Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “პანკისის ხეობა, რომ ჩვენი გულია, ჩვენი მცველია და ჩვენი ქვეყნის ერთგულია ვის...

“პანკისის ხეობა, რომ ჩვენი გულია, ჩვენი მცველია და ჩვენი ქვეყნის ერთგულია ვის ეპარება ეჭვი?”

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ „დამნაშავე პირები არ დაისჯებიან ხელისუფლება პანკისს დაკარგავს“, ეხმაურება, რომელიც საზოგადეობის განსჯის და მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.

“მაოცებს იმ ადამიანების მაღალფარდოვანი და ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც გადაცემიდან ამოჭრილ შვილმკვდარი მამის სიტყვებს აზიარებენ და და სათაურად უაღრესად “ბრძნულ” განმარტებებს ურთავენ. გადაცემა მთავარ პროკურორთან შეხვედრის დღის საღამოსაა ჩაწერილი. მთელი დღე ერთად ვიყავით, შორი გზიდან ჩამოსული, იურისტებთან და ექსპერტებთან სადისკუსიოდ წავიყვანეთ და ოთხი საათი ვსაუბრობდით რა მანძილიდან ესროლეს მის შვილს, როგორ გაიარა ტყვიამ და ნეტავ სისხლის გუბე იყო მხოლოდ თუ აშკარად ტვინიც ჩანდა იატაკზე დარჩენილ სისხლის კოლტებში…ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფერის მოსმენა და გააზრება მშობლებისთვის გესმით რას ნიშნავს? დედა ადგებოდა, იტირებდა და შემოვიდოდა…იგივე მამა… მოვკვდი მეც! ძალიან ცუდად ვიყავი. მძიმე დღე იყო ძალიან, ფეხზე ძლივს იდგა ბოლოს… მეც კი უკმაყოფილო ვიყავი ჩემი საღამოს ეთერით იმდენად გადავიღალეთ და ვუთხარი კიდეც არ წახვიდეთ, ხომ ხედავთ აღარ შეგიძლიათ, ვგრძნობ ვერ გადმოსცემთ სათქმელს მეთქი…სიტყვა მივეციო, სიტყვას როგორ გავტეხო, მერიდებაო…როგორმე უნდა წავიდეო. აღარ იცის რა თქვას, როგორ თქვას, ვის მადლობა უთხრას და ვის არა. პანკისის ხეობის მოსახლეობის ნდობას ნამდვილად დაკარგავს შესაბამისი უწყებები თუ გამოძიება არ წარიმართა ობიექტურად. ეს ხომ ფაქტია? წარმოდგენა მაინც გაქვთ ვის და რა მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიტყვებს ძალიან სერიოზულად განიხილავთ და აკრიტიკებთ? იქნებ ეს განზრახ ხდება და ყურადღების გადატანა ხდება იმაზე, რაც აბსურდია? მთავარი კი პასუხგაუცემელია?

– რატომ დადიოდნენ ტერორისტები წელიწადზე მეტი თბილისის და პანკისის ხეობის ქუჩებში? საიდან უნდა სცოდნოდა ხალხს და რა ნიშნით უნდა ამოეცნოთ მათი მიზნები და საქმიანობა? რა მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობდა თემირნალ მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციის საშუალებით დაკავებისათვის? რა აუცილებლობა იყო მის მიმართ სროლის განხორციელებისათვის? როგორ აღწერს თანამშრომელი მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის გახსნის მცდელობას? რატომ გამოკეტეს და ,,დააპატიმრეს” სასიკვდილოდ დაჭრილი შვილის მშობლები საკუთარ სახლში სამი საათის განმავლობაში? რა სამართლებრივი საფუძვლით გადაადგილებდნენ შემთხვევის ადგილზე ნივთებს და უცვლიდნენ ნივთმტკიცებებს სახეს? რა ხდებოდა სამი საათის განმავლობაში დილის 7:00 საათამდე დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში? რატომ ,,აგინებდნენ? ერთმანეთს სპეცრაზმელები და რატომ უყვიროდა ერთი მეორეს – გაუშვი ხელიდან სასწრაფიდ იარაღი? ვინ დაგეგმა სპეცოპერაცია? ვინ იყო უშუალო ორგანიზატორი და რატომ არ იყო დაბარებული მოწმის სახით თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და თავად თემირლანი გამოძიების ორგანოში? ვინმემ მოისმინა მისი აზრი თუ რა აკავშირებდა საქართველოში სტუმრის სტატუსის მქონე ჩეჩნებთან? იყო მცდელობა მისი დაკავების და გაგზავნილ იქნა უწყება გამოცხადების თაობაზე? და თუ არა რატომ? რატომ დაიარებოდა ეს ტერორისტი ხალხი ჩვენს ქვეყანაში ასე თავისუფლად, რატომ? და რატომ პასუხისმგებლობა მხოლოდ თემირლანს?….

რამდენი კითხვაა პასუხგასაცემი და პასუხი მივიღოთ ჯობს! მერე განვსაჯოთ!!!!

პანკისის ხეობა რომ ჩვენი გულია, ჩვენი მცველია და ჩვენი ქვეყნის ერთგულია ვის ეპარება ეჭვი?”, – წერს კუბლაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here