მომრავლებული მოძალადე მოზარდები, არასრულწლოვნები, რომლებიც მაღაზიებს ძარცვავენ, იარაღით დარბიან, დანას ისე იქნევენ, თითქოს ჯოხით თამაშობენ, და  არც ციხე აშინებთ

    ჩვენი შვილები ტელეფონში ყოველდღე კლავენ იმისთვის, რომ თამაშის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ... და, თუ ასე გაგრძელდება, ცხოვრების მომდევნო ეტაპზეც ასე დააპირებენ გადასვლას..

    მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, საქმეზე პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა და დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა. უფრო კონკრეტულად კი, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია ძალადობის ხუთი სხვადასხვა ეპიზოდი, ხუთი სხვადასხვა დაზარალებული და ერთი და იგივე შემსრულებლები. ვაღიაროთ,  ეს ძალიან, ძალიან საშიში პრეცედენტია. ის, რომ მოზარდებში ამდენი აგრესია იყო დაგროვებული და სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას (გვერწმუნეთ, ხუთ ეპიზოდზე მეტი იქნებოდა, უბრალოდ, ვიდეომტკიცებულებები ვერ იპოვეს), ვისაც მოიხელთებდნენ და მხოლოდ დროის ამბავი იყო,  ვინმე შემოკვდომოდათ. დაკავებულების სასამართლო პროცესს მთელი საქართველო ადევნებს თვალს და განაჩენიც კიდევ კარგა ხანს იქნება განხილვის თემა, მაგრამ… მოდი, იმაზე ვისაუბროთ, რატომ მოიმატა განსაკუთრებით ახალგაზრდებში აგრესიამ, რატომ იმეტებენ ასე იოლად ერთმანეთს ტკივილისთვის და არცთუ იშვიათად სასიკვდილოდ…

    თავიდანვე გეტყვით, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. პრაქტიკულად, ყოველკვირა გვესმის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ამა თუ იმ სკოლაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მოზარდებმა სროლა ატეხეს, თანატოლები ან უფროსები დახოცეს და, ვაი, რომ ამ ყველაფერს თითქოს მივეჩვიეთ, რეაქცია აღარ გვაქვს და ასეთ ამბებს ისე „ავსქროლავთ“ ხოლმე სოციალურ ქსელში, თითქოს უსარგებლო რეკლამა იყოს. ფსიქოლოგმა, რომელიც ზემოაღნიშნულ პრობლემას სწავლობს, ჩვენთან საუბრისას ისეთ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც მანამდე ბევრს არ უფიქრია. მან ფსიქოლოგის განათლება რუსეთში მიიღო და თქვა, რომ აღნიშნული პრობლემა  ჩრდილოელ მეზობელსაც არანაკლებ აწუხებს და ამიტომ იქაური კანონმდებლები შეზღუდვების დაწესებას აპირებენ. ეგებ ჩვენც  ვიფიქროთ სერიოზულ შეზღუდვებზე.

    ყველა ბავშვის მშობელს, ალბათ,  სმენია სიტყვა „რობლოქსი“. ეს არის თამაში, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უწყინარია და, თუ ბავშვი საკმარისად არის გათვითცნობიერებული პროცესში, შეუძლია „რობლოქსის“ რაღაც სერია თუ ეტაპი თვითონ შექმნას. ამას ბევრი აკეთებს – ზოგი რთულს, ზოგი –  მარტივს, მაგრამ… „რობლოქსის“ თამაშებში  შემდეგ ეტაპზე რომ გადახვიდე, უნდა მოკლა გარეული ცხოველები და არც ისე იშვიათად ადამიანებიც, ანუ მოწინააღმდეგეები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლიან. მეტიც, ზოგჯერ გარკვეული ბონუსის მისაღებად უნდა მოიკლა თავი ან მეგობარს სთხოვო, მოგკლას და… არის თამაში, რომელშიც 15-ჯერ თუ მოგკლავს მეგობარი, ბონუსს გაძლევს. დააკვირდით თქვენ შვილს, როცა თამაშობს, მეგობარს ეუბნება, „მომკალი, დროზე მომკალი!“..  ან ისმის ფრაზა „რამდენი სისხლი გაასხა, დაინახე?“  ასეთი ფრაზების მოსმენისას არ გვაქვს რეაქცია,  არ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი შვილების ქვეცნობიერში ილექება, რომ ისინი ვალდებულები არიან, რაღაც ეტაპის გადასალახავად ვინმე მოკლან ან თავი მოიკლან, ან ცხოველები დახოცონ.  რაც მთავარია, ვინც წინ არის წასული, სკოლაში თუ უბანში ავტორიტეტია. „აუ, ამან ათი ეტაპი გადალახა; აუ, იმან 30 მოწინააღმდეგე მოკლა“ და ა.შ. ბოლოს გამოდის, რომ თითქოს  უწყინარი თამაში ჩვეულებრივი ცხოვრებისეული გაკვეთილია, როცა მიზნის მისაღწევად საჭიროა მოკლა. და  ამ ყველაფერს მოზარდები ისრუტავენ. არც ის არის უცხო, რომ კამათის ან ჩხუბისას  ცდილობენ, ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც თავიანთი გმირები იქცევიან კომპიუტერული თამაშისას – თავი დაუზიანონ, რადგან თამაშში თავის დაზიანება უეჭველ გამარჯვებას ნიშნავს.

