თუ ქვეყანას განვითარება სურს, ფული განათლების სისტემაში უნდა ჩაიდოს. ასე აკეთებს თითქმის ყველა სახელმწიფო, მაგრამ მხოლოდ ფულის ჩადება არ ნიშნავს, რომ დადებითი შედეგი აუცილებლად გექნება. ამის ნათელი მაგალითი, სამწუხაროდ, საქართველოს განათლების სისტემაა. პრინციპში, რაღა მაგალითი, შეგვიძლია ვიკითხოთ: გვაქვს კი განათლების სისტემა? აღნიშნულ პრობლემაზე არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ, სადაც ახლა მივდივართ, გამართლება, უბრალოდ, არ აქვს.
დავიწყოთ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეკორდი მოხსნა და ყველაზე მეტჯერ შეცვალა განათლების მინისტრი. 2012 წლის შემდეგ ალექსანდრე წულაძე განათლების მე-12 მინისტრია და, უხეშად რომ დავიანგარიშოთ, თითო მინისტრს პოსტზე ერთ წელზე ოდნავ მეტის გატარება უწევს. შედეგი კი… შედეგს, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვხედავთ და ამ სისტემას თავი და ბოლო, ბავშვებმა კი არა, ზრდასრულებმაც ვერ გაუგეს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩინურ თუ ინდურ ზღაპრებს ასწავლიან, იქაურ სიბრძნეებსა თუ ლეგენდებს, ქართული ლეგენდები და ზღაპრები კი თაროზეა შემოდებული. ვინ და რატომ აკეთებს ამას, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ პატარებს, მოთხრობის კი არა, ჩინური და ინდური გვარ-სახელების დაზეპირება უჭირთ. აფრიკულ ზღაპრებსა თუ ლეგენდებსაც არ აკლებენ ჩვენს შვილებს და ისინიც რომელიღაც აფრიკული ტომის ბელადის სახელს ისე იზუთხავენ, გეგონება, საქართველოს ისტორიაში რამე წვლილი ჰქონდეს შეტანილი.
რაც ყველაზე ცუდია, ყველა მინისტრმა განვითარების 5-წლიანი გეგმა შეიმუშავა და ყველამ ახლიდან დაიწყო. ანუ, გადაეწყობოდა სამინისტრო და, შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულება ერთ რელსზე, მოვიდოდა ახალი მინისტრი და ყველაფერს ახლიდან იწყებდა და ამტკიცებდა, რომ მისი ხედვა წინამორბედისას ჯობდა და ყველაფერთან ერთად იცვლებოდა სახელმძღვანელოებიც. ეგ ცალკე ბიზნესი და განსჯის თემაა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არა მეორე თუ მესამე ხარისხოვანი.
ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მალე მოსწავლეებს ჩინურის შესწავლასაც ვაიძულებთ. ვიღაცას ეს, შესაძლოა, უკბილო ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ, ნურას უკაცრავად.
„ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის. დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის, სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება“, – ეს განცხადება განათლების სამინისტრომ გაავრცელა.
ანუ, პირველი უცხოური და სავალდებულო ენა ინგლისურია, ხოლო მეორე ენის არჩევა თუ მოუნდება ვინმეს, პრიორიტეტი ჩინურს მიენიჭება. ვაღიარებთ, რომ საქართველოში ჩინელები ძალიან მომრავლდნენ, მაგრამ იქნებ მედლის მეორე მხარეს დავხედოთ და შევეცადოთ, ჩინელებს ვასწავლოთ ქართული, არ მივცეთ ბინადრობის (სხვათა შორის, ბინადრობის მიღების წესი მკაცრდება, მაგრამ არა ენის მიმართულებით) უფლება მანამ, სანამ ელემენტარული სასაუბრო ქართული არ ეცოდინებათ. ჯერ იყო და, მიხეილ სააკაშვილმა აიტეხა ინგლისური ენაო და იმდენი მასწავლებელი ჩამოლალა და იმდენი ფული უხადა ბიუჯეტიდან, ბევრმა ბიზნესი ააწყო. კარგი, გავიგეთ, რომ ინგლისური გვჭირდება, მაგრამ ჩინური?! საქართველოს გეოგრაფიულ მდებაროებას თუ გავითვალისწინებთ, რეალურად რუსული უფრო გვჭირდება, მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა კი არა, გადახედეთ ციფრებს, საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და რამდენი ჩინეთში. აქეთ სომხეთი და აზერბაიჯანია, რომლებთანაც მთავარ სასაუბრო ენად სწორედ რუსული გვქონდა და რაღაც არ გვსმენია, რომ მეზობელ ქვეყნებში ჩინურის სწავლა დაიწყეს. ჩინურს თუ ვისწავლით, მერე ჩინეთში გზა გაგვეხსნება? საქართველოს რამდენი მოქალაქე იცით, ჩინეთში რომ წავიდა, იქ ბიზნესი ააწყო, დღემდე იქ ცხოვრობს და… როცა რამეს აკეთებ, ტვინი ხომ უნდა დააყოლო, წინ ხომ უნდა გაიხედო?!
