სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ მიხედვით, მეფეთაგან მეფესთან მიწერილ წერილს პატრუცაგი ეწოდება („მეფე მობრძანდა სასახლეს, ჯერ არ ეკრა, ვგონებ, ბინდსა, პატრუცაგი დაამზადა, ელჩებს ჰგზავნის ექვსს თუ შვიდსა”. – რაფიელ ერისთავის „ასპინძის ომი”). ჩვენ ვიხილეთ საქართველოს უმაღლესი პირის მიერ აშშ–ის უმაღლესი პირებისთვის მიწერილი წერილი (პატრუცაგი), რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა.
საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტისთვის გაგზავნილ ამ წერილში, იმედის გადაწურვისა და სასოწარკვეთის ინტონაციების პარალელურად, ბარათაშვილისეული საბრძოლო შემართების ყიჟინაც ისმის და „მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო” განწყობაც იკითხება. წერილი იმგვარი გულწრფელობითაა გაჟღენთილი, რომ მიმართვის სუბიექტებზე მეტად გარესამყაროსთვისაა განკუთვნილი და თითქოს გაჰყვირის: შეხედეთ, აშშ რა უსამართლოდ ექცევა საქართველოს!
იგი პირდაპირ, საყვედურის სიტყვებით იწყება: „რამდენიმე კვირის წინათ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები,რომლებშიც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზადყოფნას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის”.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ამგვარი უყურადღებობა მოუცლელობით ვერ აიხსნება. პრეზიდენტი ყველა წერილს უშუალოდ რომ ვერ გაეცნობა და, მით უფრო, ვერ უპასუხებს, ფაქტია, მაგრამ ადმინისტრაციაში არსებობს სტრუქტურული დანაყოფები და არიან პერსონები, რომლებიც პასუხს აგებენ კონკრეტულ რეგიონებსა და ცალკეულ ქვეყნებზე. სახელმწიფოთა პირველი პირების მიმართ შეურაცხმყოფელი უყურადღებობა (გარდა მიზანმიმართული გამონაკლისებისა) არ დაიშვება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ის, როგორც ჩანს, მიზანმიმართული გამონაკლისი მოხდა. „აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის”, – წერს ირაკლი კობახიძე. შემდეგ კი დეტალურად ხსნის, აშკარად აბუჩად ამგდები ეს დამოკიდებულება რატომ არის გაუგებარი ქართველი ხალხისთვის: „პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ–ის ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ–ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ–ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ–ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ–ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება”.
ჩნდება შეკითხვები: რას ნიშნავს რეალური დახმარება? თუკი არსებობს რეალური დახმარება, მაშასადამე, არარეალურიც არსებობს? პრემიერმინისტრი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ყველაფერს მის ნამდვილ სახელს არქმევს: „რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომლებიც აშშ–ის ბიუჯეტიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დიფ სთეითის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომლებიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდისა და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა”.
მძიმე ნათქვამია!
ჯერ ერთი, აქ გვაქვს აშკარა აღიარება იმისა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. კი მაგრამ, აქამდე სააკაშვილსა და მის გუნდს ანათემას თუ გადასცემდნენ ომის დაწყების აღიარების გამო, ახლა კობახიძეც ხომ ანალოგიურად მოიქცა? თუ ეს ის სიმართლეა, რომელიც, ზოგადად, არ უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ხანდახან (როდესაც ძალიან დაგვჭირდება), შესაძლებელია, რომ გამოვიყენოთ? არასწორი მიდგომებია, მაგრამ დავანებოთ ამას თავი.
კობახიძის ამ ნათქვამიდან გამოდის, რომ აშშ–დან საქართველოში არამხოლოდ დასახმარებლად, არამედ დასაზიანებლად განკუთვნილი თანხებიც შემოედინებოდა, რომლის ოდენობა დასახმარებლად გამიზნულ თანხებს აღემატებოდა; ე.ი. აშშ-ის მიერ ჩვენთვის მოყენებულ ხეირს ჩვენთვის მოყენებული ზიანი სჭარბობდა. კობახიძე იმასაც ამბობს, რომ აშშ-ის მიერ ჩვენთვის გაწეულ რეალურ დახმარებას საქართველოს მიერ აშშ-ისთვის გაწეული დახმარება „მრავალჯერ აღემატება”. აშშ–ის ელჩების მუდმივი დაყვედრება, რომ კოლოსალური თანხებით გვეხმარებიან, თურმე ტყუილი და თვალთმაქცობა ყოფილა. ირკვევა, რომ იქით უფრო ვეხმარებოდით (გვიყენებდნენ), ვიდრე აქეთ გვეხმარებოდა. ეს რომ მართლა ასე იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ პრემიერმინისტრის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის ასე პირში მიხლილი სიმართლე პირველად გავიგეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის განმავლობაში.
