Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიციონერები და  მათი პატრონები  ახალგაზრდებს არეულობების  მოსაწყობად ამზადებენ

ოპოზიციონერები და  მათი პატრონები  ახალგაზრდებს არეულობების  მოსაწყობად ამზადებენ

ოპოზიციას ახლა ისე სჭირდებa „ორი გვამი“, როგორც არასდროს, და არ აქვს მნიშნველობა, ეს ორი გვამი რუსთაველზე მდებარე ჯიხურის სახურავზე იქნება შემოდებული თუ სხვაგან

ოპოზიციამ უკვე შეიტანა განაცხადი  27 ოქტომბრიდან  აქციების გამართვის უფლებაზე.  არადა, ევროპაც, ამერიკაც, ოპოზიციაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში  „ქართული ოცნება“ მარცხდება და, შესაბამისად, მარტივ კითხვას ვსვამთ – თუ ოპოზიცია იგებს და ხელისუფლების სათავეში მოდის, აქციებს საკუთარ თავს უანონსებს? ანუ, გავიმარჯვეთ, მაგრამ არ ვაღიარებთო? არა, ბატონებო,  ოპოზიციამაც და დასავლეთმაც ზუსტად იციან, რომ  გამარჯვების შანსი თითქმის არ აქვთ და ერთადერთი გზა იმისა,რომ ხელისუფლება შეიცვალოს, „ხავერდოვანი“ და „მშვიდობიანი“ რევოლუციაა. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, ამ რევოლუციის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დგომას და სურს, რომ მორიგი „გამარჯვება“ 2003 წლის მსგავსი იყოს, ნოემბერს დაამთხვიოს. აგერ, ე.წ.  პრეზიდენტმაც გვამცნო, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა უნდა დავასახელო, ეს ყველაფერი დასავლეთთან შეთანხმებულია და  არჩევნებამდე ვიტყვიო. ჰო, არ ვხუმრობთ, სალომე ზურაბიშვილმა  სწორედ ასე თქვა, საქართველოს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა დასავლეთთან მაქვს შეთანხმებული და, სანამ დავასახელებ, ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობა უნდა განაცხადონ, რომ ჩემს მითითებებს დაემორჩილებიან და ამ ტექნიკურ მთავრობას აღიარებენო. დარწმუნებული იყავით, რომ დაემორჩილებიან; დარწმუნებული იყავით, რომ აღიარებენ და  ცალ ფეხზეც დადგებიან.

ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერს პრემიერმინისტრობა რომ ესიზმრება, იქიდანაც გამოჩნდა, რომ, დასავლეთის მითითების მიუხედავად, გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაერთიანება ვერ მოახერხეს. მათ სწორედ პრემიერის პოსტი ვერ გაიყვეს და სწორედ ამის შემდეგ „მოსცხო“ სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ევროპული ვოიაჟი და ევროპიდან ჩამოიტანა პირდაპირი მითითებები, რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, ვინ სად უნდა დადგეს და როგორ – ცალ ფეხზე, ორ ფეხზე თუ, საერთოდ, ლეიბები დაყაროს და გაწვეს რუსთაველზე. ე.წ. პრეზიდენტის ტონი მკაცრი და მბრძანებლური იყო, მის სიტყვებში აშკარად ჩანდა, რომ დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა მიიღო და ამას ოპოზიცია არ ელოდა, იმიტომაც არ დაასახელა მადამ სალომემ პირველივე ბრიფინგზე ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა, ეს ყველაფერი ჯერ ოპოზიციამ უნდა გადახარშოს, შეეგუოს,  შეამოწმოს… მთავარი სამზადისი კი მაინც 26 ოქტომბრის შემდგომ  მოვლენებზეა.  ოპოზიციამ გამოყარა ე.წ. ჯენ ზი თაობა და ახლა  გამოუცდელი ახალგაზრდები გაჰკივიან, – ჩვენ ყველაფერზე ვართ წამსვლელი და გვიფრთხილდითო. ჰო, ბავშვებს თუ გააბრიყვებენ, თორემ ჩვენმა თაობამ იცის, რას ნიშნავს ასეთი აქციებისთვის მზადება; იცის, რას ნიშნავს „მშვიდობიანი და ხავერდოვანი რევოლუცია“; იცის, რას ნიშნავს დასავლეთის უღელში მეათასედ შებმა და რას ნიშნავს ცალ ფეხზე დგომა. ამ ბავშვების უკან კი მშობლები „ვერ დგანან“, იმიტომ, რომ მერე „ჯენ ზის“ წარმომადგენელი პოლიციაში დარეკავს, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადებს და მშობელიც, საუკეთესო შემთხვევაში, თუ ციხეს გადაურჩა, შემაკავებელ ორდერს მიიღებს და საკუთარ შვილს ვერ მიუახლოვდება. ესეც დასავლური კანონია, ესეც დასავლეთმა გვაიძულა და ასე „გაექცნენ“ ბავშვები მშობლებს ხელიდან, ასე დაიკარგა ნელ-ნელა კონტროლი და მივიღეთ ბევრი „ლაზარე გრიგორიადისი“, ანუ თაობა, რომლისთვისაც არაფერია მშობლის დაჭრა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და სამართალდამცველების ცოცხლად დაწვის მცდელობა. მით უმეტეს, რომ ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ  ქვეყნის პრეზიდენტი გიწყალებს და ეროვნულ გმირად გაცხადებს.

