მწარე რეალობა: მალე ჩვენთვის  სამყოფი საკვები პროდუქტების 10 პროცენტსაც ვეღარ მოვიყვანთ და იძულებულნი ვიქნებით, იმ ქვეყნის დღის წესრიგით ვიცხოვროთ, რომელიც  პროდუქტებს მოგვაწვდის

    იმედგაცრუება გეუფლება, როდესაც სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მონაცემებს ეცნობი და იმედოვნებ, რომ  შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებლები გექნება რომელიმე მიმართულებით, მაგრამ  ხვდები, უკეთესი კი არა, უარესი ვითარებაა  და ვერაფერს შველი. ადრეც რამდენიმეჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ: თუ ასე გაგრძელდება, სულ რაღაც 3-4 წელიწადში საქართველო  მხოლოდ მომხმარებელი  და არაფრის მწარმოებელი ქვეყანა იქნება, ანუ იმის 10 პროცენტსაც ვეღარ თუ აღარ მოვიყვანთ, რაც  ჩვენთვის იქნება სამყოფი,  და სწორედ იმ ქვეყნების დღის წესრიგით ვიცხოვრებთ, რომლებიც საკვებ პროდუქტებს მოგვაწვდიან. ეს არის უმწარესი და უმძიმესი რეალობა. თავად დარწმუნდით:

    2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბოსტნეულის იმპორტმა  26%-ით მოიმატა. არ გეგონოთ, ეს მცირე  რაოდენობა  იყოს. როცა  სხვა ქვეყნებში  ამ მაჩვენებლის 3%-მდე  მატებაა, განგაშის ზარებს არისხებენ ხოლმე და ჩვენ 11 თვეში (დეკემბრის სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს) მოვახერხეთ იმდენი, რომ იმპორტი 26%-ით გავზარდეთ. უფრო კონკრეტულად კი, გასული წლის 11 თვეში შემოტანილ  ბოსტნეულში 78 მლნ დოლარი გადავიხადეთ. ჰო, ეს ის თანხაა, რომელიც სხვა ქვეყნებს ვაჩუქეთ. არადა,  შეგვეძლო, საქართველოში დაგვეტოვებინა. 78 მილიონი დოლარი, დღევანდელი კურსით, 210 მილიონ ლარზე მეტია. ხვდებით, რა თანხას ვკარგავთ? ამას დაუმატეთ ის ფასნამატი, რომელიც  შემომტანებმა მიიღეს და…

    გახსოვთ, ადრე ვწერდით, რომ თურქეთს ნელ-ნელა, მაგრამ  სტაბილურად შემოაქვს პროდუქტი, იაფად გვაძლევს,  შემდეგ კი, როცა მასზე სრულად ჩამოვეკიდებით, გვიძვირებს. ჰოდა, იმპორტის უდიდესი წილი სწორედ თურქეთზე მოდის – 52,6%;  ამასთანავე, გასულ წელთან შედარებით ყველა პროდუქტი გაძვირებულია და, სავარაუდოდ,  გაისად უფრო გაძვირდება, ორი წლის შემდეგ – უფრო მეტად და ბოლოს, მამასისხლად რომ მოგვყიდიან, უარს ვერ ვიტყვით, რადგან ალტერნატივა  არ გვექნება. რაც შეეხება  ხუთ ქვეყანას, რომლებიდანაც ყველაზე მეტი ბოსტნეული შემოგვაქვს, ასეთია : თურქეთი – 41,053 მლნ დოლარი, უზბეკეთი – 10,339 მლნ, აზერბაიჯანი – 5,899 მლნ, ირანი – 4,967 მლნ, ჩინეთი – 4,მ693 მლნ. იმპორტირებულ ბოსტნეულს შორის ლიდერია პომიდორი – 17,037 მლნ აშშ დოლარი;  შემდეგ მოდის ხახვი, პრასი, ნიორი – 16,071 მლნ; გამხმარი პარკოსანი მცენარეები – 12,322 მლნ; კიტრი – 8, 478 მლნ; კარტოფილი – 4,410 მლნ; სტაფილო, თალგამი, ჭარხალი – 2,271 მლნ; სალათა და ვარდკაჭაჭა – 1,734 მლნ; კომბოსტო, ბროკოლი – 1,614 მლნ; გაყინული ბოსტნეული – 1,366 მლნ.

    მოდი, კონკრეტულად ხახვზე გავაკეთოთ აქცენტი. ხახვზე იმიტომ, რომ საქართველოს ყველა კუთხეში შეიძლება მისი მოყვანა  (რიგ რეგიონებში ორი მოსავლის აღებაც) და ამის მიუხედავად შემოგვაქვს.  ჯერ ის ქვეყნები დავასახელოთ, რომლებიდანაც ყველაზე მეტი ხახვი შემოვიტანეთ:  აზერბაიჯანი -16 223 ტონა  3,924 მლნ დოლარის ღირებულების, თურქეთი -13 226 ტონა  3,161 მლნ დოლარის ღირებულების, უზბეკეთი – 6 770 ტონა 1,574 მლნ დოლარის ღირებულების, რუსეთი – 792 ტონა 184 ათასი დოლარის ღირებულების. ხახვის იმპორტი 25%-ით   გაიზარდა და მთლიანობაში მხოლოდ ამ მცენარეში  9,978 მლნ დოლარი გადავიხადეთ. გესმით?! თითქმის 10 მლნ დოლარი მხოლოდ ხახვში, არადა, უმარტივესად შეგვეძლო, იმაზე მეტი ხახვი მოგვეყვანა, ვიდრე შემოვიტანეთ,  და საექსპორტოდაც გაგვეტანა…  