ბატონი კობახიძე კი არ ჩერდება: „თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალში საცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, სანამ თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასა და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ–ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც, ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხისა და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ”.
ბატონი პრემიერმინისტრი რამეს არასწორად ამბობს? არა, ამ ნათქვამში ყველაფერი სწორია და თავის ადგილზეა. გავიხსენოთ, ჯერ კიდევ როდის ალაპარაკდნენ „ქართული ოცნების” ლიდერები გლობალური ომის პარტიასა და იმ ბოროტ ძალებზე, რომლებსაც შემდგომ ტრამპმა ბრძოლა გამოუცხადა. ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა მართლაც აშკარაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რაშია საქმე? რატომ არ ეკონტაქტება ტრამპი საქართველოს ხელისუფლებას და რატომ იქცევა ისე, თითქოს ესენი საერთოდ არ არსებობენ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ოდნავ გადავდოთ და კვლავ კობახიძის წერილს მივუბრუნდეთ: „მეტიც, კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე–პრემიერისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინათ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად განმსჭვალული ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობრის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვით ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა”.
ეს აშკარა ბრალის წაყენებაა. ბრალის წაყენება იმ დანაშაულის გამო, რომელსაც დიდი უსამართლობა ჰქვია. ბატონი კობახიძე არც აქ ჩერდება. მას ეჭვი შეაქვს ტრამპის მიერ „დიფ სთეითისთვის” გამოცხადებული ბრძოლის გულწრფელობაშიც. დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა: „ბოლოდროინდელი მოვლენები ქართველ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები დიფ სთეითის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი”. ჩავწეროთ საძიებო სისტემაში სიტყვა რებრენდინგი და ვნახოთ, რა მნიშვნელობა აქვს მას: „რებრენდინგი – ეს არის უკვე არსებული ბრენდის შეცვლა, მისი ეფექტიანობის გასაზრდელად ახალი და კარგი იმიჯის შექმნა”.
ტრამპის ბრძოლა „დიფ სთეითის” წინააღმდეგ პრემიერმინისტრ კობახიძის მიერ გამოცხადებულია ამ მოვლენისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და მისი ეფექტიანობის ამაღლების მცდელობად არის შეფასებული. მე, პირადად, მართალი გითხრათ, ამ შეფასებაში ბატონ კობახიძეს ვეთანხმები, რადგან აშშ-ის პოლიტიკაში რამე წესიერის პოვნა ფუჭ საქმიანობად მიმაჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ეს არ არის, აქ გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად შორს წავიდა ჩვენი პრემიერმინისტრი. არ მგონია, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ (თუ წაიკითხავს) ტრამპი პასუხის გასაცემად საწერ მაგიდას მიუჯდეს და კობახიძეს ახსნა-განმარტების პატრუცაგი აახლოს, – ეგ რა აზრი მოგსვლია, ჩემო ირაკლი, მე „დიფ სთეითის” ისევე გულწრფელად ვებრძვი, როგორი გულწრფელობითაც „ქართული ოცნება” „ნაციონალურ მოძრაობას” ებრძოდა მთელი ცამეტი წელიწადის განმავლობაშიო. ჰო, რატომღაც არ მგონია, ტრამპმა ამის დასაწერად მოიცალოს, მაგრამ რატომ უნდა გავასწროთ მოვლენებს, დაველოდოთ და ვნახავთ ყოველივეს.
კობახიძის ბრალდებები ტრამპის მიმართ არც ამით ამოწურულა: „ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ”.
აჰა, ესეც უსერიოზულესი ბრალდება. როგორც „დიფ სთეითთან” ბრძოლაში არ ხარ გულწრფელი, ისევე ბაიდენის პოლიტიკასთან ბრძოლაშიც გვატყუებო, – ეუბნება კობახიძე ტრამპს. ის არ უთქვამს, რომ ბაიდენის პოლიტიკის რებრენდინგს ეწევიო, მაგრამ მის პოლიტიკას არ ებრძვი და მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს არ ასწორებო, – უთხრა. მეტი რა ქნას?!
