– ოთხში ვიწყებთ და ოთხშივე ვამთავრებთ! – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
– ოთხში დავიწყეთ და ოთხშივე დავამთავრეთ! – ირონიული იყო „ქართული ოცნების” პასუხი, ოთხი ოქტომბრის საღამოს.
გულდასაწყვეტია პაატა ბურჭულაძის ხვედრი. საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვანი კარიერას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო პატიმრობით ამთავრებს, მაგრამ ახლა სენტიმენტების დრო არ არის.
რა იყო ეს?
ამ შეკითხვას პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა: “ეს ყველაფერი არის დაფინანსებული უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა “მაიდნის” შემთხვევაში. გახსოვთ, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ “მაიდანს” და შემდეგ ისიც გახსოვთ, თუ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის. დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული. მან ორი ომი გადაიტანა სწორედ უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სცენარის განხორციელებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსებისა და გარედან ჩარევის ფაქტი”.
ამით ყველაფერია ნათქვამი. საქმე იმ ტიპის სახელმწფო გადატრიალებასთან კი არ გვაქვს, ხელისუფლების მიტაცების მიზნით შიდა ძალების მიერ რომ მზადდება და ქვეყნის შიგნით ხორციელდება, საქმე გვაქვს ქვეყნის გარეთ დაგეგმილ და დაფინანსებულ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რომელიც მათი აგენტურის ხელით უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფო გადატრიალება ნებისმიერ შემთხვევაში გამოუსწორებელი ზიანისა და უბედურების მომტანია, მაგრამ გარედან ორგანიზების შემთხვევაში იგი ომში დამარცხების ტოლფასია. 4 ოქტომბერს სწორედ ასეთი (ქვეყნის გარეთ დაგეგმილი) სახელმწიფო გადატრიალება უნდა განეხორციელებინათ, მაგრამ… ვერ განახორციელეს.
ჯერ ეს „ქვეყნის გარეთ” უნდა დავაზუსტოთ. რომელ ქვეყანაში (ქვეყნებში) დაიგეგმა ეს დანაშაული? რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებში, რომელთა აგენტურაც აქ ასე თავისუფლად დაპარპაშებს – ევროპასა და ამერიკაში, ანუ ე.წ. კოლექტიურ დასავლეთში, მათ სპეციალურ სამსახურებში. თანამედროვე ტერმინებით თუ ვიტყვით, ,,დიფ სთეითსა’’ და გლობალური ომის პარტიაში. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯერ ცოდნა იმისა, საიდან მოდიოდა ეს, მერე კი მთავრობის მიერ ასე პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანი აღიარება, რომ ამ საზიზღარი მოვლენის უკან დასავლეთი დგას, ის დასავლეთი, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საგარეო ორიენტირად, სტრატეგიულ პარტნიორად და მფარველ ანგელოზად გვესახებოდა. ყველაფრიდან ჩანს, რომ მიდგომები და დამოკიდებულებები დიამეტრალურად იცვლება (უნდა შეიცვალოს!). მანამდე კი…
4 ოქტომბერს რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ ხალხს პაატა ბურჭულაძემ დეკლარაციის ტექსტი გააცნო: „დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და, ალბათ, ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდეს ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ… ამ წუთიდან, როგორც კი დეკლარაციას ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს“.
ბურჭულაძემ დეკლარაციაში გამოყო სამი პუნქტი:
* „ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს“;
* „ე.წ. ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია“;
* „ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანობის დაცვას“.
ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ხალხს!” ბოლოს მან შეკრებილ ხალხს დასაპატიმრებელ პირთა სია გააცნო: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი.
პაატა ბურჭულაძის შემდეგ დემონსტრანტებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა. მან ხალხს მოუწოდა, რომ დაძრულიყო პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით. მისი მოწოდების საკვანძო წინადადება იყო: „ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები!“
რამდენიმე წუთის შემდეგ დასავლეთის ქართულმა აგენტურამ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის გალავანი შეანგრია და შტურმი დაიწყო. სპეცრაზმმა, რომელიც სასახლეში იმყოფებოდა, შტურმი ელვის სისწრაფოთ აღკვეთა.
რამდენიმე საათის შემდეგ დააპატიმრეს პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე.
5 ოქტომბერს საქართველოს უშიშროების სამსახურმა გაა ვრცელა ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების სამალავი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დივერსიული აქტებისთვის უნდა გამოეყენებინათ: „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ–ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქემ (ბ.ჭ.) შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები. მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით თბილისში 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. სუს–ის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად ტყის მასივში… ჩვენ მიერ ასევე იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.- ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები… გამოძიება დაწყებულია სსკ–ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. ინტენსიურად ტარდება ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა–დაკავების მიზნით“ .
