მეხრეს გამოგვიგზავნიან!

    წესების უგულებელყოფის შესახებ ვწერდი ამასწინანდელ სტატიაში (იხ. „საქართველო და მსოფლიო”, „აპოკალიფსის მეხუთე მხედარი”). ეს რთული (კომპლექსური) საკითხია. იმ სტატიაში წესების უარყოფა ეპოქის უმთავრეს მახასიათებლად გამოვაცხადეთ, ოღონდ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური მასშტაბით: ”ჩვენი ეპოქის მოკლე დახასიათებას თუ ვცდით, ალბათ, ასე უნდა ვთქვათ: უწესო ეპოქა ან ეპოქა წესების გარეშე”.  წინამდებარე სტატიაში ამ საკითხის ერთ კონკრეტულ ასპექტს შევეხები. 

    სტალინი, რომელიც ნაციონალური საკითხის უდიდესი სპეციალისტი იყო, ერის ამგვარ განმარტებას იძლეოდა: „ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა, რომელიც აღმოცენებულია საერთო ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური წყობის ბაზაზე.  ერის მრავალი განმარტება არსებობს, მაგრამ  უფრო მეცნიერული და ზუსტი, ვიდრე ეს არის, არ შემხვედრია. ამ განმარტებაში ნახსენებია „ფსიქიკური წყობის ერთობა”. ქართველები, როგორც ერი, ერთიანნი ვართ, მაგრამ, ამასთანავე,  ისტორიულ კუთხეებს წარმოვადგენთ. ეს კუთხეები ბაზირებულია განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე, კულტურაზე, ხასიათზე, ტრადიციებზე, ყოფა-ცხოვრებაზე, ანთროპოლოგიურ მონაცემებზეც კი. ანუ, ხევსურსა და მეგრელს, თუშსა და გურულს, კახელსა და აჭარელს შორის განსხვავების პოვნა არავის გაუჭირდება. მაშ, როგორ გვევლინებიან ესოდენ განსხვავებული თვისებების მქონე კუთხეები ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილებად? რას ნიშნავს (რას ეფუძნება) ცნება „ქართველი”, თუკი მისი თითოეული შემადგენელი ნაწილი ერთმანეთისგან ასე მკვეთრად განსხვავდება? ქართველთა ერთიანობისა და განსხვავებულობის დიალექტიკა, ერთი შეხედვით მარტივი რომ ჩანს, საკმაოდ რთულია. ამ თემას მრავალი მეცნიერი შეხებია, მაგრამ დღეს მინდა გავიხსენო ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, პროფესორ ვენორ ქვაჩახიას ერთი ნაშრომი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწერა და გამოქვეყნდა: „რა უპასუხა ვაჟა-ფშაველამ აკაკი წერეთელს?” რა თქმა უნდა, მიხვდებოდით, რომ იმ ცნობილ პაექრობაზეა საუბარი, აკაკიმ რომ უთხრა ვაჟას: „ენას გიწუნებ, ფშაველო”; ვაჟამ კი უპასუხა: „ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებთ მთიდან ყვირილი ხარისა”. საკითხის არსი გასაგებია. აკაკიმ ვაჟას ფშავ-ხევსურული დიალექტის ნაცვლად სალიტერატურო ენით წერისკენ მოუწოდა. მან კი უპასუხა, – ამაში საშიში არაფერიაო. პოლემიკა თუ ინციდენტი თითქოს ამოიწურა, მაგრამ ამ ამბებიდან თითქმის საუკუნის გასვლის შემდეგ ქართველი ფილოსოფოსი შეკითხვას სვამს: „რა უპასუხა ვაჟა-ფშაველამ აკაკი წერეთელს?” როგორ თუ რა უპასუხა? ხომ გარკვეულია, რა უთხრა ერთმა და რა უპასუხა მეორემ? ხომ უმარტივესად წარმოვადგინეთ ზემოთ, თუ რაზე იყო საუბარი? სჯობს ლიტერატურული ენით წეროო, უთხრა პირველმა. დიალექტზე თუ ვსაუბრობ და