მიხეილ ჟღენტი: დიდება სტალინს და ვევედროთ უფალს, რომ მისი მსგავსი ადამიანი კიდევ მოუვლინოს საქართველოს!

    2025 წლის 21 დეკემბერს სტალინის დაბადებიდან 147-ე წელი გავიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამ დღეს დიდი სიყვარულით გაიხსენა ბელადი, ბევრი დაიწერა მის ღვაწლზე სოციალურ ქსელებში, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ქართველი საზოგადოება დაღუპული არ არის.

    სტალინი ან უყვართ, ან სძულთ, სხვა გრძნობა არ არსებობს… სტალინი არ უყვართ ახალგაზრდებს _ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორია დამახინჯებულად მიაწოდეს.

    რატომ სძულთ გლობალისტებს და მათ მიერ გამოზრდილ ადამიანებს სტალინი? _ ამ და სტალინთან დაკავშირებულ სხვა თემებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ მინდა, მივულოცო თქვენი გამოცემის მკითხველებს იოსებ სტალინის დაბადების დღე, ადამიანისა, რომელმაც შეცვალა სახელმწიფოს ფუნქცია.

     კაცობრიობის ისტორიაში სტალინი პირველი იყო, ვინც შექმნა მძლავრი იმპერია, რომლის მოქალაქეებიც, რიგითით დაწყებული, უმაღლესი თანამდებობის პირებით დამთავრებული, მიისწრაფვოდნენ სამართლიანობისა და ადამიანის, როგორც უმაღლესი ქმნილების, კეთილდღეობისკენ.

      სტალინზე ათასობით წიგნი  დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება, მაგრამ თავს უფლებას მივცემ, ჩემი აზრი გულახდილად გამოვთქვა: სტალინი არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავი. ის ცხოვრების გზა, რომელიც მან გაიარა და რაც გააკეთა, ჩვეულებრივი ადამიანის ძალებს აღემატებოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგი კონკრეტული მისიით მოევლინა დედამიწას, ამის ნათელი დადასტურებაა სტალინის მიერ განვლილი ცხოვრების გზა და, რაც მთავარია, შედეგი.

    შემთხვევითი არ არის ის, რომ სტალინი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში დაიბადა; არც ის, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტმა შეიყვარა თავისი პატარა საქართველო და დიდი რუსეთი და უანგაროდ ემსახურა მათ. მეტიც, ოჯახიც კი შესწირა ჩაგვრისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალი წყობილების შექმნის იდეას. ბევრ რამეს არ მიუტევებენ სტალინს გლობალისტები, ბურჟუები. სამწუხაროდ, მათ ამ საქმეში რაღაც ეტაპზე წარმატებასაც მიაღწიეს. სტალინურმა ეკონომიკამ და სახელწიფოში ადამიანის უზენაესობის, მის ინტერესებზე მორგებულმა ქვეყნის მართვის მოდელმა დასავლეთის კაპიტალისტური სისტემა აიძულა, უკან დაეხია და მუშათა კლასისა და გლეხობისთვის თავიანთ ქვეყნებშიც შეექმნათ შრომის ადამიანური პირობები. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ იყო ჩაკეტილი სახელმწიფო და ვთვლი, რომ მართებულად იყო ჩაკეტილი, პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა ჩვენს დიად ქვეყანაში, შეუმჩნეველი არ დარჩენილა დასავლეთის მოსახლეობისათვის. რატომ ვერ იტანენ სტალინს? იმიტომ, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქალი ქალს ჰგავდა და კაცი _ კაცს.

