რატომ შემოგვაქვს თევზი ჩილედან და არგენტინიდან და არა რუსეთიდან და უკრაინიდან?!

    ადგილობრივი წარმოების პოტენციალის 50%-ს თუ არ გავააქტიურებთ, ფასების რეგულირებასა და ეკონომიკის რეალურ განვითარებაზე საუბარი სისულელე იქნება

    ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა პლატფორმაზე ხშირად ნახავთ თევზის რეკლამას. გვთავაზობენ სხვადასხვა სახეობის შებოლილი თუ დამარილებული თევზისგან აწყობილ  დაფებს და ეს ყველაფერი საინტერესოდ და მადისაღმძვრელად გამოიყურება.  ამ რეკლამების  შემოქმედნი, ძირითადად, უკრაინელები და რუსები არიან და მათ საქართველოში მუშტარიც ჰყავთ, რადგან,  თუ ერთ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს, მეორეს ზღვით ვუკავშირდებით და ტრანსპორტირება ძვირი არ ჯდება. შავი ზღვა ტყუილად არ გვიხსენებია, როგორც უკრაინელებს აქვთ ზღვაში თევზის დაჭერის საშუალება, ისე გვაქვს ჩვენც და, წესით, თევზის შემოტანა (გარკვეული სახეობების გარდა) დიდად არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ…

    რამდენიც უნდა იფიქროთ, ვერასდროს მიხვდებით, საიდან შემოდის საქართველოში ყველაზე მეტი თევზი. ჯერ ის ვთქვათ, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ 5,3 მლნ დოლარის თევზი იყიდა. აღსანიშნავია, რომ  შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახლა შემოტანილი თევზი 40%-ით გაგვიძვირდა. თავდაპირველად  გვიხარია იმპორტირებული იაფი პროდუქტი, შემდეგ  კი ამ ყველაფერს ძმრად ამოგვადენენ ხოლმე ცხვირში – ისე გვიძვირებენ თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, ვერც ვხვდებით. ჰოდა, თევზის იმპორტიორთა შორის პირველ ადგილზეა… ჩილე, საიდანაც 1,908 მლნ დოლარის თევზი შემოვიტანეთ (სულ 273 ტონა). შემდეგ მოდის აშშ – 956,5 ათასი დოლარით ( 338 ტონა), მესამეა არგენტინა – 509,6 ათასი დოლარით  (241 ტონა), შემდეგ მოდის ესპანეთი – 331,3 ათასი დოლარით (160 ტონა), ხუთეულს კი ხურავს  დანია  200.3 ათასი დოლარითა და 51 ტონით. დავანებოთ თავი ესპანეთსა და დანიას. როგორ დავიჯერო, ჩილედან, ამერიკიდან და არგენტინიდან თევზის შემოტანა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე უკრაინიდან და რუსეთიდან? ან ის როგორ დავიჯეროთ, რომ იქ ისეთი სახეობებია, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში არ არის?  მარტივი კითხვა გვაქვს – რატომ არ შემოგვაქვს თევზი რუსეთიდან და უკრაინიდან და… რატომ ხდება, რომ გამოწერით, ანუ კონკრეტული პირების მიერ შეკვეთით, ყველაფერი უპრობლემოდ  მოდის, როგორც კი დიდ პარტიაზე იწყება საუბარი, ყველაფერი რთულდება.