დასავლეთიდან კი დღესაც ჩადენილი დანაშაულის ფონზეც უპასუხისმგებლო, ცინიკური და შეურაცხმყოფელი ხმები გვესმის. 5 ოქტომბრის საღამოს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ეკუთვნით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ მარტა კოსს. „ეს შაბათი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დღე იყო, რომელმაც ჩაიარა განსხვავებული აზრის გამოხატვისადმი ფართომასშტაბიანი ზეწოლის ფონზე. დამოუკიდებელ მედიაზე რამდენიმეთვიანმა რეიდებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მკვეთრად შეამცირა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს და აქტივობა შედარებით დაბალი იყო. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, OSCE/ODIHR-ის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ხელი შეუშალა სანდო საერთაშორისო მონიტორინგს. რეპრესიული გარემოს გამო ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც თავი შეიკავეს დაკვირვებისგან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აუტანელი ვითარებაა. დანაშაული ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. თითქმის მთელი წელიწადის განმავლობაში დასავლეთის აგენტურა ყოველ საღამოს დემონსტრაციულად და ცინიკურად კეტავდა რუსთაველის პროსპექტს, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობები შეექმნა, საბოლოო ჯამში კი ქვეყანა ქაოსსა და დესტაბილიზაციაში ჩაეძირა, რა ვითარებაშიც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება შედარებით გაუადვილდებოდათ. მართალია, ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა და მისი რეალიზაცია ვერ შეძლეს, მაგრამ ჩანაფიქრი ხომ არსებობდა, გეგმა ხომ შედგენილი იყო, დაფინანსება – გამოყოფილი და აგენტურამდე მიტანილი? სხვა რაღაა საჭირო იმისთვის, რომ დამნაშავეებს ღირსეულად მიეზღოთ? ეს, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ საქმე ამით არ უნდა დასრულდეს. აუცილებელია, ამომწურავად შეფასდეს დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის ბოლო ოცდათხუთმეტწლიანი ცრუ, დამღლელი და შეურაცხმყოფელი ისტორია, რომელიც, ამასთანავე, დანაშაულებრივიც აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა (მხედველობაში მაქვს უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ დასავლეთი გვაიძულებდა მეორე ფრონტის გახსნას, სახელმწიფო გადატრიალებას მათი სპეცსამსახურები ამზადებდნენ და სხვ.), ნათქვამს საქმეც უნდა მოჰყვეს, კერძოდ: უნდა დასრულდეს დასავლეთის კოლონიად ყოფნის სამარცხვინო ისტორია, რომელსაც საქართველოსთვის სამ ნაწილად დაშლის გარდა არაფერი მოუტანია (არაფერს ვამბობ ეკონომიკურ პრობლემებზე, ქართული ეროვნული ღირებულებების ხელყოფაზე, კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე). საქართველო უნდა გამოვიდეს იმ პოლიტიკური სიზმრიდან თუ გეოპოლიტიკური მირაჟიდან, რომელიც ისტორიულად დასავლეთის ნაწილად ყოფნის მითს ეფუძნება და მუდმივად უმღვრევს გონებას ხალხის გარკვეულ ნაწილს. თქმა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” აიკრძალება და ამით დარღვეული სამართლიანობა აღდგება, მცდარია. მართებული იქნება განცხადება იმის შესახებ, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი (ახლა უკვე დანაშაულებრივი) დამოკიდებულების გამო საქართველო იწყებს ამ მიმართულების გადახედვას; პარალელურად იწყებს რუსეთთან დიალოგს დასავლეთის კარნახით გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორების, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივისთვის.
უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ეს მხოლოდ არჩევანი კი არ არის, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, ეს ჩვენი ისტორიული ხვედრია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენც გვეხება, რუსეთთან თვისებრივად განსხვავებული ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ მივყავართ. ეს იმ მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის განუყრელი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახლა ყალიბდება. ჩვენგან მხოლოდ იმის აღიარებაა საჭირო, რომ საქართველო მიესალმება ამ პროცესებს, ვინაიდან იგი საქართველოს ინტერესებს ემთხვევა, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოს ოცდათხუთმეტწლიანი ლტოლვა დასავლეთის მიმართულებით დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, დარჩა ცალმხრივ მეგობრობად და ტრფობად, რომელიც არამხოლოდ გულგრილობასა და გულქვაობას, არამედ დაუმსახურებელ დაცინვასა და შეურაცხყოფას წააწყდა.
ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არჩევანი კი არ არის, ისტორიული აუცილებლობაა, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდა. ის კოშმარი კი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში ტრიალებს უნდა დასრულდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ 5 ოქტომბერს რუსთაველის პროსპექტი კვლავ გადაიკეტა; ვხედავთ, რომ დასავლეთის საინფორმაციო ურჩხული კვლავ ჩართულია და საზოგადოებას ძველებურად წამლავს. კითხვები წამოიშალა:
* ნუთუ ყველაფერი ძველებურად უნდა გაგრძელდეს?
* ნუთუ ამ რამდენიმე იდიოტის დაპატიმრების გარდა სხვა შედეგი არ უნდა დადგეს?
* ნუთუ არ უნდა ამოვისუნთქოთ და არ უნდა ვთქვათ – მორჩა!
სამწუხაროდ, ამის წარმოთქმის საშუალება ჯერ კიდევ არ გვეძლევა, ამიტომ სათაურად გამოტანილი ამ სიტყვის ბოლოს ძახილის ნიშნის ნაცვლად კითხვის ნიშანი დავსვი.
ვალერი კვარაცხელია