80 წელი გასულა მას შემდეგ. თქვენ ამბობთ, გავიდაო, თორემ ჩემთვის, დიდი ხანია, დრო გაჩერდა. მარადისობაში არც დროის გაგება არსებობს და არც სივრცის. ზედროული და ზესივრცულია იგი.
ბიბლიაში არის ასეთი ეპიზოდი: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან – სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“. ჩვენც ანალოგიური იდეით მოვედით, როდესაც მსოფლიოში პირველი სოციალისტური რევოლუცია განვახორციელეთ და სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო დედამიწის ერთ მეექვსედზე გადავჭიმეთ. შუბებისა და მახვილებისგან ჩვენ ურო და ნამგალი გამოვჭედეთ, რათა მშრომელთა ძალაუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო გვეშენებინა, რომელშიც ისეთი პირობები და ურთიერთობები შეიქმნებოდა, როგორიც ბიბლიაშია აღწერილი: „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე, ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ და მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან. ლომიც კი ხარივით შეჭამს ბზეს. ძუძუთა ბავშვი კობრას ხვრელთან ითამაშებს, ძუძუს მოწყვეტილი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს. ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე”.
აქეთ მივდიოდით. სოციალური სამართლიანობა დედაა ყოველგვარი სამართლიანობისა. იქ, სადაც სოციალური უსამართლობა დაშვებულია, ყველა კანონი უსამართლოა, რადგან ისინი იმ უმთავრესი (სოციალური) უსამართლობის დაკანონებასა და გამართლებას ემსამსახურება. ვინაიდან პირველები ვიყავით და გაუკვალავი გზებით მოგვიწია სიარული, შეცდომებსაც ვუშვებდით, რომელთა გამოსწორებას ვცდილობდით და ვახერხებდით კიდეც, მაგრამ კაპიტალისტური სამყარო არ ისვენებდა, სოციალისტური პრეცედენტის დაშვებას ვერ ეგუებოდა, ამ პრეცედენტში უტყუარი გუმანით გრძნობდა საკუთარ არასახარბიელო მომავალს.
მტერი უვერაგესი და უძლიერესი იყო.
მას ვერც იმ პრინციპით მივუდგებოდით, რომელსაც ქრისტიანული „გიყვარდეს მტერი შენი” ჰქვია, და ვერც იმ პრინციპით, რომელიც გვეუბნება: „მარჯვენა ლოყაში რომ გაგარტყან, მარცხენა მიუშვირე”. მტერს მტრულად უნდა დახვდე. სხვათა შორის, ამასაც ბიბლია გვასწავლის: „ირყევა მიწა და ტკივილით იხლართება, რადგან ბაბილონს უსრულდება უფლის მუქარა – უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ქვეყანა, სადაც კაცისშვილი არ გაიჭაჭანებს”. უფლის მუქარაო, გესმით? უფალი ყოველთვის არ ეფერება ადამიანებს, ზოგჯერ ემუქრება კიდეც. არა მხოლოდ ემუქრება, არამედ უსრულებს ამ მუქარას, თანაც შეხედეთ, როგორი სისასტიკით: „ირყევა მიწა და ტკივილით იხლართება, რადგან ბაბილონს უსრულდება უფლის მუქარა – უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ქვეყანა, სადაც კაცისშვილი არ გაიჭაჭანებს”. კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა მოცემული შემდეგ მოყვანილ სიტყვებში: „დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი – მის მტრებს”. განა პირდაპირ არ გვეუბნება ღმერთი, რომ ერთნაირი და უნივერსალური ვერ იქნება მიდგომა – მოყვასს მოყვრულად, მტერს კი მტრულადო? თუმცა არც ეს არის სრული სურათი. დააკვირდით, როგორია უფლის მოსვლის სცენა: „რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში – თავისი ბრაზი”. ამ უმძიმესი სურათის დახატვის შემდეგ თითქოს ლოგიკურად უნდა შეჩერდეს თხრობა, ვინაიდან ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ წარმოიდგინეთ, თხრობა გრძელდება და კულმინაციური წერტილი უფრო მაღალ რეგისტრშია აყვანილი: „რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი”.
თურმე უფალსაც კი არ ძალუძს მხოლოდ სიყვარულითა და კეთილი სიტყვით, მხოლოდ შეგონებითა და დარწმუნებით მოაქციოს ყველა, ყოველთვის რჩება ადგილი სასჯელისთვის, ვინაიდან სატანის წინაშე უძლურია სიკეთე და სიყვარული, სიცრუედ იქცევა თვით ჭეშმარიტება. უფალიც სჯის, მაგრამ როგორია მისი სასჯელი? „შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“. როგორც ხედავთ, საბოლოო სიტყვა მაინც სამართლიან სასამართლოზე მოდის და არა მიტევებაზე, რომელიც უფალმა არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, როდესაც ჯვარზე გაკრულმა და სულამომდინარემ მის მწამებელთა სულების დახსნისთვის ილოცა, რადგან არ იციან, რას აკეთებენო. ჩვენმა გენიალურმა წინაპარმა შოთა რუსთაველმა სწორედ ამის გამო დაგვიბარა, ადამიანის სულს ისე არაფერი ესალბუნება, როგორც სამართლით გადაწყვეტილი საქმეო: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”.
