მიხეილ ჟღენტი: ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, არის რუსეთი

    ,,თუ სომხეთის დღევანდელი ლიდერი ჩადის ევროპაში, აშშ-ში და შემდეგ მოსკოვში, ჩვენ რა გვიშლის ხელს, იგივე პოლიტიკა გავატაროთ და ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მასზე არ ამოგვდის მზე და მთვარე?.. “

    მიხეილ ჟღენტი

    ერთერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა მასალა სათაურით   ,,საქართველო აზერბაიჯანის მოთმინებას ცდის”, რომელშიც საქართველოს  მიმართ გამოთქმულია შემდეგი ბრალდებები:

    საქართველო მიზანმიმართულად აჩერებს აზერბაიჯანელ მძღოლებს საბაჟოზე გაურკვეველი მიზეზებით; საქართველო განზრახ აფერხებს დოკუმენტაციის დამუშავებას; საბაჟო და პოლიცია უხეშად და მტრულად ექცევიან აზერბაიჯანელ მძღოლებს; საზღვარი ქაოსურად და თვითნებურად იმართება, რაც აჩენს ხელოვნური შეფერხების ეჭვს; ქართველ ოფიციალურ პირებს თითქოს უჩნდებათ გაღიზიანება ზანგეზურის დერეფნის მიმართ, რასაც მძღოლების მიმართ ირონიით გამოხატავენ („ზანგეზურით იარეთ“); საქართველოს ბიუროკრატია განიცდის სომხურ გავლენას, რაც აზერბაიჯანის მიმართ მტრულად აისახება; საქართველოს ქცევებზე ზეგავლენას ახდენს რუსეთი, რომელიც უკმაყოფილოა ზანგეზურის დერეფნის დასავლური ფორმატით და ..

      აზერბაიჯანული მხარე მუქარასაც არ ერიდება და აცხადებს, რომ, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება გამოიყენოს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ.

      რატომ  გვიპირისპირდება აზერბაიჯანი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვისთავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ რომ გავიგოთ, რატომ გვექიშპება აზერბაიჯანი და რა პრეტენზიები აქვს ჩვენ მიმართ, აუცილებელია, გავაანალიზოთ ის რთული გეოპოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში.

    ჯერ მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ და გავიხსენებ ერთი საუკუნისა და ასევე 33 წლისწინანდელ პროცესებს. იმხანადაც და ახლაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა დასავლეთის ინტერესების სფეროში აღმოჩნდა. ეს ქვეყნები ინტერესის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა რუსეთთან დასავლეთის დაპირისპირებაში, რომელიც გუშინ არ დაწყებულა.

    ივანე IV-ის მმართველობიდან მოყოლებული რუსეთი წინაღობა იყო ანგლოსაქსების მსოფლიოზე გაბატონების გზაზე. რუსეთი არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა მისაღები დასავლეთისთვის. სამწუხაროდ, პატარა ქვეყნების ბედი დამოკიდებულია ამა თუ იმ მეზობლის გაძლიერებაზე ან დასუსტებაზე. ისინი კავკასიას განიხილავდნენ  წერტილად, სადანაც შეიძლებოდა პრობლემების შექმნა რუსეთისათვის და ეს ამჟამადაც გრძელდება. ვფიქრობ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილით ის პროცესები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1918-1920 წლების ომი საფრთხეს უქმნიდა ჩვენს რეგიონს. ისევე როგორც მაშინ, ახლაც იმავე მოთამაშეებს ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში, ესენია: რუსეთი, ბრიტანეთი, თურქეთი და ირანი. სამოქალაქო ომში გახვეული, უკვე კომუნისტური ახალგაზრდა რუსეთისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ეს დაპირისპირება, ისევე, როგორც 1990-იანი წლების დასაწყისში ჩვენს რეგიონში დასავლეთის მიერ თავსმოხვეული კონფლიქტები _ ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს.