    „ჩილე და არგენტინა უდიდესი მწარმოებლები არიან მსოფლიოში და სტაბილურად აწვდიან თევზს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას. ორივე სახელმწიფოს ჰყავს თევზსაჭერი საზღვაო ფლოტი, მთელი ინფრასტრუქტურაა აწყობილი, საქართველოში კი ფლოტს ვინ ჩივის, გამართული თევზსაჭერი კატარღაა პრობლემა. რაც შეეხება შავ ზღვას, იქ, ძირითადად, ქაფშიაზე, კეფალსა და შავი ზღვის ხონთქარაზე („ბარაბულკაზე“) თევზაობენ. ქაფშია სეზონურია, კეფალის დაჭერა კი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მცირე ზომის კატარღებით ბევრის დაჭერას ვერ ახერხებენ, ხშირად უწევთ ზღვაში გასვლა და ამიტომ ძვირად აფასებენ. აბა, ერთ გასვლაზე რამდენიმე ტონა დაიჭირონ, ნახავთ, რა  ფასი ექნება. ეს ყველაფერი  გაცილებით განვითარებულია უკრაინაში, მაგრამ ახლა უკრაინასაც არ სცალია თევზის ჭერისთვის, ომშია. სხვა ვითარებაა რუსეთში, იქ თევზის წარმოება უმაღლეს დონეზეა, ბევრიც არის, მაგრამ… არ შემოგვაქვს რუსეთიდან თევზი, იმიტომ, რომ წლებია, სამხრეთ ამერიკის გზაა გაჭრილი და  ახლა რუსეთიდან თევზის შემოტანა და აქ ფასებზე თამაში არა ერთ და ორ ადამიანს  მოუშლის ნერვებს, ამიტომ გვირჩევნია, სამხრეთ ამერიკიდან ვზიდოთ, რაც მთავარია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიხმარს იაფ  ხეკს, რომელიც შავ ზღვაში არ არის, სამხრეთ ამერიკაში კი დიდი რაოდენობით იჭერენ და, რაც იაფია, იმას მივირთმევთ, ასე მივეჩვიეთ“, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

    ეს ყველაფერი გასაგებია, ისიც ადვილი მისახვედრია, რომ, როცა თევზმჭერი ფლოტი გყავს, თევზის მოპოვება გაცილებით  იაფი ჯდება, მაგრამ იგივე კაპარჭინა („ლეშა“), რომლის მთავარი მომპოვებელი რუსეთია, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რატომ შემოგვაქვს? ქართველ ლუდის მოყვარულებს რუსული ურჩევნიათ, მაგრამ ჩივიან, ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ, არადა, რუსული ქვირითიანი „ლეშა“ცალკე სიამოვნება იყოო. ცნობისათვის: კაპარჭინა („ლეშა“) მტკნარი წყლის თევზია და ოკეანესა და ზღვაში პრაქტიკულად არ გვხვდება, ამიტომ სამხრეთ ამერიკიდან არ შემოაქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რუსეთს ყურადღებას არ აქცევენ. არადა, რუსეთი თევზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.  აზიის  ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსული თევზის მარაგი დიდია ისეთ ევროპულ ქვეყნებში,  როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი.

    როგორ არ უნდა გავიხსენოთ, ფასების დასარეგულირებლად შექმნილი სპეციალური  კომისია რომ მუშაობს და  იკვლევს მიზეზს, რატომ არის საქართველოში საკვები პროდუქტი ძვირი. სამხრეთ ამერიკიდან  ჩამოტანილ თევზზე იაფი რუსეთიდან ჩამოტანილი რომ იქნება, ამას მტკიცება უნდა?!  მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კომისიის სხდომაზე  ამ კითხვას არავინ დასვამს, რადგან იმ „ბიძიებმა“ არ უნდა ინერვიულონ, რომლებსაც ეს ბიზნესი, წლებია, აწყობილი  აქვთ და, რუსეთზე რომ გადაეწყონ, შეიძლება სქემიდან ამოვარდნენ,  ამიტომ არ რისკავენ. სამწუხაროდ, ასეა არა მხოლოდ თევზის, არამედ ბევრი მიმართულებით. რაც შეეხება საქართველოში თევზის მოშენებას… არაერთი დიდი თუ მცირე ზომის ტბაა კახეთის რეგიონში.  რეალურად  საქართველოში თევზზე მოთხოვნა არის, მაგრამ ადგილობრივი წარმოება ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას, ამიტომ  წლის განმავლობაში 60 მლნ დოლარზე მეტი თევზი შემოგვაქვს და ვყიდით.  ამ დროს დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჯანდარის ტბა, პრაქტიკულად, უმოქმედოა. ტბა, რომლის ახლოსაც „ავადსახსენებელი“ კომუნისტების პერიოდში საუნივერსიტეტო ლაბორატორია იყო მოწყობილი, რომელშიც პრაქტიკას გადიოდნენ სტუდენტები. ტბაში, ძირითადად, სქელშუბლას ამრავლებდნენ და იმის გათვალისწინებით, რომ ტბის ნახევარი აზერბაიჯანის მხარეს არის, ასევე  იქცეოდა აზერბაიჯანიც. შედეგად, თევზი მრავლდებოდა და დაჭერისას  ორივე მხარე კმაყოფილი იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ   ეს ურთიერთობა შენარჩუნდა, თევზის წარმოება ისევ გაგრძელდა, მაგრამ შემდეგ ბრაკონიერები გამოჩდნენ, დენით თევზაობა დაიწყეს, ეს აზერბაიჯანულმა მხარემ გააპროტესტა (სამართლიანადაც) და ურთიერთობაც დასრულდა. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობების აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა და ტბაში თევზი, უბრალოდ, აღარ არის, უფრო ზუსტად, არის იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც მტკვრის ხელოვნურ შენაკადს შეაქვს, თორემ 10, 12 და15-კილოგრამიანი თევზის დაჭერა სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.

