მეწარმემ დღგ-ს გადახდა მაშინ უნდა დაიწყოს, როცა მისი  წლიური ბრუნვა, 100 ათასის ნაცვლად, 300 ათას ლარს  გადააჭარბებს

    საქართველო, სამწუხაროდ, არ არის მწარმოებელი ქვეყანა და წლიდან წლამდე ვყალიბდებით მხოლოდ მომხმარებელ ერად. პრაქტიკულად  არაფერს ვაწარმოებთ და პროდუქტების სიძვირის მიზეზი ესეც არის. შემოტანილ პროდუქტს სჭირდება განბაჟება, ტრანსპორტირება, მერე საწყობში შენახვა და ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული,  ამიტომ სჯობს, ადგილობრივ წარმოებას შევუწყოთ ხელი და შემდეგ ნელ-ნელა საშველიც გამოჩნდება,  თუმცა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების უქონლობა არ არის პრობლემა, საქართველოსთვის, ცოტა არ იყოს,  შეუფერებელი გადასახადები გვაქვს და ახლავე აგიხსნით, რატომ.

    ყველა უბანში, ცნობილი ქსელური მარკეტების გარდა, არის უბნის მაღაზიაც, აი ისეთი, მეზობელმა რომ გახსნა და ნისიების რვეულიც რომ უდევს დახლთან. სამწუხაროდ, ოჯახების არცთუ მცირე ნაწილს თვიდან თვემდე არ ჰყოფნის შემოსავალი, ამიტომ ნისიად იღებს პროდუქტებს და თვის ბოლოს ისტუმრებს,  შემდეგ კი  კვლავ ახალი ნისია იქნება. ჰოდა, ვთქვათ, ეს მაღაზია დღეში ვაჭრობს 500 ლარს, აქედან დაახლოებით 100 ლარი რჩება მოგება და ბედნიერია ყველა, მაგრამ გადის 200 დღე, ამ ხნის განმავლობაში ნავაჭრი  100 ათას ლარს აღწევს, ამიტომ მიდის საგადასახადო მაღაზიის მფლობელთან და აიძულებს,  დარეგისტრირდეს  დღგ-ს გადამხდელად. რატომ? იმიტომ, რომ კანონის მიხედვით, თუ ობიექტი 12 თვის განმავლობაში 100 ათას ლარზე მეტს ვაჭრობს,  ვალდებულია, დამატებითი ღირებულების გადასახადი გადაიხადოს. ჰოდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში  200 დღეში უბნის მაღაზიის მეპატრონეს (რომელიც,  გამყიდველის დაქირავებაში თანხა რომ არ დაეხარჯოს, თვითონ დგას ან ოჯახის რომელიმე წევრი უყენია დახლში) მოგება  20 ათასი ლარი დარჩა, მაგრამ ივაჭრა 100 ათასის და… ამ თანხიდან დღგ-ს 18%, ანუ 18 ათასი უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს. გამოდის, რომ ორას დღეში მაღაზიის მეპატრონეს ხელზე დარჩა 2 ათასი ლარი,  ამ თანხით უნდა გადაიხადოს სხვადასხვა გადასახადი და… თითქმის არაფერი რჩება. რა გამოდის? იშრომა, იწვალა და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვის გადაეხადა ფული. ეს არის მწარე რეალობა, მაგრამ გაგიკვირდებათ და აქედან  მარტივი გამოსავალი არსებობს.

    დღგ-ს გადახდა საქმოსნებს პირველად 1992 წლის 15 მარტიდან დაეკისრათ, იმხანად ეს   25% იყო.  იმ წლებში ასეთ თანხებზე, მცირე კი არა, დიდი მეწარმეები ძლივს გადიოდნენ. 1997 წელს   გადასახადი 5 პროცენტით შემცირდა. 2005 წლის 1 ივლისს კი ნაციონალებმა გადასახადი 18%-მდე შეამცირეს და დღემდე ასეა, ანუ  კანონი, 20 წელზე მეტია, მოქმედებს. ჰოდა, თუ 2005 წელს 100 ათასი ლარის წლიური ბრუნვა ბევრისთვის სანატრელი იყო, ახლა ამას უბნის პატარა მაღაზიაც ახერხებს და გამოდის, რომ რაღაც არის შესაცვლელი. ის რაღაც კი იმ ზღვრული თანხის მომატებაა, რომლის მიღწევის შემდეგ ითვლება დღგ, ანუ მეწარმემ დამატებითი ღირებულების გადახდა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მისი  წლიური ბრუნვა 100 ათასის ნაცვლად  300 ათასს გადასცდება.  ამ საკითხზე ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი მუშაობდა და ახლოს იყო გონივრული გადაწყვეტილების მიღებასთან, მაგრამ სანამ იტყოდნენ, ამას ვაპირებთო, როგორც ჩანს, ინფორმაციამ გაჟონა და ოპოზიციის ლიდერებმა მოითხოვეს ზღვრის 100 ათასიდან  300 ათასამდე გაზრდა და… ჩვენთან ხომ ასეა, თუ ოპოზიციამ დაასწრო რამის თქმა ხელისუფლებას,  ჯინაზე აღარ აკეთებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ  ქულები არ დაიწეროს. ანუ, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ოპოზიცია ამოიღებს არქივის ჩანაწერებს და ამაყად იტყვის, რომ სამთავრობო გუნდი აიძულეს, ეს გაეკეთებინათ და ის, რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილმა ამოისუნთქა, მათი დამსახურებაა. ჰოდა, იმ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილის დიდი ნაწილი ამ ყველაფერს დაიჯერებს და ტაშს ოპოზიციას დაუკრავს, ეს კი ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. ჰოდა, ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში მცირე მეწარმეები ძალიან იჩაგრებიან.

