ნანა კაკაბაძე: 40 ათასი მდიდრებმა შეიძლება ერთ დღეში დახარჯონ, მაგრამ ამ თანხისთვის რიგით ოჯახს მთელი წლის განმავლობაში მონური შრომა უწევს

    „ხელისუფლებას გარკვეული ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინა. 40 ათასზე კი არა, პირობითად, 150 ათასი ლარის შემოსავალზე დაეკისრებინა გადასახდი ადამიანებისთვის”

    2005 წელს ამოქმედებული კანონის მიხედვით, იმ მოქალაქეებმა, რომელთა შემოსავალიც 2024 წელს 40 000 ლარს აღემატებოდა და ან შესაბამისი თანხის რამე ქონებას ფლობენ, 15 ნოემბრამდე ქონების გადასახადი უნდა გადაიხადონ, მანამდე კი დეკლარაციის შევსება იყო საჭირო.

    40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალზე გადასახადი 0,2%-დან 0,05%-მდე მერყეობს, ხოლო, თუ წინა წლის 12 თვის შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, მაშინ გადასახადის განაკვეთი 0,8-დან 1%-მდეა.

      არის თუ არა 40 ათასი ლარი ის შემოსავალი, რომელზეც გადასახადი უნდა დაეკისროს ოჯახს საქართველოში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

    _ ქონების გადასახადის შესახებ კანონი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მიიღეს. იმხანად 40 ათასი არ იყო მცირე შემოსავალი. დღეს კი ინფლაციის პირობებში, როდესაც ყველაფერი ძალიან არის გაძვირებული  (დაწყებული მედიკამენტებით, დასრულებული აუცილებელი პროდუქტებით) და როდესაც პენსიაც ძალიან მცირეა და ხელფასიც, თუკი კერძო სექტორში მუშაობს ადამიანი, ასეთი გადასახადის დაკისრება დამანგრეველი დარტყმაა მისთვის.

    ხელისუფლებას გარკვეული ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინა. 40 ათასზე კი არა, პირობითად, 150 ათასი ლარის შემოსავალზე დაეკისრებინა გადასახდი ადამიანებისთვის. 40 ათასი მდიდრებმა შეიძლება ერთ დღეში დახარჯონ, მაგრამ ამ ფულისთვის რიგით ოჯახს მთელი წლის განმავლობაში მონური შრომა უწევს. 

    ეს გადასახადი ძალიან ურტყამს ოჯახების ბიუჯეტს, ხელისუფლებამ არ იფიქრა დემოგრაფიულ პრობლემაზე, მრავალშვილიანი ოჯახების წახალისებაზე, მაგრამ დაწესებული აქვს გადასახადი, რომელიც ოჯახებს დაანგრევს…

    ქონების გადასახადი ახალი თემა არ არის, თავშივე გითხარით, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან არსებობს, მაგრამ ახლა უფრო უჭირს ხალხს გადახდა, თანაც 40 ათასი მხოლოდ მდიდრების შემოსავალი არ არის, ფასებმა მოიმატა, ხელფასებმა _ არა. 40 ათასი საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების გადასახადია, რაც სერიოზული დარტყმაა, ეს შეცდომა იყო. ქონების გადასახადი 150 ათასი ლარის შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის უნდა დაეკისრებინათ.

    _ ხელისუფლება თავის ქმედებებით, მხოლოდ ე.წ. აკაცუკებს კი არა, უკვე ბევრ ადამიანს აღიზიანებს. ამას დიდხანს აიტანს ჩვენი საზოგადოება?

    _ ვერ აიტანს, ამიტომ აუცილებელია სერიოზული ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბება. ხელისუფლებას, ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავს და ასეთი ქვეყანა, შეიძლება  დიქტატურად გადაიქცეს.

    _ ყველა ახალი ე.წ. ოპოზიციური პარტია ეჭვს გამოიწვევს, აქ დამოუკიდებლად ვერავინ იმოქმედებს…

    _ თუნდაც ასე იყოს. ხელისუფლება ნიშნავდა პრეზიდენტებსა და პრემიერებს, რომლებიც შემდგომ ოპოზიციაში გადავიდნენ… მთავარია, შეიქმნას პარტიები და იმ ოპოზიციაშიც გამოჩნდებიან სანდო ადამიანები. ხელისუფლების ოპონირება ჯანსაღი პროცესია…

    _ თვითონ ბიძინა ივანიშვილი თუ იხდის გადასახადებს?

    _ წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდეს, რადგან მას ფულის მიმართ გამძაფრებული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ შეღავათები ბიზნესმენებისთვის, რომლებიც აფინანსებენ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობოებს და ქველმოქმედებას ემსახურებიან, ყველას ეხება… ბუნებრივია, შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილსაც.

    იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილი  მოსკოვში ბიზნესმენობდა, ყველამ, ასე ვთქვათ, გადააგდო ხალხი, მაგრამ ბიძინას არავინ გადაუგდია. ის თავისი ფულის დაცვის გამო, რომელიც დაუყადაღეს, არ გაურიგდა ევროპელებს… ამაზე მეტი დასტური რა საჭიროა _ ბიძინა ივანიშვილი შემოწმებულია ფულთან დამოკიდებულებაში, ჩვენ ვხედავთ, საქართველოს ბიუჯეტის გამფლანგველებს როგორ ექცევიან. ივანიშვილი  თავის ნათესავებს არ მიუტევებს ფულის გაფლანგვას, უდიერ დამოკიდებულებას. მან ღარიბაშვილს არ აპატია ფულის გაფლანგვა…

    ხელისუფლებას სხვა პრობლემა აქვს _ არაბული ინვესტიცია… ხელისუფლება ამბობს, რომ არაბული ინვესტიციით აშენებული საცხოვრებელი ძვირად ღირებული იქნებაო, და ვინ იქნება მისი მყიდველი, ვისთვის აშენებენ? ხელისუფლებას მოუწევს შეკითხვებზე პასუხის გაცემა…

    _ ხელისუფლება საზოგადოების უმოქმედობამ გაათავხედა…

    _ უმოქმედო ვიყავი მეც და ბევრი ჩემნაირიც, რადგან, ხმა რომ ამომეღო, მტრის წისქვილზე დავასხამდი წყალს. ახლა კრიმინალური წარსულის მქონე პარტიებს აღკვეთავენ და გზა გაიხსნება.  მერიამ თბილისი მკვდარ, რკინა-ბეტონის ქალაქად აქცია… ასე ვერ გაგრძელდება. ხელისუფლება თავის ქმედებით დესტრუქციული ძალების წისქვილზე ასხამს წყალს და მერწმუნეთ, ეს დასრულდება…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here