აშშ–სა და რამდენიმე ევროპულ ქალაქში 5 აპრილს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციები გაიმართა ლოზუნგით “ხელები შორს!” აშშ–ში პროტესტი ერთდროულად 1500-მდე ადგილზე მიმდინარეობდა, მათ შორის – თეთრ სახლთან, კაპიტოლიუმთან, ფედერალური მნიშვნელობის შენობებთან, ქალაქების მერიებთან. პარალელურად პროტესტები გაიმართა ისეთ ევროპულ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, ბერლინი, პარიზი, ლისაბონი. ბერლინში აქციის მონაწილეებმა პროტესტი ილონ მასკის წინააღმდეგ Tesla-ს შოურუმთან გამართეს. “ილონ, შენ არავის აურჩევიხარ!” – ეწერა პლაკატებზე.
ჩნდება შეკითხვა – რას ნიშნავს ეს?
ეს არ უნდა ნიშნავდეს ტრამპის მოღვაწეობით უკმაყოფილებას, ვინაიდან იგი მხოლოდ ორი თვეა, რაც მუშაობას შეუდგა. ეს დრო არ არის საკმარისი უზარმაზარი ზესახელმწიფოს პრეზიდენტის საქმიანობის იმ დონეზე უარყოფითად შეფასებისთვის, რომ მის წინააღმდეგ ხალხი ქვეყნის შიგნით და გარეთ მასობრივი პროტესტით გამოდიოდეს. მართალია, ტრამპი არაორდინარულია, ექსცენტრულიც, ჰიპერაქტიურიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის პროცესები, რომლებსაც ვხედავთ, მხოლოდ ტრამპის შეცდომებით ვერ აიხსნება. ჩემი ღრმა რწმენით, აქ სუბიექტურზე მეტად ობიექტური მიზეზებია საძებნი…
მსოფლიო ჩაძირულია ღრმა სისტემურ კრიზისში. ეს იწვევს არასტაბილურობას და აჩენს ახალი გლობალური ომის საშიშროებას. საერთოდ, კრიზისები დამახასიათებელია კაპიტალისტური სისტემისთვის, როგორც სახელმწიფოთა შიგნით, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ამაში უცნაური არაფერია. ისტორიას მრავალი ასეთი კრიზისი ახსოვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დგება მომენტი, როცა კრიზისი დაუძლეველ ფაზაში შედის. უკვე ჩავლილი კრიზისების გამომწვევი ობიექტური მიზეზები იყო, მაგალითად, ორი მსოფლიო ომი, როდესაც ყველაფერი ე.წ. ფორსმაჟორში გადადიოდა. კაპიტალიზმის თანამედროვე კრიზისის გამომწვევ მრავალ ობიექტურ ფაქტორთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. ლიბერალიზმია, რომელმაც ბოლო მოუღო ბურჟუაზიული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის უკანასკნელ ნარჩენებსაც კი. თანამედროვეობის უმსხვილეს ბურჟუაზიას საქმე უმკაცრეს კლასობრივ დიფერენცირებაში გადაჰყავს. დღეს პლანეტის მოსახლეობის ერთი პროცენტი ფლობს არსებული მთლიანი სიმდიდრის უფრო დიდ ნაწილს, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი. მსოფლიო ოლიგარქია ისწრაფვის მაქსიმალური მოგებისკენ და იყენებს ყველა ბერკეტს საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად – გარყვნილების პროპაგანდიდან ფაშიზმის ღია შეიარაღებამდე; ექსპლოატაციის გაძლიერებიდან სახელმწიფოთა სრულ განადგურებამდე; ე.წ. ფერადი რევოლუციების მოწყობიდან ომების პროვოცირებამდე.
