ოჰ, ეს ვარსკვლავები, გარღვეული შარვლით…

    ორიოდე სიტყვა სათაურის შესახებ: ვლადიმერ მაიაკოვსკის აქვს შესანიშნავი პოემა „ღრუბელი შარვლით”. ეს სათაური, რა თქმა უნდა, პლაგიატი არ არის, ლიტერატურული ასოციაციაა  ერთგვარი.

    კიდევ ერთი: ქართველებს გვაქვს არცთუ ძველი ცეკვა – კინტაური (სომხური შალახოს ნაირსახეობა), რომლის ერთ-ერთი ელემენტი ძირს დაგდებული ცხვირსახოცის პირით აღებაა ისე, რომ მოცეკვავე მუხლებში არ უნდა მოიხაროს. რთული ელემენტია,   შემსრულებელს, სპეციალური ვარჯიშის გარეშე, დიდი ჯაფა ადგება. ჯაფა ადგება შარვალსაც. პროფესიონალ მოცეკვავეებს (თითქოს სპეციალურად) ხაზგასმულად განიერი შარვლები აცვიათ, მაგრამ ცხოვრებაში, როდესაც ესა თუ ის შემსრულებელი ღრმად შედის როლში და ცდილობს, ძირს დაგდებულ ცხვირსახოცს პირით მისწვდეს, არცთუ იშვიათად გვინახავს ამ უხერხული ილეთის დაუგეგმავი თანმხლები მოვლენა – შარვლის გარღვევა. ამ სანახაობას აუცილებლად მოჰყვება ახალი სანახაობა – შეცბუნებული და სახეალეწილი მოცეკვავე, რომელიც ელვის სისწრაფით სწორდება წელში და უხერხულად იშმუშნება, რადგან ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ბედავს. ეს ცეკვა ღრმა ისტორიზმით ვერ დაიკვეხნის. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე წარმოშობილი თბილისური ქორეოგრაფიაა, რომელიც ფეოდალიზმის რღვევისა და ბურჟუაზიული კლასის ჩასახვის სცენური ანარეკლი იყო, როცა ე.წ. ყარაჩოხელობა კინტოობად გადაგვარდა და მახინჯ ფორმაში ტრანსფორმირდა, მაგრამ ეს თემა დღევანდელ სტატიაში მეტად აღარ დაგვჭირდება, რადგან იგი მხოლოდ გარღვეული შარვლის ეფექტის წარმოსაჩენად გავიხსენე, მეტი არაფერი. ეფექტს კი მოგვიანებით მივუბრუნდები…

    „ნატო, უთხარი დანიას, გავიდნენ აქედან, ახლავე! ძაღლების ორი ციგა საქმეს ვერ გააკეთებს! მხოლოდ აშშ-ს შეუძლია! დანიის დაზვერვამ წინა წელს გაავრცელა გაფრთხილება გრენლანდიისა და არქტიკის მიმართ რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო მიზნებზე“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

    მთლად გასაგები არ არის, რისი თქმა სურს პრეზიდენტ ტრამპს ამ ბუნდოვანი ტექსტით, მაგრამ ნატოს მიმართ უდიერი ინტონაციები აქაც იკითხება. ეს მისი ერთ-ერთი ბოლო გამონათქვამია ნატოს შესახებ. ტრამპის სკეპტიციზმი ნატოს მიმართ ჯერ კიდევ 2016 წელს გამჟღავნდა, როდესაც მას „დრომოჭმული“ უწოდა. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არ ამახვილებდა ყურადღებას ტერორიზმის საფრთხეზე. მას შემდეგ ტრამპის უთანხმოება არამხოლოდ ნატოსთან, არამედ ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებთან ბევრჯერ გამჟღავნდა.

    როგორც უკვე ვთქვი, ტრამპის უდიერი დამოკიდებულება ნატოს მიმართ ახალი არ არის, მაგრამ აქ მთავარი არც მისი ნათქვამები და, სხვათა შორის, არც მისი დამოკიდებულებაა, რომელიც ისევე ცვალებადია, როგორც მრავალი სხვა საკითხის მიმართ, სადაც ტრამპი გვაოცებს არათანმიმდევრულობითა და მერყეობით. აქ მთავარია ტრამპის დამოკიდებულება არა ნატოს, არამედ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და თვითონ ევროპის მიმართ

    ტრამპი ევროპას ხშირად  საყვედურობს ცალკე ან მასთან ერთად ნატოსაც აკრიტიკებს: რუსეთს საერთოდ არ აშინებს ნატო, არც ჩინეთს არ აშინებს ნატო, სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და საჭიროა მისი რეფორმირება. მე მსურს ეს. ვფიქრობ, ყოველთვის ვეწყობოდით ევროპას, მაგრამ მსურს, რეფორმირება განახორციელონ. მე ვარ ის, ვინც ისინი აიძულა, მეტი მშპ დაეხარჯათ ნატოზე, მაგრამ, თუ შეხედავთ რუსეთს, შემიძლია, გითხრათ, რომ საერთოდ არ აშინებს არც ერთი სხვა ქვეყანა, ჩვენ გარდა.

