პოლიტიკური მეტასტაზები ანუ გორბაჩოვის სინდრომი

    წინამდებარე სტატიის სათაურად სამედიცინო ტერმინი მხოლოდ იმიტომ გამოვიყენე, რომ არაფერი ისე ზუსტად არ მიანიშნებს ამერიკული პოლიტიკის აგრესიულობაზე, როგორც ეს ვერაგი სიტყვა, რომელიც შიშის ზარს სცემს მსოფლიოს. ვიკიპედია ამ სიტყვის ამგვარ განმარტებას გვაძლევს: „მეტასტაზი (ბერძნ. μετάστασις; გადანაცვლება, გადასვლა) მეორეული პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ორგანოში ან ქსოვილში პირველადი კერიდან მაავადებელი ფაქტორის (სიმსივნური უჯრედი, ინფექციური აგენტი და სხვ.) გადანაცვლების შედეგად”.

    მეტასტაზი ორგანიზმში შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი მიმართულებით, როგორც ძვალში, ასევე რბილში. სიმსივნური კერა მეტასტაზების გავრცელებით მთელი ორგანიზმის ოკუპირებას ახდენს და  ღუპავს მას.

    პოლიტიკური ანალოგია: აშშ სამიზნე სახელმწიფოში ჩანერგავს საკუთარ აგენტურას (სიმსივნის კერას), რომელსაც უზარმაზარი დაფინანსებით სულ უფრო მზარდ არეალს უქმნის. მისი მეტასტაზები ჩქარა მოედებ საზოგადოებრივი ცხოვრების საკვანძო წერტილებს. ისინი ერთდროულად იწყებ გავრცელებას საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სახელისუფლებო და ოპოზიციურ წრეებში, პოლიტიკურ პარტიებში, საინფორმაციო საშუალებებში, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებში, მწერლობაში, სახელოვნებო დაწესებულებებში, მეცნიერებისა და განათლების კერებში, რელიგიურ ცენტრებში. არ რჩება უბანი, რომელშიც აშშ-ის აგენტურა ვერ აღწევს. იგი ყველგან შედის, ყველა სფეროში იკიდებს ფეხს და ყველგან შეაქვს სიკვდილის მთესველი აგრესიული უჯრედი, რომელიც აავადებს მთელ ორგანიზმს.

    საქართველოში დასავლური სიმსივნის პირველი კერა საბჭოთა დისიდენტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით ოპერირებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტური მიმართულებების ამერიკულ წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ეს შემთხვევით არ ხდებოდა, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დიდი ხნის დაუღლელი მუშაობის შედეგად მოკავშირე რესპუბლიკებში მეტ-ნაკლებად შეძლეს სოციალიზმის მთავარი მონაპოვრის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის, უკანა პლანზე გადაწევა და ვითომ დაკარგული ეროვნული დამოუკიდებლობის განცდის გაჩენა საზოგადოებრივ ცნობიერებაში. თავისუფლების იდეის წინა პლანზე წამოწევამ საზოგადოებრივი აზრი უარყოფითად განაწყო იმ სახელმწიფოსა და სისტემის მიმართ, რომელიც მათ სოციალური დაცულობის არნახულ პაკეტს სთავაზობდა და, ექსპლოატაციისგან თავისუფალი შრომის პარალელურად, ცხოვრებისა და დასვენების უნიკალურ პირობებს უქმნიდა, სადაც ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად უფასო იყო, განათლების სისტემა კი სტუდენტებს არამხოლოდ უფასოდ ასწავლიდა, არამედ საცხოვრებელი ფართობითაც უზრუნველყოფდა დ პარალელურად სტიპენდიებსაც უხდიდა. სხვა ყველაფერი, დაწყებული კომუნალური თუ საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფით და დამთავრებული სატრანსპორტო თუ საკურორტო მომსახურებით, სიმბოლურ ფასებში მიეწოდებოდა. ამერიკული სპეციალური პროგრამებით საზოგადოებრივი ცნობიერების მეტასტაზური დაზიანება ისე  სერიოზული აღმოჩნდა, რომ საბჭოთა რესპუბლიკებში ხალხის დიდმა ნაწილმა სოციალიზმის მონაპოვარზე უარი თქვა და არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთა. ეს როგორც სახელმწიფოს, ასევე სოციალისტური სისტემის ნგრევას ანუ სოციალისტურ მონაპოვარზე უარის თქმას ნიშნავდა. რაც მთავარია, ის დამოუკიდებლობაც, რომელსაც დასავლეთი საბჭოთა რესპუბლიკებს ჰპირდებოდა, მოჩვენებითი აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისინი ამერიკულ კოლონიებად ჩამოყალიბდნენ და თავისუფლების ის ხარისხიც, საბჭოთა პერიოდში რომ ჰქონდათ, ელვის სისწრაფით დაკარგეს.

