ქართული ბიზნესი შეთანხმდა, რომ ახალი წლის შემდეგ ყველა პროდუქტის ფასი მოიმატებს. გვპირდებიან, მატება ბევრი არ იქნება, სულ რამდენიმე თეთრიო, მაგრამ გვინახავს, ეს „რამდენიმე თეთრი“ რეალობაში როგორია, და ისიც გვინახავს, როგორ არ მცირდება ხოლმე გაძვირებულ პროდუქტზე ფასი.
საინტერესოა ახსნა, რომლითაც ბიზნესმენები გაძვირების „გაპრავებას“ შეეცადნენ. მათი თქმით, გაძვირების მთავარი მიზეზი დედაქალაქში შექმნილი საცობებია. როგორც გვეუბნებიან, იმას, რასაც ადრე აკეთებდა ერთი დისტრიბუტორი, ახლა ორიც ვერ აკეთებს უზარმაზარი საცობების გამო. საჭიროა დამატებით რამდენიმე მანქანა და რამდენიმე მუშახელი. ამასთანავე, გაძვირების მიზეზი ჯარიმების გაძვირებაც ყოფილა. თურმე დისტრიბუტორები იძულებულნი არიან, ხშირად დაარღვიონ მოძრაობის წესები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქცია მიაქვთ მაღაზიებში და მანქანას იქ აჩერებენ, სადაც პარკინგი აკრძალულია. ხომ საინტერესოა? მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. როცა ბიზნესმენებს ვუთხარით, რომ ევროპისა და ამერიკის დიდ ქალაქებში საკვები ცოტა ძვირი ღირს, პერიფერიებში კი, სადაც საცობები არ იქმნება და არც პარკინგის გამო აჯარიმებენ ვინმეს, – იაფი, აგვიხსნეს, რომ ამ შემთხვევაში სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და სიშორის გამო საკვები თურმე რეგიონებშიც ძვირი უნდა იყოს. ამას ამბობენ ბიზნესმენები, რომლებისთვისაც „სიშორე“, დიდი-დიდი, 500 კილომეტრია, ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკაში კი დისტრიბუტორები გაცილებით მეტ მანძილს გადიან. იგივე რუსეთი ავიღოთ, ათასობით კილომეტრზე მიაქვთ პროდუქტი და რეგიონებში გაცილებით იაფად ყიდიან, ვიდრე მოსკოვსა თუ სანკტ-პეტერბურგში. რატომ? მიზეზი მარტივია – სახელმწიფოც აკონტროლებს და ბიზნესმაც იცის, რომ იქ, სადაც მოსახლეობას უჭირს, თვითონაც უნდა გაიჭირვოს და მოგების დაბალ მარჟაზე იმუშაოს.
როგორ გგონიათ, ამბროლაურში, ონში, ლენტეხში, ხარაგაულში, ოზურგეთში და სხვა მუნიციპალიტეტებში საცობებია და დისტრიბუტორები დაამატეს? არა, მაგრამ გაძვირება მათაც შეეხება და ბიზნესმენები არც კი გაწითლდებიან. გამოსავალი სად არის? – სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და თანაც მკაცრად! ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, თავისი ჭკუით რომ დასცინის ხოლმე მავანი, აბა, გაუბედოს რომელიმე ბიზნესმენმა და ქვეყანაში საკვები თვითნებურად გააძვიროს! აბა, გაბედოს რომელიმე ბიზნესმენმა და პროდუქტი იმ შემადგენლობით არ მიაწოდოს მოსახლეობას, რომელიც ეტიკეტზე აწერია! როგორც ადრე ამბობდნენ, მაშინვე „ბეზ სუდა ი სლედსტვია“ ციხეში უკრავენ თავს და მის დასაცავად ხმას არავინ ამოიღებს, ამიტომ ვამბობთ, რომ ქართველ ბიზნესმენებს კონტროლი სჭირდებათ, რადგან დაუსჯელობის სინდრომი ისე მყარად აქვთ გამჯდარი, ყველაფერს კადრულობენ და გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან. გვესმის, რომ მსხვილ ბიზნესმენებს მხარდაჭერა „ზემოთაც“ აქვთ, მაგრამ ხომ შეიძლება, სწორედ „ზემოდან“ უთხრან, რომ არის რაღაც, რასაც არ უნდა გადააბიჯონ და უნდა გაითვალისწინონ?! ხომ არ შეიძლება, წლიდან წლამდე მხოლოდ ვუყურებდეთ, როგორ ძვირდება პროდუქტი, შესაბამისად, როგორ ძვირდება ცხოვრება და არასდროს არაფერი არ იაფდება? ხომ შეიძლება ბიზნესმა რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ რიგითი ადამიანების უმრავლესობა მათ გინებასა და წყევლა-კრულვაში არ იყოს?! საუბარი არ არის მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც შემოტანილია. აგერ, ლუდის მწარმოებლებმა თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ახალი წლიდან ლუდის ფასიც, სულ ცოტა, 13-15%-ით მოიმატებს. ესეც ერთგვარი გათვლაა: ლუდს ზამთარში რომ აძვირებენ, მისი მოყვარულები ზაფხულში უკვე ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვან. ასევე გვამცნეს, რომ ძვირდება თამბაქოს ნაწარმიც, მაგრამ ეს უკვე სახელმწიფომ გადაწყვიტა მწეველებზე ხელის მოთბობა, აქციზს აძვირებენ და კოლოფის ფასი, სულ ცოტა, ლარით მოიმატებს. რას ნიშნავს ეს? მწეველი საშუალოდ დღეში ერთ კოლოფს ეწევა, ანუ თვეში 30 ლარს სახელმწიფოს აჩუქებს და იმის გათვალისწინებით, რომ მწეველთა სტატისტიკური მაჩვენებლით, სამწუხაროდ, მოწინავე ერებს შორის ვართ, ბიუჯეტში სოლიდური ფული შევა. პარლამენტარის ხელფასი 12 ათას ლარამდე რომ მოიმატებს, ამას გადახდა ხომ უნდა… მხოლოდ პარლამენტარების ხელფასებში თვეში 2 მილიონი ლარი მიდის ბიუჯეტიდან…
ჰოდა, ასეთი ჯამაგირი რომ აქვთ „ზემოთ“, ხომ შეიძლება, რიგით მოკვდავებსაც გადმოგვხედონ ხანდახან და ბიზნესმენებს აუხსნან, რომ ასე სწორი და სამართლიანი არ არის. აგერ, ერთ-ერთმა სასტუმრომ, საახალწლო ფასდაკლება (?!) გამოაცხადა და 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სასტუმროში დაბინავებისა და საახალწლო ვახშმის ფასი ერთ პერსონაზე 811 ლარი დააწესა. მხოლოდ ახალ წელს გაჭმევენ, მერე 2 დღე თქვენ უნდა ჭამოთ და, რაც მთავარია, მხოლოდ ორ ღამეს ათევთ, რადგან 2-ში, ბედობას, სასტუმრო უნდა დაცალოთ. როგორ გგონიათ, რამდენი ოჯახია (4-სულიანი) საქართველოში, რომელიც თავს უფლებას მისცემს და არასრულ 3 დღეში 3244 ლარს გადაიხდის „გაიაფებულ“ პაკეტში და ზედ კიდევ საკვების ფულს დაამატებს? ბატონებო, ოჯახების უმრავლესობა ახალ წელს შინ შეხვდება და ამ უმრავლესობის უმრავლესობას სრულფასოვანი სუფრაც არ ექნება. არ ექნება ტრადიციული საცივი, გოჭი, გოზინაყი… და ამის მიზეზი არა მხოლოდ უფულობა და სიღარიბე, არამედ პროდუქტების სიძვირეც არის, იმ პროდუქტების, რომლებსაც ბიზნესმენები განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში აძვირებენ და…შემდეგ ისე ტოვებენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მათ ზუსტად იციან, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს, ქართველთა თავმოყვარეობის ამბავი კი ხომ იცით? ყველაფერს გააკეთებენ, ურიის ვალს დაიდებენ და შეეცდებიან, ყველაზე დიდ საერო დღესასწაულს ისე შეხვდნენ, სამეზობლო-სანათესაოში თავი არ მოიჭრან.