ცნობილია, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია და დიდ როლსაც ასრულებს მის ცხოვრებაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ადამიანთან ერთად სახლში არ ცხოვრობს. თუ შეიძლება, ასე ითქვას, მისი საცხოვრებელი სახლს გარეთ არის – ეზოში, სადაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი „სახლი” აქვს. ასეთია ამ ცხოველის ბედი, თუ, რა თქმა უნდა, მიუსაფრობას არ ვიგულისხმებთ, როცა პატრონი და გამკითხავი საერთოდ არ ჰყავს. ჰოდა, ქართველებს ანდაზა გვაქვს ასეთი: „ისეთი ამინდია, ძაღლი გარეთ არ გაიგდება!” გარდა იმისა, რომ ანდაზა ამინდის სირთულეს უსვამს ხაზს, იმასაც გვეუბნება, ავდარში პატრონმა ძაღლს შინ დარჩენის ნება უნდა დართოს, რადგან ამას ჰუმანიზმი მოითხოვს.
ადამიანს, ძაღლისგან განსხვავებით, საკუთარი სახლის გარდა, დიდი სახლიც (სამშობლო, სახელმწიფო) აქვს, რომლიდანაც იგი ისევე არ უნდა გააგდონ, როგორც ძაღლს არ აგდებენ სახლიდან ცუდ ამინდში. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ადამიანი გავაძევეთ სამშობლოდან ანუ სახელმწიფოდან, რომელიც ვალდებულია, დაიცვას იგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური „ცუდი ამინდის” ვითარებაში. სიტყვა „გავაძევეთ” იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ცხოვრების ელემენტარული პირობებიც კი ვერ შეუქმნა მათ, აიძულა, სამშობლო დაეტოვებინათ და ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ გადახვეწილიყვნენ. ერი, რომელსაც ზნეობრივ კოდექსში აქვს ნორმა, რომლის მიხედვით ცუდ ამინდში ძაღლი გარეთ არ უნდა გაუშვას, იქამდე მივიდა, რომ თავის მოქალაქეებს სახელმწიფოდან გაქცევის აუცილებლობის წინაშე აყენებს. ამას მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე” არ ვამბობ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ე.წ. თავისუფალ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მოგახსენებთ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას”, მან არათუ შრომითი (სოციალური) ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ქმედითი პროგრამები ვერ შექმნა, ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ადამიანები სოციალური პრობლემების გამო კვლავ არ გარბოდნენ ქვეყნიდან, როგორც მათი წინამორბედების დროს. ამას პოლიტიკური ხარვეზს ვერ დაარქმევ, ეს პოლიტიკური დანაშაულია.
ახლა კი… ახლა კი ისეთი რამ ხდება, რომ დაჯერება ჭირს: „ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა იწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებით კი მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ საკითხს შალვა პაპუაშვილი უფრო დეტალურად განმარტავს: „რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციისა და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთანავე, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი”. „ქართულ ოცნებაში” ქვეყნების ეს ჩამონათვალი არგუმენტად თუ მიაჩნიათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ინფორმაციის წაკითხვის ან მოსმენის დროს აუცილებლად გაგეღიმებოდათ.
ახლა კი პაპუაშვილის განცხადების უფრო მნიშვნელოვან ნაწილს მივუბრუნდეთ. ემიგრანტები უცხო იურისდიქციისა და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიანო, რომ ბრძანებს, ეს სწორია? ისინი, პირველ რიგში, საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ემიგრანტები ხმას რატომ მისცემენ იმ მთავრობას, რომელსაც ძარღვიც არ უტოკავს (არც თითს ატოკებს) ემიგრანტების ბედის გამო? რა შუაშია აქ „უცხო იურისდიქცია და პოლიტიკური გარემო”? თქვენ რა გაუკეთეთ, თქვენ როგორ დაეხმარეთ, თქვენ რით შეუმსუბუქეთ მდგომარეობა, რომ მათ თქვენთვის ხმის მიცემის მოტივაცია ჰქონდეთ? იცით, რა მოტივაცია ამოძრავებთ ემიგრანტების იმ ნაწილს, რომლებიც ხმას სხვა პარტიას (პარტიებს) აძლევენ? ის კი არა, რომ ხმა იმ სხვას (სხვებს) მისცენ, არამედ ის, რომ ხმა თქვენ არ მოგცენ! რაკი თქვენ მათ ჯიბრში უდგებით, ისინიც ჯიბრში გიდგებიან. მთავრობა, რომელიც თავის მოსახლეობას ეტყვის, რომ ქვეყანაში იმდენ სამუშაო ადგილს ვერ შევქმნით, ყველა დავასაქმოთ, ამიტომ საზღვარგარეთ წასვლაში დაგეხმარებითო, ემიგრანტებმა ხმა რატომ უნდა მისცენ?! რამეს ხომ არ ვაზვიადებ ან რამე ხომ არ მეშლება? გნებავთ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს შეგახსენებთ: „ორ მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს ოც წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის, ამიტომ მიმაჩნია, რომ გამოსავალი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნაა. ხელისუფლება ამაზე აქტიურად მუშაობს და ვარაუდობს, რომ ორ-სამ წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება. ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. როგორც სახელმწიფო, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ იმაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რა დეფიციტიც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა. ბულგარეთი ისევე დაცლილია, როგორც საქართველო”.