    სამწუხაროდ, საუბარი არ არის მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებზე. გადახედეთ, თანამედროვე მულტფილმებს და ნახავთ, რომ მათი პერსონაჟები უცნაურად გამოიყურებიან – არ აქვთ ნორმალური ადამიანის ფორმა, ვერ გაარჩევ სქესს, ცხოველებიც არ არიან ისეთები, როგორიც რეალობაში და ეს ყველაფერი ისეა აზელილი ერთმანეთში, რომ შეუძლებელია კაცისა და ქალის გარჩევა, ცხოველების გარჩევა და ბავშვისთვისაც სულერთია,  ვინ  არის გოგო, ვინ – ბიჭი და, საერთოდ, მგელია თუ სპილო. ამ მულტფილმების გმირების  სათამაშოების შეძენას ბავშვები მშობლებს სთხოვენ და ის უსქესო და უფორმო არსებები შინ ჰყავთ. გაიხსენეთ, რამდენიმე ათეული წლის წინანდელი მულტფილმები, ყველას ყველაფერი ეტყობოდა, იცოდი, ვინ ვინ იყო და რას აკეთებდა, სცენარი იყო შინაარსიანი, საინტერესო, სახალისო, საბავშვო. ახლა კი… ახლა ღორის ფორმის არსება ჭამს მგელს და შემდეგ გადაიქცევა გველეშაპად, რათა ადამიანების ფორმის არსებებს დაერიოს. ვიღაცისთვის ეს შეიძლება უაზრობა იყოს, მაგრამ ბავშვებისთვის ასეთი რამ  დაუშვებელია. ბავშვები  ამას იმახსოვრებენ, ითვისებენ, ახორციელებენ. რატომ მოიმატა ახალგაზრდებში სუიციდის შემთხვევებმა? რატომ ემშვიდობებიან მოზარდები ასე მარტივად სიცოცხლეს? რატომ არის, რომ მშობლის უფრო ნაკლებად ესმით? ეს აღარ არის მამებისა და შვილების ბრძოლა, ეს არის მამების ბრძოლა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ვიღაცის თუ ვიღაცების კარგად გათვლილ სცენართან, რომელშიც, სურთ თუ არა, თითქმის ყველა ბავშვია ჩართული.

