სამეგრელოს უხუცესთა საბჭო ახალი ინიციატივებით გამოვიდა, რომლებიც საშინაო და საგარეო საკითხებს ეხება, მაგრამ ამჯერად ყურადღებას ხუთ საგარეო მიმართულებაზე გავამახვილებ, ვინაიდან ეს მართლაც რევოლუციური განაცხადია:
1. „საქართველოს მთავრობამ, სასურველია, შეიმუშავოს იურიდიული მექანიზმი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრების ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუციიდან ამოიღებს ან შეაჩერებს, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არის საფრთხის შემცველი;
2. განიხილოს და გადაწყვიტოს აფხაზეთის მონაკვეთის გავლით საქართველო-რუსეთის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის აღდგენა. ამ საკითხის პოლიტიზირება საქართველოს მტრების მიერ არის პროვოცირებული და, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს მოსახლეობას;
3. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან დღეს არსებული უთანხმოებისა და ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად;
4. დასვას საკითხი აფხაზებსა და ოსებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ფედერალური მოწყობის საფუძველზე, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში თანაბარუფლებიან წევრად საქართველოს მიღების შესახებ 1992 წელს გაეროსა და რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ საზღვრებში;
5. სასურველი და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, საქართველოს ხელისუფლება განცხადებით თუ მიმართავს თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციას წევრად მიღების შესახებ, რადგან ამ ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპები – ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოუყენებლობა და საზღვრების ურღვევობა, დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ორგანიზაციის წევრობა უფრო განამტკიცებს ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის, საკვანძო ფუნქციას.
ეს არის საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემული რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს საგარეო ვექტორს ეხება და რომლის შესახებაც გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა ფრიდონ ინჯიამ და ზურაბ ჩხაიძემ ისაუბრეს. აქვე ვიტყვი, რომ მე ამ საკითხის გარედან შემფასებელი კი არ ვარ, მაქვს პატივი, ვიყო ამ საბჭოს წევრი და ამ განცხადებაზე მეც მაქვს ხელი მოწერილი.
საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ვლაპარაკობ, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობაზე, მაგრამ საქართველოში დასავლეთის სპეცსამსახურებს მხოლოდ დასავლურად მომართული ხელისუფლებები მოჰყავთ, რის გამოც ყველა (დაწყებული გამსახურდიათი და დამთავრებული ივანიშვილით) რუსეთისგან მტრის ხატს ქმნიდა. არაფერს ნიშნავს ის, რომ ბოლო ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში პირველ პირებს ერთმანეთი ჭირის დღესავით სძულდათ, ეს ხელს სულაც არ უშლიდა მათ, დასავლური ორიენტაცია ჰქონოდათ და დასავლეთიდან მოსული დირექტივებით ეხელმძღვანელათ, ამიტომ იმ მდგომარეობის შექმნაში, რომელშიც დღეს საქართველოა, ყოველ მათგანს თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
მართალია, ივანიშვილს სურდა რუსეთთან დაძაბული ვითარების შერბილება, მაგრამ ეს ერთობ უხეირო ფორმულით სცადა: ორივე მიმართულებით კარგი ურთიერთობა! ეს ფორმულა უხეირო იმიტომ არის, რომ რეალობას მოწყვეტილია. რუსეთი და აშშ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლუსია, რის გამოც ორივესთან კარგი ურთიერთობა ვერ გამოვა. ან ერთი, ან მეორე – ასეთია რეალობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც უკვე ვთქვი, ოთხივე თაობის ხელისუფლება დასავლეთისკენ მიილტვოდა და რუსეთს უპირისპირდებოდა. მხოლოდ ბოლო პერიოდში განვითარდა მოვლენები ისე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასავლეთს გაუძალიანდა და სუვერენიტეტის საკითხი წამოსწია. სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა, რადგან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის დავალება მიიღო, რაც საქართველოს უკრაინიზაციას ნიშნავდა, ეს კი დამღუპველი იქნებოდა. ასეა თუ ისე, „ქართულმა ოცნებამ” ეს ნაბიჯი არ გადადგა, რის გამოც დასავლეთთან ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ ვერც რუსეთის მიმართულებით გადადგეს სერიოზული ნაბიჯები. პირდაპირი დიალოგის დაწყებაზეც კი ვერ წავიდნენ. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა ნატოსა და ევროკავშირზეც უარი გვითხრა და არც სახელმწიფო გადატრიალების მცედლობაზე აუღია ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო იმ მოდრეიფე გემის მდგომარეობაშია, რომელსაც შუა ზღვაში კომპასი მოეშალა, გარე სამყაროსთან კავშირი დაკარგა და, სანამ კურსის გასწორების საშუალებას გამონახავს, საკუთარი ბედი ზღვის ტალღებს მიანდო. ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. კურსის გასწორების ინიციატივა ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში, სანამ სხვები გვიპოვნიან, რადგან ისინი ჩვენს ინტერესებს ყოველთვის უგულებელყოფენ და საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. აი, რა ამოცანა დგას ჩვენ წინაშე. ამ ვითარებაში ორი რამ არის გასათვალისწინებელი:
1. ეს კურსი რეალობიდან უნდა მომდინარეობდეს;
2. იგი ოპტიმალური უნდა იყოს, ანუ საქართველოს ინტერესებს სხვისი ინტერესების ფონზე უნდა ხედავდეს და პირიქით.
