Home რუბრიკები პოლიტიკა ოპოზიცია იმის იმედადაც არის, რომ ევროპელები ორიოდ გროშს გადმოუგდებენ რუსეთის გინებაში

ოპოზიცია იმის იმედადაც არის, რომ ევროპელები ორიოდ გროშს გადმოუგდებენ რუსეთის გინებაში

3293
ჯანი ბუკიკიო

საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესია დაიწყო, მაგრამ, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას შეაჩერებს. შესაბამისად, ამ თვეში მხოლოდ რამდენიმე სხდომის ჩატარებას თუ მოასწრებს და იმასაც კონსტიტუციის იმ ვარიანტის განხილვას მოანდომებს, რომლის მიღებაც უკვე გადაწყვეტილია და რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდის შეცვლა არჩევნების შედეგად პრაქტიკულად გამორიცხული.

კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ გადაუნაწილებელი მანდატები, ახალი წესით, პირველ ადგილზე გასულ პარტიას ერგება და იმის გათვალისწინებით, რომ, სულ ცოტა, 2020 წლამდე მაჟორიტარული სისტემა იქნება, ადვილი გამოსაცნობია, ვინ გავა პირველ ადგილზე. და მეორეც _ კონსტიტუციაში კი წერია, რომ ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე 2024 წელს გადავა, მაგრამ ისიც წერია, რომ ამ გადასვლას 2020 წლის მოწვევის პარლამენტის თანხმობა უნდა, ანუ როგორც ამ მოწვევის მაჟორიტარებმა “დაუჭირეს მხარი” მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ისე “დაუჭერენ მხარს” მომავალი პარლამენტარებიც.

“ამა წლის ივნისში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტი, მათ შორის, გამოცხადებული გადასვლა პარლამენტის წევრების სრულად პროპორციული სისტემით არჩევაზე. გარდა ამისა, ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობასა და ნაკისრ ვალდებულებას: არ მიეღოთ ის ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა.

შესაბამისად, პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს. 2017 წლის 6 სექტემბრის შეხვედრა გაუქმდა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართულ მხარეს ეკისრება შემდგომი მოლაპარაკებების ჩატარება და ვენეციის კომისიის ჩარევა ამ პროცესში საჭირო არ არის.

ჩვენ მოკლე ვადაში საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის პროექტის მიღებას მოველით და ერთ თვეში ჩვენს მოსაზრებას გამოვთქვამთ ამ საკითხზე (6-7 ოქტომბერს პლენარული სესიის ფარგლებში). იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა ამ მოსაზრების თანახმად და ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით”, _ განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ და ოქტომბრამდე დაგვემშვიდობა.

ოპოზიციის ლომები კი გამოვიდნენ ტელევიზიით და ხმაური ატეხეს, _ ხომ ხედავთ, ბუკიკიომ რა თქვა: ხელისუფლება ჩიხშიაო, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენლის სახეზე ვერ ამოვიკითხე ვერც შეშფოთება, ვერც აღშფოთება, ვერც ის, რომ ისინი ჩიხში შესულად მიიჩნევენ თავს და ამით დადასტურდა, რომ მმართველ გუნდს ცალ ფეხზე ბუკიკიო და მისი განცხადება ჰკიდია, მეორეზე _ მთელი ოპოზიცია.

ამ ყველაფრის ფონზე ვიღაცებმა გაბედეს და რევოლუციური სცენარი დააანონსეს. პრინციპში, რაღა ვიღაცებმა: ჯერ კახა კუკავამ თქვა, რევოლუციისკენ მიდის ხელისუფლებაო, მერე ნინო ბურჯანაძემ გაიმეორა იგივე, _ სხვა გზას არ გვიტოვებენო. და ბოლოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამოიღო ხმა, კანონიერ შესაძლებლობებს, რომ ხელისუფლება შევცვალოთ, უბრალოდ, აღარ გვიტოვებენო.

