,,რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს”, _ განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.
„მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა შეჩერებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით, მათ შორის განიხილება შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე“, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ი ოვერჩუკის სიტყვებზე დაყრდნობით.
ოვერჩუკის თქმით, მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია „დიდი ამოცანის“ გადასაჭრელად, რომელიც „კავკასიაში სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირის გაძლიერებას“ ითვალისწინებს და „კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ველით კონსტრუქციულ თანამშრომლობას რეგიონის ყველა სახელმწიფოს მხრიდან ამ მნიშვნელოვანი საერთო ამოცანის გადასაჭრელად“.
„საქართველოს რკინიგზაში” რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზამ“ 13 თებერვალს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.
აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა არის კი რეალური? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ 1994 წლიდან ჩართული ვარ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებზე მუშაობაში. ეს იყო დსთ-ისა და შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის პერიოდში. მოგვიანებით ჩემი კომპეტენციის ფარგლებში საჯაროდ ვსაუბრობდი რკინიგზის გახსნის აუცილებლობაზე. ამის დასტურია რამდენიმე დღის წინათ ჩემს ფეისბუკგვერდზე გაზიარებული ინტერვიუ, რომელიც გაზეთმა `ალიამ~ ჩამომართვა 2005 წელს და რომელშიც საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე ვსაუბრობდი. ჩემი ცხოვრების 33 წელიწადი მივუძღვენი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, ამიტომ, ალბათ, მაქვს უფლება, ფაქტების გაანალიზების საფუძველზე ვილაპარაკო, რატომ დაიკარგა აფხაზეთი და რატომ გაუშვა ხელიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებამ ამ ძალზე მტკივნეული პრობლემის მოგვარების შანსები; ვინ გვიშლიდა ხელს და ვინ გვიკრძალავდა ამ ნაბიჯის გადადგმას. თუ ამ საკითხს ნათელი არ მოვფინეთ, დღევანდელი ნაბიჯებიც ძნელად გასაანალიზებელი იქნება.
აღარ დავუბრუნდები იმ საკითხს, რომ ჯერ კიდევ სოხუმის დაცემამდე ორი კვირით ადრე შეგვეძლო აფხაზეთის გადარჩენა. ახლა გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ამ კონფლიქტის რეგულირებისა და რკინიგზის გახსნის რეალური შანსი გვქონდა. 1997 წლის 14 აგვისტოს, ომის დაწყებიდან 5 წლის თავზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი პრიმაკოვთან ერთად თბილისში ჩამოვიდა აფხაზეთის პრეზიდენტი არძინბა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა ედუარდ შევარდნაძესთან. ეს ის პერიოდია, როდესაც აფხაზეთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ იყო რუსეთის ყურადღებით განებივრებული. სამივე მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა _ მოსკოვიც, სოხუმიცა და თბილისიც. საუბარი იყო ფედერაციულ მოწყობაზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც დადებითად გამოეხმაურა ამ სამმხრივ შეხვედრას. რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული იყო კონფლიქტის მოგვარებით. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, რატომ ჩაიშალა შემდეგ ეს მოლაპარაკება, მაგრამ ნათელია, რომ ეს ,,ბიძია სემის” გარეშე არ მოხდებოდა. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ 1999 წლიდან აფხაზურმა მხარემ კატეგორიული უარი განაცხადა საქართველოს შემადგენლობაში ნებისმიერი ფორმატით ყოფნაზე.
ლიბერალური ოპოზიცია რკინიგზის გახსნას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებად ნათლავს. ეს, ჩემი აზრით, პოლიტიკური დემაგოგიაა. მთავარია, დავსხდეთ სოხუმთან სასაუბროდ. ტრამპაგვიბრძანა: ,,როგორც გინდათ, ისე მოიქეცით, მეც ასე ვაპირებ!”
რამდენიმე დღის წინათ უსაფრთხოების საკითხებზე გამართულმა მიუნხენის კონფერენციამ ბოლო ლურსმანი ჩააჭედა დღემდე არსებული მსოფლიო წესრიგის კუბოში. მორჩა ის მსოფლიო, რომელიც აქამდე იყო. ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოქმედებდეს. აქვე მინდა გავიხსენო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვები უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ: ,,მსოფლიო ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც გუშინდლამდე იყო”. ამიტომ და კიდევ მრავალი მიზეზის გამო ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკების თემაა და, თუ რუსეთი იქნება ამ მოლაპარაკებების ინიციატორი და შედეგების შესრულების გარანტი, პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება. კიდევ ვიმეორებ: რუსეთი კავკასიაში იყო, არის და იქნება. ის პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს სამეზობლოში, სიახლეა, მაგრამ, ტრამპის ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, არავინ იცის, რა მოხდება… ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრამპმა 4 თვით შეაჩერა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობა. ასე რომ, თამამად უნდა დავიწყოთ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პროცედურები. მაინც მოგვიწევს და სჯობს ,,ნებითა ჩვენითა, ვიდრე ძალითა სხვისითა”. მტრობაცა და მეგობრობაც დროებითი მოვლენებია. დავანახვოთ ჩვენი კეთილ განწყობა აფხაზებს, ოსებს და ყველაფერი მოგვარდება.