ვწერ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავო, უპასუხა მეორემ. გახსოვთ, რა თქმა უნდა, ვაჟას მიერ ასე ლამაზად მოქნეული ფრაზა: „მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართულის გვარისა”. ჰოდა, ამ სრულიად ნათელ და მარტივ ამბავში რა საჭირო იყო საუკუნის შემდეგ ფილოსოფოსის ჩარევა და საკითხის ასეთი იმპერატივით დასმა: „რა უპასუხა ვაჟა-ფშაველამ აკაკი წერეთელს?” როგორ თუ რა უპასუხა? განა სრულიად ნათელი არ არის, რაც უპასუხა? განა კიდევ რამე ითქვა იმ დიდებულ ლექსში ისეთი, რასაც საუკუნის გასვლის შემდეგ ფილოსოფიური ანალიზი და ახსნა-განმარტება დასჭირდა? ამ საკითხზე  ვენორ ქვაჩახია საინტერესოდ მსჯელობს: „ვაჟა აკაკის საპასუხოდ დაწერილ ლექსში ასე ამბობს: „როს დავაპირე სიტყვის თქმა, უცებ თავზარი დამეცა, სიტყვა მოსული სათქმელად ენიდან მომწყდა, გამექცა. დავღონებულვარ ძალიან, თითქოს სახლ-კარი დამექცა”. როდის ყოფილა, რომ ვაჟას სიტყვა საძებნელი ჰქონდა?  როდის მომხდარა, რომ სათქმელად მოსული სიტყვა მას პირიდან გაქცეოდა? ან ეს „დავღონებულვარ ძალიან, თითქოს სახლ-კარი დამექცა” –  რას ნიშნავს? რა არის ის, რაც ასე ძნელად გამოსათქმელი გამხდარა მუდამ მადლიანი ქართული ენით მოლაპარაკე ვაჟასთვის?” – სვამს შეკითხვას ფილოსოფოსი. შევეცდები, მარტივად გადმოვცე ის, რაც ასე ძნელად გამოსახატავი აღმოჩნდა გენიალური პოეტისთვის და რის შესახებაც ფილოსოფოსმა ვენორ ქვაჩახიამ ხსენებული ნაშრომი დაწერა: საქართველოს ერთიანობა უმაღლესი ღირებულებაა, მაგრამ არანაკლები ღირებულებაა ის, რასაც კუთხეთა განსხვავებულობა, მათი სპეციფიკურობა და თავისებურებები ჰქვია. განსხვავებულობაში,  სხვად ყოფნა კი არა, ერთიანობის დამამშვენებელი ჩუქურთმები უნდა ვეძებოთო. საქართველოს ერთიანობაც უნდა დავიცვათ და კუთხეთა განსხვავებულობასაც არანაკლებ უნდა ველოლიავოთ ისე, რომ არც ერთი არ დაზიანდესო. ამაშია სირთულე. ხევსურსა და მეგრელს, თუშსა და გურულს, აჭარელსა და კახელს შორის განსხვავებებს როდესაც ვხედავთ, იქვე ის მსგავსებაც უნდა დავინახოთ, რომელიც დიდად სჭარბობს განმასხვავებელ თვისებებსო. სვეტიცხოველი, ჯვარი, საფარა, ალავერდი, ნიკორწმინდა ხუროთმოძღვრების სხვადასხვა სტილით ნაგები  შედევრებია, რომლებიც დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ ამით იძენს განსაკუთრებულ ესთეტიკურ ხიბლს, მაგრამ ვინ თქვა, რომ მათი გამაერთიანებელი სული და ძარღვი გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე განმასხვავებელი დეტალები, შტრიხები და ჩუქურთმები?! არც სჭირდება ამას მტკიცება და სწორედ ეს არის ის, რის შესახებაც სტალინი ამბობს ერის განმარტებაში – „საერთო ფსიქიკური წყობა”.  როდესაც გაცნობიერებული გვაქს ის, რასაც „საერთო ფსიქიკური წყობა” ჰქვია, რომელზეც ერის ერთიანობა დგას,  კუთხეებს შორის განსხვავება არამხოლოდ გასაგები, არამედ მისაღებიც ხდება, რადგან ეს,  სხვად ყოფნა კი არა, ისტორიის სუნთქვით გაჯერებული სილამაზეა, სათუთი და მოსაფერებელი რეალობაა.

