გაეროს მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული მონაცემებით, უკვე მეორე თვეა, სურსათზე ფასები შემცირდა. ეს კი გლობალურ ბაზარზე შექმნილი უხვი მარაგის გამო მოხდა და ამ ანგარიშს მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები სიხარულით აქვეყნებენ, რადგან ყველამ იცის, რომ სურსათის დეფიციტი მსოფლიოს პრობლემაა და, როცა ის გაძვირების ნაცვლად იაფდება, სერიოზული ამბავია. უფრო კონკრეტულად კი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) ფასების ინდექსმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნილ პროდუქტებს ეხება, ოქტომბერში საშუალოდ 126,4 პუნქტი შეადგინა, რომელიც სექტემბრის მაჩვენებელზე (128,5 პუნქტი) ნაკლებია. ეს მაჩვენებელი ოდნავ დაბალია გასული წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით. ამასთანავე, FAO-მ წელს მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი რეკორდულ 2,99 მილიარდ ტონამდე გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს მსოფლიოში მარცვლეულის მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 4,4%-ით მეტია, ამან კი მსოფლიოში პურის გაიაფება უნდა გამოიწვიოს.
რაღა თქმა უნდა, ეს ამბავი საქართველოშიც ძალიან უნდა გვიხაროდეს, რადგან მსოფლიო ბაზარზე ვართ დამოკიდებულნი და, თუ იქ იაფდება რამე – ჩვენთანაც უნდა გაიაფდეს. ჰო, ეს ყველაფერი ლოგიკური მსჯელობით გამოდის, რეალური სურათი კი სხვაგვარია. ოქტომბერში, ანუ მაშინ, როცა ზემოაღნიშნული ანგარიში გამოქვეყნდა, საქართველოში პური გაძვირდა. მართალია, „სულ რაღაც“ 4,5%-ით მოიმატა პურის ფასმა, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ თვის ინფლაცია 0,21 პროცენტული პუნქტით გაზრდილიყო. ასევე ოქტომბერში ჩვენთან ყველიც გაძვირდა და ესეც ძალიან საინტერესო ამბავია. ოფიციალური გამოკითხვით, საქართველოში წარმოებული ყველის 80%-ზე მეტი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული პროდუქტია და საერთო არაფერი აქვს ყველთან. რძის ფხვნილი არ გაძვირებულა, მაგრამ ყველის ფასმა მაინც მოიმატა. რატომ? – საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ამ პერიოდში და მთელი ზამთარი ძროხა ნაკლებს იწველება, ანუ რძე ცოტაა და შესაბამისად ნატურალური ყველი ძვირდება ხოლმე. ამით სარგებლობენ ისინი, ვინც ყველს რძის ფხვნილისგან ამზადებენ და თავიანთ პროდუქციასაც აძვირებენ. სამწუხაროდ, მათ არავინ აკონტროლებს და არავინ ეუბნება, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს მომხმარებლის მოტყუება და აბუჩად აგდებაა…
საინტერესოა, რა გაიაფდა ჩვენთან ოქტომბერში. აი ჩამონათვალი: ტელევიზორი – 18%–ით, თვითმფრინავით მგზავრობა – 16%–ით, პომიდორი – 13.4%–ით, ინტერნეტი – 13%–ით, ბრინჯი – 13%–ით, მაცივარი – 13%–ით, კომპიუტერი – 10%–ით, ქვაბი – 9%–ით, სარეცხი მანქანა – 8.5%–ით… ხომ საინტერესოა? მსოფლიოში იაფდება საკვები პროდუქტები, საქართველოში კი თვითმფრინავით მგზავრობა, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა… ჰო, კიდევ ქვაბი, მაგრამ ქვაბში ჩასადები პროდუქტი – არა. ანუ, გაიაფებული ნივთებისა თუ პროდუქტების მოწინავე ათეულში მხოლოდ ორია საკვები – პომიდორი და ბრინჯი. ისიც საინტერესოა, რა გაძვირდა გასულ თვეს საქართველოში. აი ისინიც: ქლიავი – 109%–ით, მსხალი – 60%–ით, ლიმონი – 60%–ით, მწვანე ლობიო – 52%–ით, კიტრი -50%–ით, 958 სინჯის ოქროს ქორწინების ბეჭედი – 43%–ით, ატამი – 39%–ით, საზამთრო– 37%–ით, შოკოლადის ფილა – 32%–ით, ნაყინი – 26%–ით. ამ ჩამონათვალში, ქორწინების ბეჭდის გარდა, ყველაფერი საკვებია, ანუ რეალურად საკვები პროდუქტები, როცა მთელ მსოფლიოში გაიაფდა, ჩვენთან გაძვირდა და განმკითხავი არავინაა. სწორედ ამას ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას და ვამბობთ, რომ უნდა არსებობდეს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე იქნება პასუხისმგებელი. მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში ზღვრული ფასებია; მხოლოდ ჩვენთან არის დღეს ერთი და ხვალ მეორე ფასი. რატომ ხდება, რომ საქართველოში ყველაფერი მხოლოდ ძვირდება და არასდროს იაფდება? მაგალითად, როცა მსოფლიოში იაფდება ნავთობპროდუქტები, ჩვენ ეს არ გვეხება, ხოლო გაძვირება პირველად სწორედ ქართულ ბაზარზე შეინიშნება.
