Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური ერთიანობის დარღვევა გაცილებით საშიში რამ არის, ვიდრე ეკონომიკურ განხეთქილებაზე აღმოცენებული გათითოკაცება

პოლიტიკური ერთიანობის დარღვევა გაცილებით საშიში რამ არის, ვიდრე ეკონომიკურ განხეთქილებაზე აღმოცენებული გათითოკაცება

98

აი ეს არის ის მწარე სიმართლე, რომელიც მხოლოდ ჩვენი რეალური ცხოვრების ნათელი სურათი როდია, თურმე ჩვენს სახელოვან წინაპრებსაც ბევრი ბრძოლა გადაუტანიათ მასთან ჭიდილში და იმის იმედი, რომ დრო ყველაფერს თავისით დაალაგებდა, მათ არ ჰქონიათ.

ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებას ერის საუკეთესო შვილები ეწირებოდნენ, რომელთათვისაც სამშობლო  იყო უპირველესი.

ვინ არიან ეს ადამიანები?

ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე, წიწამურში რომ მოკლეს ვერაგულად; ქართველთა განათლებისთვის დამაშვრალი იაკობ გოგებაშვილი, რომელიც სტუდენტებს სწავლის საფასურს უხდიდა, თვითონ კი კუბოში დახეული ფეხსაცმლით ჩააწვინეს; ნიკო ნიკოლაძე _ ნოვატორი და აღმშენებელი, რომელსაც მოშურნეებმა ცილი დასწამეს და საციხოდ გაუხადეს საქმედა ასეთები თითზე ჩამოსათვლელი როდია.

ჩვენმა თანამედროვე ვაიპოლიტიკოსებმა კი ისტორიიდან მხოლოდ მზაკვრობები გაითავისეს, გათითოკაცებით მათიტვინი ამოშრა, შევიწროვდადა ასე დააქციეს  “მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი, დიდი მამული”.

ეს აზრია გატარებული ილიას იმ პუბლიკაციებში, რომლებშიც ერის მამა  ქვეყნის განვითარების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობს. განთვითვეულდით და თვითვეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასთვის ადვილად საზიდია, _ წერდა დიდი ილია. _ თვითვეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის (მამულის _ დ.ა.) დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთადავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი, დიდიმამულიდავშალეთ, პატარები გავიკეთეთ”.

ამ ჭეშმარიტებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია. ხალხი არა მხოლოდ დაიღალა პოლიტიკოსთა გაუთავებელი  დავა-კამათით (რაც ძალიან რბილად ნათქვამია), არამედ უკვე ერთნაირად უნდობლად უყურებს ამ ქვეყნის ხელისუფალთაც და მათ ოპოზიციაში მყოფთაც, რომელთა მთავარი “გასართობი” ახლა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია, რომლის მიმდინარეობაც ბევრ სიურპრიზს უმზადებს საზოგადოებას.

სოციალურ ქსელებში გაჩნდა  უკვე პირველი კომენტარები, აი ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თითქმის ყველას სათქმელს ამბობს:ეს რა სასამართლოა?! ტრიბუნაზეა და განცხადებებს აკეთებს. საქმის განხილვაა თუ შოუს ნაწილი. აღარ გვსურს ქართველ ხალხს ამის ყურება, არც ერთი მხარის, რომელიც მხოლოდ საკუთარი კლანის გაძლიერებაზე ფიქრობს!”

დიახ, აღარ სურს ქართველ ხალხს მსგავსი შოუების ყურება, რადგან ჩვენებური დღევანდელი დღე სულ სხვასა თხოულობს, სულ სხვასა ღაღადებს”.

რა არის ის “სხვა რამე”? როგორც ილია ამბობდა თავის დროზე, დღესაც ის “სხვა რამე” არის ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან”, ანუ ჩვენ გვჭირდება ეროვნული ცხოვრების აღორძინება.