    გამიგრძელდა სიტყვა. „საერთო ფსიქიკური წყობა” ათასი ძაფით აკავშირებს და ერთიან ორგანიზმად კრავს ერს. მხოლოდ ამის სათქმელად დამჭირდა მცირე მოცულობის სტატიისთვის შეუფერებლად მოზრდილი ეს შესავალი. ერთი ასეთი ძაფი (თუ გნებათ, ძარღვი) ღვინო და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი კულტურაა. „შენ ხარ ვენახი”, ღმერთისა და ვაზის დიდებულ საგალობელს საუკუნეთა მანძილზე ამ ერთ სიტყვაში აერთიანებდა ქართველი კაცი. „ხე მრუდო და ხე მართალო, ხეო, მაგრამ როგორ, ხეო, სააქაოს ცხოვრება ხარ, საიქიოს სამოთხეო”. ასე აისახებოდა ხალხურ კაზმულსიტყვაობაში ვაზის მიმართ სიყვარული და მისი მნიშვნელობა. ქართული მოლხენის მთელი სული და ფილოსოფიაა ჩაქსოვილი და ჩატეული ლადოს ექსპრესიულ პოეტურ ფრაზაში: „და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა”. გრიგოლ ორბელიანმა მის ერთ-ერთ პატრიოტულ ნაწარმოებს („სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი”) სადღეგრძელოს ფორმა და შინაარსი მისცა. „კიდევ ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი”, – აცხადებდა გალაკტიონი და ეს ერთგვარი მანიფესტი იყო ქართული სუფრის კულტურისა და ქართულ სადღეგრძელოთა მისტიკური შინაარსის შესახებ, რომელმაც არნახულ ფილოსოფიურ სიმაღლეს მიაღწია. „დამალევინეთ, გევედრებით, მაგრამ არც ერთი, მაგრამ არც ერთი სადღეგრძელო არ მათქმევინოთ”. ეს არის  შესანიშნავი პოეტი ლილი ნუცუბიძე, რომელიც თითქოს კრიჭაში ჩასდგომია გალაკტიონს, რომელიც მეტი სადღეგრძელოს წარმოთქმის ჟინს აჰყოლია, მაგრამ არა, ეს ქართული ტრადიციული ქეიფის ერთგვარი რემინისცენციაა, სადაც სადღეგრძელოს წარმოთქმის თეატრალურ-პათეტიკური ფორმა „ხვაშიადის ღვინოში უხმოდ ჩაკვლის” სურვილით არის ჩანაცვლებული, რომლითაც ღვინის სმასთან დაკავშირებული ბოჰემა და არტისტიზმი ახალ სიმაღლეზეა აყვანილი და განსხვავებული ესთეტიკური რაკურსით არის წარმოდგენილი.

    საქართველოში ღვინის კულტურა თანაბრად შეერწყა ადამიანურ ბედნიერებასა და უბედურებას. იგი საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ყოფიერების ამ ორ უკიდურესობას თანაბრად დაუკავშირდა და ისევე, როგორც ყვავილებმა და მუსიკამ, განუმეორებელი და სრულიად უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. შესანიშნავი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ვახტანგ გოგუაძე წერს: „სასულიერო ცხოვრებაში ადამიანები სანთლით ხელში ლოცულობენ, ხოლო საერო ცხოვრებაში ღვინით სავსე სასმისით ხელში”. ქართული სუფრა ლოცვაა ქრისტეს სისხლთან და ქრისტეს სხეულთან ზიარებით. ამ თვალსაზრისით ქართველებმა უნიკალური კულტურა შექმნეს, რომლის მსგავსი არც ერთ ერს და არც ერთ ცივილიზაციას არ შეუქმნია, თუმცა მსოფლიოს მრავალი ხალხი ეზიარა ღვინის მადლს. ღვინის სმის კულტურის მქონე ხალხთაგან ქართველები ის ერთადერთი გამონაკლისი ვართ, რომლებიც ღვინოს ზარხოშის მოსაგვრელად არ მივირთმევთ. სხვებისთვის თრობის გარკვეული (დასაშვები) დონე ლოგიკური მიზანია სასმელის მიღებისა, ქართველისთვის კი ღვინის (უმრავლეს შემთხვევაში გადამეტებული დოზით) მიღებას, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, მუდმივად ახლავს