ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან მომრავლდა დიდი ყვითელი კრაზანა philanthus triangulum-ი, რომელოც ხის ფუღოროებში ან სახლების სხვენებში ბინადრობს. ეს კრაზანა ჩვენთან ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა. გამოჩნდა რა, შემოიყვანეს და ამაყად გამოგვიცხადეს, რომ ის ფაროსანას გაანადგურებდა. ვერ გეტყვით, ვინ იყო ამით დაინტერესებული, რადგან ყველგან, სადაც ამ კრაზანის შესახებ წერია, გასაგებად არის მითითებული, რომ ამ ჯიშის კრაზანა (მდედრი) იკვებება მხოლოდ ფუტკრით, ხოლო მამრი – ფუტკრითა და ხილით, ანუ მათ სხვა საკვები არ აქვთ და არსად წერია, რომ ისინი ფაროსანას ერჩიან.
philanthus triangulum-ს „ფუტკრის მგელს“ ეძახიან. სწორედ ასე იცნობენ მას მსოფლიოში. მარტივი გასაგები რომ იყოს, რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ სახეობის მწერს, გეტყვით, რომ 30 კრაზანას ერთ ჯერზე 30 ათასი ფუტკრის განადგურება შეუძლია. ის ფუტკარს სკასთან უსაფრდება, ნესტრავს, შემდეგ ხორთუმს აგდებინებს, დანარჩენს კი ჭამს. იქვე თუ არ ჭამს, ბუდისკენ მიაქვს, რადგან კრაზანის ერთი ბარტყის გამოკვებას დღეში 5-7 ფუტკარი სჭრდება, ფუტკარი უნდა ჭამოს მდედრმა კრაზანამაც. აღსანიშნავია, რომ ამ კრაზანის ნაკბენით საქართველოში უკვე ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე შემთხვევაში სიკვდილი საძილე არტერიასთან კბენამ გამოიწვია – სანამ დაზარალებული საავადმყოფომდე მივიდა, დანესტრილი ადგილი გასივდა და…
ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში პრობლემის მოგვარების სახელით სხვა, უფრო დიდ პრობლემას ვიმატებთ და საქმეს ვაფუჭებთ. ვაი, რომ ამ ყველაფერს უნებლიეთ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ის პროგრამები, რომლებმაც, წესითა და რიგით, გლეხები უნდა ამოასუნთქოს. ბევრს არც ემახსოვრება, წლების წინათ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ფერმერებს უთხრეს: ინდაურები მოამრავლეთ, მსოფლიო მათ მოშენებაზეა გადასულიო. დაფინანსებაც სოლიდური იყო და ბევრი დაინტერესდა. ასე გაჩნდა საქართველოში თეთრი ინდაური. ჰო, სრულიად თეთრი ინდაური, რომელიც მანამდე არ გვენახა, მერე კი გაირკვა, რომ ეს გამოყვანილი ჯიში ევროპასა თუ ამერიკაში იყო გავრცელებული, მაგრამ არავინ გვითხრა, რომ ამ ჯიშმა არ გაამართლა, რადგან ბროილერის დნმ-ზე შექმნილი ფრინველი ძალიან მალე კი იზრდება, მაგრამ ასევე ძალიან მალე სუქდება, ქონში ცურავს და ხორცი, პრაქტიკულად, არ აქვს. პროგრამით აღებული ვალდებულების შესრულების შემდეგ თეთრი ინდაურის მოშენების სურვილი აღარავის გასჩენია. ეგ კი არა, ძალიან ბევრმა ქათმის ფასშიც ვერ გაყიდა და ზოოპარკის ადმინისტრაციას ეაჯებოდა, ეგებ ჩაიბაროთ და ცხოველებს აჭამოთო. იმხანად გადავრჩით და ჩვენი შავ-ნაცრისფერი ინდაური თეთრით ვერ ჩანაცვლდა.
სამაგიეროდ, ვერ გადავრჩით სიმინდის შემთხვევაში და ახლა ქართული თეთრი სიმინდი სანთლით საძებარია. გინდათ თუ არა, ამერიკული პიონერი დათესეთ, სასწაულს მოახდენსო, და ამ ჯიშმა მართლა სასწაული საქმე დაგვმართა: ჯერ ერთი, მოყვანილი სიმინდი არ მრავლდება, ანუ თესლი ყოველ ჯერზე უნდა იყიდო; მეორე – მისგან მჭადი და ღომი არ კეეთდება და მხოლოდ ცხოველებისა თუ ფრინველების საკვებად ვარგა. არანაირი გემოვნური თვისებები არ აქვს სიმინდის ტაროს, რომ მოხარშო ან შეწვა და მიირთვა. სამაგიეროდ, მოსავალს იძლევა დიდს და ლამის მთელი საქართველო გადავიდა მის მოყვანაზე. შედეგად ნამდვილ ქართულ სიმინდის ფქვილს იშვიათად თუ შეხვდებით…
ფუტკრით ტყუილად არ დაგვიწყია – სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მორიგი პროგრამა გამოაცხადა; მზად არის, მეფუტკრეებს სკების შეძენაში დაეხმაროს და თითო სკა 70 ლარით დაუფინანსოს. კარგი, გამართული სკა 140-150 ლარი ღირს და, სახელმწიფო ნახევარს რომ იხდის, არ არის ცუდი, მაგრამ ჯერ ერთი, ყიდვისას მეფუტკრეს არჩევანის შესაძლებლობა უნდა მისცე და არ მიუთითო, გინდა თუ არა, ამ კაცისგან უნდა იყიდო სკებიო; მეორეც – საუბარია ფუტკრის ოჯახების შეძენაზე, ოღონდ… შემოყვანილზე. არადა, მსოფლიოში აღიარებულია, რომ ქართული ფუტკარი უნიკალურია, აქედან მიჰყავთ და ამრავლებენ, ჩვენ კი საკუთარს ვერ თუ არ ვამჩნევთ და უცხოურისკენ გვიჭირავს თვალი. სწორედ შემოყვანილ ფუტკარს შემოჰყვა ვაროა, ე.წ. ფუტკრის ტკიპა. ეს მავნებელი ყოველწლიურად ფუტკრის ათასობით ოჯახს ანადგურებს. ნელ-ნელა ისწავლეს მეფუტკრეებმა ამ მავნებელთან ბრძოლა და დღეს, ახალი უბედურება რომ შემოჰყვეს ფუტკრის ახალ ოჯახებს, ვინ არის პასუხისმგებელი?
