Home რუბრიკები საზოგადოება მედია ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ არა ტენდენციურად კრიტიკული

მედია ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ არა ტენდენციურად კრიტიკული

ობიექტური მედია სულს ღაფავს და ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მაქსიმალურად ცდილობენ, ეს პროცესი დააჩქარონ

117

ჩემს ბავშვობაში, ანუ მაშინ, როცა კომუნიზმი ყვაოდა, მშობლები პატარებისთვის იწერდნენ ჟურნალდილას”, გაზეთნორჩი ლენინელს”, ხოლო უფროსი თაობაკომუნისტსადასოფლის ცხოვრებასიწერდა. თუ დროზე არ შეიძენდი, საგაზეთო ჯიხურებში აუცილებლად მალე თავდებოდალელოდა სატელევიზიო პროგრამების გაზეთი. როგორც საგაზეთო, ისე ტელეჟურნალისტიკა ყვაოდა და იმხანად ჟურნალისტს უდიდესი პატივისცემითა და რიდით ეპყრობოდნენ. ჟურნალინიანგიიყო ნამდვილი დამოკლეს მახვილი უკეთურთა თავზე დანიანგშიმოხვედრა ნებისმიერი სახელმწიფო მოხელისთვის სამსახურის დაკარგვის ტოლფასი იყო. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სატელევიზიო ეთერში ისხდნენ ჟურნალისტები, რომლებსაც სერიოზული, კონსერვატიული გამომეტყველება, შესაბამისი ხმის ტემბრი ჰქონდათ და, რაც მთავარია, ისინი ტელევიზიის გარეთაც ისე იქცეოდნენ, როგორც ადამიანები. ჰო, ადამიანები და ადამიანობა მაშინ ბევრად დაფასებული იყო და ამას ვერ ვხვდებოდით.

არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ გავიმეორებთ: ყველაზე თავისუფალი მედია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო და ამბროსიჩი იმასაც აქცევდა ყურადღებას, რას წერდნენ გაზეთები. შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსნებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, სწორედ გაზეთების კრიტიკა არ დასტეხოდათ თავს და, თუ რომელიმე გაზეთში არასწორ ინფორმაციას დაწერდნენ, თვითონ მოდიოდნენ, არკვევდნენ, კამათობდნენ, თავს იმართლებდნენ… ჰო, ეს ყველაფერი იყო… შემდეგ იყო “ვარდების რევოლუცია” და “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”. საბოლოოდ კი გამოვიდა ისე, რომ ხალხზე გამარჯვებული ტელევიზია მივიღეთ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაც შეშინებით მიიღო, შეირგო; რაც _ ვერა, შტურმით აიღო და თითქმის ყველა ტელეკომპანია თავის კონტროლს დაუქვემდებარა. იგივე მოხდა გაზეთების ნაწილშიც, თუმცა ბეჭდურმა მედიამ დამოუკიდებლობა მოინდომა და სადამსჯელო ოპერაციაც მიიღო _ ჯერ კრიტიკული გაზეთის რედაქტორს დაესხნენ თავს “ახალგაზრდა რეფორმატორების” მიერ მიგზავნილი ბოროტმოქმედები (2001 წ), მერე რედაქცია გაძარცვეს და დამფუძნებლები აიძულეს, გაზეთის გამოცემა შეეწყვიტათ, გამომცემლობა “სამშობლოში” სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ქართული გაზეთის სახლი შტურმით აიღო, ყველა გაზეთი კი, უბრალოდ, ქუჩაში გამოყარეს… ჩვენი გაზეთი საქართველო და მსოფლიოგამოსვლისთანავე ორჯერ დაარბიეს და გაძარცვეს (2009 წელს) და რომ იტყვიან, ქვა ქვაზე აღარ დაგვიტოვეს რედაქციაში. სწორედ მაშინ დაიწყო გადასახადების ზრდა ბეჭდური მედიისთვის, ხელოვნური ბარიერების შექმნა. სამთავრობო ორგანიზაციებმა გაზეთების გამოწერაზე უარი თქვეს, რამაც ფინანსურად დააზარალა მედია და, ამის მიუხედავად, გაზეთი მაინც იყო ის ნათელი წერტილი, რომელსაც მოსახლეობა უფრთხილდებოდა, მაგრამ გადასახადების მომატებით, ქაღალდის გაძვირებით ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ გაზეთი ბევრისთვის მიუწვდომელი შეიქნა. ჰო, არ ღირს გაზეთი იაფი, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის _ სოციალურმა ქსელმა ახალ თაობას კითხვა დაავიწყა. საკმარისია, სოციალურ ქსელში სათაური წაიკითხონ და შემდეგ უკვე თავად იქმნიან წარმოდგენას, რა შეიძლება ეწეროს და ტექსტს ბოლომდე არც კითხულობენ. ეს მოიტანა განათლების გაუთავებელმა და დღემდე დაუსრულებელმა რეფორმებმა. ეს მოიტანა იმან, რომ განათლების ყველა ახალი მინისტრი საკუთარ კონცეფციას წერს, საკუთარ თარგზე ჭრის და კერავს ამ სისტემას და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ მომავალი თაობა გაუნათლებელი გვრჩება.