    არ გეგონოთ, უკეთესი მდგომარეობა ხილის მიმართულებით გვქონდეს. მოდი, მსხალზე ვთქვათ: ალექსანდრეული  ბევრს მოსწონს. სამწუხაროდ, ჩვენთვის საყვარელი გულაბი ნელ-ნელა გაქრა ბაზრიდან და მხოლოდ სოფლებში თუ   შემორჩა. ჰოდა, მსხლის იმპორტი  შარშან 17%-ით გაიზარდა. მართალია, „მხოლოდ“ 5 მილიონი ლარის მსხალი ვიყიდეთ, მაგრამ,  ამას სხვა ხილიც რომ დავუმატოთ,  სოლიდური თანხა გამოვა. არადა, ამდენჯერ გვსმენია, კაცს შვილი უნდა ჰყავდეს, ხე უნდა დარგოს და სახლი უნდა ააშენოსო. ჩვენ კი  მხოლოდ კორპუსების შენებაზე გადავედით და შვილებიც… მიმოიხედეთ ირგვლივ (დიდ ქალაქებში განსაკუთრებით) და დათვალეთ, რამდენ ოჯახს ჰყავს 2-ზე მეტი შვილი. მსხალს კი ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან და ჩინეთიდან ვეზიდებით. ჰო, მსხალი, შარშანდელთან შედარებით, გაძვირებულია და გაისადაც გაძვირდება.

    იცით, საოცარი რა არის?! ნუთუ ვერ ხვდება  სახელმწიფო (სოფლის მეურნეობის სამინისტრო), რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასი მსოფლიო ბაზარზე ყოველწლიურად მატულობს და ყოველწლიურად სულ უფრო რთული ხდება ნატურალური პროდუქტების მოძიება თუ შეძენა? ნუთუ ვერც იმას ხვდებიან, რომ ამ მიმართულებაზე აქცენტის გაკეთებამ ისეთი ქვეყანაც კი აქცია ნამდვილ სახელმწიფოდ, როგორიც თურქეთია? ნუ ეწყინებათ თურქ მეზობლებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი სოფლის მეურნეობის სფეროში ვერც ერთი მიმართულებით საქართველოსთან ახლოსაც ვერ მოდიოდნენ, ახლა კი ყველა მიმართულებით გვისწრებენ. მხოლოდ პროდუქტები კი არა, თურქული საფეხბურთო კლუბები თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას უჩოქებდნენ, ოღონდ ამხანაგური მატჩი გვეთამაშეთ და, რაც გინდათ, გვთხოვეთო.  ეს იმიტომ, რომ ჩვენგან ესწავლათ. ქართული კლუბები, ძირითადად, უარს ამბობდნენ არაფრისმომცემ შეხვედრებზე, ახლა კი… ახლა, არათუ თურქეთის ნაკრებია ანგარიშგასაწევი ძალა, არამედ თურქული კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგასა თუ კონფერენს ლიგაზე მუდმივად თამაშობენ და ფეხბურთელებშიც 20-30 მილიონს ისე იხდიან, როგორც არაფერი. თურქეთში სამუშაოდ წასვლა არც ცნობილ სპეციალისტებს „უტყდებათ“ და ვაღიაროთ, რომ არა ერთი და ორი თურქული კლუბის ბიუჯეტი საქართველოს მთელ ჩემპიონატს ჯიბეში ჩაისვამს.

    ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდება ხვალ და ზეგ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ან იგეგმება თუ არა რამე, მაგრამ  გვახსოვს, პირადად ბიძინა ივანიშვილი რომ დაგვპირდა, ამ სფეროს ავაყვავებო… ცოდვა გამხელილი სჯობს, მან სოფლის მეურნეობაში არაერთი მილიარდი ლარი ჩადო, მაგრამ არასწორი მიმართულებით…  არ შეიძლება სააკაშვილივით ხან ბაყაყების იმედი გქონდეს და ხან ფერადი ალუჩის. ჩვენ გვაქვს არაერთი მიმართულება, რომლებიც განვითარებული იყო, და შეგვიძლია, ისევ განვავითაროთ. ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, მწვანილი, საზამთრო და ნესვი რატომ უნდა შემოგვქონდეს სხვა ქვეყნებიდან, რატომ უნდა ვხარჯავდეთ ამდენ ფულს ხახვსა და პომიდორში, როცა პირიქით, სხვაგან გაგვქონდა?  თუმცა მხოლოდ სახელმწიფოს ნუ დავაბრალებთ, ადამიანებიც გავზარმაცდით და ამის ნათელი მაგალითი პანდემიის პერიოდში სახლებში გამოკეტილი მოსახლეობა იყო. ხალხმა სოფლებს მიაშურა და დაიწყო სოციალურ ქსელებში სურათების გამოქვეყნება, ვინ როგორ დაამუშავა ბოსტანი, ვინ რა ბოსტნეული თუ ბაღჩეული მოიყვანა და, სხვათა შორის, იმ პერიოდში ყველაზე ნაკლები შემოვიტანეთ. და მერე… მერე ისევ ქალაქებსა და ბინებს დავუბრუნდით, გავხალისდით ცოტა და გვეყო.

    მოკლედ, ყველა ქვეყანა ცდილობს, როგორმე რაიმე ნიშა დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე, კონკრეტული საკვები პროდუქტის მიმართულებით და, თუ ამას ვერ მოახერხებს, იმდენი მაინც აწარმოოს, სხვა ქვეყანაზე თუ  ქვეყნებზე არ იყოს ჩამოკიდებული. ჩვენ კი დამოკიდებულების   მაჩვენებელს ყოველწლიურად ვზრდით და თითქოს ასეც უნდა იყოს, ხმას არავინ იღებს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here