მხოლოდ 17 მაისს უნდა დავიცვათ ოჯახის სიწმინდე და წლის დანარჩენი დღეები, უბრალოდ, არ გვეხება?

    Tbilisi Open Air-ი არ იყო არანაირი მუსიკალური ფესტივალი. ეს იყო გარყვნილების რამდენიმე დღე - სოდომი და გომორა. ეს იყო ნარკოტიკების უპრეცედენტო რაოდენობით მიღების მარათონი. ეს იყო ხატებისა და წმინდანების გინება-შეურაცხყოფაში შეჯიბრება და მათ პასუხი არავინ მოსთხოვა…

    არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო. მაშინ ყველას გაგვიხარდა, რომ ამ კანონს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 84-ვე წევრმა  და მერე რა, რომ იმხანად ლგბტ თემის წარმომადგენლები ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ერთად პარლამენტის წინ იდგნენ და კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. პროტესტს  შეუერთდნენ ევროპული ქვეყნების ელჩები და განაცხადეს, რომ ეს თურმე ადამიანთა უფლებების შეზღუდვა, ჰომოფობია და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფაა. მერე რა, რომ ანალოგიური კანონი, კარგა ხანია, ევროკავშირის წევრ უნგრეთში მოქმედებს…

     რიგით ადამიანებს იმედი მიეცათ, რომ 17 მაისს აღარ იქნებოდა არეულობა, ყველაფერი ისე ჩაივლიდა, როგორც თუნდაც ამ 17 მაისს ჩაიარა, როცა ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა და ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, მოდი, მაინც გადავხედოთ იმ კანონს, რომელშიც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა ლაპარაკი. ამ კანონით, დაუშვებელია ქორწინების, ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრაცია ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.  კანონპროექტით დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათ ეკრძალებათ ბავშვის შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა, აკრძალულია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება; აგრეთვე, დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

    რაც მთავარია, აკრძალვა ეხება მაუწყებლებსაც. დაუშვებელია  მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იყოს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის გავრცელება მაუწყებლის ეთერით. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.  ამავე პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

    აკრძალვა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებასაც ეხება. კერძოდ, დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

    ალბათ, ყველამ იცის, რომ გასულ კვირას, თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – Tbilisi Open Air ჩატარდა. ჯერ იყო და, ამ გაუგებრობაში ნანი ბრეგვაძის მონაწილეობამ გაგვაოცა, რადგან… არც ქალბატონი ნანია იმ ასაკში, ნახევრად შიშველ და აღტყინებულ-აღგზნებული ჯენზი თაობის წარმომადგენლებთან ერთად იკუნტრუშოს, და მეორეც –  რაც იქ ხდებოდა, სწორედ ბრეგვაძის თაობის წარმომადგენლებმა უნდა გააპროტესტონ და თქვან, რომ ეს არ არის სწორი, რომ ეს ამაზრზენია, რომ არ შეიძლება ასე ხდებოდეს. გარდა იმისა, რომ Tbilisi Open Air-ზე მყოფი ახალგაზრდების უმრავლესობა ან ალკოჰოლური, ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო და ეს ჩანდა ვიზუალურადაც; სცენაზე, არცთუ იშვიათად, ახალგაზრდა ბიჭები მუსიკალურ ნომრებს ქალის კაბაში გამოწყობილები ასრულებდნენ, ჰქონდათ მაკიაჟი, ფრჩხილებზე ფერადი მანიკიური… ამიტომ ვსვამთ კითხვას – კანონში რომ გვიწერია, „დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“, რატომ არავინ  აკრძალა ეს უმსგავსობა? არ იყო ეს სოდომ-გომორას პოპულარიზაცია? გოგონები თუ ბიჭები ერთმანეთს ღია სივრცეში რომ კოცნიდნენ და ეფერებოდნენ, გარყვნილებად არ ითვლებიან? თუ მხოლოდ 17 მაისს უნდა დავიცვათ ოჯახის სიწმინდე და წლის დანარჩენი დღეები, უბრალოდ, არ გვეხება? მარტო ერთ დღეზე მივიღეთ კანონი?

