მთავრობამ  50 -მდე ელექტროსადგურს  მემორანდუმი გააუქმა

    რა შეაჩერა სახელმწიფომ და რამდენი ათეული მილიონის პროექტი არ განხორციელდა?

    კუდიანებზე ნადირობის სეზონი გრძელდება. სხვა რამეს  ვერ  დავარქმევთ იმას, რაც ახლა ხდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კაბინეტის წევრების მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და, როგორც გვეუბნებიან, თითოეული მათგანის ბინაში რამდენიმე მილიონი უცხოური ვალუტა, ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და სხვა მატერიალური სიკეთე აღმოაჩინეს. იცით, ცოტა უცნაური ამ ყველაფერში რა არის? აი, ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში რომ იპოვეს ძვირფასეულობა და ფული, ორი კვირის შემდეგ კი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომ მიადგნენ და მის სახლშიც იგივე ნახეს,  ეს არის საოცრება. ანუ, ქარსელაძეს ჭკუა არ ეყო და არ გადამალა, თუ რამე ჰქონდა ნაშოვნი და სახლში შენახული? თან, ისე არ გადამალა, რომ სამართალდამცველებს ვერ მიეგნოთ. მით უმეტეს, ქარსელაძეზე ეჭვი,  კარგა ხანია, არსებობდა და მან ზუსტად იცოდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით მაინც გაჩხრეკდნენ მის საცხოვრებელს. ამის მიუხედავად, მილიონები „ბალიშის ქვეშ“ ან „მუთაქებში“ ჰქონდა გადამალული. უბრალოდ,  ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება და, თუ თქვენ ჩასვამთ, კი ბატონო…

    მთავრობამ 50-მდე ელექტროსადგურს მემორანდუმი გაუუქმა, რაც ჯამურად 1 200 მეგავატის გაუქმებას გულისხმობს, დამატებით 546 მეგავატზე კი ადმინისტრაციული პროცედურები შეჩერდა. საინტერესოა, რომ გაუქმებული მემორანდუმი 2018-2022 წლებში იყო გაცემული.  შეწყვეტის მთავარ მიზეზად ინვესტორების უმოქმედობა დასახელდა, კონკრეტულად კი – ვადების მკვეთრი დარღვევა. ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაციული პროცესი შეჩერდა იმ 30 პროექტზე, რომლებმაც წინადადება შეიტანეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პირდაპირი მოპალარაკების გზით, CFD-ს მემორანდუმის აღებაზე. რას ნიშნავს CFD-ს მემორანდუმი? თუ საქმე გვაქვს ელექტროსადგურის მშენებლობასთან, მაშინ ტერმინი CFD (Contract for Difference) ყოველთვის ნიშნავს „ფასთა სხვაობის კონტრაქტს“. ეს არის წინასწარი შეთანხმება სახელმწიფოსა და ენერგოინვესტორს შორის, რომელიც ასახავს იმ ძირითად პირობებს, რომლებითაც მომავალში გაფორმდება ფასთა სხვაობის კონტრაქტი. ანუ, თუ ბაზარზე ელექტროენერგიის  ფასი დაეცემა შეთანხმებულ ფასზე დაბლა, სახელმწიფო უნაზღაურებს სხვაობას. ამით ინვესტორი დაცულია ფასის მერყეობისგან. ჰოდა, ამ პროექტების განხილვა დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის საფუძველზე შეჩერდა და ესეც ეჭვს იწვევს. როგორ შეიძლება, ინვესტორი (მნიშვნელობა არ აქვს ვინ), რომელიც მილიონების დახარჯვას აპირებს, ბოლო მომენტში დოკუმენტაციას ვერ უყრიდეს თავს?! ისიც გვითხრეს, რომ ეს პროცესი მთავრობის განახლებულ სტრატეგიას უკავშირდება კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორისთვის, რომლის მიზანი მიმდინარე პროექტების სიის გაჯანსაღება და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროექტების გაჭიანურება და გამარტივდეს ელექტროენრგეტიკული სისტემის გრძელვადიანი დაგეგმვა.

    ეს ყველაფერი ასე დეტალურად იმიტომ მოგიყევით, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, რა შეაჩერა სახელმწიფომ და დაახლოებით რამდენი ათეული მილიონის პროექტი არ განხორციელდა. აქ გასაკვირი სხვა რამ არის: დიდი ამბით რომ წერენ, ეს ყველაფერი 2018-2022 წლებში გაიცაო(სულ ცოტა, 7 წლის წინათ),  სად იყვნენ აქამდე, რატომ არავინ მოიკითხა ეს პროექტები?! მეტიც, როგორ დავიჯეროთ, ანალოგიური რამ 2022 წლის შემდეგ არ გაცემულა და, თუ შესრულებულია ან შესრულებაა დაწყებული, მით უმეტეს, სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, ანუ 2022 წლის მერე გაცემულებს ან გვიმალავენ, ან სრული სვლით მიდის და ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც კითხვას დასვამს – 2018 წელს ნებართვები რომ გავეცით და ხელშეკრულებები გავაფორმეთ, ვინმემ ხომ არ იცის, რა ხდება?  ცალკე საუბრის თემაა გადაცილებული დღეები. აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულებაში, რომლებიც მშენებლობას ეხება და   სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, მკაცრად არის გაწერილი ვადები და ყველა გადაცილებულ დღეზე ჯარიმები ირიცხება. ჰოდა, ახლა  დაიანგარიშეთ, კონკრეტულ კომპანიებს რა რაოდენობის თანხები უნდა გადაეხადათ ვადის შვიდწლიანი გადაცილების გამო. როგორ დავიჯეროთ, რომ ეს თანხებიც არავინ მოიკითხა?! თუ მოიკითხეს, რატომ  არავინ თქვა, რომ ეს კომპანიები,  ერთი და ორი თვით კი არა, წლებით ჩამორჩნენ გრაფიკს და რატომ  არ შეწყდა ხელშეკრულებები? ან ის ხალხი სადაა, რომელსაც ამის კონტროლი ევალებოდა, ვინმეს მოსთხოვეს პასუხი?! გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ამაზე ნათქვამი და შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველასთვის ყველაფერი სულერთია.

    კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით – კვლავ მიმდინარეობს მიწების სისტემური აზომვა. მოსახლეობას ეუბნებიან, რომ აზომვიდან 3 თვეში პასუხს აუცილებლად შეიტყობს.  3 თვე კი არა, ნახევარ წელზე მეტი გავიდა და მოსახლეობის უმრავლესობას პასუხი, უბრალოდ, არ აქვს. გვესმის, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს, დიდი თუ მცირე მოცულობის ასიათასობით ნაკვეთი აიზომა, ყველა უნდა შეისწავლოს და დაახარისხოს, მაგრამ განა  შეიძლება, მოსახლეობას  დაჰპირდე, პასუხი მალე გექნებაო და მერე ნახევარ წელზე მეტი ალოდინო?  შეგვიძლია გითხრათ, რომ აზომილ ნაკვეთებზე პასუხი ყველას წელსაც არ ექნება და ეჭვი გვაქვს, ეს პროცესიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება, რადგან  ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულიად საქართველო მოიცვან. ჰოდა, ტყუილი რომ არ გამოვიდეს, ხომ შეიძლება, ადამიანებს ეს ყველაფერი მარტივად  აუხსნა და გააგებინო, როგორც ადრე გაუგიათ, რომ დალოდების გარდა, სხვა გზა არ აქვთ. აი, რომ ჰპირდები და ატყუებ, ეს სულ სხვა საქმეა  და არ შეიძლება.  ნდობას კარგავენ ადამიანები,  პოლიტიკოსებს  კი ჩვენზე კარგად უნდა ესმოდეთ, ნდობის მოპოვება როგორი საქმეა.

    ისევ ელექტროსადგურების მშენებლობას დავუბრუნდეთ. საქართველო ელექტროენერგიის მოხმარებას ყოველწლიურად ზრდის და ადვილი გასაგებია, რატომაა დაინტერესებული სახელმწიფო  ახალი ელექტროსადგურების აშენებით. ისიც გასაგებია, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით პროცესი უფრო მალე მიმდინარეობს (ამ შემთხვევაში კორუფციის რისკი გაცილებით მაღალია), მაგრამ, როცა ასეთი პრიორიტეტული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, რატომ არ მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი? ახლა რომ გამოაცხადეს, ამდენ კომპანიას გავუჩერეთ ხელშეკრულებაო, აქამდე სად იყვნენ და რატომ არ გაასაჯაროეს ინფორმაცია იმ ჯარიმებზე, რომლებიც ამ კომპანიებს უნდა დარიცხვოდათ? ეს ყველაფერი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს და ვაი, რომ პასუხი არ არსებობს. ესეც ცალკე სენია, ვამაყობთ ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობით, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე პოზიციებზე ვართ, მაგრამ, როგორც კი რამე დოკუმენტის გამოთხოვას შეეცდები რომელიმე უწყებიდან, თვეობით გიწევს ლოდინი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ერთი ფინჯანი ყავის დალევა ურჩევნია მოქალაქისთვის პასუხის გაცემას.

    ნამდვილად ვერ გეტყვით, შეჩერებულ პროექტებს რამდენ ხანში გააცოცხლებს ხელისუფლება და, რაც მთავარია, მისცემს თუ არა იმ კომპანიებს აუქციონში მონაწილეობის უფლებას, რომლებმაც ერთხელ უკვე ვერ გაამართლეს. არადა, ელექტროსადგურების მშენებლობა სპეციფიკური საქმეა და ყველას არ შეუძლია, ამიტომ არ არის გამორიცხული, იგივე კომპანიები კვლავ გამოჩდნენ და  მოისურვონ ერთხელ ჩაფლავებული პროექტის მიღება. თუ ასე მოხდება,  სახელმწიფომ უმკაცრესი ჯარიმები უნდა დააწესოს და, წლები კი არ უნდა ელოდოს, ყოველი გადაცილებული დღისა თუ საათისთვის მოითხოვოს პასუხი. სხვაგვარად არაფერი გამოვა.  როცა რომელიმე პროექტი ქვეყნის ინტერესებს ეხება, ის პირად კონტროლზე პრემიერთან ერთად შს მინისტრმაც უნდა აიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, შემსრულებელს გაუჩნდება შიში, რომ უმოქმედობის გამო  შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. გვესმის, რომ პრემიერს ბევრი საქმე აქვს, მაგრამ, როცა საქმე ასეულობით მილიონი ლარის პროექტებს ეხება, ისინი სწორედ მისი თვალთახედვის არეში უნდა იყოს,  ძალოვანი უწყების კონტროლი კი აუცილებელიცაა – კანონის დარღვევაზე პასუხისგების შიში გაჩნდება.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here