    ისტორიულ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ვიტყვი, რომ ერთმანეთის მიყოლებით 1920 წლის აპრილში _ აზერბაიჯანში, 1920 წლის ნოემბერში _ სომხეთში და 1921 წლის თებერვალში _ საქართველოში წითელი არმია შევიდა. შედეგად, 1922 წლის 13 დეკემბერს შეიქმნა ,,ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულსოციალისტური რესპუბლიკა”, რომელმაც 1922 წლის 30 დეკემბერს რუსეთთან, უკრაინასა და ბელორუსიასთან ერთად დააფუძნა ახალი სახელმწიფო _ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი. ეს მოვლენები თუ არ გავაანალიზეთ, გაგვიჭირდება დღევანდელობაზე საუბარი, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსეთისათვის კავკასიის სტაბილურობა და ის, რომ მან საფრთხე არ უნდა იგრძნოს ამ სამი ქვეყნის ტერიტორიებიდან. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, როგორ მოხდა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებსაც საქართველოზე გაცილებით ახლო და ვიტყოდი, სტრატეგიული თანამშრომლობა ჰქონდათ რუსეთთან, აღმოჩნდნენ მასთან დაპირისპირებულები? მაგალითისთვის გეტყვით, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2003-2025 წლების პერიოდში 59-ჯერ ჩავიდა სხვადასხვა დონის ვიზიტით   რუსეთში, ხოლო ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში _ ექვსჯერ. ეს რამეზე არ მიგვანიშნებს?

    _ რატომ გაღიზიანდა აზერბაიჯანი?

    _ ვფიქრობ, აზერბაიჯანის მხარე გაღიზიანდა იმ სატარიფო პოლიტიკით, რომელსაც ვატარებთ, გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან. დასამალი არ არის, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემდეგ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი შესუსტდება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. არ გამოვრიცხავ მცირეოდენ ეჭვიანობასაც აზერბაიჯანის მხრიდან, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სტაბილურმა ურთიერთობამ შეიძლება საქართველოს დაუბრუნოს რეგიონში გავლენიანი მოთამაშის ფუნქცია, რომელზეც ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანი აცხადებს პრეტენზიას.

     თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ვიზიტით მყოფმა ჩვენმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ  კი კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური და ურთიერთპატივიცემაზე აგებული ურთიერთობების აუცილებლობა. საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად იყო დაპირისპირებილი რუსეთთან, მაგრამ ბოლო 3 წლის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ ვიღაცას ძალიან აღიზიანებს და ვიმედოვნებ, ჩვენი კარის მეზობლები გამოიჩენენ სიბრძნესა და წინდახედულობას, რათა ვინმეს ხელში ბრმა იარაღად არ იქცნენ.

    ალბათ, გაინტერესებთ როგორ ვხედავ ამ ,,გაუგებრობის,, მოგვარების გზებს. ეს მოხდება მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებით და რეგიონში მათი ინტერესების გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ რუსეთმა არც ერთი მეზობლისგან არ უნდა იგრძნოს საფრთხე, მხოლოდ ეს არის სამხრეთ კავკასიაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტია. რუსეთი არავის მისცემს თავის საზღვრებთან ისეთი რეგიონის შექმნის უფლებას, რომელიც მის უსაფრთხოებას დაემუქრება. თუ დასავლეთის მიერ გასულელებული და უკვე ყველას დასანახად მიტოვებული უკრაინა არ იქნება მაგალითი ჩვენი რეგიონისთვის, მაშინ პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ პროცესებზე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს და მერე არ ვთქვათ _ ,,არ მეგონა”, ,,ვერ გავთვალე” და ა.შ.

    _ ჩვენ აზერბაიჯანელებთან ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, უწინარესადვგულისხმობ, დავითგარეჯის საკითხს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კრინტს არ ძრავს. რით არის ეს გამოწვული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშკარა მუქარის წერილი გამოაქვეყნა ერთერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ?

    _ ეს ურთულესი და ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ვწუხვარ, რომ ასე განვითარდა მოვლენები, ძალიან ვწუხვარ.

    საქმე გვაქვს ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის უმძიმეს მემკვიდრეობაზე, რომელიც კიდევ მრავალ წელს იქნება განსჯის საგანი და ძალიან არ მინდა, ვინმემ ბოროტი მიზნისთვის გამოიყენოს.

    აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ზრდა საქართველოზეც აისახა. ბუნებრივ აირს, რომელსაც ,,სოკარი” გვაწვდის, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ეკონომიკაში. ბაქოდან უკვე ისმის განცხადებები, რომ შეიძლება ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედონ, ქვეტექსტად უდებენ ჩვენ მიერ გაზრდილ სატარიფო პოლიტიკას. უნდა გავითვალისწინოთ თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული კავშირი, ასევე _ დასავლეთის არნახული ზეწოლა საქართველოზე. არ მინდა, ამ კონტექსტს მივაბა, მაგრამ ჩვენ ყოველდღე უფრო და უფრო დიდ წნეხში ვექცევით. ევროპასთან ერთად არც დიდ ბრიტანეთს სძინავს და აქვს თავის ინტერესები, უკვე 2 საუკუნეზე მეტია. უცნაურად არ მოგეჩვენათ, ბი-ბი-სის ერთი წლის შემდეგ რომ გაახსენდა შარშანდელი მოვლენები? საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლომაც გაამტყუნა ე.წ. გავრილოვის ღამეს მომიტინგეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაში.

    ბრიტანეთმა დაინახა, რომ საქართველოში ოპოზიციური მუხტი შესუსტდა და ინებეთ… ლამის  ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დაიწყეს საუბარი. რის მიღწევა სურთ? რიგგარეშე არჩევნების და ახლა ისევ დგება საკითხი საქართველოში მცხოვრები ასიათასობით აზერბაიჯანელის გადაწყვეტილებაზე _ ვის მისცემენ ხმას ისინი, თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები? თავს ნუ მოვიტყუებთ და სირაქლემას პოზაში ნუ ჩავდგებით. საქართველოში ხმის უფლების მქონე აზერბაიჯანელი მოსახლეობა ოფიციალური ბაქოს აზრს ითვალისწინებს.

    კიდევ არის რიგი საკითხებისა, მაგრამ ეს ისეთი დელიკატური და საფრთხილო თემაა, რომ ყოველი სიტყვა ასჯერ უნდა აიწონ-დაიწონოს, რათა ვინმეს პროვოკაციის უფლება არ მიეცეს. სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უმრავლესობა საქართველოს თავის სამშობლოდ თვლის და დარწმუნებული ვარ, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობები.

    _ სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელია რამე დაპირისპირება?

    _ სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის საფრთხე ძალიან დიდია. რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები მცდელობას არ დააკლებენ, რომ ვითარება გამწვავდეს. უკრაინაში განცდილი მარცხი დასავლური ძალებისთვის გეპოლიტიკურად დასუსტების ტოლფასია და სწორედ ახლა არიან ძალიან საშიშნი, გადმოერთვებიან რეგიონზე და ყველაზე  დიდ დარტყმას საქართველოზე მოიტანენ. რევანში სჭირდებათ უკრაინის თემის გადასაფარავად და ახალი ცხელი წერტილის გასაჩენად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ თითქოს არ აქტიურობს რეგიონში და კარტ-ბლანში ევროპასა და ბრიტანეთს აქვს, ტრამპის ადმინისტრაცია ხელიდან არ გაუშვებს შანსს, თავისი ინტერესი ჩადოს. 1992 წლიდან აშშ-ის თანხმობით სომხეთს ჰქონდა უფლება, რუსეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონოდა. ტერპეტროსიანი, სომხეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი, 4 საათის განმავლობაში სთხოვდა ბილ კლინტონს, მიეცა რუსეთთან თანამშრომლობის უფლება და ეს მოხდა სომხური დიასპორის არნახული ლობირების შედეგად. არც ოფიციალური ბაქო განიცდიდა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეფიციტს. აი ჩვენ, უკრაინასთან ერთად, ანტირუსული ისტერიკისა და რუსოფობიის ავანგარდში აღმოვჩნდით და მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს ომი.

    დასავლეთის გაღიზიანება საქართველოს მიმართ განპირობებულია რუსეთთან ჩვენი პრაგმატული, თუმცა არასაკმარისი ურთიერთობებით. თუ სომხეთის  დღევანდელი ლიდერი ჩადის ევროპაში, აშშში და შემდეგ მოსკოვში, ჩვენ რა გვიშლის ხელს, იგივე პოლიტიკა გავატაროთ და ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მასზე არ ამოგვდის მზე და მთვარე?..

    კომუნისტების პერიოდში რეგიონული მმართველობის თითქმის ყველა ცენტრი თბილისში იყო. საკმარისია, გავიხსენოთ ამიერკავკასიის რკინიგზის სათავო ოფისი და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბ-ბინა, ეს უკანასკნელი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უპატივცემულოდ გავისტუმრეთ თბილისიდან და იცით, სად გადავიდნენ? _ ერევანში. აი, იქ როგორ დახვდნენ, ეს უკვე სხვა საკითხია… დსთ-ის ხაზით ხშირად მიწევდა ვიზიტები რუსეთში, აგრეთვე, ამ გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებში და ჩემი კოლეგები მეკითხებოდნენ, _ როგორ დაუშვით, რომ რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა გაქვთო. 