იმავე სოფლის მეეურნეობის პროგრამებით, უამრავი უცხოური მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიყვანეთ და, სანამ ფერმერები მიხვდებოდნენ, რა სჭირდათ, ბევრს დაეხოცა. ახლა, წველას რომ მოუკლო შემოყვანილმა ძროხამ, უცხოელი ექსპერტები გვეუბნებიან, სტრესი აქვთ, მუსიკა მოასმენინეთ, განსაკუთრებით კლასიკური უყვართო. რა ვიცი, სოფელში ბებია-ბაბუებს ქართული ჯიშის ძროხები რომ ჰყავდათ და ნორმალურად რომ იწველებოდნენ, არ მინახავს და არც მსმენია, ბოსელში ჩასვლამდე მუსიკა ჩაერთოთ და ძროხა მოცარტის ნაწარმოებებზე ეწველათ.
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, უფრო ზუსტად, ის ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი ესმით, ერთხმად ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შემუშავებული პროგრამები, უბრალოდ, შავი ხვრელია და რა რაოდენობის თანხებიც უნდა „ჩავასხათ“, მათ ვერასდროს ამოვავსებთ, რაც მთავარია, ვერც გავაკონტროლებთ. ხმას არ ამოვიღებდით, საუბარი უკვე მილიარდებზე რომ არ იყოს. მმართველმა გუნდმა რეალურად შეასრულა დაპირება და სოფლის მეურნეობას მილიარდები დაახარჯა, მაგრამ ერთია დახარჯვა, მეორე – შედეგი, რომელიც, უბრალოდ, არ გვაქვს და ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ. და ეს ხდება იმის ფონზე, რომ ყოველწლიურად იზრდება დაბანდებული თანხა, ანუ სულ უფრო მეტს ვდებთ და, რაც მეტია თანხა, მით უკან მივდივართ. ამ დროს ტელევიზიით გვიჩვენებენ, რომ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები დადიან საზღვარგარეთ, ხვდებიან კოლეგებს, ისინი ერთმანეთს უზირებენ გამოცდილებას და აფორმებენ ახალ-ახალ ხელშეკრულებებს, მაგრამ… შედეგი არ ჩანს. რამდენჯერ უნდა დავწეროთ, რომ ყოველწლიურად იზრდება სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც შემოგვაქვს, თანაც უკვე შემოგვაქვს იმ რაოდენობით, აქაური წარმოება სათვალავში ჩასაგდები აღარ არის. მწვანილისა და ხახვისთვის სხვა ქვეყნებისკენ ვიყურებით და ამ დროს დავცინით, მაგალითად, ბელარუსებს, რომლებმაც ქვეყნის პრეზიდენტად უკვე მეშვიდედ აირჩიეს ალექსანდრე ლუკაშენკო. არ ვაპირებთ ლუკაშენკოს პოლიტიკურ მიღწევებზე საუბარს, მაგრამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არა მხოლოდ ყოფილ საბჭოეთში, არამედ თითქმის მთელ ევროპაში ბელარუსი ყველაზე სტაბილური ქვეყანა რომ არის, თუ გაგიგიათ? ბელარუსული კარტოფილი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რომ იყიდება და მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, იცით? ის თუ იცით, ბელარუსში ნაწარმოები რძე საქართველოში ადგილობრივზე გაცილებით იაფად, ლამის ნახევარ ფასად რომ იყიდება და ეტიკეტზე აწერია „ნატურალური რძე“ ? დაძებნეთ ინტერნეტში და ნახავთ, როგორ დადის ეს „დიქტატორი“ ფერმებში, როგორ ამოწმებს ხარისხს, როგორ აკონტროლებს სახელმწიფოს მიერ გაღებულ თითოეულ კაპიკს და მიხვდებით, რომ შედეგი სწორედ აქედან გამომდინარეა.
არ ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ; არც იმას ვამბობთ, რომ ყველას უნდა ვუსწრებდეთ, მაგრამ ელემენტარული რაღაცების მოფიქრებასა და გაკეთებას ფილოსოფოსობა ნამდვილად არ სჭირდება. კოლხური ხოხობი მსოფლიოში ძალიან ბევრს მოსწონს, ის მსოფლიოში აღიარებულია, მაგრამ ამ დროს შემოვიყვანეთ ევროპული და ამერიკული ხოხბები, რომლებიც ადგილობრივებს დაერივნენ და გადაშენების პირამდე მიიყვანეს. ამის გამო ვინმეს პასუხი მოსთხოვეს? რა თქმა უნდა, არა, რადგან არავის აინტერესებს არც ხოხობი და არც ფუტკარი; თუ არ გვეყოლება, შემოვიყვანთ და ვიქნებით მშვიდად. საუბედუროდ, სოფლის მეურნეობაზე მეტად ბოლო ათწლეულებში პოლიტიკური ბატალიებია წინა პლანზე წამოწეული და აღარავის ახსოვს, რომ ძლიერი სოფელი, ძლიერი ფერმერი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია.
ბესო ბარბაქაძე