    ამერიკელებმა ე.წ. ცივ ომში გაიმარჯვეს, რაც გეოპოლიტიკური დაპირისპირების პირველი ეტაპის დასრულებას ნიშნავდა; მეორე ეტაპი კი, რომლის მიზანსაც მოკავშირე თხუთმეტი რესპუბლიკის ნგრევა და მათი ამერიკულ კოლონიად გადაქცევა წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს, არანაკლებ რთული აღმოჩნდა, რადგან იმ რესპუბლიკებში უზარმაზარი რუსეთიც შედიოდა მისი ეკონომიკური და სამხედრო (ბირთვული) პოტენციალით. რუსეთში ამერიკელებს ძალიან გაუჭირდათ, რადგან საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა დასავლურმა აგენტურამ ბორის ელცინის ხელმძღვანელობით ათიოდე წელიწადს გაძლო. რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის არჩევამ კი ახალი ხედვები და იდეალები მოიტანა, რაც 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე მეხის გავარდნასავით გაისმა:  „ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა, რადგან იგი რყვნის არა მხოლოდ ვასალის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, არამედ სუზერენსაც და არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან”. ეს იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისმა ამ ნათქვამმაც რამდენიმე წუთში მსოფლიო შემოიარა  და კაცობრიობას ამცნო ახალი ეპოქის დადგომა, რომელშიც ამერიკულ ჰეგემონიას მრავალპოლუსიანი მსოფლიოს თვისებრივად განსხვავებული მოდელი ჩაანაცვლებდა.

    მას შემდეგ  ბევრმა წყალმა ჩაიარა. აშშ-მა რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში მრავალი ხაფანგი დაუგო, მათგან  ერთ-ერთი იყო  2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომი , რომელსაც საქართველოში რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა. ეს ავანტიურა რუსეთის გრძელვადიან ომში ჩათრევაზე იყო გათვლილი, რომელსაც მისი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა, ეკონომიკის დასუსტება და, საბოლოო ჯამში, დამარცხება უნდა მოჰყოლოდა. აშშ-ის ეს მეტასტაზური ჩანაფიქრი იმხანად ბოლომდე ვერ მივიდა, ვინაიდან საქართველოს მასშტაბი ვერ ეყო ამას. რუსეთმა სააკაშვილის არმია ერთ დღეში გაანეიტრალა და შიშისგან მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდალი რეგიონიდან გააძევა.