ჩვენ ვიბრძოლეთ სასტიკი და უსამართლო მტრის წინააღმდეგ, ვიბრძოლეთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. უკიდეგანო საბჭოთა სახელმწიფოში თითქმის არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც შვილი არ შეეწირა აბსოლუტურ ბოროტებაზე გამარჯვების წმინდა საქმისთვის. მეც მომიწია შვილის გაწირვა. უმძიმესი იყო გადაწყვეტილება, მაგრამ მარტო მე (მამას) არ მიმიღია იგი, შვილიც ასე იყო განწყობილი. ასეთია მამაშვილობის არა მხოლოდ მადლი, არამედ სასტიკი და ტრაგიკული ხვედრიც, როდესაც სასწორის მეორე პინაზე უფრო მაღალი ღირებულება ძევს. მე და იაკობმა ამაოდ როდი შევწირეთ სამშობლოს მამაშვილობის სიხარული და ოჯახური ბედნიერება – ჩვენ გავიმარჯვეთ. გარეგნულად წარბიც არ შემიხრია, როდესაც ჩემი უმოქმედობით იაშასთვის სასიკვდილო განაჩენი გამომქონდა, მაგრამ ის, რაც ჩემს გულში ხდებოდა, მხოლოდ მე და მან ვიცოდით. ისევე, როგორც მასთან ერთად მეც ვიცოდი, რას განიცდიდა შვილი, რომელიც მამამ თითქოს გაწირა. იაშამ იცოდა, რომ ეს გაწირვა არ ყოფილა, ეს მამა-შვილის მიერ გამარჯვების სამსხვეპლოზე ერთობლივად მიტანილი ზვარაკი იყო, რომელსაც სამშობლო ისევე მოითხოვდა ჩვენგან, როგორც მილიონობით სხვა საბჭოთა ოჯახებისგან.
კაპიტალისტურმა დასავლეთმა სამი რამ არ მაპატია:
სოციალისტური სისტემის ანუ სახალხო სახელმწიფოს მშენებლობა;
საბჭოთა ხალხისთვის თავსმოხვეულ ომში მათი დამარცხება;
მათი სამართლიანი გასამართლება.
ჩერჩილისა და რუზველტის შემოთავაზებას რომ დავთანხმებოდი და სამხედრო დამნაშავეები ყოველგვარი ძიებისა და სასამართლოს გარეშე დამეხოცა, როგორც ისინი მთავაზობდნენ, ამას სამართლიან მოპყრობაზე მეტად შეეგუებოდნენ. უცნაურია, მაგრამ ასეა. მათ ვერ მოინელეს ის, რომ, სამხედრო ძლიერებით კი არა, სამართლის ძალით დამარცხდნენ ჩვენთვის თავსმოხვეულ უსამართლო ომში.
ჩემი სიკვდილის შემდეგ ისინი შურისძიების გზას დაადგნენ და დღემდე არ ჩერდებიან. მენანება დასავლეთის მიერ მოსყიდულთა ღალატის შედეგად დანგრეული საბჭოთა კავშირი და სოციალისტური პროექტი, მენანება მილიონობით მსხვერპლი, მენანება სტალინგრადისა და კურსკის ბატალიები, ლენინგრადის ბლოკადის უპრეცედენტო ისტორია… რამდენი რამ, რის წაშლასაც შეეცადნენ და მიაღწიეს კიდეც. დღეს გმირი ქალაქების – ლენინგრადისა და სტალინგრადის სახელებიც კი არ არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოზე მწყდება გული – ჩემს გორელებზე, რომლებმაც ის ძეგლიც კი დათმეს, ამხანაგ სტალინის თუნდაც მცირე ღვაწლის უკვდავსაყოფად რომ იდგა ქალაქში, სადაც გავიზარდე და სადაც დავწერე: „აყვავდი, ტურფა ქვეყანავ, ილხინე, ივერთ მხარეო!”