ისე, თუ დაფიქრებულხართ, „გმირი ლაზარე“ რატომ არ დაიყენა გვერდით არც ერთმა პარტიამ? იქნებ იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან: „ლაზარეები“,  საბოლოო ჯამში, არ ამართლებენ, ბოლოს ისინი უბრალოდ უნდა მოიშორონ, გააქრონ, სანაგვეზე გადააგდონ.  მათი კონტროლი ხომ შეუძლებელია და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღება არავის მოუნდება. ჰო, ისინი უბიძგებენ ბავშვებს დანაშაულის ჩადენისკენ, მაგრამ პასუხისმგებლობასაც სრულად მათ „შეტენიან“,  თვითონ კი  პილატესავით დაიბანენ ხელებს. ზუსტად ისე დაიბანენ, როგორც მაშინ, როცა ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ გამოიყენა და ციხიდან გამოუშვეს, თუმცა გვერდით არ დაიყენეს, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ამ ნაბიჯით ასობით „ლაზარეს“ უბიძგეს დანაშაულისკენ და ეს ოპოზიციის ხელში ფარული იარაღია. დიახ, თუ ვითარება  გამწვავდება, ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ დადგება წინა ხაზზე, ისინი გაქრებიან, როგორც არაერთხელ გამქრალან და მხოლოდ მაშინ გამოჩნდებიან მჭმუნვარე სახეებით, როცა სისხლი დაიღვრება. არ ვაჭარბებთ, ახლა ოპოზიციისთვის სისხლისღვრა ეგებ ერთადერთი გამოსავალიც იყოს და ეს იცის დასავლეთმაც, მაგრამ  ხმას არ იღებს, არ აკეთებს არანაირ მოწოდებას, ბავშვებს ნუ აქეზებთო. როგორც არასდროს, ოპოზიციას ახლა ისე სჭირდება „ორი გვამი“ და არ აქვს მნიშნველობა, ეს ორი გვამი რუსთაველზე მდებარე ჯიხურის სახურავზე იქნება შემოდებული თუ სხვაგან.

ერთი შეხედვით, 26 ოქტომბრის შემდგომ მოვლენების განვითარებისთვის ხელისუფლებაც ემზადება და მშვიდად არის, მაგრამ პროგნოზის გაკეთება ძნელია. ძნელია იმის გათვლა, სადამდე შეუძლიათ სასმელითა თუ მარიხუანით გაბრუებულ ბავშვებს წასვლა. გვერწმუნეთ, მათ აქციებზე მარიხუანაც ჰქონდათ და მაღალი ალკოჰოლის შემცველობის ლუდიც, რომელსაც სიამოვნებით ეწაფებოდნენ და შემდეგ დაბინდული გონებით ყველაფერზე მიდიოდნენ. მარიხუანის მოხმარების გამო სახელმწიფო მათ ვერ სჯიდა და ეს კანონიც თავის დროზე დასავლეთმა მოგვახვია თავს.