„სასურველი” და „შესაძლებელი” სხვადასხვა რამეა. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა და არა – სასურველის. შესაძლებლის გამოკიდებამ სასურველი არ უნდა დაგვავიწყოს, მაგრამ სასურველის ხიბლის გამო შესაძლებელი არ უნდა გავუშვათ ხელიდან.
სამეგრელოს უხუცესებმა და მათმა თავკაცმა ფრიდონ ინჯიამ სწორედ ამ მიდგომით იხელმძღვანელეს, როდესაც ხელისუფლების წინაშე ის საგარეო პრიორიტეტები მონიშნეს, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში ვმსჯელობ.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც აღმოჩნდებიან ისეთები, რომლებიც ძველი აზროვნების ინერციისგან ჯერ ვერ განთავისუფლებულან და კვლავაც დასავლეთისკენ ლტოლვის აპოლოგეტებად რჩებიან, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის ბოლოდროინდელი ტენდენცია გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ვითარება პრინციპულად იცვლება. მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესი შეუქცევადია. მრავალპოლუსიან მსოფლიოში კი, სადაც რუსეთი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ წამყვან პოლუსად ყალიბდება, პოსტსაბჭოთა სივრცეც და, ალბათ, ვარშავის პაქტის ყოფილი სახელმწიფოებიც მისი გავლენის სფეროდ დარჩება. ეს, სუვერენიტეტის დაკარგვას კი არა, ახალ გეოპოლიტიკურ სისტემაში ოპტიმალური ადგილის პოვნასა და დაკავებას ნიშნავს. სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ და ჩემ მიერ სტატიის დასაწყისში ციტირებულ რეკომენდაციებში ხუთივე პუნქტი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი (მეოთხე) – „დასვას საკითხი აფხაზებსა და ოსებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ფედერალური მოწყობის საფუძველზე, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში თანაბარუფლებიან წევრად საქართველოს მიღების შესახებ 1992 წელს გაეროსა და რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ საზღვრებში”, – საკვანძო მნიშვნელობისაა და მართლაც რევოლუციურია. დააკვირდით, რას ნიშნავს საკითხისადმი ამგვარი მიდგომა. ეს არის საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ის ფორმულა, რომელიც შესაძლებელია მისაღები იყოს ყველა მხარისთვის.
* საქართველოსთვის იგი, პირველ რიგში, მომხიბლავია იმით, რომ ამ წინადადების მიღებით რუსეთი საქართველოს აღიარებს იმ საზღვრებში, რომელშიც 1992 წელს იყო აღიარებული გაეროს (და თვით რუსეთის მიერ) ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან ერთად;
* რუსეთისთვის ეს შეთავაზება მომხიბვლელი უნდა იყოს იმით, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორი ხდება და, ამასთანავე, უხერხულობისგან, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 2008 წლის აღიარებასთან, ერთბაშად თავისუფლდება;
* აფხაზებისა და ოსებისთვის ეს შეთავაზება მისაღები უნდა იყოს იმის გამო, რომ საქართველოს ფედერაციულ მოწყობაში ისინი იმ ღირსეულ ადგილს იპოვნიან, რომელიც მათი სუვერენიტეტის შემლახავი არ იქნება და, რაც მთავარია, წერტილი დაესმება იმ ვითარებას, როდესაც ჩვენს მოძმე ხალხებთან (აფხაზებსა და ოსებთან) დიამეტრულად განსხვავებული და ერთმანეთთან შეუთავსებელი საგარეო ვექტორი გვქონდა. თუმცა, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ, როგორც კი შევთავაზებთ ამ ფორმულას, რუსებიც, აფხაზებიც და ოსებიც მას აიტაცებენ და თავიანთ სამოქმედო პროგრამად გამოაცხადებენ. ეს რთული დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაოა, მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად შესანიშნავად მიგნებული ბაზაა. რამდენიმეჯერ ვახსენე სიტყვა „ოპტიმალური”. სწორედ ეს სიტყვა შეესაბამება სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს მიერ არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც შეთავაზებულ ამ რეკომენდაციას. დანარჩენი სწორ პოლიტიკურ ალღოსა და დიპლომატიურ უნარებს მივანდოთ. მადლობას ვუხდი სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თითოეულ წევრს, რომლებსაც პოლიტიკურ სიბრძნესთან ერთად ის საზოგადოებრივი სითამამეც აღმოაჩნდათ, რომელიც ასე დეფიციტურია საქართველოში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინათ აშშ-თან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. ჩვენ მოთმინებით ველოდებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხრიდან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
კი ბატონო, ვნახოთ, დაველოდოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არ არის გათვალისწინებული რუსეთის პოზიცია, არც ის არის გათვალისწინებული, რაზე თანხმდება ეს ორი ზესახელმწიფო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ახლა მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის სიტყვა, რომელიც ამ სტატიაში რამდენიმეჯერ ხაზგასმულად ვახსენე და რომელი სიტყვაც ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ქართველ პოლიტიკოსებს ერთხელაც არ გახსენებიათ – „ოპტიმალური”. პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპტიმალური მიდგომა, ასე თუ ისე, მუშაობს. რაც არასდროს მუშაობდა, ეს არის რადიკალური მიდგომა. სამწუხაროდ, რადიკალიზმი ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობისთვის, მეთოდი კი არა, უმძიმესი სენია, მოურჩენელი სენი.
ვალერი კვარაცხელია