აგერ, საქონლის ხორცის ფასმა 30 ლარს გადააჭარბა და ამას თავისი მიზეზი აქვს – პირუტყვს დაავადება თურქულმა შეუტია და ჯანმრთელი საქონლის შოვნა გაჭირდა. შედეგად, ხორცის ფასმა მოიმატა, მაგრამ უკვე ვხვდებით, რომ, როცა პანდემია გადაივლის (საკმარისია ტემპერატურამ 0 გრადუსამდე დაიკლოს და ბაქტერია კვდება), ფასი იგივე დარჩება და კვლავ არავინ ჩაერევა. ისე, 90-იანებში, აი, როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ლეგენდად დადიოდა, საზღვარგარეთ ერთი კილო ხორცი 10 დოლარი და მეტი ღირსო, რაზეც გვეცინებოდა, რადგან იმხანად აქ კარგი ხორცი 2,50-3,00 ღირდა…
საკვები პროდუქტების ფასების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და მერე რა, რომ კვლევები სხვა რამეს აჩვენებს. იმ კვლევებში მხოლოდ საკვები პროდუქტები არ შეაქვთ და შედეგიც იმიტომ გვაქვს კარგი. მაცივარი და სარეცხი მანქანა რომ იაფდება, ცუდი არ არის, მაგრამ ამ ყველაფერს რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვყიდულობთ, საკვები კი ყოველდღიურად გვჭირდება. ბავშვს და პენსიონერ მშობლებს ვერ აუხსნი, რომ საჭმლის ფული არ გაქვს, რომ სურსათის გაძვირება გლობალური პრობლემაა და რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელების გამო სურსათის ფასებს არავინ აკონტროლებს…
ციტრუსის მწარმოებლები ტირიან, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით ძნელად იყიდება ჩვენი პოროდუქტი, ლამის განახევრებულია გაყიდვა და ეს მაშინ, როცა შარშანდელთან შედარებით მანდარინი 1%-ით გაიაფდაო. მართლაც, შარშანდელთან შედარებით მანდარინის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ვიღაც იტყვის, სეზონი აწი იწყებაო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამჟამინდელი პერიოდი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან არის შედარებული. ექსპერტები ამ ყველაფერს ამინდს აბრალებენ, აქაოდა, თბილა და ჯერ ციტრუსებისთვის არავის სცხელაო(?!).
ცნობისთვის: ქართული ციტრუსის 95% რუსეთში იყიდება, დანარჩენი კი – სომხეთში.
ამას წინათ დაიწერა, მხოლოდ ამერიკაში ყოველწლიურად იმდენი საკვები იყრება, ყველა მოშიმშილე ადამიანს დააპურებსო. საქართველოშიც საკმაოდ დიდი რაოდენობის საკვებს ვყრით და… ადრე, როცა ნაგავსაყრელები უპატრონოდ იყო მიგდებული, ფულს იხდიდნენ, იქ ღორები რომ გაეშვათ; უფრო ძვირი ღირდა იმ ნაგავსაყრელებზე გაშვება, რომლებზეც ნაგავი თბილისის ცენტრალური უბნებიდან მიჰქონდათ. დიდი ალბათობით, საკვები ახლაც ბევრი იქნება ნაგავსაყრელებზე, მაგრამ უკვე სახელწიფო სხვანაირად უდგება ამ საკითხს და საბედნიეროდ იქ შინაური ცხოველები აღარ არიან (უპატრონო ძაღლების გარდა). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის შეძლება უბნების მიხედვითაც იყოფა. ვიღაც იტყვის, მთელ მსოფლიოში ასეაო, მაგრამ მთელ მსოფლიოში ისე არ არის, რომ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნის ბინიდან მილიონებს, ოქროს ზოდებსა და ძვირფასეულობას იღებდნენ, მის მეზობელს კი ბავშვის ყულაბის გატეხვა უწევდეს საკვების საყიდლად.
ნამდვილად ვერ გეტყვით, უახლოეს პერიოდში თუ მოიფიქრებს ხელისუფლება და შექმნის ისეთ სამსახურს, რომელიც რეალურად გააკონტროლებს საკვების არა მხოლოდ ფასებს, არამედ ხარისხსაც. არ შეიძლება იმ პირობებში, როცა საქონლის ხორცი 30 ლარი ღირს, ძეხვეულის ბრენდული მწარმოებლები მაღაზიებში ერთ კილოგრამ სოსისსა თუ ძეხვს 7-8 ლარად ჰყიდდნენ. პროდუქტს უწვრილესი ასოებით აწერია სიცოცხლისთვის საშიში მინარევების არსებობა, იმ ქიმიური დანამატების ჩამონათვალი, რომლებიც სიმსივნეს იწვევს, მაგრამ ამას იშვიათად აქცევენ ყურადღებას ის ადამიანები, რომლებსაც ზედ მაღაზიის დახლთან შვილები თუ შვილიშვილები სთხოვენ ძეხვის ან სოსისის ყიდვას და ისიც იძულებულია, შეიძინოს იაფიანი, უვარგისი, მაგრამ ფორმითა და სუნით სოსისი. ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ სოსისს იცით, რა აწერია შესაფუთ მასალაზე? შეიძლება შეიცავდეს საქონლის ხორცისა და ღორის სუთის ( ქონის) რაოდენობასო. ჰო, შეიძლება ხორცს შეიცავდესო, სოსისის შეფუთვაზე წერენ. სანამ ამის კონტროლი არ იქნება, სანამ არ მივეჩვევით იმას, რომ ძეხვი და სოსისი, შეიძლება კი არა, უნდა შეიცავდეს ხორცს და ხორცისგან უნდა იყოს დამზადებული, მანამ არაფერი გვეშველება.
ლევან გაბაშვილი







