Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური მინიატურები

პოლიტიკური მინიატურები

55

საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კარნახით მკითხველს განსასჯელად პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ.

ხშირად მითქვამს და ისევ ვიმეორებ: არანაირი დამოუკიდებელი და მით უმეტეს სუვერენული სახელმწიფო საქართველო არ არის. ის აშშ-დასავლეთის ნეოკოლონიაა, უკეთეს შემთხვევაში აშშ-ის 52-ე შტატი, რომელსაც ამჯერად ქალბატონი კელი დეგნანი გუბერნატორობს. დასავლეთმა საქართველოს წაართვა უფლება, აწარმოოს დიალოგი რუსეთთან შუამავლების გარეშე; წაართვა უფლება, ჰქონდეს პირდაპირი დიალოგი აფხაზებსა და ოსებთან; არ აქვს უფლება, აღადგინოს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან; წართმეული აქვს უფლება, ამოიღოს ხმა სააკაშვილის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს განხორციელებულ ავანტიურაზე; საქართველოს აუკრძალა, იმოქმედოს ადრინდელი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად სოხუმის გავლით რუსეთისკენ, რაც ქვეყანას მრავალმხრივ სარგებლობას მოუტანდა და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? სანაცვლოდ მისჯილი გვაქვს, ცხვირ-პირი ლარსის უღელტეხილის გავლით ვიმტვრიოთ.

* * *

ხელისუფალნო, როდემდე გინდათ, უნაყოფოდ ხარჯოთ საბიუჯეტო თანხები არაფრისმკეთებელი ე.წ. შერიგების სამინისტროს შესანახად?! ეგ სამინისტრო ისე უმოქმედო და უჩინარია, ბევრმა მისი არსებობაც კი არ იცის, რადგან აფხაზებისა და ოსების შემოსარიგებლად არაფერი გაუკეთებია.

ხელისუფალნო, მე, პოლიტოლოგი, გირჩევთ: აღნიშნულ სამინისტროს ტურისტული სააგენტოს ფილიალის ფუნქცია შეუთავსეთ და ტურისტების დასათვალიერებელ ობიექტად აქციეთ რუსების მიერ მავთულხლართებით გავლებული ე.წ. სასაზღვრო ზოლი; სამინისტრო მოამარაგეთ ტურისტებისათვის საჭირო ჭოგრიტებით. სასაზღვრო ზოლის ჭვრეტის შესაძლებლობით ტურისტები ძალიან დაინტერესდებიან. თანაც, ზოგჯერ გაიცინებენ კიდეც, როცა მინდვრად მომშარდავ რუს და ოს მოსაზღვრეებს იხილავენ.

ხელისუფალნო, თუ ჩემს რჩევას ყურად იღებთ, ე.წ. შერიგების სამინისტრო არა მხოლო თავის შესანახ ფულად სახსრებს გამოიმუშავებს, არამედ ბიუჯეტსაც კი ასარგებლებს. აბა, რა ხეირი მოაქვს აშშ-დასავლეთიდან ჩამოსული მაღალჩინოსნების მიერ მავთულხლართების ჭოგრიტებით მუქთად და უსარგებლოდ ჭვრეტას? _ არანაირი!

* * *

“ქართული ოცნების” თავკაცებს: ბატონებო, ახლა მაინც შეახსენეთ სააკაშვილს, მის ნაცებს, რა დიდი დანაშაული ჩაიდინეს, როცა პირველები შეიჭრნენ ცხინვალში 2008 წლის 8 აგვისტოს, ააწიოკეს მშვიდობიანი მოსახლეობა, შეიწირეს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე, ჩახოცეს გაეროსა და ეუთოს ორგანიზაციების მიერ ცხინვალში მშვიდობისმყოფელებად ჩაყენებული რუსი ჯარისკაცები, აატირეს მათი დედები; ბუნებრივია, რუსეთმა ეს არ გვაპატია და გაგვიკეთა ის, რასაც დღეს ყველა ვხედავთ. რატომ დუმხართ ყოველივე ამაზე, ბატონოოცნებისტებო”? უთხარით სიმართლე სააკაშვილსა და მის გათავხედებულ ნაცებს, რომ ეს მათ აიძულეს რუსეთი, აგრესორი და ოკუპანტი გამხდარიყო, ჩვენთვის ტერიტორიის 20% წაერთმია. თქვით, ბატონებო, რატომ დუმხართ და არაფერს ამბობთ სააკაშვილის ამ ყველაზე დიდ დანაშაულზე?! კარგად ვიცი, სააკაშვილის ცხინვალის ავანტიურაზე ხმის ამოღება ძია სემმა აგიკრძალათ, რადგან ამ დიდ უბედურებაში მისი ხელიც ურევია.

* * *

საოცარია, რის საფუძველზე ითხოვს ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, რომ დანაშაულთა გამო 6 წლით ციხეში ჩასმული მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებამ ახლავე გაათავისუფლოს?! ქვეყნის პრეზიდენტმა ხომ ყველას გასაგონად განაცხადა: “სააკაშვილს არასოდეს შევიწყალებ”.

ქალბატონო თაკო, უნდა იცოდეთ: ისედაც მსუბუქ სასჯელმისჯილ სააკაშვილს, რომელიც 25-წლიან პატიმრობას იმსახურებს, თუ ხელისუფლება დღეს ციხიდან გამოუშვებს, მაშინ, ლოგიკის ძალით, უკლებლივ ყველა პატიმარი უნდა გაათავისუფლოს და ყველა ციხე დაახუროს, სხვანაირი ქმედება გამორიცხულია; რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასეთ უგუნურებას არ დაუშვებს და თქვენ, ქალბატონო თაკო, გირჩევთ: შეწყვიტოთ ყოვლად უვიცი, ანტილოგიკური ბაკქანალია; დაასვენეთ ისედაც გზააბნეული ჩვენი ქვეყანა.

* * *

მოვუწოდებ ყველას, ყველას: აიცერით და შეებრძოლეთ წყეულ ვირუსს; პირადად მე, 92 წლის ბერიკაცმა, უკვე 2-ჯერ ავიცერი და, თუ საჭირო იქნება, მესამედაც ავიცრი. იცოდეთ, აცრის კამპანიაც სახელმწიფოებრივი პოლიტიკაა ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენისთვის. ციხეში მყოფ სააკაშვილსაც ვურჩევ, ორჯერ აიცრას, რადგან ბევრი მნახველი ჰყავს და ფრთხილად უნდა იყოს!

კეთილი სურვილებით,

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here