    სსრკ-ში ჰომოსექსუალიზმი ისჯებოდა. ადამიანის მორალურ-ზნეობრივ ქმედებებზე საზოგადოების მკაცრი კონტროლი ახალი ტიპის სახელმწიფოს უყრიდა საფუძველს. ხშირად ისმის კითხვა _ დიდ სამამულო ომში რატომ უვარდებოდნენ ტანკებს მუხლუხებში სიტყვებით ,,За Сталина! за Родину”? იმიტომ, რომ ომში წასულმა ჯარისკაცმა იცოდა, ბელადის ხელმძღვანელობით სამშობლოსა და ოჯახს იცავდა. მან იცოდა, რომ ეს ის სახელწიფო იყო, რომელშიც გლეხისა და მუშის შვილს შეეძლო აკადემიკოსი, მფრინავი, ინჟინერი ან მსახიობი გამხდარიყო, განსხვავებით დასავლეთისგან. სტალინის ასკეტიზმი და უკომპრომისობა კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი  გახლდათ გლობალისტებისთვის. სტალინმა დაანგრია მათი გეგმები. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ბოლო 33 წელიწადია, სამიზნეში რუსეთია ამოღებული. რატომ? იმიტომ, რომ დიდი რუსი ხალხის დახმარებით შეძლო დიდმა ქართველმა მსოფლიო წესრიგის შეცვლა. რუსეთი და მოძმე რესპუბლიკები ისეთი ერთიანი და ძლიერი არასოდეს ყოფილან, როგორც სტალინის ხელმძღვანელობის პერიოდში. დარწმუნებული ვარ, მისი გენიალური იდეები კვლავაც იჩენს თავს და გადაარჩენს განწირულ საქართველოსა და კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილს…… ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სტალინს თავისი შვილი იაკობი გაეცვალა ფაშისტური გერმანიის ფელდმარშალ პაულიუსზე, წითელი მოედანი ხომ გაივსებოდა იმ დედებით, რომლებიც ანალოგიურს მოითხოვდნენ თავიანთი შვილებისთვის?..

    გლობალისტური სამყაროს მოწყობა და სტალინური სოციალიზმი ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი მოწოდებულია კაცობრიობის განადგურება-შემცირებისკენ, მეორე კი _ ადამიანის თანასწორობისა და ჰარმონიული განვითარებისკენ.

    _ რა როლს ასრულებდა სტალინი მართლმადიდებლური სამყაროსთვის?

    _ სემინარიაში განსწავლული ადამიანი სხვა ფენომენია. 1993 წელს მოსკოვში ჩემი ერთ-ერთი ვიზიტისას სპეციალურად შევხვდი რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რადგან მაინტერესებდა მათი აზრი. მათი უმრავლესობა დადებითად იყო განწყობილი სტალინის მიმართ. გლობალისტ ტროცკისტებით გარშემორტყმულმა სტალინმა ბეწვის ხიდზე გაიარა და გადაარჩინა მართლმადიდებლური რწმენა. რუსული და ქართული ეკლესიები, მიუხედავად ტროცკისტების მიერ შექმნილი დიდი პრობლემებისა, გადარჩა და ამაში სტალინს ლომის წილი მიუძღვის. ხშირად ვამბობ, რომ სტალინმა 10 მცნებასა და სახარებაზე ააგო საბჭოეთის იდეოლოგია. მაგალითად, მრუშობაში შემჩნეულ ადამიანს, მით უფრო თანამდებობის პირს, მყისიერად ათავისუფლებდნენ სამსახურიდან და მის ფოტოს სირცხვილის დაფაზე აკრავდნენ. ადამიანზე, მოყვასზე, მეგობარსა და კოლეგაზე ზრუნვა _ ეს იყო საბჭოელთა ცხოვრების ძირითადი პოსტულატები.

    კარგად მახსოვს გასული საუკუნის 70-80-იანი წლები და ვიტყვი, რომ იმხანად უფრო ქრისტიანულად ვცხოვრობდით, ვიდრე დღეს. მხარში დგომა, ყურადღება, პატივისცემა _ ეს ყველაფერი რელიგიიდან ყოფაში გადმოიტანა ბელადმა და მივიღეთ ქვეყანა, რომელშიც ადამიანი იყო მთავარი  და არა ფული, როგორც დღეს არის.

    დაუწერელი კოდექსი არსებობდა, როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს. ეს შეიძლება ეკლესიის სახელით არ კეთდებოდა, მაგრამ სახარებისეულ ბევრ მიდგომას აღმოაჩენდით. აღარაფერს ვიტყვი, რამხელა ღვაწლი გასწია სტალინმა ქართული ეკლესიისთვის, ამაზე ჩემზე კომპეტენტურმა კოლეგებმა ისაუბრონ.