ბოლოს ერთხელ კიდევ უთხრა, „დიფ სთეითი” არსად წასულა, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის მაინც: „შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ დიფ სთეითს რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდვია”. ე.ი., რა არის ნათქვამი? ნათქვამია, რომ, ბრძოლის გამოცხადების მიუხედავად, თქვენ „დიფ სთეითისა” და ბაიდენის გზას მიჰყვებითო. ტრამპის მოღვაწეობის უფრო მძიმე შეფასება შეუძლებელია. კობახიძის სულისკვეთების დამაგვირგვინებელი აკორდი კი ასეთია: „მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ დიფ სთეითთან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია”. ოპტიმიზმი რა არის? ის, რაც ფაქტებისა და ცოდნის დონეზე არა, მაგრამ იმედისა და რწმენის დონეზე გვაქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა? „დიფ სთეითთან” თქვენი დაპირისპირების გულწრფელობა ფაქტებით არ დასტურდება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეაო, – ეუბნება საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს. წერილში არ წერია, მაგრამ იგულისხმება, ისე შენ რა გითხარიო.
ბოლოს, ერთი, როგორც იტყვიან, მორიგე ფრაზაა მიწერილი: „საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ–ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!”
აი, ასეთი წერილი (პატრუცაგი) გაუგზავნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
აქ უნდა დაისვას შეკითხვა: რა არის ეს?
ჩემი აზრით, სწორედ ახლა ამ წერილში ამოხეთქა იმ უკმაყოფილებამ, რომელიც საქართველოსთან მიზანმიმართულად მტრული დამოკიდებულების გამო ოცდათხუთმეტი წელიწადის განმავლობაში დაგროვდა. ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში დახმარების ფასადით ამერიკელებმა თავს მოგვახვიეს:
* აგენტოკრატიის ჩამოყალიბება;
* ორი სახელმწიფო გადატრიალება (1992 წ; 2003 წ.) დასავლური აგენტურის განსამტკიცებლად;
* ჩამოყალიბება ამერიკის კოლონიად;
* ჩამოყალიბება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად;
* ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაცია და ფსევდოღირებულებების თავსმოხვევა;
* ქვეყნის ჩაძირვა იმ ვალებში, რომლებსაც საკუთარი აგენტურის ჩამოყალიბებაში ხარჯავდნენ;
* ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ბლეფი:
* ნატოსა და ევროკავშირის სატყუარად გამოყენება იმისთვის, რომ სხვა მიმართულებით პარტნიორები (ინვესტიციებიც კი) არ გვეძებნა;
* ომების ინსპირაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთსა და საქართველოს შორის სამუდამო მტრობის გასაღვივებლად;
* მუდმივი პროვოკაციები უკრაინის ომის პარალელურად რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად;
* 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება და ახალი სახელმწიფო გადატრიალების მზადება.
აი, ძირითადი ტენდენციები, რომლებიც აშშ-დან მოდიოდა და საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
ახლა ვიფიქროთ (ან ვიმარჩიელოთ): პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის პატრუცაგში ყველაფერმა ამან ამოხეთქა თუ მხოლოდ იმან, რომ დასავლეთში „ქართული ოცნება” არ უყვართ და მისი ჩანაცვლება მათთვის უფრო კომფორტული „ნაციონალური მოძრაობით” სურთ?
თუ ვივარაუდებთ, რომ პრემიერმინისტრი კობახიძე ამერიკელთა იმ საქციელით არის გაბრაზებული, რომელიც ჩვენთვის საზიანოა და ათეულობით წლების განმავლობაში გრძელდება, ასეთ შემთხვევაში იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს, ვინაიდან ხელისუფლებამაც და ხალხმაც მიუღებელს მიუღებელი უნდა დაარქვას; მაგრამ, ეს გაბრაზება თუ მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ კობახიძე ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას, ქართველი ხალხის ინტერესების გამო კი არა, „ქართული ოცნების” ხელისუფლების განსამტკიცებლად ცდილობს და მისი პროტესტი იმავე წამს გაქრება, რა წამსაც ტრამპის კეთილგანწყობას მოიპოვებს, ასეთ შემთხვევაში ხალხს სერიოზული დაფიქრება მართებს.