ბურჟუაზიული საზოგადოების ერთ-ერთი გავრცელებული შეფასება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ასეთი იყო: „რადიკალური ტრაგიზმი”. ნეოპოზიტივიზმის უთვალსაჩინოესმა წარმომადგენელმა ბერტრან რასელმა თავისი ეპოქა „ჩაძირულად“ გამოაცხადა. ამ კრიზისულ მდგომარეობას ყველაზე ადრე და ყველაზე მეტად ხელოვნება გრძობს. მეოცე საუკუნიდან დღემდე, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები სავსეა აპოკალიფსური, კოშმარულ-კატასტროფული ხედვებით. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი გაბრიელ მარსელი ამბობს: „თანამედროვე ხელოვნება მისი უაღრესად შემაცბუნებელი გამოსახვის ფორმებით ლაპარაკობს იმის შესახებ, რასაც თვითგაუცხოება უნდა ეწოდოს”. ნიმუშები იმისა, რასაც მარსელი ამბობს უამრავია. მაგალითად, პიკასოს, სალვადორ დალისა და სხვებს სურთ, წარმოადგინონ და ხელშესახებად აქციონ დეფორმირებული და უცხო სახე, რომელიც ჩვენს შინაგან სარკეებშია არეკლილი. მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ დეფორმაცია, რომელსაც დასახელებული მხატვრები გვთავაზობენ, თვითმიზნური გატაცება და ხელოვნებით უსაგნო თამაშია. მართალია, ფსიქოლოგიაში ცნობილია ე.წ. მოთამაშე ცნობიერების ფენომენი, მაგრამ ეს ვერ ახსნის იმას, რასაც ხელოვნების სხვადასხვა დარგი არარეალისტურ მიმართულებებსა და მიმდინარეობებში აქსოვდა და აქსოვს. მისი ძირითადი მოტივი ეპოქის რადიკალური კრიზისის ასახვაა. ამ განსხვავებულ ესთეტიკურ პოზიციებს ერთი შინაგანი მოტივი აქვს, რომელიც სხვადასხვა სახელითაა ცნობილი ფილოსოფიასა და ლიტერატურაში: „შემზარავი სამყარო”, „გაუცხოებული რეალობა”, „საშინელი შინაარსისგან გაქცევა”, „აზრდაკარგული სიცოცხლე”, „მეტაფიზიკური მოწყენილობა“ და სხვა მრავალი. ხელოვნების მიერ შემოთავაზებული „დეფორმირებული სახე” უფრო თვალში საცემია, თორემ ბურჟუაზიული ცხოვრების წესის მიერ „დეფორმირებული სახე” რეალობაში ნაკლები კი არ არის, მეტია, გაცილებით მეტი და გაცილებით შემზარავი, ოღონდ ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ დეფორმაციას ვერც თვალი და ვერც ცნობიერება სიმრავლის გამო ისე მძაფრად ვერ აღიქვამს, როგორც ხელოვანის მიერ საგანგებოდ ხაზგასმულს, გაზვიადებულსა და ერთ ეგზემპლარად მოწოდებულს.
ფილოსოფია, ხელოვნება და მეცნიერება გაცილებით ადრე გრძნობდა და ლაპარაკობდა „რადიკალურ ტრაგიზმსა” და „ჩაძირულობაზე”, ვიდრე ცხოვრება ალაპარაკდებოდა. დღეს კი თავად ცხოვრება ალაპარაკდა და ატირდა ცხარე ცრემლით ყოფილ იუგოსლავიაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, თვით ევროპასა და ამერიკაში. პოზა, „ვითომ არაფერი ხდება”, მოვლენებში გაურკვევლობისა და სიმძაფრის გაუცნობიერებლობის შედეგია და არა რეალური ვითარების რეალური ასახვისა.
დავანებოთ თავი ხელოვნებას, რომელსაც მხოლოდ იმიტომ შევეხე, რომ იგი გაცილებით ნათლად და დასურათებულად წარმოაჩენს რეალობას, ვიდრე ამას ცხოვრება ახერხებს.
