Home რუბრიკები პოლიტიკა რას უქადის საქართველოს სააკაშვილის დაბრუნება?

რას უქადის საქართველოს სააკაშვილის დაბრუნება?

217

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგების თანახმადქართულმა ოცნებამხმათა 46,69% მიიღო, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” – 30,7%, ხოლო ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას პარტიამ _ 7,8%. ასევე უკვე ცხადია, რომ იმ 64 ქალაქიდან, რომლებშიც მოქალაქეები მერებს ირჩევდნენ, 20-ში ჩატარდება მეორე ტური. მათ შორის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.

უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უაღრესად დაძაბული იყო და თითქმის მთელი წლის განმავლობაში სდევდა პოლიტიკური კრიზისი. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებისთვის მზადება თითქმის ერთი წლით ადრე დაიწყეს, ამაზე მეტყველებს მათი მცდელობა, რაც შეიძლება მეტი გავლენა მოეპოვებინათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. ამ უკანასკნელმა და კიდევ სხვა პრინციპულმა საკითხებმა, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რომლის მოსაგვარებლად საჭირო შეიქნა მმართველ პარტიასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამდგომლობა. შედეგად ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ერთერთი პუნქტი ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების შანსს აძლევდა, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია 2 ოქტომბრის არჩევნებში პროპორციული სისტემით მიიღებდა ხმების 43%-ზე ნაკლებს.

ზემოხსენებულის მისაღწევად და იმისათვის, რომ მმართველ პარტიას ვერ მიეღო შეთანხმებაში აღნიშნული 43%, ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებზე ფართო სპექტრით წარდგნენ. იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ვერ მიიღებდა 43%-ს, ოპოზიციურ პარტიებს მიეცემოდათ მმართველი პარტიის დისკრედიტაციის იურიდიული და მორალური საფუძველი. არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის გამოდიოდა ზემოხსენებული შეთანხმებიდან, რამაც ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მონადირე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები. ისინი მიხვდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში ვერ მოახერხებდნენ ხელისუფლების ვადაზე ადრე გადაბარებას.

საზოგადოდ, საქართველოში პოლიტიკური სუბიექტების მდგომარეობას ამძიმებს საზოგადოებაში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო გამეფებული დაღლილობა და სრული ნიჰილიზმი. პარტიებს უჭირთ ამომრჩეველთა საარჩევნო ურნებთან მიყვანა. ეს, უწინარესად, განპირობებულია იმით, რომ წლების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო დაგროვილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა; და მეორე _ საზოგადოება საპარლამენტო არჩევნებს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამიტომ თავისი ელექტორატის ორგანიზების მიზნით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამდა მისმა სატელიტმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააძლიერეს მმართველი პარტიის კრიტიკა და შექმნეს მაქსიმალურად დაძაბული წინასაარჩევნო გარემო. ამომრჩეველთა დარაზმვის მიზნით, მმართველმა პარტიამ წარსულის აჩრდილით ამომრჩეველთა დაშინების გზა აირჩია. თუ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიაში საუბრობდა “მიღწეულ შედეგებსა” და სამომავლო პერსპექტივებზე, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულ რიტორიკას მიმართა და საზოგადოებას არაერთგზის შეახსენა მიხეილ სააკაშვილი და მისი “მიღწევები”. ზემოხსენებული მიუთითებს ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების დეგრადაციაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო სამ ათწლეულში ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა კრიტიკული აზროვნება. უმძიმესმა სოციალურეკონომიკურმა ფონმა და თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემამ შედეგად მოიტანა ის, რომ დიდ ნაწილს უჭირს ინფორმაციის გაანალიზება, პარალელების გავლება, მათთვის უფრო მარტივია ბრალდებებზე აგებული წინასაარჩევნო კამპანიის აღქმა, ვიდრე იმის გაანალიზება, რამ მიგვიყვანა აქამდე. დღევანდელი საზოგადოების დიდ ნაწილს არსებული მდგომარეობის მიზეზშედეგობრივი ანალიზი რომ შეეძლოს, ქართულ მიწაზე ფეხს ვერ დადგამდა თითქმის ვერც ერთი მოქმედი პოლიტიკური პარტია და, რაც მთავარია, მათი კურატორი აშშ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ქართველი საზოგადოების სააკაშვილით დაშინების რიტორიკა გააღვივა თვითონ ექსპრეზიდენტმა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ქართველი საზოგადოების სააკაშვილით დაშინებამ რეალური ელფერი შეიძინა.

რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება მაინცდამაინც ახლა? ის და მისი კურატორები თვლიან, რომ ამის დრო დადგა. იგი დარწმუნებულია, რომ დიდი ხნით არ მოუწევს ციხეში ჯდომა. რამდენიმე თვის წინათ დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოთხოვნით ციხიდან გაათავისუფლეს ნიკა მელია და გიორგი რურუა. ექსპრეზიდენტი დარწმუნებულია (ვფიქრობ, გარანტიებიც მიიღო), რომ დასავლეთი არ დაუშვებს, რეგიონში აშშის ინტერესების დამცველი და პოლიტიკის გამტარებელი სუბიექტი ციხეში იჯდეს. მეორე _ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან დაბალია. მმართველმა პარტიამ ცხრა წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა მთავარი ოპოზიციურ ძალა “ნაციონაური მოძრაობა” ყოფილიყო. ბოლო წლების საპროტესტო აქციებმა კი აჩვენა, რომ “ნაციონაური მოძრაობის” არც ერთ ლიდერს არ აქვს ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის საჭირო რაოდენობის მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანის შესაძლებლობა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ თავისი ქარიზმის წყალობით მხოლოდ მას ხელეწიფება ხალხის დარაზმვა და პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნება. სააკაშვილს კარგად ახსოვს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ციხის კადრების გავლენა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ამიტომ ამჯერად გადაწყვიტა, თვითონ გამოეყენებინა მოულოდნელობის ეფექტი და საქართველოში შემოპარვით წინასაარჩევნოდ თავისი ელექტორატი გაამხნევა. ბათუმის ბულვარში გადაღებული ვიდეომიმართვა დიდი მოულოდნელობა იყო ქართველი საზოგადოებისათვის. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ყოფნის ფაქტს და არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ეს იყო მონტაჟი. დღის ბოლოს კი გაავრცელეს ინფორმაცია და ვიდეომასალა სააკაშვილის დაკავებაზე.

“ქართული ოცნების” ლიდერებს, რა თქმა უნდა, არ სურდათ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. მათთვის ხელსაყრელი იყო მისი საზღვარგარეთ ყოფნა და საჭირო დროს ექსპრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრით ელექტორატის დაშინება. საქართველოს კურატორები სხვაგვარად ფიქრობენ და, როგორც ჩანს, მოვიდა დრო, როცა სააკაშვილმა უნდა დაიბრუნოს პოლიტიკური ძალაუფლება. მისი მალული დაბრუნებით მოხდა მხარდამჭერების გამხნევება, საზოგადეობის განწყობის მოსინჯვა და სამომავლო არჩევნებისათვის ივანიშვილის გუნდის სააკაშვილითა და მისი სატელიტებით ჩანაცვლებისათვის მუშაობის დაწყება.

საქართველოს კურატორებს არ აინტერესებთ დღეს მათ სამსახურში ჩამდგარი მენეჯერების (“ქართული ოცნების” ლიდერები) არც ინტერესები, არც აზრი. რამდენიმე თვის წინათ მათი დაჟინებული მოთხოვნით გათავისუფლებული მელიასა და რურუას საქმეებმა აჩვენა, რომ კურატორებს არ აინტერესებთ არც ქართული საზოგადოების აზრი და არც ქართული მართლმსაჯულება. ისინი მზად არიან, საკუთარი ინტერესების დასაცავად ციხიდან დაიხსნან ნებისმიერი დონის დამნაშავე.

სააკაშვილის დაბრუნება გააღრმავებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს. მას ჰყავს სტაბილური ელექტორატი (დაახლოებით 25%), რომელსაც აღაფრთოვანებს მისი დაბრუნება, მათ შეუერთდებიან უკრაინიდან დაბრუნებული მხარდამჭერები, რომლებიც წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ ქვეყნიდან გაქცეულ სააკაშვილს. შედეგად გაიზრდება ანტაგონიზმი საზოგადოებაში. გამორიცხული არ არის, მდგომარეობის დაძაბვის მიზნით მათი მხრიდან სხვადასხვა პროვოკაციის მოწყობა.

ნაციონალური მოძრაობისადა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც თანაუგრძნობენ სააკაშვილს, შეეცდებიან მათ ხელთ არსებული ყველა ტრიბუნის გამოყენებას, რათა ქართულ მართლმსაჯულებაზე დასავლეთის ზემოქმედებით ციხიდან გათავისუფლდეს ექსპრეზიდენტი. მართალია, სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში დაეხმარა “ქართულ ოცნებას” არჩევნებისათვის ელექტორატის დარაზმვაში, მაგრამ ამასთანავე, გამოიწვია საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ადამიანმა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში უნდა მჯდარიყო, მოახერხა ქვეყანაში შემოსვლა და რამდენიმე დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა ქვეყანაში. მათ გაუმყარდათ რწმენა, რომ მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია გამოიყენებს აღნიშნულს მმართველი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, რაც გაზრდის “ქართული ოცნების” მიმართ საზოგადოების უკმაყოფილებას.

მართლმსაჯულებისა და ქართველი ხალხის ნების თანახმად, ციხეში მჯდომი ექსპრეზიდენტი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების საფუძველი გახდება და, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მმართველობის დასასრულის დასაწყისად იქცევა.

დავით სუხიაშვილი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

სპეციალურადსაქართველო და მსოფლიოსთვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here