ასეთია „ქართული ოცნების” დამოკიდებულება ემიგრანტებთან და ემიგრაციის პრობლემასთან. ახლა, როდესაც ემიგრანტებისგან არცთუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება იგრძნეს და სხვა მხრივაც გაუჭირდათ, ამ ტანჯულ ადამიანებს ეუბნებიან, თქვენ სხვათა იურისდიქციისა და პოლიტიკური გავლენების ქვეშ იმყოფებით, რის გამოც დარწმუნებული არ ვართ, რომ სწორი არჩევანის გაკეთებას შეძლებთ, ამიტომ საარჩევნო ბარიერს გიწესებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ, სადაც ცხოვრობთ, იქ ვერ შეგიქმნით არჩევანის გაკეთების პირობებს. ჩამობრძანდით და აქ მიგაცემინებთ ხმასო. ამერიკის, ევროპის, აზიისა თუ აფრიკის კონტინენტებიდან ჩამოსვლის დრო და საშუალება, როგორც გინდათ, გამონახეთ, აქაურ ვითარებაში კარგად გაერკვიეთ და ასე „მომზადებულებმა” გააკეთეთ პოლიტიკური არჩევანიო. დააკვირდით, რა ვითარება გვაქვს: ბევრი ემიგრანტი საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს. მათ, თავის დროზე, რის ვაი-ვაგლახით შეაღწიეს ამა თუ იმ სახელმწიფოში. მათთვის ჩამოსვლა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს, რადგან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ემიგრანტები ოჯახის წევრის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოვიდნენ. ახლა მათ ასე თუ ისე გარანტირებულ ლუკმაპურზე თურმე უარი უნდა თქვან, ავიაბილეთებში უზარმაზარი თანხა გადაიხადონ, საკუთარი შვილები შემოსავლის გარეშე დატოვონ იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ და ხმა „ქართულ ოცნებას” მისცენ, რომელსაც ემიგრანტების მიმართ ის დამოკიდებულება გააჩნია, ზემოთ რომ აღვწერე. გესმით, რას სთავაზობენ? ეს შეთავაზება კი არ არის, ხაფანგია, რომელსაც ასე ჰქვია: ხმის მიცემას თეორიულად არ გიკრძალავთ, მაგრამ პრაქტიკულად ამ უფლებასაც გართმევთ, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოსვლას ვერ მოახერხებთ, ადგილზე ხმის მიცემის უფლებას კი იმ კანონით გიკრძალავთ, რომელიც ირაელისგან, სომხეთისგან, მალტისგან გადმოვიწერეთო. არა, მე პირადად ამ სახელმწიფოების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მალტას რამდენიმე წლის წინათ ესენი არ ლანძღავდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო? ძვირფასო ემიგრანტებო, სამშობლოში ბინა არ გაქვთ, სამუშაო და საარსებო საშუალება არ გაქვთ, რის გამოც სხვაგან გადაიხვეწეთ და ემიგრანტებად იქცეცით. ერთადერთი, რაც საქართველოსთან თქვენი ოჯახებისა და ემოციური დამოკიდებულების გარდა კიდევ გაკავშირებდათ, ეს თქვენი საარჩევნო ხმა იყო და, აჰა, ამ ხმასაც, ანუ იმ ბოლო ადამიანურ უფლებასაც გიზღუდავენ, რომელიც შეგრჩენიათ. ათასი მორალური ბარიერი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა (პოლიტიკურმა ძალამ) ასეთი რამ არ იკადროს: სირცხვილი, სინდისი, ნამუსი, ადამიანობა, თანაგრძნობა, სხვის მდგომარეობაში შესვლის უნარი, ელემენტარული გონიერება, ზომიერება და სხვა. არც ერთი არ გაგაჩნიათ? ეგ როგორ მოახერხეთ, აქამდე დაშვება როგორ შეძელით?!
ახლა, როდესაც დასავლეთი გიპირისპირდებათ, მათი აქაური აგენტურა დაუძინებელ მტრად მოგეკიდათ, საზოგადოებაა თქვენი ერთადერთი თავშესაფარი. ფართო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ვერაფერი გადაგარჩენთ. ასეთ დროს ქართველ ემიგრანტებთან ბრძოლის გამართვა თქვენ მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი უმძიმესი განაჩენია. ნუ მიიღებთ ამ სულელურ შესწორებას საარჩევნო კოდექსში, თორემ, რამდენი უარყოფითი ხმისგანაც ეს კანონი საზღვარგარეთ დაგიცავთ, ორ იმდენ ხმას აქ (სამშობლოში) დაკარგავთ. განსაცდელისგან ვირეშმაკობა და მიუღებელი მეთოდები ვერ გიხსნით, მოვლენათა ღრმა ანალიზი და სწორი პოლიტიკური ორიენტაციაა გადარჩენის და, თუ გნებავთ, გამარჯვების ერთადერთი, ნაცადი და უტყუარი გზა.
წარმატებებს გისურვებთ!
ვალერი კვარაცხელია