სიმართლე გითხრათ, მსგავსება წინა და მოქმედ მთავრობებს შორის სულ უფრო თვალში საცემი ხდება და რატომ არ ითვალისწინებენ წინამორბედთა შეცდომებს, ნამდვილად ვერ გეტყვით. იმის იმედი თუ აქვს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ მოსახლეობას ისევ ნაციონალებისსაგმირო საქმეებსგაახსენებენ და ამით ქულებს დაიწერენ, ძალიან, ძალიან ცდებიან. ჯერ ერთი, მოსახლეობამ უკვე დაინახა, უფრო სწორად, მოისმინა, რომ ხელისუფლება მთავარი დამნაშავის დაკავებას არ აპირებს (არც პრემიერს უნდა სააკაშვილის დაკავება თურმე და არც შს მინისტრს) და მეორეც _ გადახედეთ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტებსა და დიდ ქალაქებში: მათი უმრავლესობა ყოფილი ნაციონალია და, ნაცებზე როცა აკეთებს ხელისუფლება აქცენტს, მერე უკვე მოსახლეობაც ხვდება, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა, ვინც იყო, ისევ ისინი არიან, უბრალოდ, სხვა სახელი ჰქვიათ და… მერობის კანდიდატებს ვინ ჩივის, მინისტრთა კაბინეტშიც არიან ყოფილი ნაციონალები და თანაც ისეთები, მოწინავე რიგებში რომ იდგნენ და დიქტატორული სახელმწიფოს მშენებლობაში აგურს აგურზე დებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ისევ მათ მიჰყავთ ქვეყანა დიქტატისკენ, ანუ რაც არ გამოუვიდათ ნაციონალებს, ცდილობენ, “ოცნებამ” გამოიყვანოს და სულ არ აინტერესებთ, რას იზამს ხალხი. ცხრა წელი ითმინა ამომრჩეველმა წინა ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას ცხრა წლის გასვლამდე გვარიანი დრო აქვს, მერე კი… მერე სხვა რამეს მოიფიქრებენ, სხვანაირად დაატრიალებენ ბორბალს… ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ამ არჩევნებისგან ნურაფერს ელოდები, გულზე მჯიღს კი ვიცემთ, მაგრამ ბოლოს, არჩევნების დღეს, უკანალის მორიგი კოლექტიური მიცემის აქტს განვახორციელებთ და მეორე დღიდანვე ვინანებთ საკუთარ არჩევანს, რადგან სულ ასე იყო, ასე არის და ასე იქნებაო.

კოლექტიურად უკანალის მიცემის მაგალითი არაერთი ყოფილა და ვაი, რომ ამ მაგალითს ხშირად ის ოპოზიცია გვიჩვენებს, რომელმაც, წესით, ქუდზე კაცი უნდა შეკრიბოს, მაგრამ დრომ ისე მოიტანა, რომ ოპოზიციას დღეს აღარც ქუდი შერჩა და აღარც კაცები და მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. დღეს არ არსებობს ძალა, რომელსაც ამომრჩეველი უკან გაჰყვება, რომლისთვისაც ერი და ბერი დაიძახებსჰკა მაგათდაამით არის გათამამებული ხელისუფლება, მან ზუსტად იცის, რომ კონკურენტი არ ჰყავს, ზუსტად იცის, რომ, თუ ვინმე გამოჩნდება, გამოხრულ ძვალს გადაუგდებს და აბეზარი მყეფარივით გააჩუმებს. ეს ის მწარე რეალობაა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. ოპოზიცია ქულების დაწერას იმით ცდილობს, რომ რუსეთს აგინებს, ოკუპანტს ეძახის და ამით ევროპელებისა თუ ამერიკელებისთვის თავის მოწონებას ცდილობს. იმ ევროპელებისთვის, რომლებმაც რამდენიმე დღის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი ნინო ოძელაშვილი ტურნირიდან გულსაკიდის ტარების გამო მოკვეთეს. დიახ, ნინო ნიგერიელ მეტოქეს უგებდა, შეხვედრის დასრულებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, როცა მსაჯმა ქართველი გოგონას ყელზე გულსაკიდი (სავარაუდოდ, ჯვარი) შენიშნა, მოხსნა უბრძანა და, როცა ჩვენმა ფალავანმა მოიხსნა, მსაჯმა დისკვალიფიკაცია მისცა _ შეხვედრა აღარ გააგრძელებინა.

რეალობა ასეთია: ხელისუფლება იმ კონსტიტუციას, რომელიც იმაზე მეტ უფლებას აძლევს, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს აქვს, შემოდგომაზე დააჩაქუჩებს, ოპოზიცია ისევ ბუკიკიოს იმედზეა, იმ ბუკიკიოსი, რომელმაც გასაგებად თქვა, _ ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ, დანარჩენი თქვენი საქმეაო. ბუკიკიოს გარდა, ოპოზიცია იმის იმედადაც არის, რომ ევროპელები ორიოდ გროშს გადმოუგდებენ რუსეთის გინებაში, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამიოდე კაცს გაიყვანენ, ფრაქციებს შექმნიან და ზუსტად ისე იტივტივებენ, როგორც თურქული ვერტმფრენის მიერ გადმოსხმულ წყალში ტივტივებდა ბორჯომის ნაძვნარის ფერფლი. ბოლოს კი, თუ ხელისუფლებას გაუჭირდება, ოპოზიცია უკანალის კოლექტიურ მიცემაზე გადავა… არ მიუციათ თუ?!

ბესო ბარბაქაძე

P.S. “ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად!” ახლა სწორედ აბსოლუტური რყვნის პროცესშია ხელისუფლება.

1 COMMENT

  1. სპორტშიც კულტურაშიც და სხვა ყველაფერში მშვენივრად გვიცავდა რუსეთი!მისი ლანძღვა-გინების ამბავი ხელოვნურადაა შექმნილი! არჩევნები კი ამთავრობის ხელში ერთნაი რი სცენარით განვითარდება ყოველთვის! გევედრებით საშველი გამოუნახეთ გაუბედურებულ ქვეყანას!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მათე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here