საერთოდ, ბატონი კობახიძის ეს წერილი გულწრფელობითა და სიმართლით გამორჩეულია. ვერაფერში შეედავები. ყველაფერში მართალია, მაგრამ მაინც გრჩება გარკვეული უკმარისობის განცდა. მაინც გრძნობ, რომ არის რაღაც, რაც ყალბია. ეს სიყალბე, პირველ რიგში, მის იმ იმედშია საძებნი, რომელსაც იგი ტრამპის გულისხმიერებაზე ამყარებს, რომ წერილის გაცნობის შემდეგ აშშ–ის პრეზიდენტი რეალობას სწორად შეაფასებს და მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. ჩემი აზრით, ამაშია არა მხოლოდ ამ წერილის ავტორის, არამედ ოცდათხუთმეტწლიანი ქართული საგარეო პოლიტიკის უმძიმესი შეცდომა. საქართველო აშშ–ში ხედავს არა იმას, რასაც ეს სახელმწიფო სინამდვილეში წარმოადგენს (პრობლემებითა და ინტერესებით დამძიმებულ პრაგმატულ სახელმწიფოს, რომელიც მიზნის მიღწევის გზაზე არ ერიდება რეკლამას, დეზინფორმაციასა და ძალადობას), არამედ აღიქვამს მას მსოფლიო დემოკრატიის იმ ბურჯად, რომელიც ყველგან სიკეთის თესვისა და უანგარო დახმარების სურვილით შედის.
აი, აქ არის იმ შეკითხვის ადგილი, ზემოთ რომ დავსვი, მაგრამ უპასუხოდ დავტოვე: რაშია საქმე? რატომ არ ეკონტაქტება ტრამპი საქართველოს ხელისუფლებას და რატომ იქცევა ისე, თითქოს ესენი საერთოდ არ არსებობდნენ?
ჩემი აზრით, საქმე შემდეგშია: „ქართული ოცნების” პოზიცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოდან მეორე ფრონტი არ გახსნილიყო, ტრამპისთვისაც ისევე მიუღებელია, როგორც ბაიდენისთვის იყო. ტრამპს ბაიდენი მთელი არსებით სძულს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიმართ მის სიძულვილს ბოლომდე იზიარებს. ქართულ ანალოგიას რომ მივმართოთ, გამსახურდიას, შევარდნაძესა და სააკაშვილს ჭირის დღესავით სძულდათ რუსეთი. ამაში ერთიანნი იყვნენ, მაგრამ ეს ერთიანობა ოდნავადაც არ უშლიდათ ხელს ერთმანეთის უკიდეგანო სიძულვილში. ტრამპსაც, ისევე როგორც წინამორბედ პრეზიდენტებს, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად სჭირდება. ამ საკითხში იგი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ამაში ტრამპი ისევე იმეორებს ბაიდენის განწყობას, როგორც შევარდნაძე იმეორებდა გამსახურდიას საგარეო ვექტორს, შემდგომ კი სააკაშვილმა გაიმეორა შევარდნაძისგან მიღებული ესტაფეტა, ამიტომ ტრამპისთვის საქართველოს ნებისმიერი მთავრობა, რომელიც რუსეთთან ომისგან თავს შეიკავებს, მიუღებელია. კობახიძის ნათქვამი, რომ მას „დიფ სთეითი” სძულს და მისი დამარცხების იმედი აქვს, ტრამპს გულს ვერ მოულბობს, რადგან კობახიძისგან იგი, „დიფ სთეითთან” ბრძოლას კი არა, რუსეთთან ომს ითხოვს. საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნება”, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, რა პასუხი მოჰყვება მის წერილს ტრამპისგან. ჯერჯერობით კობახიძეს მხოლოდ უილსონი გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში დაწერილი ტექსტი გაახმოვანა, რაშიც მას, რასაკვირველია, ფული გადაუხადეს. უილსონის დასკვნა ასეთია: კობახიძე უზრდელია! იმედი მაქვს, რომ მისი პატრუცაგის ასეთი შედეგი ჩვენი პრემიერმინისტრისთვის მოულოდნელი არ იქნებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის პასუხი უილსონის პასუხის ანალოგიური იყოს.
დღეს ამაზე შევჩერდები. ვფიქრობ, ახლა ის ვითარებაა, რომელიც ძალიან მალე ბევრ რამეს გამოააშკარავებს.
დავსძენ მხოლოდ იმას, რომ ამ წერილით ისტორიული ეტაპი დასრულდა – დასავლეთით უსაფუძვლო აღტაცებისა და მის წინაშე მუხლებზე დგომის სამარცხვინო ეტაპი. ყოველი ეტაპის დასასრული კი ავტომატურად ნიშნავს ახალი ეტაპის დასაწყისს.
ვალერი კვარაცხელია