Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი სკეპტიკურად განწყობილი არჩევნების მიმართ

რატომ არის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი სკეპტიკურად განწყობილი არჩევნების მიმართ

118

ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. პოლიტიკოსები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ; არწმუნებენ, უფრო ზუსტად, ცდილობენ, დაარწმუნონ, რომ მათი არჩევის შემთხვევაში უკეთესად იცხოვრებენ. ბევრი დაპირება არარეალურია, თანაც ხშირად იმ ადამიანებისგან ისმის, რომლებმაც, შესაძლოა, საერთოდ ვერ მიაღწიონ ამ არჩევნებში ვერაფერს. კარდაკარ დაიწყეს სიარული მაღალი თანამდებობის პირებმა, ამით იმის თქმა სურთ, თითქოს მოსახლეობასთან ახლოს არიან

მიუხედავად პოლიტიკოსების უდიდესი ძალისხმევისა, მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი არჩევნებს სკეპტიკურად უყურებს. ისინი არ მონაწილეობენ არჩევნებში ან, თუ მონაწილეობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ხმა არ დაიკარგოს და, არჩევნებზე მისულნი, თითქმის უცნობ პარტიას შემოხაზავენ ხოლმე _ ერთი ხმა მაინც ჰქონდესო

გაზეთის ფორმატი ვერ დაიტევს იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებსაც არჩევნები არ აინტერესებთ, მაგრამ შევეცადეთ, რამდენიმე მათგანის აზრი მაინც მიგვეტანა მკითხველამდე.

არჩევნებში არ ვმონაწილეობ, რადგან ვთვლი, რომ ეს ხალხის გაბრიყვებაა. ვინც არჩევნებს ატარებს, ის დებს იმ შედეგს, რომლის მიღებაც სურს

მერაბ ზურაბაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, გურჯაანის მცხოვრები:

_ თუკი ქვეყანაში არ მოხდება ძირეული ცვლილებები, თუკი ეკონომიკური საფუძველი არ დაედება ხალხის ბედნიერებას, არაფერი არ გვეშველება. ჩვენთან კარგად ცხოვრობს მოსახლეობის ათი პროცენტი. რა, დანარჩენი უსაქმურები ვართ? მხოლოდ ათ პროცენტს აქვს შრომის უნარი?! _ ეს ტყუილია, უბრალოდ, სისტემაა ისეთი, რომ ათი პროცენტი მდიდრდება და მდიდრდება უმრავლესობის გაღატაკების ხარჯზე.

შრომის უფლება, შრომის გარანტია გვჭირდება ღირსეული ანაზღაურებით. სოცილიზმის დროს იყო პრინციპი “თითოეულს შრომისა და უნარის მიხედვით”.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული ვატარებთ არჩევნებს, მაგრამ რომელი არჩევნები ჩატარდა ისე, რომ აყალმაყალი არ ყოფილიყო _ მოგვატყუეს, გაგვიყალბეს და .. ასე რომ, არჩევნები სანდო არ არის.

ამ და წინა არჩევნებზე მისული ხალხის რაოდენობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არავის აღარ ენდობა. არჩევნები რომ რამეს ნიშნავდეს, ხელისუფლებები მიხვდებოდნენ, ხალხს რა სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს არ აინტერესებთ. არჩევნებში არ ვმონაწილეობ, რადგან ვთვლი, რომ ეს ხალხის გაბრიყვებაა. ვინც არჩევნებს ატარებს, ის დებს იმ შედეგს, რომლის მიღებაც სურს. თუ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, მერე პოლიტიკოსები მეტყვიან, ნდობის მანდატი ხომ შენ მომეციო… ამიტომ თავს არავის გავაბრიყვებინებ. საზოგადოება ახალ ძალას ელოდება, ისეთს, რომელიც ხალხს მოუსმენს და არ იცრუებს. შეიქმნება კიდეც ასეთი ძალა, მოიფიქრებს ხალხი რამეს. უნდა გამოინახოს ფორმაცია, რომელშიც მშრომელი ადამიანის ინტერესები იქნება დაცული, შრომა ავითარებს ადამიანსაც და სახელმწიფოსაც, ამაზე არავინ არ ფიქრობს. გადასახედია ქვეყნის საგარეო კურსიც. ჩვენ დასავლეთმა დაგვიმონა, შრომას გადაგვაჩვია, ფაბრიკა-ქარხნის აშენების საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც თანასწორნი ვიქნებით, აღებ-მიცემობა გვექნება.

ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, დღეს ქვეყანაში მოქმედი ყველა პარტია მიუღებელია

ტარიელ სუხიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ მეორე ტურის ალბათობა დადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი პარტია დარჩა. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, დღეს ქვეყანაში მოქმედი ყველა პარტია მიუღებელია.

არ მიმაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე პარტია დომინირებს, არა მგონია, რომ “ოცნებასა” და “ნაცმოს” შორის რამე სხვაობაა, ეს ორი პარტია ერთმანეთის იდენტურია.

_ ვინ უნდა იყოს ასარჩევი, ვის და როგორ ძალას ისურვებდით, რომ ხმის მისაცემად დიდი ენთუზიაზმით წახვიდეთ?