    სად არის გამოსავალი? ბავშვებითვის მსგავსი თამაშების აკრძალვა არ შეიძლება, რადგან ყველა (უმრავლესობა) არ აუკრძალავს და, შესაბამისად, ისინი, ვისაც აუკრძალავენ, ბულინგის მსხვერპლად იქცევიან, რადგან არ ეცოდინებათ ახალი თამაშები, ახალი ეტაპები, ვერ იქნებიან ინტეგრირებული თანატოლებში. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ რუსეთში სერიოზულად ფიქრობენ, ასეთი თამაშების დაბლოკვაზე და შესაძლოა, ვინმეს გადმოწერილი ჰქონდეს, მაგრამ ახალს ვეღარ ნახავს… ახალ თაობას კი ეცოდინება, რომ ღორს დინგი თამაშშიც  უნდა ჰქონდეს, სპილოს კი  ხორთუმის ნაცვლად ანტენა არ უნდა ეყენოს. საქართველოში მსგავსი  თამაშების აკრძალვას ოპოზიცია, არასამთავრობოები და, რაც მთავარია, დასავლელი „მეგობრები“ ცივილიზაციასა და განვითარებასთან ბრძოლად ჩათვლიან. მერე რა, რომ უკვე გვაქვს  სავალალო  შედეგი – რეკორდულად მომრავლებული მოძალადე მოზარდები, არასრულწლოვნები, რომლებიც მაღაზიებს ძარცვავენ, იარაღით დარბიან, დანას ისე იქნევენ, თითქოს ჯოხით თამაშობენ, და არც ციხე აშინებთ. კომუნისტების პერიოდში იყო არასრულწლოვან ბავშვთა ოთახი, რომელზეც ერთი ძალოვანი უწყების კონკრეტული თანამშრომელი იყო მიმაგრებული და მთელი უბნის არასრულწლოვნებს აკონტროლებდა, თითოეულის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა და ზუსტად იცოდა, ვის რა უჭირდა თუ ულხინდა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გზას ასცდებოდა, საქმეში ერთვებოდა მთელი სისტემა, პირველ რიგში, მშობლები; შედეგად ათასობით ბავშვი დაუყენებიათ სწორ გზაზე, ამჟამად ესეც არ არის. კი, შეიქმნა არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრი, მაგრამ იცით, რატომ გვგონია, რომ ეს ცენტრი ვერ გაამართლებს? იმიტომ, რომ მოზარდებს არ აქვთ ისეთი პირობები, თავი დამნაშავედ ან დასჯილად რომ იგრძნონ, არც ფსიქოლოგს მოუსმენენ და, რაც მთავარია,  არ აქვთ განცდა, რომ ისინი შეიძლება მართლა დასაჯონ. მათ ზუსტად იციან, თუ დარეკავენ არასამთავრობო ორგანიზაციებში,  უამრავი დამცველი გამოუჩნდებათ, მშობლებს „გაატელევიზორებენ“, გაკიცხავენ და ეს იცის ყველამ, ამიტომ საჯაროდ გამოჭენებას ყველა ერიდება.

    აბა, გაიხსენეთ ჩვენი ბავშვობისდროინდელი თამაშები და დაასახელეთ ერთი მაინც, რომელშიც მკვლელობა ან თვითმკვლელობა იყო საჭირო. გაიხსენეთ ერთი შემთხვევა მაინც, როცა წახალისებული იყო ვინმეზე ძალადობა, ან გაიხსენეთ მოზარდების ჯგუფი, რომელიც სხვებზე ძალადობდა და ეს ეამაყებოდა, სხვებს კი შურდათ, თვითონ რომ არ იყვნენ მათ ადგილზე. არ ხდებოდა ასეთი რამ. პირველ რიგში, სწორედ მშობლები დასჯიდნენ შვილებს, სხვას თუ ისე გაიმეტებდნენ, როგორც ახლა იმეტებენ.  ახლანდელი მშობლები კი ცდილობენ, შვილები გაამართლონ, გამართლება მოუძებნონ სისხლიან ფეხსაცმელს, გაშლილ დანას, „შემთხვევით მოკლულ“ მასწავლებელს… დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი მოზარდები (ეპატიათ ერთი, ორი, ხუთი დანაშაული) წამსვლელი იყვნენ ყველაფერზე და იცით, ეს რას გვახსენებს? აი, აფრიკის ქვეყნებში არასრულწლოვნებს იარაღს რომ აძლევენ და ბრძოლის წინა ხაზზე უშვებენ,  ადვილად კლავსო. რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენთან ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, სტატისტიკა სხვა რამეზე მიუთითებს. ჩვენი შვილები  ტელეფონში ყოველდღე კლავენ იმისთვის, რომ  თამაშის მომდევნო  ეტაპზე გადავიდნენ…  და, თუ აე გაგრძელდება,  ცხოვრების მომდევნო ეტაპზეც ასე დააპირებენ გადასვლას…

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here