კაპიტალიზმის კრიზისებზე ვსაუბრობდით. ისინი ყოველთვის რაღაც კონკრეტული ფაქტორებით არის პროვოცირებული და განპირობებული. ვახსენეთ მსოფლიო ომები, ვახსენეთ ლიბერალიზმი და ფაშიზმი. ცნობილია ეს ფაქტორებიც და ეს ეტაპებიც. დღეს ახალი ფაქტორები შემოდის, რომელთა გათვალისწინების გარეშე სრული სურათი ვერ შეიქმნება. აქ უმთავრესი ძალთა ბალანსის რღვევაა. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის ნგრევასთან არის დაკავშირებული, რამაც დასავლეთს, უფრო კონკრეტულად კი აშშ-ს, იმ მასშტაბის უპირატესობა მიანიჭა, რომ პრაქტიკულად მსოფლიო ჰეგემონის კვარცხლბეკზე შემოსვა. პარალელურად იკვეთებოდა აშშ-ისთვის სატელიტური მსოფლიო მნიშვნელობის ძალა ევროკავშირის სახით და კონკურენტი ძალა ჩინეთის სახით. რუსეთი კი გლობალურ მოთამაშეთა შორის პოზიციებს თანდათან თმობდა და ბოლოს აღარც მოიაზრებოდა. მისი სტატუსი რეგიონული მასშტაბის მოთამაშემდე ჩამოქვეითდა. ეს პირველად ბარაკ ობამას პირით ითქვა, რასაც პუტინმა ენამოსწრებულად უპასუხა: რუსეთს ერთ მხარეს აშშ და კანადა თუ ესაზღვრება, მეორე მხარეს – ჩინეთი და ინდოეთი, მესამე მხარეს – ევროპა და მეოთხე მხარეს იაპონია, ბატონმა ობამამ იქნებ ისიც გვითხრას, რომელ რეგიონზეა საუბარიო. უდავოდ ძლიერი ნათქვამი იყო, მაგრამ აქ მახვილი მაინც რუსეთის სიდიდეზე მოდიოდა და არა ძლიერებაზე. ფაქტია, რომ ორ კონტინენტზე გადაჭიმული უზარმაზარი რუსეთი, რომლის ეკონომიკა სადღაც მეშვიდე ადგილზე იყო გადავარდნილი, მსოფლიო „დერჟავას“ სტატუსს კარგავდა. ამ ვითარებაში პოზიციის განმტკიცება ადვილი საქმე რომ არ არის, ყველასთვის ნათელია, მით უმეტეს, როდესაც მის დასასუსტებლად მთელმა დასავლეთმა პირი შეკრა და ნატოს ალყაში მისი მოქცევის პროცესი ფორსირებულად დაძრეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სულ რაღაც, სამი ათეული წელიწადი გავიდა, მაგრამ ისტორიისთვის ამ უმცირეს დროში რუსეთში რევოლუციური ძვრები განხორციელდა. საოცარი (თითქმის აუხსნელი) პროცესების მოწმე ვართ. დასავლეთის მიერ უზარმაზარ (პრაქტიკულად, მსოფლიო) ომში ჩათრეული და უპრეცედენტო მასშტაბის დასავლური სანქციებით დამძიმებული რუსეთი აუჩქარებლად, მიზანმიმართულად და სისტემურად წვავს, ფქვავს და ანადგურებს ნატოს სამხედრო ტექნიკას, ტანკებს, თვითმფრინავებს, საზენიტო–საარტილერიო კომპლექსებს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას ახერხებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისე, რომ ომი არავისთვის გამოუცხადებია, მეტიც: თვითონ რუსეთში საომარი ვითარება არ არის და არც იგრძნობა, რომ ქვეყანას გლობალური ბირთვული სახელმწიფოები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად ეომებიან. ამ ომის პარალელურად რუსეთი ყალიბდება მეოთხე ეკონომიკად მსოფლიოში და პირველ ეკონომიკად ევროპაში; ამ ომის პარალელურად რუსეთი ყალიბდება პირველ სამხედრო „დერჟავად“ მსოფლიოში, როგორც ბირთვული პოტენციალის, ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების თვალსაზრისით. ეს მართლაც სასწაულია!