ან რას ნიშნავს „განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო“?! „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმძღვანელოები რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ ყველა არა, ახლა კი ყველა იცვლებაო, თანაც მშობლების ჩართულობითო. გვერწმუნეთ, რამე ისე რომ არ გამოვიდეს, პირველ რიგში, მშობლებს შეაწმენდენ ხელს, აქაოდა, ისინი იყვნენ ჩართულებიო. რატომ გგონიათ, ბატონებო, რომ მშობლების უმრავლესობა უნდა ერკვეოდეს სასკოლო სახელმძღვანელოების არსში და იცოდეს, რა და როგორ სჯობს? ეს ხომ პირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ წინა მინისტრები აზრზე არ იყვნენ, როგორი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ მოსწავლეები და თურმე წიგნები (თანაც ყველა) შესაცვლელი ყოფილა?!
„სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდეთ ყველა ის საჭირო უნარი და კომპეტენცია, რომლებიც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – ესეც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. აქამდე როგორ იყო, გვეტყვის ვინმე? აქამდე სამინისტროს პრიორიტეტი არ იყო მოსწავლეებისთვის იმ უნარების განვითარება, რომლებიც მათ კონკურენტუნარიანად აქცევს? ალბათ, ჩინური აკლდა ამ ყველაფერს და აგერ, ჩინურის სწავლებასაც დაიწყებენ, მაგრამ…
ძალიან გვეეჭვება, რომ საქართველოში ჩინური ენის ამდენი სპეციალისტი იყოს. არა, ჩინელები საჭიროზე მეტნი არიან, მაგრამ ენის ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ მისი სწავლება შეგიძლია და ახლა, თუ მიშას მსგავსად მოიქცევიან და ჩინური ენის მასწავლებლები მოგვაყრიან, არც სასაცილო იქნება და არც სატირალი. ეს იქნება კატასტროფა და ვაი, რომ ამ კატასტროფისკენ მტკიცე ნაბიჯით მივდივართ. ვერც იმას გეტყვით, არც ერთ პრემიერს რატომ არ გაუჩნდა კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ იწყებს განათლების ყველა მინისტრი განვითარების პროგრამას ხელახლა და რით ვერ განვითარდით. ვინ წერს ამ პროგრამებს და ვინც წერს, რატომ ვერ წერს ისეთს, რომ ყველასთვის მისაღები იყოს და, ახალი მინისტრი კი არა, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდეს, ისიც კმაყოფილი დარჩეს. არადა, ხომ იყო ძალიან მარტივი და ყველასთვის გასაგები და მისაღები პროგრამა, რომლითაც ჩვენც ვსწავლობდით, ჩვენი მშობლებიც და მათი მშობლებიც. არასდროს არავის უთქვამს, ცუდია, მოდი, შევცვალოთო. რაც მთავარია, იმ პროგრამით ნასწავლს ჰქონდა შედეგი, ის შედეგი, რომლითაც დღემდე მოვედით, და ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით ისე გადავაგდეთ, თითქოს არც არასდროს ყოფილა. არავინ ახსენებს, რომ მთავარი პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო და ვერავინ ბედავს, ჩურჩულით მაინც თქვას, ეგებ ის პროგრამა და მეთოდები ჯობდა და იქნებ დავაბრუნოთო. ამის თქმა და ოპოზიციისა თუ არასამთავრობოების ლიდერები ერთმანეთს დაასწრებენ და მთქმელს სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადებენ; იმასაც იტყვიან, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენო. არადა, ძველი პარლამენტარები, ახლა რომ ყოყლოჩინობენ, სწორედ იმ მეთოდით არიან ნასწავლ-განათლებულები, თუმცა არ აღიარებენ.
ნათქვამია, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, მაგრამ, როცა ენას სწავლობ, იმასაც ხომ ფიქრობ, რომ ამ კონკრეტული ენის ცოდნა გამოგადგება. არა, ჩინურის გამოყენება, განსაკუთრებით დედაქალაქში, მარტივად შეიძლება, მხოლოდ ქუჩაში კი არა, სამეზობლოშიც, მაგრამ ენამ უნდა შეგძინოს და მოგიტანოს რამე ახალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩინური ენის შესწავლის შემდეგ ლაო ძის ვინმე ორიგინალში წაიკითხავს და ჩინურიდან ლექსების თარგმნას დაიწყებს… პრინციპში, თუ სასკოლო წიგნებისთვის ვთარგმნით ჩინურ თხზულებებსა და ზღაპრებს, ლექსებმა რა დააშავა?!
მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია გითხრათ: წულაძე განათლების მინისტრი არ იქნება იმ ვადით, რომ დაწყებული თავისი რეფორმები დაასრულოს. შესაბამისად, ახლავე შეიძლება ვარაუდი, რომ ახალ მინისტრს, წინამორბედთა მსგავსად, თავისი ხედვა ექნება და ვინ იცის, ეგებ წიგნები მანაც შეცვალოს და თქვას, რომ, რითაც აქამდე სწავლობდნენ ბავშვები, ცუდი იყო. სამწუხაროდ, პასუხს მათ არავინ მოსთხოვს და ასევე საუბედუროდ, ყველას შეეძლება მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ მისი პროექტი წარმატებული იქნებოდა, ბოლომდე რომ მისულიყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განათლების ვერც ერთმა მინისტრმა ბოლომდე ვერ მიიყვანა დაწყებული საქმე და გამონაკლისი არც წულაძე იქნება. რატომღაც გვგონია, რომ, მინისტრის კი არა, სახელმწიფოს ხედვაა აუცილებელი, უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესრულებაც ყველა მინისტრისთვის სავალდებულო იქნება და ეგებ მერე მაინც გვეშველოს. მანამდე კი…
再见 ! (ნახვამდის!- ასე იწერება ჩინურად).
ლევან გაბაშვილი