მიხეილ ჟღენტი: ქალბატონ ზახაროვას განცხადება ჩვენ გასაგონად შემოკრული ზარია, რომლის წაყრუება ცუდად დაგვიბრუნდება

    “მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას: ჩადით, ბიძიკოებო, მოსკოვში, სანამ ძალიან გვიანი არ არის!”

    28
    მიხეილ ჟღენტი
    მიხეილ ჟღენტი

    ქართულ მედიაში რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს დიალოგს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. ამისთვის საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და, მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის. ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის  დეპარტამენტის დირექტორ მარია ზახაროვას განცხადებაში

    მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი; უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ერთი მხრივ, თბილისს და, მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის“, _ აღნიშნა ზახაროვამ. მისივე თქმით, ქმედებები შეიძლება გახდეს საიმედო გარანტია იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს. “რუსეთი მზად არის, განაგრძოს ურთიერთობა მათთან, ვინც არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის დაწყებას ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და მათ რეგიონში სხვა დაგროვილი პრობლემების გადაჭრის მიზნით“, _ აღნიშნა ზახაროვამ.

     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის  დეპარტამენტის დირექტორის  განცხადებიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან აქამდე არანაირი კომენტარი არ მოგვისმენია

    რუსეთის მხარის ინიციატივის მნიშვნელობასა და სხვა თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისთვისთავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება.

    _ ბატონო მიხეილ, თქვენი პარტიის ინიციატივითა და ძალისხმევით რუსეთთან ვიზები გაუქმდა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგა. როგორ  განვითარდება თქვენი ახალი ინიციატივა _ ახალი ,,გეორგიევსკი“, ახალი ხელშეკრულება?

    _ ნება მომეცით, დავაზუსტო: მოხდა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, რაც  იმ ქვეყანაში ყოფნის 90-დღიან ვადას ითვალისწინებს. ახლა კი რუს კოლეგებთან სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებაზე ვმუშაობთ, სავიზო რეჟიმის დამრღვევთა ამნისტიასა და საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე რუსეთში, ასევე, სახალხო დიპლომატიის ოფისის გახსნაზე, რომლის ინიციატორიც არის პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია.

    რაც შეეხება ახალ “გეორგიევსკს”  _ ეს არის მოწოდება ახალი, სრულიად განსხვავებული თანამშრომლობისკენ რუსეთსა და საქართველოს შორის; ეს არის ორი სუვერენული, თანასწორუფლებიანი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მექანიზმი ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების გათვალისწინებით.

    საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არავინ აპირებს სხვა ქვეყნის დოტაციაზე აყვანას, ისე, როგორც სსრკ-ის პერიოდში იყო საქართველო რუსეთის მხრიდან. 1/4-ზე იყო შეფარდება, ანუ საქართველოში გამომუშავებულ 1 მანეთს რუსეთი საკავშირო ბიუჯეტიდან 4 მანეთს ამატებდა და ამიტომ იყო საქართველოში ყველაზე მაღალი ცხოვრების დონე ყოფილ საბჭოეთში. ეს ისე, შესახსენებლად, რადგან ბევრმა დაივიწყა, როგორ შენდებოდა 2-3-სართულიანი კერძო სახლები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში.

    მსოფლიო იცვლება, თშო (თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია), “3+3”,  “ბრიჩსი”   _ ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ქვეყნების სუვერენიტეტზეა დაფუძნებული და მსგავსი პრაქტიკა ჩვენც უნდა გავატაროთ ახალი “გეორგიევსკის” დადებისას. “გეორგიევსკი” _ ეს არის ურთიერთობების სიმბოლო და არა კოპირება 1783 წლის ხელშეკრულებისა, რომლითაც საქართველი იძულებული იყო, წასულიყო დიდ დათმობებზე და სწორედ ამიტომ ჩვენმა პარტიამ მიმართა რუსეთისა და საქართველოს პირველ პირებს, დაიწყოს მუშაობა ახალ, ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, სანამ გვიან არ არის, რათა მერე არ მოგვიწიოს მეფე გიორგი XII-ის  მსგავსად ხვეწნა-მუდარის წერილების წერა რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