თუ ატყობთ, რამდენი შენელებული მოქმედების ნაღმი დევს ევროპა-ამერიკის მიერ რეკომენდებულ კანონებში? თუ ატყობთ, როგორ ბუმერანგივით გვიტრიალდება ის, რაც თითქოს თავის დროზე უწყინარ კანონად ჩანდა?.. უფროს თაობას  მომავალი თაობა გაექცა ხელიდან და ეს აღარ არის მამებისა და შვილების ბრძოლა, ეს არის გათავხედებული, კანონით დაცული, გაქეზებული ბავშვების სიგიჟე, რომლის პიკიც სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა ვიხილოთ. სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოიყვანს ოპოზიცია და დასავლეთი ქუჩაში ამ ბავშვებს და ფარად დაიყენებს. სამწუხროდ, მათი უმრავლესობა ამისთვის მზად არის და მზად არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცები სოლიდურ თანხებს იღებენ, არამედ იმიტომ, რომ აქციებზე დგომა ამართლებს ლექციის გაცდენას, იქ უფასოა საკვებიც, სასმელიც… მარიხუანაც… ის მარიხუანა, რომელიც ღამის კლუბებთან  იყიდება, რომლის თესლიც ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს მაღაზიებში, რომელიც აბრუებს და კონტროლს უკარგავს არათუ მოზარდს, არამედ ზრდასრულსაც და ეს გადასარევად იციან ოპოზიციონერებმა. რა ძნელი მისახვედრია, რომ „ჯენ ზი“ თაობის არც ერთი წარმომადგენლისთვის სამომავლოდ არ მოიძებნება არანაირი თანამდებობა ან სამსახური, მათ, უბრალოდ, გამოიყენებენ, როგორც ფარულ იარაღს და შემდეგ  ისე გააქრობენ პოლიტიკური სცენიდან, როგორც გამოაჩინეს.

სხვათა შორის, ხშირად ამბობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი სასწავლებლები ახლობლებს გადაუფორმა, მხოლოდ დედაზე ხუთი უნივერსიტეტი ჩამოკიდაო.  სწორედ ამ სასწავლებლებში გამოზარდეს თაობა, რომელიც დღეს მზად არის, მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს. სწორედ ამ სასწავლებლებში ტარდებოდა უცხოელების ტრენინგები და იქ ურეცხავდნენ ტვინს იმისთვის, რომ ეს გოგო-ბიჭები საჭირო მომენტში მზად ყოფილიყვნენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სასროლად და აგერ, მზად არიან. განათლების სამინისტროს რეფორმები კი ამ ყველაფრის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. უფრო ზუსტად, განათლების ვერც ერთმა მინისტრმა ვერ მოახერხა ის, რომ უმაღლესი სასწავლებლების ასეთი თავგასულობა როგორმე შეეზღუდა. უმაღლეს სასწავლებლებს ვინ ჩივის, სკოლებში უარესი ხდება და განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, წიგნებში სულ უფრო ხშირად არის სურათები, რომლებზეც  ვერ გაარჩევთ,  გოგოა თუ ბიჭი, მაგრამ კარგად გაარჩევ, მათ უკან დახატულ ცისარტყელას და თუნდაც ზამთარი იყოს, ცისარტყელის მცირე ნიშანი მაინც ყველა გვერდზე გვხვდება, თითქოს ეს ბავშვის ქვეცნობიერში უნდა დაილექოს. ჰო, ლგბტ საზოგადოებამ  ბავშვებს ცისარტყელა წართვა, მოვლენა თუ ფერთა პალიტრა, რომელიც ჩვენს ბავშვობაში მხოლოდ ცისარტყელასთან ასოცირდებოდა და სხვა არაფერთან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: 26 ოქტომბრის შემდგომი მოვლენებისთვის ოპოზიციაც და დასავლეთიც მომზადებული არიან. ისინი წავლენ ყველაფერზე, რაზე წასვლაც შესაძლებელი იქნება. ყველაფერში კი მართლა ყველაფერი იგულისხმება: მსხვერპლიც, დაწვაც, დანგრევაც… ვერ გეტყვით, რამდენად არის ხელისუფლება მზად ამისთვის, მაგრამ, ე.წ. პრეზიდენტს რომ არ გაუჭირდება იმის თქმა, ყველას შევიწყალებ, ვისაც დაიჭერენო, ცხადზე ცხადია. ამ ქალს უკვე არც ჭკუა მოეკითხება დ არც სინდის-ნამუსი.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here