    ტრამპმა სხვა დროს სხვა რამეც  თქვა. მაგალითად: „ევროპა უკრაინისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია, რომელსაც მე ვუძღვები. ევროპის არ ეშინია. ევროპა ჩამორჩენას განაგრძობს”.

    ან კიდევ: „ჩვენ გვაქვს მრავალი მილიარდი დოლარის დეფიციტი, რომელიც არავის სიამოვნებს. ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. მე ვცდილობ, კონსტრუქციული ვიყო, რადგან მიყვარს ევროპა და ევროპის ქვეყნები, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. ისინი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან დღგ-ისა და სხვა გადასახადებით, რომლებსაც აწესებენ“.

    აი ტრამპის კიდევ ერთი პოზიცია: „ევროპა ცუდად უმკლავდება ომს” (იგულისხმება უკრაინის ომი – ვ.კ.).

    ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს? რა თქმა უნდა, აშშ-სა და ევროკავშირს (ევროპულ სახელმწიფოებს) შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე, რაც თავისთავად ნატოს რღვევაზე მიუთითებს. შესაძლებელია, ვინმემ იფიქროს, რომ ეს დროებითი მოვლენა ან ტრამპის ახირებაა და მეტი არაფერი, წავა ტრამპი ამ საარჩევნო ვადის შემდეგ და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. არ არის ეს სწორი დასკვნა. სხვა, უფრო სიღრმისეული, ანალიზია საჭირო. აშშ-სა და ევროპას შორის ახალი ურთიერთობები, ტრამპის პირადი დამოკიდებულების კი არა, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შედეგია (ვგულისხმობ მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას). მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ამ ახალმა რეალობამ ევროპის გაბერილი როლი ერთბაშად გამოაჩინა. ევროპა რეალურად მსოფლიო პოლუსად ვერ ჩამოყალიბდა, ვინაიდან საამისო პოტენციალი არ აქვს. არც სამხედრო შემადგენელით (დიდი ბრიტანეთისა და და საფრანგეთის ბირთვული შეიარაღება სამუზეუმო ექსპონატები უფროა, ვიდრე რეალური ბირთვული პოტენციალი), არც ენერგომატარებლებით, არც იდეოლოგიით ევროპა არ არის ის ძალა, რომელიც პოლუსამდე ადის. ევროპის იდეოლოგია უსაშველოდ მოძველებული ბურჟუაზიული ფილოსოფიაა, რომელიც ყველგან (თვით აშშ-შიც) ღრმა სისტემურ კრიზისშია ჩაძირული. რაც შეეხება ენერგომატარებლებს, ევროპამ ბევრი იწრიალა ვითომ ალტერნატიულ მიმართულებებზე, მაგრამ, ბანქოს ენით რომ თქვათ, ეს ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა. მსოფლიოში წინააღმდეგობათა და დაპირისპირებათა უმთავრეს საფუძვლად და მამოძრავებლად დღესაც ტრადიციულ ენერგორესურსებზე წვდომა რჩება, რომელიც ჯერჯერობით  უალტერნატივოა, ამიტომ  ევროპა, ჟარგონით რომ ვთქვათ, პოლუსამდე რაკი ვერ გაქაჩა, სურს ეს მას თუ არა, იაფი ნედლეულისა და გასაღების ბაზრის როლს უნდა დასჯერდეს ანუ ზესახელმწიფოთა კოლონიად უნდა ჩამოყალიბდეს. სხვა საკითხია, ზესახელმწიფოთა შორის რომელს ექნება დომინანტური როლი. ამისთვის ყველა იბრძოლებს. უკვე იბრძვიან. ევროპა დღესაც გადავსებულია ჩინური პროდუქციით, რუსული ენერგომატარებლებით, ამერიკული სამხედრო ბაზებით. კონტინენტს, რომელიც საღი აზრის უმწვავეს დეფიციტს განიცდის, შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობიდან თავის დაღწევის თეორიული შანსიც არ რჩება.