    შესადარებლად გეტყვით, რომ, მაგალითად, აშშ-ში (სწორებას ხომ შტატებზე ვაკეთებთ ხოლმე)  დამატებითი ღირებულების გადასახადი  არ არის. ანუ, ეს არ არის  გადასახადი, რომელიც უნდა არსებობდეს, და 1992 წელს საქართველოში მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ იმხანად  ქვეყანას ძალიან უჭირდა და ბიუჯეტი როგორმე უნდა შეევსოთ. ეს ის პერიოდია, პენსია  7 ლარი  რომ იყო და ამით  თვიდან თვემდე  უნდა გაგეტანათ თავი. ხომ ხვდებით, რომ ამ პირობებში ასი ათასი ლარი ასტრონომიული თანხა იყო?  შესაბამისად, მცირე მეწარმეებმა არც კი იცოდნენ,  დღგ თუ არსებობდა, იმიტომ, რომ ახლოსაც კი არ მიდიოდნენ 100 ათასლარიან ბრუნვასთან, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა  და ასი ათასი ლარი აღარ არის ის თანხა, რომელიც მცირე მეწარმისთვის მიუწვდომელია. მეტიც, თუ წლიური 100-ათასიანი ბრუნვა არ გაქვს, სერიოზულ მოგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაგრამ… ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცირე მეწარმე ამის გამო უნდა დავახრჩოთ და  მოგების მეათედი დავუტოვოთ.  თუ ამ მცირე მეწარმეს 2-3 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხელფასზე საშემოსავლოს 20% ემატება, იქეთ – საპენსიოს 2% და ბოლოს გამოდის, რომ გადასახადები 40%-ია, რაც მცირე მეწარმეს უმძიმეს ტვირთად აწვება და ამიტომ ცდილობს, სახელმწიფო მოატყუოს, გაყიდული საქონლის ქვითარი, თუ ნაცნობია, არ „ამოარტყას“, რომ როგორმე იმ 100 ათასს არ გადასცდეს. გამოდის, რომ კონკრეტულად ამ კანონის თუ დაწესებული ზღვრის გამო სახელმწიფო მისდაუნებურად შემოსავლის დამალვისკენ უბიძგებს მცირე მეწარმეებს.

    კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოს სჭირდება ბიუჯეტის შევსება   და 100 ათასის აწევა 300 ათასამდე  ხაზინაში  დეფიციტს შექმნის, სამაგიეროდ, შემოსავლების დამალვას არავინ შეეცდება,  რაც მთავარია, მეტი ადამიანი დასაქმდება, ეს კი საბოლოო ჯამში გაცილებით უკეთეს შედეგს მოიტანს.გვგონია, რომ   ამ ცვლილების განხორციელება  ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ინიციატივის შემდეგ შეჩერდა, თორემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ყველაფერი დათვლილიც ჰქონდა  და ბოლოშიც იყო გასული, მაგრამ…

    ალბათ, მხოლოდ საქართველოში უდგანან ჯიბრში ერთმანეთს ოპოზიცია და ხელისუფლება. ოპოზიცია მზად არის, თუნდაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ყველაფერს მოაწეროს ხელი, ხელისუფლება კი  ცდილობს, ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და მას ამომრჩეველთა თვალში დამატებით ქულებს დაუწერს. სულ ეს არის მთელი იწილო-ბიწილო, რომელსაც  რიგითი ადამიანების ინტერესები ეწირება. ახლა რომ მოვუწოდოთ, ერთ მაგიდას  მიუსხედით და ქვეყანაზე იფიქრეთო, არაფერი გამოვა, რადგან ოპოზიციას  გაგონება არაფრის სურს, გარდა ხელისუფლების სათავეში დაბრუნებისა და ძალაუფლების ხელში აღებისა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ, როცა რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდნენ და გარკვეულ მომენტში ხელისუფლებაც არ იყო  უარზე, ოპოზიცია ისე იყო გაკოტრებული, რომ მიხვდა, რიგგარეშე არჩევნებშიც არ ჰქონდა გამარჯვების შანსი და მოითხოვა, არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიეღო. სწორედ ამიტომ დაივიწყა დასავლეთმა რიგგარეშე არჩევნების თემა და ახლა ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის თავისი მომხრეებით დაკომპლექტებას, საუბნო-საარჩევნო კომისიებში უმრავლეესობას და კანონის თავის თავზე  მორგებას მოითხოვს. ამ მოთხოვნას  დასავლეთიც ეთანხმება, მაგრამ ეს ხელისუფლების პირდაპირ გადაბარებას ნიშნავს და „ოცნება“ ამას  არ გააკეთებს (არც უნდა გააკეთოს).

    არადა, საგადასახადო კუთხით ბევრი რამ არის შესაცვლელი, თუნდაც ის, რომ, როცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მეწარმეს გარკვეული თანხა დაუბრუნოს, ეს თვეობით არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან ამ თანხით მეწარმე თანამშრომლების ხელფასებს იხდის, პროდუქციას უშვებს და ჰაერივით სჭირდება. ეს და კიდევ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ჩანს, რომ ამისთვის ხელისუფლებას ჯერჯერობით  არ სცალია. არადა, პირველ რიგში, სწორედ ამისთვის უნდა მოიცალოს და შემდეგ ეგებ ფურცელზე დაწერილი ეკონომიკური ზრდა თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზეც იგრძნოს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here