    ახლა იმ უბედურ ერეკლე გეწაძეზე ვთქვათ,  უბედურზე, იმიტომ, რომ, თავისი ჭკუით, მაგარი რაღაც გააკეთა და რუსეთის დროშას ჯერ საჯაროდ მიაშარდა, შემდეგ  ცეცხლი წაუკიდა და ხბოს აღტყინებით აცეტებული ბრბოც ტაშისკვრით შეხვდა ამ ამბავს. რუსულმა მხარემ ეს არ მოიწონა და მუქარებიც წამოვიდა, –  მაგ გეწაძეს დავსჯითო. ჰოდა, ჩვენი ინფორმაციით, მისი სამეგობრო და ოჯახის წევრები ფეხებში ჩაუვარდნენ  ხელისუფლებას და ეხვეწებიან, ეგებ დაცვა დაუნიშნოთ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო. ჯერ ერთი, ამხელა კაცმა არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რასაც იცი, რომ შეიძლება ასეთი შედეგი მოჰყვეს; მეორეც – როცა „პრადვინუტობაზე“ გაქვს პრეტენზია და დროშაზე საჯაროდ შარდავ, ცოტა კი არა, კარგად გოიმობაა; და მესამეც – რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ადამიანებს სურთ, რამდენი იდიოტიც გამოჩნდება და იდიოტურ საქციელს ჩაიდენს, იმდენს დაცვა უნდა დაუნიშნოს სახელმწიფომ და ამ ყველაფერში გადასახადების რიგითი გადამხდელების ფული დაიხარჯოს?  გამოვიდეს ის ერთუჯრედიანი და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში: არ უნდა მექნა, სხვა ქვეყნის დროშაზე არ უნდა მომეშარდაო, მაგრამ არც ამის გაკეთება უნდა და თან შიშით უკვე „უნებლიე შარდვები“ ემართება თურმე. ისე, მას  რამე რომ დაემართოს, თუნდაც თითი გაეჭრას, რუსეთს დააბრალებენ და იტყვიან: აგერ, შური იძიესო. ბარემ ისიც გავიხსენოთ, თავის დროზე პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიამ რომ აგინა ვლადიმერ პუტინს და მერე დაცვით დადიოდა, აქაოდა, შეიძლება მომკლანო და „კვალის არევის მიზნით“ ხან ერთ მეგობართან რჩებოდა, ხან – მეორესთან. ჰოდა, გაბუნიას  მაგალითზე ჭკუა ვერ ისწავლეს და აკეთებენ იმას, რისთვისაც მერე ვირთხებივით სოროებში იმალებიან. თუ მართლა ვაჟკაცი ხარ, დემეტრე თავდადებულივით წადი და ჩადი რუსეთში (დემეტრე II ურდოში ჩავიდა), იქ „აკაჩავე“ შენი უფლებები, მაგრამ არა, ზუსტად იცის, რომ რუსეთში არ მოკლავენ, მაგრამ შეიძლება… ჰო… და მაგის ეშინია სწორედ.

    ხელისუფლების საყურადღებოდ კი ვიტყვით, რომ არ შეიძლება მიღებული კანონი მხოლოდ ერთ დღეზე მოქმედებდეს. დანარჩენ დღეებშიც აუცილებელია მათი აღსრულება. გადაჭრით გეუბნებით, რომ Tbilisi Open Air-ი არ იყო არანაირი მუსიკალური ფესტივალი. ეს იყო გარყვნილების რამდენიმე დღე – სოდომი და გომორა;  ეს იყო ნარკოტიკების უპრეცედენტო რაოდენობით მიღების მარათონი;  ეს იყო ხატებისა და წმინდანების გინება-შეურაცხყოფაში ერთმანეთთან შეჯიბრება და მათ პასუხი არავინ მოსთხოვა. სამწუხაროდ, 1 ივლისიდან მკაცრდება კანონი ნარკოტიკებზე და სამწუხაროდ იმიტომ, რომ  Tbilisi Open Air-ს ვერ მოუსწრო. იმედია, სამომავლოდ სამართალი ყოველდღიურად აღსრულდება და კაბაში  გამოწყობილ „ვაშკაცებს“ სცენაზე დგომა აეკრძალებათ. ასე არ შეიძლება, ასე არ უნდა ხდებოდეს!

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here