    ანალოგიური ვითარება უკრაინაში დიდხანს იზილებოდა. ორჯერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელიც, ამერიკელებს, მათივე აღიარებით, ხუთი მილიარდი დოლარი დაუჯდათ,   მიიღეს სიტუაცია, როდესაც რუსეთს სამხედრო ჩარევის გარდა გზა არ რჩებოდა, ვინაიდან რუსოფობიამ და რუსი ეროვნების წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართულმა დაპირისპირებამ გენოციდის სახე და მასშტაბები მიიღო. ეს უკრაინაში ამერიკელების მიერ ხელოვნურად გაჩენილი სიმსივნიდან წასული მეტასტაზები იყო, რომლეიც სახელმწიფოს მთლიან სხეულზე გავრცელდა და კატასტროფული შედეგი გამოიღო. უკრაინას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოლექტიურმა დასავლეთმა კოლოსალური თანხები (ტრამპის შეფასებით, სამასი მილიარდი დოლარი) და უზარმაზარი შეიარაღება მიაყარა, ეყო  ძალა ხანგრძლივი საომარი მოქმედებების წარმოებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის შედეგად უკრაინა დაინგრა, მან აუნაზღაურებელი ტერიტორიული, ინფრასტრუქტურული და, რაც მთავარია, ადამიანური დანაკარგი განიცადა. სანაცვლოდ რა მიიღო? „სჯობს,  უკრაინამ დაივიწყოს ნატო!” – ეს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებია. გამოდის, რომ უკრაინელების იმ ნაწილმა, რომელიც ამერიკელების მიერ თავსმოხვეულ ტრაგიკულ აბსურდში მონაწილეობდა, უაზროდ დაიღუპა თავი. ამერიკულმა სიმსივნემ, რომლის მეტასტაზები მთელ უკრაინას მოედო, ეს შედეგი გამოიღო, თუმცა   შესაძლებელია, შედეგი  გაცილებით უარესი დადგეს, ვიდრე დღეს არის, რადგან პროცესი ჯერ არ დამთავრებულა.

    საქართველოც ამ პროცესში უნდა ყოფილიყო ჩართული, მაგრამ მმართველი პარტია მტკიცედ აღუდგა მეორე ფრონტის გახსნის უბინძურეს მოთხოვნას, რის გამოც დასავლეთი დღეს მას სახელმწიფო გადატრიალებით დასჯას უპირებს. ჯერჯერობით ეს თითქოს არარეალური ჩანს, ვინაიდან ქუჩაში გამოსული მათი „მეხუთე კოლონა”  თავისი  პერსონალური შემადგენლობით იმდენად უბადრუკად გამოიყურება, რომ სერიოზულ საზოგადოებრივი მხარდაჭერაზე ლაპარაკი თითქოს გამორიცხულია, მაგრამ ამერიკული სიმსივნის მეტასტაზები, როგორც უკვე ვთქვი, ისე  შორს არის წასული, ყველა ორგანო და ყველა უბანი ისე  აქვს დაკავებული, რომ  დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. ჩვენ ყოვლად არასახარბიელო პერსპექტივის წინაშე ვდგავართ: ამერიკული უწესრიგობა ან ამერიკული წესრიგი. უბედურება კი არის  ის, რომ ამერიკელები უწესრიგობასაც მეტასტაზებით ქმნიან და წესრიგსაც მეტასტაზებით ამყარებენ, ამიტომ აქ უკეთესი არჩევანი არ არსებობს, ორივე ერთმანეთზე უარესია.

    ვერ ვიტყვი, რომ ტრამპის ბრძოლა ,,დიფ სთეითთან’’ ყალბი და მოჩვენებითია, მაგრამ უბედურებაა, რომ ,,დიფ სთეითი’’ არ არის ამერიკული იმპერიალიზმის ერთი შემადგენელი ნაწილი, რომლისგან განთავისუფლება მისი ინსტრუმენტების (იუსაიდი, ნედი და სხვ.) დამარცხებით იქნება შესაძლებელი. ,,დიფ სთეითს’’  ვერავინ მოსპობს ისე, რომ მთელი ამერიკული იმპერიალიზმი არ გაანადგუროს. ,,დიფ სთეითთან’’  ბრძოლა ამერიკულ იმპერიალიზმთან ბრძოლას ნიშნავს. ჩემი აზრით, ტრამპის საბედისწერო შეცდომა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას ეს წინააღმდეგობა, რომელსაც გორბაჩოვის სინდრომს დავარქმევდი, არ აქვს გაცნობიერებული. საბჭოთა კავშირის ფუნდამენტურად შეკეთების მცდელობამ ის სახელმწიფო დაანგრია. დღეს ტრამპმა აშშ-ის ფუნდამენტური შეკეთება დაიწყო და ეს ქვეყანაც ისე აჭრიალდა, როგორც საბჭოთა კავშირი ჭრიალებდა 1985-1891 წლებში.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here