    ასეთ ვითარებაში ნატო (არაფერს ვამბობ ევროკავშირზე) ვერ დარჩება იმ ძალად, რომელ ძალადაც დღემდე პოზიციონირებს. აშშ არ არის ევროპის მოკავშირე; ასე განსაჯეთ, უფროსი ძმა და დირექტორიც კი არ არის, დაპირისპირებული ძალაა. აშშ-ის გარეშე კი ნატო აღარაფერს წარმოადგენს. აშშ-ის გარდა სხვა შემკვრელი და გამაერთიანებელი ევროპისთვის ვერავინ  იქნება. უკვე ძიძგნიან ერთმანეთს. ნატოს გარეშე ძალა (ვთქვათ, რუსეთი) რომ მოვლენოდა მოწინააღმდეგედ და დამშლელად, ეს შემაკავშირებელი სტიმულის როლს უფრო ითამაშებდა, მაგრამ აქ სხვა პროცესი მიმდინარეობს, რუსეთის ფაქტორი კი ასრულებს გამაერთიანებელ ფუნქციას, მაგრამ ნატო შიგნიდან ირღვევა. და ეს იმ დროს, როდესაც, როგორც უკვე ვთქვი, აშშ-ს დირექტორის როლიც არ აკმაყოფილებს, აშკარად სiუზერენისა და მბრძანებლის როლს უმიზნებს, ხოლო თურქეთი   სრულიად სხვა ვარსკვლავს ეთამაშება. ევროპაშიც გამოჩნდნენ ოპორტუნისტები (ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი), რომლებიც ევროპულ რუსოფობიას არ იზიარებენ და აქტიურად ემიჯნებიან. რაც შეეხება რუსეთს, მან, ნახა რა ევროპის ახალი (რუსოფობიური) დამოკიდებულება (ძველი დავიწყებული ჰქონდა), დიდი ხნით დაკარგა ევროპის ხიბლი. ასე რომ, ნატოს ახლანდელ ვითარებას რამდენადმე მაინც შეესაბამება იმ ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, ცეკვის დროს კბილებით ცხვირსახოცის ასაღებად რომ დაიხარა და უცებ, ჰოი, უბედურებავ, შარვალი გაერღვა. დგას ახლა მსოფლიოს წინაშე შარვალგარღვეული, სირცხვილისგან გაწითლებული ნატო და აღარ იცის, ხელები სახეზე აიფაროს თუ უკან მიიფაროს. ბუნებრივია,   არც ევროკავშირია უკეთეს დღეში. ვერც ჩვენ გამოვიყურებით სახარბიელოდ, ჩვენ, ანუ ქართველები, რომლებსაც კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს, რომ ნატო და ევროკავშირი ჩვენი ბედის ვარსკვლავებია. „მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო!” ნიკოლოზ  ბარათაშვილი ციურ ვარსკვლავებს რა როლსაც ანიჭებდა, ლამის ის როლი მიგვანიჭებინეს აწ უკვე შარვალგარღვეული ნატოსა და ევროკავშირისთვის. ვაი, რომ ამიერიდან ვეღარ გაგვინათებენ გზას ეს დასავლური სამხედრო და პოლიტიკური მეგავარსკვლავები – ნატო და ევროკავშირი.

    მაიაკოვსკი ზემოხსენებულ პოემაში ასეთ სიტყვებს ამბობს: „ხედავთ? ვარსკვლავთა ცა გახადეს უმეთაურო”. აქაც მხოლოდ შორეულ ლიტერატურულ ასოციაცის გთავაზობთ. კვლავ ჟარგონით რომ ვთქვათ, დედა აღარ ჰყავს მაგ წყეულ ნატოს, სულს ღაფავს უკვე. გაიხრწნა ლეში მსოფლიო ჟანდარმისა და დედამიწის ზურგზე ყველაზე ტერორისტული სახელმწიფოს უპირველესი ჯალათისა, რომელსაც სამოცდათხუთმეტ წელზე მეტხანს ემსახურა გაბრიყვებული და გაბითურებული ევროპა. ახლა თვითონ არკვიონ ერთმანეთში, ვის ვისი ჰმართებს და რამდენი, ოღონდ ჩვენ დაგვანებონ თავი, რათა თავისუფლად ამოვისუნთქოთ და ვთქვათ: ღმერთო, რა კოშმარული სიზმარი ვნახეთ – ოჰ, ეს ვარსკვლავები, გარღვეული შარვლით…

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here