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების გარანტი მხოლოდ რუსეთია და არა რომელიმე სხვა ქვეყანა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა არსებობა რამდენიმე წელიწადში დასრულდება. მიხვდით, ალბათ, რომ ევროკავშირსა და ,,ნატო დეიდას” ვგულისხმობ. მათ აშშ დაასრულებს, რომელსაც არ უნდა და მალე აღარც  შეეძლება მსოფლიო ჟანდარმის ამპლუაში ყოფნა.

    _ როგორი მიდგომა აქვს რუსეთს ამ ყველაფრის მიმართ?

    _ რუსეთს აქვს არნახული მოთმინების უნარი. ეს დიდი სახელწიფოებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და მათ სიაში რუსეთი პირველია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, რუსეთის მოთმინებასც კი, მით უფრო, რომ ყოველი დღე გვაახლოებს უკრაინის ტრაგედიის დასასრულს იმ პირობებით, რომლებიც მოსკოვს სურს. ძალიან შემაშფოთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებებმა საქართველოს მიმართ:  ,,საქართველო მიდის ანტირუსული გზით”, ,,საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის გზას დაადგა”. რატომ არის ეს სახიფათო?

    ბოლო წლების განმავლობაში ოფიციალური რუსეთისგან ჩვენ გვესმოდა, ქება თუ არა, იმ პოლიტიკური კურსის მოწონება მაინც, რომელიც არჩეული ჰქონდა საქართველოს. ეს იყო რუსეთის სათათბიროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა თუ სხვა სტრუქტურების, აგრეთვე, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებები. არაერთხელ როგორც რუსულ, ასევ ქართულ მედიაში და განსაკუთრებით თქვენთან მადლობა გადამიხდია ამ კურსის გამო, მაგრამ იმასაც დავძენდი, რომ ვაგვიანებდით, რადგან ნებისმიერი ქმედება, თუ მას გაგრძელება არ მოჰყვება, ძალასა და ეფექტს ჰკარგავს. რას გვეუბნებოდა მოსკოვი? დასხედით და მოელაპარაკეთ სოხუმსა და ცხინვალს. გააფორმეთ თავდაუხსმელობის ხელშეკრულებებიო. ჩვენი პასუხი რა იყო? _ არა, ჯერ ტერიტორიები დაგვიბრუნე და ჯერ შენ, მერე კი მათ დაველაპარაკებითო. დრო არ მუშაობს საქართველოზე და მერწმუნეთ, ყოველ დაკარგულ თვეს უფრო მკაცრი განცხადებები მოჰყვება მოსკოვის მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის რიგითი პოლიტიკოსი, მისი განცხადება კრემლის პოზიციაა და არ მგონია,   ძალა შეგვწევდეს მოცემულ ვითარებაში მისი სიტყვა არ გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ლიბერალური დასავლეთი თავს გვესხმის. თუ კიდევ ვერ მივხვდით, რა გზავნილებია მოსკოვიდან, მაშინ არ ვიცი, აქ რა პროცესები განვითარდება.

    შევახსენებ საქართველოს მოსახლეობას, რომ 2024 წლის არჩევნების მშვიდობიანად გადაგორებასა და იმაში, რომ დასავლეთმა ვერ გაბედა აქ ხელისუფლების დამხობა, რუსეთის ლომის წილია და ამის დაუფასებლობა როგორც მოსახლეობის, ასევე ხელისუფლების მხრიდან, ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. არავის ვაშინებ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ საქართველოს გარეშე გარიგდებიან  ჩვენი მეზობლები რუსეთთან, წარმოდგენაც მზარავს, რა  მოხდება.

    დადგა დრო, ჩვენი ხელისუფლება ჩაფრინდეს მოსკოვში და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი. სხვა გზა არ არის!

    ღრმად ვარ დარწმუბებული, თუ საქართველო წავა ეკონომიკურპოლიტიკურ და სამხედროსტრატეგიულ თანამშრომლობაზე რუსეთთან, აშშ ამის წინააღმდეგი მხოლოდ ვერბალურად შეიძლება იქნეს.

    ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, არის რუსეთი.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here