    უმადურობა _ ეს ძალიან დიდი სენი შეჰყარა დასავლურმა პროპაგანდამ საქართველოს და, საერთოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ხალხებს. თუ რამეა საქართველოში ღირებული, ამ სულმნათი ადამიანის მიერ არის დაწყებული და გაკეთებული.

    რას ემართლებით სტალინს? რა არ გაგიკეთათ, თქვე უმადურებო, რომლებიც დღესაც მას ლანძღავთ? ასეთები უნდა გამოყარო სტალინის აშენებული ბინებიდან და გაუშვა მიწურებში, რომლებიდანაც ჯერ რუსეთმა, შემდეგ სსრკ-მა ამოათრიათ, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი? ძალიან ვიკავებ თავს, რომ უფრო ხისტი არ ვიყო.

    უმადური ერი მეტს იმსახურებს და, სანამ ამ სულმნათი ადამიანის სახელი არ დაიმკვიდრებს სათანადო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, ასე ვიფორთხებთ… 70 წელიწადში სამი მილიონით მოიმატა ჩვენმა მოსახლეობამ. ქართველები პირველები ვიყავით სსრკ-ში და სადამდე დავეცით?..

    _ ბევრი ადამიანი, მათ შორის ახლგაზრდაც და მხცოვანიც, სტალინს ეკლესიების დარბევაში ადანაშაულებს…

    _ ახალგაზრდები ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. ყველაფერს ეშველება: ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, მაგრამ გლობალისტების მიერ ტვინგამორეცხილი ახალგაზრდების დიდ ნაწილს რა ეშველება? 2 თაობა დავკარგეთ. პროპაგანდამ ისე გამოურეცხა მათ ტვინი, რომ მტერ-მოყვარე აერიათ, წერა-კითხვა არ იციან და რომელ სტალინზეა საუბარი?!

    რაც შეეხება ეკლესია-მონასტრების ნგრევას, კი ბატონო, ხდებოდა ასეთი რამ, მაგრამ როდემდე? რომელ წლამდე წმენდდა ტროცკისტებისგან ხელისუფლებას სტალინი? 1917 წლიდან ტროცკისტები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთი არ დარჩენილიყო რუსეთად… ეს საუბარი შორს წაგვიყვანს. დავუბრუნდეთ ახალგაზრდებს და შევადაროთ იმდროინდელი და თუნდაც 1960-70-80-იანების ახალგაზრდობა. ერთი მხრივ, ამ საცოდავებსაც ვერ ვამტყუნებ, ჩვენ ვიზრდებოდით სრულფასოვან, კლასიკური გაგებით, შემდგარ საზოგადოებასა და ოჯახებში ტრადიციებით, წესებითა და მორალით. ახლანდელი თაობა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მოკლებულია. სტალინის იდეოლოგია იყო და არის ერთადერთი, რომელიც გადაარჩენს საქართველოს.

    თქვენ მხცოვანი ხალხიც ახსენეთ, ტვინგამორეცხილი ახლგაზდა იქნება თუ მოხუცი, რა მნიშნელობა აქვს? ეკლესია-ტაძრების ნგრევა ძალიან მძიმედ მიუბრუნდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი აღმართეს ტაძრებზე. აგერ, შუაგულ ევროპაში, ჯერ არ ანგრევენ ტაძრებს, მაგრამ იქ კაფე-რესტორნებს ხსნიან და როკვა აქვთ გამართული…

    რუსეთს აღარ უნდა ეარსება _ ეს იყო იმჟამინდელი გლობალისტების  გეგმა და ახლაც იგივე გეგმა აქვთ. ეკლესიაზე იერიში არ იყო შემთხვევითი მოვლენა 1920-იან წლებში. თუ რუსეთი დაკარგავდა იმ საყრდენს, რომელზეც დაფუძნებული იყო მისი სახელმწიფოებრიობა, მსოფლიოში მართლმადიდებლობა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებოდა, ქართველი მართლმადიდებლებიც დავდგებოდით დიდი განსაცდელის წინაშე. ამ და სხვა უბედურებისგან სტალინმა გვიხსნა.

    დასასრულ, კიდევ ერთხელ _ დიდება სტალინს და ვევედროთ უფალს, რომ მსგავსი ადამიანი კიდევ მოუვლინოს საქართველოს!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here