_ სიტყვა დემოკრატია ძალიან დააკნინეს და გააუბრალოეს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ვისურვებდი დემოკრატიულ არჩევნებს, რომელშიც ხალხის ნება იქნებოდა გამოხატული და არჩევნებში წარმოდგენილი იქნებოდა რამდენიმე ძალა განსხვავებული იდეოლოგიებითა და განსხვავებული პროგრამებით. ახლა მხოლოდ ერთი ძალაა სხვადასხვა სახელწოდებით, ერთმანეთს ლანძღავენ და ამბობენ: ახლა მე მიმიშვით ხელისუფლებაში, ახლა მე უნდა მოვიპარო მილიონებიო… ის, რაც ჩვენში ხდება, რასაც არჩევნებს უწოდებენ, არის ფარსი და ამიტომ ვფიქრობ, ამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

ძალიან მინდა, გამოჩნდეს მართლაც ახალი, სრულიად განსხვავებული ძალა, რომელსაც ექნება ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული პროგრამა.

_ საქართველოში ყველა არჩევნებში კენჭს რამდენიმე ათეული პარტია იყრის. ნუთუ თქვენი მოსაწონი არც ერთი არ არის?

_ მერწმუნეთ, ეს რამდენიმე ათეული პარტია ორი დომინანტი პარტიის განშტოებებს წარმოადგენს. ყველა მათგანი “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები არიან. ზოგი მათგანი თავისი ნებით არის სატელიტი, ზოგი კი _ ძალით. ეს ხდება იმისთვის, რომ ხალხი დაიქსაქსოს, დაიბნეს და დომინანტმა პარტიებმა თავისი მიიღონ.

ვისურვებდი პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენილიყო და არჩევნებში მონაწილეობა მიეღო ნამდვილ, ეროვნულ, კონსერვატიული ღირებულებების პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ხალხის, ქვეყნისა და ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენაზე. ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ვისურვებდი პარტიას, რომელიც იზრუნებდა ეკონომიკის განვითარებაზე და უმძიმესი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.

დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოება გარდაიქმნას ისეთ საზოგადოებად, რომელიც კუჭზე იქნება ორიენტირებული, ცდილობენ, ქვენა გრძნობებს აყოლილ ინდივიდებად აქციონ მოსახლეობა. არადა, ჯანსაღი საზოგადოების არსებობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოში, სამწუხაროდ, მივიღეთ რეალობა, სადაც ადამიანთა ერთობაა, ოღონდ ყოველგვარი ღირებულებების გარეშე.

_ არჩევნებში არ მონაწილეობს მოსახლეობის დიდი ნაწილი

_ დიახ, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

არა და არ დაადგა ახალი ძალის ჩამოყალიბებას საშველი. ყველა თავის თავს ახალ ძალას უწოდებს, მაგრამ ყველა ერთია, ყველას ერთი აზრი აქვს _ “მე რომ ვიყო ბიძინასთან, უფრო უკეთ გავაიმასქნებდი საქმეს”, მეორე კი ამბობს, ამერიკას მე უკეთ დაველაპარაკებოდიო. ერთმა პროფესორმა მითხრა: ბიძინამ არ იცის, როგორ დაელაპარაკოს ამერიკას, მე ვიცი და, თუ ამერიკასთან დალაპარაკების საშუალება მომეცემა, ფინანსების ზღვა წამოვაო… ასე რომ,ყველას ერთი მიზანი აქვს _ ფული და პირადი კეთილდღეობა. საქვეყნოდ არავინ არ აზროვნებს, საქართველოსა და ქართველ ხალხზე არავინ არ ფიქრობს.

ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში კენჭს იყრის, დასავლეთისსტრატეგიულ პარტნიორქვეყნებს ეტმასნებიან და არც ერთი არ ვარგა ქართველი ხალხისთვის, სამშობლოსთვის, ერისთვის

ბორის კაკაბაძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში კენჭს იყრის, დასავლეთის “სტრატეგიულ პარტნიორ” ქვეყნებს ეტმასნებიან და არც ერთი არ ვარგა ქართველი ხალხისთვის, სამშობლოსთვის, ერისთვის.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ნაციონალები ასე “აღორძინდებოდნენ”, ველოდი, რაღაცას “მიიღებდნენ”, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მეორე ტურში გავიდოდნენ და თავიანთი უკან მობრუნებით საფრთხის წინაშე დააყენებდნენ საზოგადოებას. ეს ხომ კოაბიტაციის ბრალია, ეს ხომ დაუსჯელობის სინდრომით არის გამოწვეული, და ახლა, ხმა მომეცითო, იხვეწება კოაბიტირებული მთავრობა.

ყველა პარტია და ლიდერი თავისი მუცლის ამოყორვაზე ფიქრობენ, ლამაზი სიტყვებით ხალხს ატყუებენ იმ მიზეზით, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს და “ბუნტი” არ იყოს…

სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, რომ ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია არ არის საქართველოში, არ ხელმძღვანელობს პარტიას და არჩევნებში ვერ მონაწილეობს. არადა, როგორ სჭირდება ქართველ საზოგადოებას ალექსანდრე ჭაჭიასნაირი პოლიტიკოსი, პოლიტიკოსი სწორი ხედვით და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამით.

ამ ქვეყანაში მგზნებარე სახალხო მოძრაობაა საჭირო, ხალხი თავისით უნდა მიდიოდეს არჩევნებზე, სიხარულით უნდა გავრბოდეთ. ვოცნებობ, წავიდე ისეთ არჩევნებზე, როცა მეცოდინება, რომ ჩემი ხმა ღირსეულს ხვდება წილად.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მესიას ელის. ეს არ მომწონს, მესია არ მოვა. ჩვენ, ხალხმა, უნდა გამოვუტანოთ განაჩენი პოლიტიკოსებს, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ მათ, რომ არარაობანი არიან. ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ სამშობლოსათვის თავგანწირულ პოლიტიკოსს ველოდებით და არ გვინდა პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის: “მერე მე არაფერი მამივა?”…

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here