ტრამპის თავგამოდება უკრაინაში ომის დასამთავრებლად მთლად ჰუმანური მოტივებით არ არის განპირობებული. ეს, უწინარეს ყოვლისა, მარცხის აღიარება და მათი მხრიდან ომის გაგრძელების შეუძლებლობის გაცნობიერებით არის მოტივირებული. ეს დასავლეთისა და აშშ-ის (კაპიტალიზმის) კრიზისის ახალი, თანამედროვე საფუძველია. ეკონომიკურ, იდეოლოგიურ და ზნეობრივ კრიზისებს სამხედრო კრიზისიც როდესაც ემატება, იგი სისტემურ კრიზისში გადადის და წარმოშობს კრიზისულ საზოგადოებრივ ცნობიერებას. ეს დათრგუნული და ჩიხში მოქცეული ცნობიერება ღობე-ყორეს აწყდება, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობს. მას სულ ცოტა ხნის წინათ თუ ეჩვენებოდა, რომ გადარჩენა ტრამპის გამარჯვებაში იყო, ახლა, მისი გაპრეზიდენტებიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, გამოსავალს მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებსა და მის დამარცხებაში ხედავს. თავის მხრივ, ტრამპი რუსეთთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, ევროკავშირს უპირისპირდება, კანადის მიერთების შესახებ გაუგებარ განცხადებას აკეთებს, პანამის არხის დაბრუნებისა და გრენლანდიის მიტაცების შესახებ ბოდვით არ კმაყოფილდება და დიფ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს, ამასთანავე, მსოფლიოს სატარიფო–სავაჭრო ომს უცხადებს, რომელიც მთელ პლანეტაზე ფასების ელვისებურ ზრდას გამოიწვევს. ეს არის იმ „რადიკალური ტრაგიზმის” ახალი თანამედროვე გამოვლენა, სტატიის დასაწყისში რომ ვახსენეთ, ოღონდ უკიდურესად გამძაფრებული და კვადრატში თუ კუბში აყვანილი.
საქმე პერსონალიებში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი, ტრამპი, სი ძინპინი (სხვა ლიდერი დღევანდელ მსოფლიოში არ იძებნება) უდიდეს როლს ასრულებენ; პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, ისტორიულ კანონზომიერებათა გამოვლენაა. ისტორია ისევე წალეკავს კაპიტალიზმს, როგორც მონათმფლობელობა და ფეოდალიზმი წალეკა. ძალადობა შობს ძალადობას და ეს ახალი ძალადობა ამარცხებს ძველ ძალადობას, მაგრამ ოდესღაც დგება მომენტი, როდესაც ძალადობა, როგორც სახელმწიფოებრივი ფორმა და მართვის მექანიზმი, საკუთარ თავს უპირისპირდება და ამარცხებს კიდეც. მე არ შემიძლია ვთქვა, როდის დასრულდება ეს პროცესი, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. დაღლილი ადამიანისა და დაღლილი კაცობრიობის ჭიდილია ეს საკუთარ თავთან. შეუძლებელია, წარმოუდგენელია, რომ სოციალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად არ დუღდეს ის პლანეტა, რომელზეც სიცოცხლეა და ამდენი დაკანონებული უსამართლობაა, მოსახლეობის ერთი პროცენტი კი ფლობს და განკარგავს გაცილებით მეტ სიმდიდრეს, ქონებას, მატერიალურ დოვლათს, ვიდრე დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი. უთანასწორობის, უზნეობისა და უსამართლობის დუღილია ის პროცესი, რომელიც დღეს დედამიწაზე მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ ეს დუღილი უფრო მაღალ ტემპერატურასა და დუღილში გადაიზარდოს. სამწუხაროდ, ამისგან გარანტირებულად დამცავი მექანიზმი დღეს კაცობრიობას არ გააჩნია. ერთადერთ მექანიზმად ბირთვული პარიტეტი იყო მიჩნეული, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა მიმართულებით წაიყვანს პროცესებს ის „რადიკალური ტრაგიზმი”, რომელშიც ყველა ერთად აღმოვჩნდით – ერთი პროცენტიც და ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტიც.
ვალერი კვარაცხელია