    ისტორია მეორდება პატარ-პატარა ცვლილებებით, მაგრამ ძირითადი აზრი უცვლელია, ამიტომაც ბატონ მამუკა ფიფიას მიერ რუსულ ენაზე გაკეთებულ მიმართვას მილიონზე მეტი ნახვა და ასიათასობით რეაქცია ჰქონდა. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი პარტიის განცხადებამ მოთმინება დააკარგვინა ლიბერალულ ძალებს _ მსგავსი ლანძღვა-გინება იშვიად მსმენია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ახალი “გეორგიევსკი”  აუცილებლად იქნება, ახლა მთავარია, არ დააგვიანოს ხელისუფლებამ და ისევ არ განმეორდეს ის, რაც 224 წლის წინათ მოხდა. ბურთი ახლა ჩვენს მოედანზეა.

    _ როდესაც ,,სოლიდარობა მშვიდობისათვისამბობსჟენევის ხელშეკრულების ნაცვლადმინსკის ფორმატიასაჭიროო, რას გულისხმობთ?

    _ როგორ შეიძლება ისეთი შუამავალი გყავდეს, რომელიც დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკება არათუ შედგეს, არამედ არ დაუშვას თუნდაც მცირედი წინსვლა თბილისს, მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. როგორც კი სასიკეთო ძვრები იწყება, დიპლომატებს ეხმარებიან პოლიტიკოსები და ნაჯახით აპობენ პატარა, მაგრამ საიმედო კვანძებს. აბა, როგორ ავხსნათ ერგნეთის ბაზრობის გაუქმება, რომელიც წინაპირობა იყო ქართულ-ოსური  ურთიერთობების ბუნებრივად რეგულირების საქმეში. ხალხი ივიწყებდა ძველ ტკივილს და ახალი რეალობით განაგრძობდა ცხოვრებას. სააკაშვილმა აშშის დავალებით ჯერ გააუქმა ეს ბაზრობა, ხოლო 2008 წლის 8 აგვისტოს დაბომბა ცხინვალი. აი, რატომ ვსაუბრობთმინსკის ახალ ფორმატზე”. ისე, 1992 წელს აფხაზეთში ჯარის შეყვანაც აშშის დავალება იყო

    “მინსკის ფორმატი”, რომელიც, მართალია, ჯერ არ არსებობს და უნდა შეიქმნას, გააჩენს ნდობის ფაქტორს მხარეებს შორის. როდესაც იცი, რომ მოლაპარაკების ყველა მხარე მოწოდებულია პოზიტიური შედეგის მისაღწევად, უფრო მშვიდად ხარ და მოლაპარაკების მაგიდასთან რაციონალიზმი მატულობს, შემიძლია დარწმუნებით მოგახსენოთ, რომ ჩვენ არ აგვცდება “მინსკის” ან “მოსკოვის”, ან “გეორგიევსკის” ფორმატი, მაგრამ საქმე ის არის, რა პოზაში და პოზიციაში ვიქნებით იმხანად _ წელში მოხრილი თუ მუხლებზე მდგომი… ესაა დღეს მთავარი საფიქრალი. ისე, ერთ რამესაც დავძენ: არც ერთ პარტნიორს არ უხარია წელში მოხრილ ხელმომწერთან ჯდომა, საერთო ფონს აფუჭებს…  თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას: ჩადით, ბიძიკოებო, მოსკოვში, სანამ ძალიან გვიანი არ არის!

    _ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის  დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, აფხაზებსა და ოსებთან საქართველოს დიალოგს ხელი შეუწყოსო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არანაირი თვალსაზრისი  არ გამოუხატავთ

    _ ქალბატონ ზახაროვას განცხადება არის ჩვენს გასაგონად და დასაფიქრებლად შემოკრული ზარი,  რომლის წაყრუება ცუდად დაგვიბრუნდება.  არ მტოვებს განცდა, რომ ეს ყველაფერი უკვე ნანახი მაქვს 1992-1993 წლებში, იმხანად აშშ-ის მუქარითა თუ “რჩევით” ვერ გადავდგით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მივიღეთ… აფხაზეთი. დღესაც იგივე ხდება, ჩვენ ვერ ვიღებთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისევ აშშ-ის “რჩევითა” და შიშით… ქალბატონი ზახაროვა უკვე მეორედ გვეხმიანება. არ მინდა ტრაბახი, მაგრამ თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან, ჩვენი სტუმრობისას გაკეთებული  მიმართვის შემდეგ გაავრცელა ეს განცხადება მარია ზახაროვამ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის დიპლომატია ქალბატონ ზახაროვას სახით გამოეხმაურა ჩვენი პარტიის  ინიციატივას.

