ნანა კაკაბაძე: დღეს ქვეყანაში ასარჩევი არავინ გვყავს, ყველა პოლიტიკურ ძალას ამჟამინდელი ხელისუფლება ჯობია

    ,,სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, მანამდე საქართველო ,,შავი ჭირისგან” ვერ გათავისუფლდება”

    სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ფასების შემცირებაზე იმსჯელა და პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო კომპანიის მოწვევის ინიციატივით მიმართა. კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის თქმით, გამოვლინდა 4 მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელთა მოსაგვარებლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაა საჭირო…

    საზოგადოება ფასების მარეგულირებელი კომისიისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი… შეძლებს  ხელისუფლება თავისი ინიციატივის განხორციელებას თუ იმედგაცრუება გველის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

    _ ნაცების აკრძალვის თემა საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის.  მგონია, რომ ძველი აგენტურა მუშაობს, აი, ის, რომელიც კომუნისტების პერიოდშიც მუშაობდა. აგენტურა მოქმედებს ყველა სფეროში, შესაბამისად, ნაცები არიან ყველგან და მათ ნებაზეა დამოკიდებული თითქმის ყველაფერი. ხელისუფლების პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, მათ განადგურებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. 2012 წელს, როდესაც სპორტის სასახლეში შევკრიბეთ წინა ხელისუფლების რეჟიმის მიერ დაზარალებულები და დავაყენეთ სამართლიანობის აღდგენის საკითხი, სწორედ მაშინ უნდა დასრულებულიყო ,,ნაციონალური მოძრაობა”…

    14 წელიწადში ახალი თაობა წამოვიდა, რომელსაც არ ახსოვს უახლოესი წარსული, ზოგმა გადახარშა იმჟამინდელი ტკივილი, ბევრი ქვეყნიდან წავიდა. ასე რომ, საზოგადოება შეეგუა იმ 9-წლიან უბედურებას, ,,ოცნება” კი გაურიგდა წინა ხელისუფლების  წარმომადგენლებს, ერთობლივი ბიზნესები აქვთ. სასათბურე პირობები შეუქმნეს ნაციონალებს და, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, მანამდე საქართველო ,,შავი ჭირისგან” ვერ გათავისუფლდება.

    პოლიტიკიდან ნაცების ჩამოცილება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მათი ,,ოპოზიციონერობა” საზოგადოებას ხრწნის. ისინი ადამიანობისგან დაცლილი, ბოროტი და დაუნდობლი არიან. მათთვის მთავარია, დამკვეთს აჩვენონ, რომ ყველაფერზე წავლენ. ჯერ 9 და შემდეგ 13 წელიწადი უმძიმეს პერიოდად შევა საქართველოს ისტორიაში. 1990-იან წლებში უკიდურესი გაჭირვება გვქონდა, მაგრამ გვიყვარდა ერთმანეთი. დღეს უკვე გადაგვაგვარეს და ამაზე ხალხს სათანადო რეაქცია არ აქვს…

    _ შექმნეს საპარლამენტო კომისია, რომელიც სურსათისა  და მედიკამენტების ფასების შემცირებაზე იმუშავებს. ამ კომისიის მიმართ ხალხი სკეპტიკურად არის განწყობილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრობლემების მოსაგვარებლად უცხოელი სპეციალისტების მოწვევა გადაწყვიტეს…

    _ ავადმყოფს რომ უმკურნალო, დიაგნოზი უნდა იცოდე… კომისიის სხდომაზე გაარკვიეს, რომ მთავარი პრობლემა ბანკის მიერ გაცემული მაღალი პროცენტი ყოფილა, რომელიც პროდუქციას აძვირებს… კოლოსალურია ბანკის პროცენტი, სესხი დასაფარავია, ხარჯები კი _ დიდი. საკითხი კომპლექსურად არის შესასწავლი. აუცილებელია სახელმწიფო ბანკის შექმნა, რომელიც ნორმალურ, ადამიანურ პროცენტში გასცემს სესხს _ ეს კარგი გამოსავალია.

    უცხოეთის მოდელი რომ მოჰყავთ ხოლმე ნიმუშად, იქ სახელმწიფო მუშაობს. მაგალითად, თურქეთში სახელმწიფო აფთიაქებია, რომელსაც თავისი ხელმისაწვდომი ფასები აქვს, ამიტომ კერძო აფთიაქი იძულებულია, ფასი დაწიოს. არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც არ არის სახელმწიფო სექტორი _ კლინიკა, აფთიაქი, სუპერმარკეტი. არ სჭირდება ამას უცხოელი სპეციალისტი, რადგან ხელის გულზე დევს ყველაფერი…

    _ გამოდის, ამ შემთხვევაშიც ,,კრება მხიარული დარჩება?

    _ უცხოელების ლოდინი თუ მოგვიწევს, მაშველის მოსვლამდე დავიღუპებით…

    _ ფასების შემცირებაზე საუბრობენ და პრემიერმა ახლახან გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით საქართველოში 1 აპრილიდან  6 წელზე მეტი ხნის ექსპლუატაციის ავტომობილების შემოყვანა იკრძალება. ავტომობილი ფუფუნების საგანი აღარ არის, მაგრამ მანქანა, რომლის ექსპლუატაციის ვადა 6 წელზე ნაკლებია, ძვირი ღირს და მას რიგითი ქართველი ვერ შესწვდება…

    _ თუკი მათ ვკითხავთ, იტყვიან, ძველმა მანქანებმა ეკოლოგიური პრობლემები შექმნესო,  ძველი მანქანები აბინძურებს გარემოსო. გეტყვიან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვავითარეთ და ბევრი მანქანა საჭირო არ არისო.

    მანქანების რაოდენობის შეზღუდვა კი არა, ქალაქის მშენებლობაა დასარეგულირებელი, სასწრაფოსა და სახანძროს მანქანები ვერ მიდიან კორპუსებამდე, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. შენდება 30-სართულიანი კორპუსი, რომელში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ორი-სამი მანქანა ჰყავს. მორჩა! ქუჩა გადაკეტილია, ქალაქი _ მოწამლული. ეს კორუფციის გარეშე როგორ ხდება?

    კიდევ გავიმეორებ: სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები ადგილამდე ვერ აღწევენ… გზები მოუწესრიგებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროულად არ დადის, მოსახლეობას ტრანსპორტამდე მისვლა უჭირს, ეს იწვევს ხელოვნურ პრობლემას. თბილისის ამჟამინდელი დაგეგმვა უმეცრების დემონსტრირებაა.

    _ საზოგადოების დიდი ნაწილი ამჟამინდელ ხელისუფლებას არ სწყალობს და როგორ შეძლებენ  ძალაუფლების შენარჩუნებას, თუკი პრობლემები არ მოაგვარა?

    _ არჩევანი გასაკეთებელია. მიშას რომ გადავირჩევდით, ვიცოდით, ახლა აღარ ვიცით, ვინ შეიძლება შეცვალოს ამჟამინდელი ხელისუფლება და ეს 2012 წელს არსებულ ვითარებაზე უარესია. იმხანად ალტერნატივა გვქონდა, ახლა არ გვაქვს. ოპოზიცია არ არსებობს… თუკი არ იქნება სხვა მოცემულობა, ქართველი საზოგადოება ნაცების შიშით კვლავ ,,ქართულ ოცნებას” აირჩევს.

    დღეს ჩვენ ასარჩევი არავინ გვყავს. ყველა პოლიტიკურ ძალას ამჟამინდელი ხელისუფლება ჯობია… მდგომარეობა თითქმის უიმედოა, ამიტომ აუცილებელია მოქმედება…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here