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? „არაბიზაციას გვიპირებენო“ და ქუჩაში ხალხი გამოვიდა, მაგრამ სრულფასოვნად რომ ვერ იკვებებიან და ვერც ბავშვებს კვებავენ, ამას არავინ აპროტესტებს. მეტი რა უნდა გააკეთოს ბიზნესმენმა, როცა სოსისის შეფუთვაზე აწერს, შეიძლება ღორისა და საქონლის ხორცს შეიცავდესო?! მეტი როგორღა უნდა დასცინოს ყველა კანონსა თუ რეგულაციას, როცა ამას დაგიწერს სოსისზე და იმ პირობებში, როცა საქონლის ხორცი (უძვლო) 30-33 ლარი ღირს, ერთ კილოგრამ „სოსისს“ 7 ლარად ყიდის (ფასდაკლების აქციებზე ეს ფასი 5 ლარამდე ჩამოჰყავს)?! მეტი რა უნდა ქნას ბიზნესმენმა, რომელიც ფულს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე აკეთებს, თავის ოჯახს კი საუკეთესო საკვებით სწორედ ჩვენს ხარჯზე ამარაგებს?! რიგითი ადამიანები უნდა გაბრაზდნენ. ჰო, უნდა გაბრაზდნენ და ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისა და „გადადექი, გადადექის“ ძახილის გარეშე ხელისუფლებას კატეგორიულად უნდა მოსთხოვონ თავგასული ბიზნესმენების მოთოკვა, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა. აქამდე ჩუმად მაინც აძვირებდნენ, ქურდულად, დილით შეხვიდოდი მაღაზიაში და სხვა ფასი დაგხვდებოდა, ახლა კი ისე გათავხედდნენ, პროდუქტის გაძვირების თარიღს პირდაპირ ასახელებენ…
ხელისუფლების საყურადღებოდ ვიკითხავთ – პენსია 20 ლარით რომ მოიმატებს მომავალი წლიდან, როგორ გგონიათ, პროდუქტების გაძვირების ფონზე რამე შვებას იგრძნობენ პენსიონერები? ხომ ვამბობთ, რომ ნაცების წასვლის შემდეგ პენსია რამდენიმეჯერ გაიზარდა და ეს ძალიან კარგიაო, მაგრამ, აბა, მედლის მეორე მხარე ვნახოთ – ეწევა გაზრდილი პენსია გაზრდილ ფასებს? ვერ ეწევა, ძალიან ჩამორჩება და, რასაც ნაცების მმართველობის პერიოდში არსებული პენსიით ყიდულობდა ადამიანი, იმავეს ყიდულობს ლამის სამჯერ თუ ოთხჯერ მომატებული პენსიით. ახლა მაინც მიხვდით, საით მიჰყავთ ბიზნესმენებს ეს ქვეყანა, როცა სახელმწიფოს კონტროლს ვერ გრძნობენ? ისინი სხედან და ითვლიან იმ ხელფასების 10%-იან ნამატს, ზედიზედ მეოთხე წელიწადი საჯარო სამსახურებში რომ აკეთებთ, მომატებულ პენსიასა და პროდუქტებს ამის მიხედვით აძვირებენ. შედეგად, ეს ნამატი ხელფასი თუ პენსია მშვიდად გადააქვთ თავიანთ ჯიბეებში; ხელისუფლება კმაყოფილია, რადგან პენსიებსა და ხელფასებს მოუმატა; ბიზნესიც კმაყოფილია, თავხედობს და ამის გამო არავინ სჯის. ერთადერთი ის ხალხია უკმაყოფილო, თვიდან თვემდე რომ ელოდება ხელფასსა თუ პენსიას და სხვა საშუალება არ აქვს. ეგებ ამაზე იფიქროს სახელმწიფომ და არა იმაზე, საახალწლო განათების ჩართვა შვიდი დეკემბრისთვის სჯობს თუ რვისთვის…
ბესო ბარბაქაძე