ვინმე თუ ფიქრობს, რომ ის ძეგლი მე მჭირდება, მას ჯერ კიდევ არ ესმის სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფია. მარადისობაში არაფერი არ არის საჭირო, აბსოლუტურად არაფერი. ცოცხლებს გჭირდებათ წარსულიც, აწმყოც და მომავალიც; თქვენ გჭირდებათ ეროვნული ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობა. ის ძეგლი ქვისაა, მიწაზე გდებით გვერდები არ ეტკინება, მაგრამ მე, მიუხედავად იმისა, რომ დრომ წამართვა ცოცხალთა თვისებები, გული მტკივა და სული მეწვის თქვენ გამო, ჩემი შემდგომი თაობის გამო, რომ ყოველგვარი ძიებისა და სასამართლოს გარეშე დასავლური სატანის ნაშიერთა მიერ ჩემთვის გამოტანილ განაჩენს ბრმად ენდეთ. მე ეროვნული ნიშნით მილიონობით ადამიანისთვის გენოციდის მომწყობების, საკონცენტრაციო ბანაკებში მათი ცოცხლად დაწვის ინიციატორებისა და ენით აუწერელი ჯალათობის ჩამდენი სამხედრო დამნაშავეების პირდაპირი დასჯა არ დავანებე ჩემს მოკავშირეებს, მათთვის განაჩენის გამოტანა საადვოკატო მომსახურებითა და სასამართლოს წესების სრული დაცვით განვახორციელე. თქვენ კი პირდაპირ გამომიტანეთ განაჩენი. იმდენი გამბედაობა და, თუ გნებავთ, იმდენი სინდისი როგორ არ აღმოგაჩნდათ ქართველებს (გორელებს), რომ ჩემი გასამართლება მოგეთხოვათ?! რომელმა სასამართლომ გამამტყუნა, რომელმა მოსამართლემ გამომიტანა განაჩენი, რომლის გაცნობის შემდეგ თქვენ დათანხმდით ჩემი პიროვნების გაშავებასა და ისტორიიდან წაშლის მცდელობას?! ამპარტავნებასა და თვითგანდიდებაში ნუ ჩამომართმევთ, სხვა შეკითხვაც უნდა დაგისვათ: მე თუ ინტერნაციონალიზმში გათქვეფილ და ეროვნებადაკარგულ პიროვნებად მთვლით (ამასაც ხომ დამტკიცება სჭირდება?!), თქვენც ხომ არ დაგიკარგავთ ქართველობა, რომ, გადამთიელთა კარნახით, სამოცდაათ წელიწადზე მეტი ხნის წინათ გარდაცვლილი ქართველი ადამიანის პირქვედამხობილ ძეგლს ეგუებოდეთ და ამაში საკუთარ შეურაცხყოფას, მთელი ქართველი ხალხის შეურაცხყოფას ვერ ხედავდეთ?! კი, ბატონო, თქვენი ნებაა ტერიტორიით მთლიან, ზნეობრივად ჯანსაღ, ფაბრიკა-ქარხნებით მოფენილ, კულტურის სასახლეებითა და ბიბლიოთეკებით მდიდარ, სამეცნიერო-სახელოვნებო დაწესებულებებით დახუნძლულ, დემოგრაფიულად მზარდ საქართველოს დღევანდელი, სამ ნაწილად დაშლილი, შრომით ემიგრაციაში მასობრივად გადახვეწილი, მოსახლეობით განახევრებული და უცხოტომელებით გადავსებული საქართველო თუ გირჩევნიათ (თქვენი გადასაწყვეტია!), მაგრამ ისტორია ხომ ისტორიაა, მიუხედავად იმისა, მოგწონთ იგი თუ არა?! მე ისტორია ვარ თქვენი, წარსული ვარ თქვენი, რომელშიც კორექტივს ვეღარ შეიტანთ. ისტორიამ ისტორიის გადაწერის მცდელობა კი იცის, მაგრამ ისტორიასთან ბრძოლაში გამარჯვებული ჯერ არავის უნახავს.
დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს ვერ მოგილოცავთ, ქართველებო, რადგან არც მე ვარ იმ ფორმაში, ეს რომ გავაკეთო, და არც თქვენ ხართ იმ მდგომარეობაში, ამ მოლოცვას რომ იმსახურებდეთ. ფაშიზმზე გამარჯვების დღე როგორ მოგილოცოთ იმ ვითარებაში, როდესაც საბჭოთა სიმბოლიკა ფაშისტურთან გაგითანაბრებიათ და აგიკრძალავთ?! ეს ხომ ფარისევლობა იქნება ჩემგანაც და თქვენგანაც?! ამას რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ!
დარწმუნებული ვარ, ისტორია გაასწორებს ყველაფერს!
მიუხედავად იმისა, რომ, დიდი ხანია, აღარ ვარ ცოცხალთა შორის, დღემდე მახსოვს ისტორიის კანონზომიერება: იგი სწორხაზოვნად არ ვითარდება, სპირალურად მიიწევს მაღლა, სადაც გარკვეული გამეორებები არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებლობაა – დიალექტიკის აუცილებლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლებელია, გამოგეცხადოთ კაცი, რომელიც არც გენერალისიმუსის მუნდირში იქნება ჩაცმული და არც ჩიბუხი ეჭირება ხელში, მაგრამ თქვენთვის ნაცნობი ხმით, მშვიდად და დამაჯერებლად გეტყვით: მე – სტალინი!
ვალერი კვარაცხელია