    პირველი იყო, როცა ამა წლის 15 ივნისს  პარტიის ყრილობის სახელით  ბატონმა მამუკა ფიფიამ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ამნისტიასა და ლეგალურად დასაქმებაზე. პასუხმა არც მაშინ დააყოვნა.

    რას გვთავაზობს რუსეთი? გაგაცნობთ ჩემეულ ხედვას:

    1. უარი უნდა ვთქვათ, დასავლეთის ჩართულობაზე კონფლიქტების მოგვარებაში;

    2. აუცილებელია ახალი ფორმატი (სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ), “მინსკის ფორმატი”;

    3. დავიწყოთ მოლაპარაკებები  რუსეთთანდიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.

    ჩვენი მთავარი  ამოცანაა, დავიწყოთ დიალოგი  დასავლეთის გარეშე და მერწმუნეთ, ერთ წელიწადში მივიღებთ შედეგს. ცოტას ჩვენ დავთმობთ, ცოტას _ რუსეთი,  ცოტას _ ჩვენი ძმები: აფხაზები და ოსები და გამოვა საერთო საქმე. მთავარია, დასავლეთი გავაძევოთ საქართველოდან.

    ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დუმს.  1990-იანების მწარე გამოცდილება მკარნახობს, რომ კარგი არაფერი მოხდება და ვაითუ ეს დუმილი ძვირი  დაგვიჯდეს.

    როდესაც რუსეთი აკეთებს ასეთ მიმართვას, მას გეგმა  ა, ბ, და გ უკვე  მომზადებული აქვს. სანამ გთავაზობენ, მანამდე ხარ საინტერესო. მერე მოგიწევს დევნა და ხვეწნა-მუდარა. შეიძლება არც კი გიპასუხონ. ასეთია დიპლომატიაში დროის დაკარგვისა და კუდაბზიკობის ფასი. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ 32-წლიანმა გამოცდილებამ მიმიყვანა ამ დასკვნამდე.

    _ ახლა წინასაარჩევნო მარათონია, მაგრამ საერთოდ არ მომისმენია, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე რამე გეგმა თუ აქვს რომელიმე პარტიას…  როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებსქართული ოცნება” _ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება  საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ყინული გაალღოს?

    _ რას ბრძანებთ?! ვის აინტერესებს დაკარგული ტერიტორიები და ქვეყანა?! ან ვინმესგან მოგისმენიათ სოციალურ საკითხებზე, ბანკებზე, წამლებზე,  საწვავზე საუბარი? არა, ბატონო, ვერ მოისმეთ… ყველას მხოლოდ ერთი რამ სურს _ ხელისუფლება და სალაფავთან ახლოს ყოფნა, ესაა მათი მიზანიც და ოცნებაც.

    ხელისუფლებას არჩევანი არ აქვს. დასავლეთი მას არ ცნობს და არ აღიარებს. რუსეთთან ეშინიათ დალაპარაკება, მაგრამ მოუწევთ და, როგორც ჯიუტი  ადამიანი არ მიდის ექიმთან, სანამ გონებას არ დაკარგავს, ასე დაემართებათ. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ხელისუფლება ვერ მივა ამ პარლამენტის უმრავლესობის შემადგენლობით რუსეთთან დასალაპარაკებლად…

    ძალიან საინტერესო იქნებაოცნებისახალი საპარლამენტო სია, აი, აქ ბევრი რამ გაირკვევა _ სია  იქნებაოცნებისან გამარჯვებისან საბოლოო მარცხის მანიშნებელი

    კონსტიტუციიდან ამოსაღებია სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, ნატო-კატო, ევროპისკენ სწრაფვა. რაც მთავარია, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება  უნდა მომზადდეს და ხელი მოეწეროს. ახლა ვეკითხები მკითხველს _  ვინ არის ამის გამკეთებელი?!…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here