რაც შეეხება აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას, ეს გარდაუვალი აუცილებლობაა, მით უფრო, როდესაც დღის წესრიგში დადგა ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება და საქართველომ შეიძლება დაკარგოს ტვირთბრუნვის გარკვეული რაოდენობა. აქ დგება მთავარი პრობლემა _ გვაქვს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმის უფლება? გვაქვს კი აფხაზეთსა და რუსეთთან ამ საკითხზე დიალოგის დაწყების პოლიტიკური ნება? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უკვე საჯაროდ ლაპარაკობს დასავლეთის მხრიდან ჩვენზე გახორციელებულ ზეწოლაზე, რკინიგზის გახსნის თემა მაინც ტაბუდადებულია. ჩემი აზრით, წინაპირობა, რომ რუსეთმა გაიწვიოს აფხაზეთის აღიარება, შორეული პერსპექტივაა, ჩვენ კი დრო აღარ გვაქვს, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც პრობლემას მოაგვარებს _ რუსეთ–ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა. იქ სოხუმიც და ცხინვალიც სიამოვნებით შევლენ და შედეგად აღმოვჩნდებით ერთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში. ეს დროს მოითხოვს, მაგრამ ყველაზე საიმედო ქოლგაა.
_ რატომ უჭირს საქართველოს მთავრობას რუსეთისკენ სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა?
_ ამას თავგანწირვა სჭირდება. არის კი მზად ხელისუფლება ამისთვის? ხელისუფლებას სურს, რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი არ იყოს მასობრივი გამოსვლების მაპროვოცირებელი.
განათლების რეფორმა, მომატებული ფასები, ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟი და კიდევ მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციამ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ლიბერალების საპროტესტო მუხტი ძალიან დაცემულია და მათ რიგებში დემორალიზაცია შეინიშნება.
იცით, რას ნიშნავს რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმა? 34 წლის განმავლობაში ტყუილში ცხოვრების აღიარებას; ომების, ნგრევის, შიმშილის ფუჭად ჩავლას. აქ დამნაშავეა მოსაძებნი _ ხომ არ ვიტყვით, ჩვენი ბრალია, რაც დაგვემართაო?! ახლა გადასაბრალებელი ობიექტის ძიებაში ვართ. ევროპა უკვე ამოღებული გვყავს სამიზნეში და ველოდებით ,,ძია სემის” პოზიციას, რომელსაც საერთოდ არ ვაღელვებთ. მინდა, გულწრფელად მივულოცო ხელისუფლებას ის, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თბილისში არ ჩამოვიდა.ეს ძალიან კარგ რამეზე მიანიშნებს. გაჩნდა მცირე შანსი, რომ ნაკლები დანაკარგებით მივიდეთ რუსეთთან. კიდევ უფრო მოხარული ვიქნები, თუ დიდი ხნით გადაიდება აშშ-ის ელჩის დანიშვნა საქართველოში.
ყელამდე ვართ ამერიკელების პატივისცემით…
_ თუკი საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას?
_ ჩვენი ხელისუფლება არაფერს მოიმოქმედებს. მოსკოვს კარგად ესმის ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება ,,ქართულ ოცნებას“ დაემუქროს და ამიტომ პროცესის ფორსირებაზე არ უნდა წავიდეს, მაგრამ, თუ აშშ-მა, ღვთის ნებით, ხელი აიღო ჩვენზე და გადაგვცა მოსკოვს, მაშინ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვერბალური საყვედურები და გაფრთხილება იქნება.
ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა გონიერმა ნაწილმა გამოფხიზლება დაიწყო…
რატომ უნდა აძვრე ხეზე ნახევრად მწიფე ნაყოფის მოსაპოვებლად, როდესაც შეგიძლია დაჯდე, დაელოდო და თავისით ჩაგივარდეს ხელში, ისე, რომ მიწასაც არ შეეხოს. უსაზღვროა რუსეთის მოთმინება და სწორედ ამ მოთმინების წყალობით ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს მოწინააღმდეგეს.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე. აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნით, საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მხოლოდ ჩვენი პრობლემა აღარ იქნება. ყველა ქვეყნის, პირველ რიგში, მეზობლების ინტერესებში ჯდება სტაბილური საქართველო. ზღაპრები ნატოზე კი უკვე სასაცილოა.
ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არ ვაწარმოებთ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას და მადლობა ღმერთს, დავკარგეთ მთავარი ფუნქცია დასავლეთისთვის _ ვყოფილიყავით რუსეთის პრობლემების წყარო.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







