ ილიას ამ სიტყვების გამეორება დამჭირდა ჩემს მკითხველთან ახალი, 2022 წლის ზღურბლზე. მართლაც და, რა სიხარული მოგვიტანა 2021-მა, რომ მასთან განშორება გაგვიჭირდეს ან მადლიერებმა დიდი ზარზეიმით გავაცილოთ? არც მომავალ წელიწადს უჩანს საიმისო პირი, რომ ოცნებები აგვისრულდება _ რომ უპირო ხელისუფლება პირიანი გახდება, ვაიპოლიტიკოსები კი _ ხალხის გულწრფელი გულშემატკივრები; პირფერობას, მლიქვნელობას, პატივმოყვარეობას, ღალატს, ურცხვობას თავმდაბლობა, თავდადება, ერთგულება, ურთიერთპატივისცემა ჩაანაცვლებს.

“წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა”-ო, _ ილიამ, _ “პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას სამოცდახუთი დღე და სამას სამოცდა ხუთი დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და სასიხარულო ხუმრობაა, მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტ-საათიანი დღე და მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტი საათიანივე ღამე წავიდა და დაიღუპა ეს ამოდენა დღე და ღამე, ეს ამოდენა დრო და ჟამი იქ, საცა სიცოცხლე უამისოდაც წუთია. დროთა ბრუნვამ რომ ეს ამოდენა ღალა წაართვა ჩვენს სიცოცხლესა, სამაგიეროდ რა ნუგეში მოგვცა, რა გვათესინა, რა მოგვამკევინა, რა დაგვამუნათა?”

ჩვენც იმვეს გავუმეორებთ ჩვენს დიდ წინაპარს, რასაც თვითონ ამბობდა დიდი ხნის წინათ:

რომ გვეთქმოდეს _ ბევრი არაფერიო, ცოტა მაინც საგულვებელი გვექნებოდა. საქმე ის არის, რომ სულ არაფერი მოუცია, და ეს რა ნუგეშია. მიდიან დღენი, მიდიან წელნი და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარებს ბედისას?”

ბედის კარს კი არადა, ნატოს კარს, რამდენი , მივდგომივართ და არავინ გვიღებს. დიახ, გვატყუებენ! უფრო სწორად, ჩვენ ვიტყუებთ თავს. “ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო. ჩვენთვის ისიც დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ უბედურების კარის დახურვას და შიგნიდან ჩაკეტას მაინც ვღირსებოდით. ეს რომ მაინც ეწყალობებინა ძველს წელიწადს, კიდევ ღმერთს მადლობას ვეტყოდით და არ დავინანებდით ამისთვის იმ ძვირფას საფასურის გაცემას, რომელსაც დღენი სიცოცხლისანი ჰქვიან, და რომელიც მით უფრო ძნელი გასამეტებელია, რომ ჩვენდა დაუკითხავად მიდის და აღარ ბრუნდება უკან. სხვა ყველა გაცემული ისევ ხელახლად მოიხვეჭება და სიცოცხლის წარსული დღენი-კი აღარა.

ვაი ფუჭად განვლილს სამას სამოცდა ხუთს დღეს და ღამეს. ჩვენს სიცოცხლეს ეს ამოდენა ხანი მოაკლდა და ერთის ბეწვის ოდენაცკი არა შეგვამტნია რა. უნდა ვტიროდეთ და არ გვიხაროდეს კი, რომ ესე უგემურად, ურგებად დღენი ჩვენნი დავლიეთ. აქ სინანულს უფრო მეტი ადგილი აქვს, ვიდრე სიხარულს, გლოვას და სამძიმარს, ვიდრე მხიარულებასა და მილოცვ-მოლოცვას”.

სინანულიც კაი საქმეაო, ამბობს ილია, მაგრამ ვინმესგან მსგავსი რამ გსმენიათ? ვინმე ნახეთ საგონებელში ჩავარდნილი, სინდის-ნამუსგაღვიძებული? არა! ყველა დიდ გულზეა, ბაქი-ბუქობს, უსირცხვილოდ კვლავ ნაცარს აყრის ხალხს თვალში. არადა, “განკითხვა თავისის თავისა ბევრს მიზეზს დაგვანახვებდა ჩვენის უბედურებისას და ქარისაგან მოტანილს სიხარულს ძველის წასვლისას და ახალის მოსვლისას ქარსავე გაატანდა, მაგრამ სად არის. სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად “დრონი მეფობენო”, მაშინ, დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს”.

ჩვენ ახალ წელიწადს მაინც რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით. მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ჩვენც ასე მოგვდის. “მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, _ რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი პირველ შეხედვით თვალით არა სჩანს, აბა ერთი გვიბრძანეთ, _ რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს.

“ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო”, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია, რაც ჩვენ ვიძახით: “წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო”. ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი, და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია “შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო” და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს.

დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს, ანდაზისა არ იყოს, _ ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო. გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს, მაშ რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.

“ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო”, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა?

სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთადერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშმხნე იყავ და განძლიერდი” _ აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here