    სამწუხაროდ, თითის გაშვერა კვლავ სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ გვიწევს.  ვიცით, რომ აზერბაიჯანული მხარე მზად არის, თანამშრომლობა აღდგეს და ტბაში თევზი ისევ გამრავლდეს, თევზჭერაც განახლდეს, როგორც ადრე იყო, მაგრამ  მეზობლებს კატეგორიული მოთხოვნა აქვთ –  აიკრძალოს ბრაკონიერების პარპაში!  რაღა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა სამართლიანია. ამას წინათ  გარემოს დაცვის თანამშრომლებს ვესაუბრეთ, მართლა გულიან ბიჭებს, რომლებსაც ბუნება უყვართ. მათ შემოგვჩივლეს, როცა ბრაკონიერი წყალშია  ნავით და დენით თევზაობს, ვერ ვიჭერთ, რადგან შესაბამისი აღჭურვილობა არ გვქვს; თუ არის შესაძლებელი, ჩუმად მივსდევთ, ნაპირზე რომ ამოვა, ვცდილობთ, მერე დავაკავოთ, მაგრამ ეს ოციდან ერთ შემთხვევაში ხდებაო. ცალკე პრობლემა კიდევ ის არის, რომ ერთხელ დაკავებულ ბრაკონიერს მეორედ და მესამედ იჭერენ, რადგან პირველ ჯერზე ჯარიმაა, შემდეგ –  პირობითი სასჯელი, შემდეგ –  ისევ პირობითი და…

    „ბრაკონიერთა ბრიგადა ძირითადად 3 კაცისგან შედგება. ერთი ნაპირზე, კონკრეტულ ადგილზე  ელოდება მანქანით, ორი ნავშია. ისინი დღეში  საშუალოდ 150-200 კილოგრამ თევზს  იჭერენ და ზამთარში კილოგრამი 30 ლარზე მეტი ღირს, ანუ საუბარია დღეში 4500-6000 ლარზე. ამ დროს კი პირველ ჯერზე მოსამართლემ შეიძლება 2 ათასი ლარით დააჯარიმოს,  რაც ბრაკონიერებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ბრაკონიერები პირდაპირ ციხეში  უნდა გაუშვან და ეს საგრძნობლად შეამცირებს დანაშაულს“, – გვითხრა რეინჯერმა.

    ასეა თუ ისე, როგორც სხვა მიმართულებით, ამ მხრივაც შეგვიძლია განვითარება. მთავარი მონდომება და სწორი მიდგომაა, ისეთი, როგორც სხვა ქვეყნებშია.   კიდევ გავიმეორებთ: პირველ ეტაპზე მაინც ადგილობრივი წარმოების პოტენციალის 50%-ს  თუ არ გავააქტიურებთ, ფასების რეგულირებასა და, ზოგადად, ეკონომიკის რეალურ განვითარებაზე საუბარი  დიდი სისულელე იქნება!

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here