Home ახალი ამბები საქართველო მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატი 18-ჯერ მიიღო, მოადგილეებმა კი _ 21-ჯერ

მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატი 18-ჯერ მიიღო, მოადგილეებმა კი _ 21-ჯერ

პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობის პრემია და დანამატი 18-ჯერ აიღო, ხოლო მისმა მოადგილეებმა: მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ _ 21-ჯერ.

მთავარი პროკურორის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 910 ლარია, ანუ წელიწადში 46 920 ლარი. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი შოთაძემ  2016 წლის განმავლობაში ხელფასთან ერთად 18-ჯერ მიიღო დანამატი და პრემია. სულ მისი წლიური ანაზღაურება იყო 117 000 ლარი, საიდანაც 70 080 ლარი პრემია-დამანატების თანხაა.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძის წლიური ანაზღაურება 42 240 ლარია (თვეში 3 520 ლარი), თუმცა მან 112 680 ლარი მიიღო. შესაბამისად, ერთ წელიწადში მამუკა ვასაძემ დანამატი და პრემია 21-ჯერ აიღო, 70 440 ლარის ოდენობით.

ასევე 21-ჯერ აიღეს დანამატი და პრემია მთავარი პროკურორის მოადგილეებმა: გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ. თითოეული მათგანის წლიური ანაზღაურება 111 240 ლარს შეადგენს, მათ შორის, 40 800 ლარი ხელფასის თანხაა (თვეში 3 400 ლარი), ხოლო დანარჩენი 70 440 ლარი _ პრემია-დანამატი. 25-ჯერ აიღო პრემია და დანამატი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა თეიმურაზ ნაჭყებიამ,  სულ 73 590 ლარი. მისი ხელფასის ოდენობა 2 930 ლარია, ესე იგი წელიწადში 38090 ლარი, თუმცა, რეალურად, მისი წლიური ანაზღაურება 111 680 ლარი იყო.

“პროკურატურის შესახებ” კანონის თანახმად, პროკურატურის მუშაკის ხელფასი თანამდებობრივი სარგოსგან, პრემიისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან შედგება. 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით, პროკურატურაში პრემიებისთვის გათვალისწინებული იყო 2 721 000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებისათვის _ 5 164 500 ლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here