რეფლექსი, რომ თრობა, როგორც შედეგი, არ უნდა დადგეს. ეს უცნაური (პრაქტიკულად განუხორციელებელი) ამოცანა ღვინოსთან დაკავშირებულ ქართულ კულტურას უნიკალურ ხასიათს სძენს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში გაჩაღებულია ქართული სუფრის ტრადიციების ლანძღვისა და დისკრედიტაციის აღვირახსნილი კამპანია. ამას ემატება ქართველთა მხრიდან ამ დიდებული ტრადიციის მიმართ უდიერი მოპყრობა, რომელიც, მაგალითად, გამოიხატება იმით, რომ ხშირად ერთმანეთში ურევენ სუფრის ქართულ და ევროპულ წესებს. პირველს მეორით კი არ ჩაანაცვლებენ ხოლმე, არამედ ქმნიან უხეშ ეკლექტიკას, სადაც ქართული სადღეგრძელოები და ევროპული ცეკვები (ხმაურიანი საესტრადო მუსიკა) ანტაგონიზმში მოდის და ერთანეთს აფუჭებს. ვისაც რა წესით და კულტურით სურს, იმ წესით და კულტურით იხელმძღვანელოს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ წესების უხეში აღრევა ქაოსში გადადის და ყველაფერს აფუჭებს. ქართული სუფრის ლაზათს ყველაზე მეტად ცუდი შესრულება აზიანებს. იმ შემთხვევებში, როდესაც ნიჭიერი თამადა და სუფრის წევრები არიან, ქართული სუფრა დაუვიწყარ დროსტარებად იქცევა, მაგრამ უნიჭო შემსრულებლების ვითარებაში იმ ჯოჯოხეთს ემსგავსება, რომლის გაძლებაც შეუძლებელია. ასე რომ, ქართულ სუფრას ორი მტერი გამოუჩნდა:  ერთი – გარედან მიზანმიმართულად მებრძოლი, რომელსაც ქართული კულტურის უნიკალური დეტალების საერთო კონგლომერატში გათქვეფა გადაუწყვეტია. ჯერ კიდევ როდის ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია: თქვენ, ევროპელები, ეგოისტები ხართ.  ჩვენგან მოითხოვთ, გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ ან ვართ, ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იმავე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას”. მეორე კი – შიგნიდან  ფეხის ხმას აყოლილი და ყოველივე ქართულზე მუდმივად მოქილიკე ბრიყვი, რომელიც ყველა დროში უცხოელების მიბაძვაზე იყო გამეცადინებული, მაგრამ სხვათა წესებს ბოლომდე ვერ ითვისებდა, საკუთარს კი უპირისპირდებოდა, უარყოფდა, ანიავებდა და კარგავდა. ასე თანდათანობით ვაკნინებთ ამ ულამაზეს კულტურას და ვღუპავთ მას.  მიზეზი კი ის არის, რომ წესების შესრულება არ გვინდა, წესების გარეშე ცხოვრებამ გაგვიტაცა, რადგან წესების დაცვა და შესრულება გვეზარება. უფრო უარესი ისაა, რომ წესებზე უარის თქმას (უწესობას) თავისუფლებად აღვიქვამთ. ასე შეგვიფუთეს, ასე შემოგვასაღეს და ბაჯაღლო ოქროდ მოგვაჩვენეს ის, რაც შეიძლება ბრწყინავს, მაგრამ ოქრო არ არის.

    განათლების სისტემის მიზანმიმართულმა მოშლამ, რომელმაც ერუდიციისა და ინტელექტის დონის შემაშფოთებელი ვარდნა გამოიწვია, ეროვნული იმუნიტეტი დაგვიქვეითა და თავდაცვის უნარი დაგვიკარგა. ამას ქართველთა „ფსიქიკური წყობის” იმ ერთიანი ბაზის მოშლის მიზნით აკეთებენ, სტალინი ერის დეფინიციაში ერთ-ერთ განმსაზღვრელ როლს რომ ანიჭებდა. ამ „ფსიქიკური წყობის ერთიანობის” მოშლის შემდეგ ერი ნახირს დაემსგავსება, რომელსაც ერთი უბრალო მეხრეც კი რაგინდარა მიმართულებით გარეკავს.

    ეხრეს, რა თქმა უნდა, გამოგვიგზავნიან!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here