მაგრამ რა საშუალებით შეიძლება ამ ეროვნულ ცხოვრების აღორძინება? ილიას აზრით, საზოგადო წარმატებისთვის აუცილებელი პირობა ჯერ ეროვნული პიროვნების აღდგენაა.

დღეს კი, ისევე როგორც XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ქართველობა მეტად დაძაბუნდა, დაწვრილმანდა, “განთვითვეულდა” და თითქმის დაკარგა მამულიშვილობის აზრი და გრძნობა. “სად არის ქართველი და ქართველობა? _  წერდა ილია ჭავჭავაძე, _ აჩქარებული კაცი…. ადვილად გვიპასუხებს და გვეტყვის; ბრმანი ყოფილხართო. ეს ჩვენი დედა-ქალაქი და ეს შავის ზღვიდან კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდათ მორიგებული მისი შვილი-სოფლები, ქართველები არ არიან? ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც მისი შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ დიდი ხანია გაშრა და დედის ძუძუს შვილი აღარა სწოვს”. აი ეს სიტუაცია კი იმ დრომდე იქნებაო, “სანამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა. სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი არა აქვს ეხლანდელ შვილს. ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს. ყოველივე საქმე, ყოველი საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების მიმავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩინოთ, ქვეშ დავუყენოთ…”

“იმ დრომდე, სანამ ჩვენი ვინაობა შესაფერს და კუთვნილ ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში”, სანამ სხვის პატივისცემას არ მოვიპოვებთ, სანამ ტოლად და სწორად არ გვცნობენ ისინი, ვის ხელშიც დღეს სათამაშო ვართ, ბრმა იარაღი. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა შინაური საქმეების მოწესრიგება, საჭიროა მოქალაქობრივი გამბედაობა გარეშე “მეგობრების” მოსაგერიებლად. ასე მიაჩნდა ილიას და მისი ეროვნული პროგრამა არამც თუ არ ეწინააღმდეგება ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას, პირიქით _ ზუსტად მიესადაგება მას.

ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილკრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთწყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა?

_ ეხლა რომ მშვიდობიანობა არის?

_ რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭიაჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის”.

ასე ამ მარტივი სიტყვებით ხსნის მოხევე ჩვენს პოლიტიკურ ფილოსოფიას. მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი, _  დასძენს ბოლოს “მგზავრის წერილების” ავტორი, _ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” _ სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდამ გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწაწყალო, მომეც ამის პასუხი!”

ალბათ, ამ პასუხს ახალი თაობა გასცემს ქვეყანასა და ხალხს, ქართულ ვინაობას აღადგენს და ეროვნებას წარმატებისთვის გამოსადეგ იარაღად გადააქცევს და ამისათვის აუცილებლად დასჭირდება წინაპართაგან გამოყოლილი მხნეობა და გაბედულება ცოდნასა და განათლებასთან ერთად.

დასასრულ,  ისევ ილიას დავესესხოთ:

“…ცივილიზაცია, ანუ წარმატებულობა ადამიანისა მიზეზი კი არ არის, არამედ შედეგია ყოველ იმ ძალღონისა ერთად, რომელნიც ერთად კრებულად მოქმედობენ კაცობრიობაში საზოგადოდ და თვითოეულ ერში ცალკე. ამგვარს ძალღონებს სოციალურ ძალღონეს ეძახიან. ცოდნა, გონებრივი და ზნეობრივი აღმატებულობა, მრეწველობის სიმდიდრის მეტ ნაკლებობა, რწმუნება იმ საგნების მიმართ, რომელიც ადამიანისათვის უდიდესად მისაჩნევია, მმართველობა, წესწყობილება ოჯახური, საზოგადოებური, სამოქალაქო, კანონები, ჩვეულებანი, ზნეხასიათი და სხვა ამისთანა სულ ერთად ჰქმნის იმას, რასაც რომელისამე დროის მდგომარეობას ერისას თუ კაცობრიობისას ეძახიან, ანუ ცივილიზაციას თავისის მეტნაკლებობით”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here