დისტანციური “სწავლების” სიკეთეს რამდენიმე წელიწადში ყველა ერთად ვნახავთ, მანამდე კი, რაც გვაქვს, იმით “დავტკბეთ”. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საბოლოოდ გვაჩვენა, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა არ გვაქვს და აღარც ჟურნალისტები არ გვყავს. ტელევიზიების ჟურნალისტები იქცნენ რიგით პარტიულ აქტივისტებად და იქცეოდნენ ზუსტად ისე, როგორც აქტივისტები, და არა როგორც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები. თუ ოპოზიციის აქციებზე ხალხის გაღიზიანება მას შემდეგ ხდებოდა, რაც “იმედის” ან “პოსტვ”-ის ლოგოს მოჰკრავდნენ თვალს, “ქართული ოცნების” მიერ გამართულ აქციაზე აგრესიას “ტვ პირველის”, “ფორმულას” და “მთავარი არხის” თანამშრომლები იწვევდნენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ უკანასკნელთა ჟურნალისტები თვითონ ცდილობდნენ ადამიანების გამოწვევას, პროვოკაციაზე წამოკიდებას. ეს მაშინ, როცა წლების წინათ ჟურნალისტისთვის ზედმეტი სიტყვის თქმას ხელისუფლების უმაღლესი პირებიც კი ვერ ბედავდნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ, მედიას დიდი ძალა ჰქონდა. ახლა კი ეს ყველაფერი გაუფასურდა, ახლა ჟურნალისტის გინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არავის არ უკვირს და არც არავინ აპროტესტებს. უფრო მეტიც _ ჟურნალისტმა ზუსტად იცის, რომ კონკრეტულ აქციაზე მიდის იმისთვის, რომ აგინონ, ლანძღონ, კამერასაც თუ დაუმტვრევენ, მთლად უკეთესი. შესაძლოა, ვიღაცამ ვერ დაუკავშიროს, მაგრამ ვანო მერაბიშვილის სიტყვები გვახსენდება: “ორი გვამი მინდა… პრემია დიდი იქნება”. სწორედ ასეა, ტელევიზიებს ახლა ყველაზე მეტად გვამები სურთ და მერე პრემიაც იქნება და ეგებ, ხალხი ისე აღელდეს, სამთავრობო შენობების შტურმზე გაიწიოს. ჰო, სატელევიზიო ეთერიდან ხშირად ისმის ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება, ხშირად ისმის გინება კონკრეტული პირების მიმართ და არავინ ფიქრობს, რომ ამ მომენტში ტელევიზორთან, შესაძლოა, მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ.

ამ ყველაფრის ფონზე კვლავ არსებობენ (ჰო, არსებობენ) გაზეთები და ცდილობენ, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას. სამწუხაროდ, გაზეთის მყიდველთა რაოდენობა სწრაფად მცირდება, რადგანცნობის ფურცელსძველი თაობა ყიდულობს, ახალი თაობა კი გაზეთში ფულს არ იხდის. ძველებმა იციან, სად შეიძლება ეძებონ სიმართლე, ახლებს კითავისი სიმართლე აქვთ დავიღაცისდაწერილი არ სჭირდებათ. არადა, გაზეთის კითხვა სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი. წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება რომ შეიქმნა, მიზანი სწორედ განათლების ამაღლება იყო და ვაი, რომ დღეს ბევრმა კითხვა არ იცის (წერა _ ძალიან ცოტამ). გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი თაობის მართვა კი გაცილებით ადვილია და ამიტომაცაა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწყებულ საქმეს თამამად რომ განაგრძობს “ქართული ოცნება”. არც მათ სურთ, გაუკონტროლებელი მედია და სიამოვნებით გადაიხდიდნენ მილიონებს, ქვეყანაში ოპოზიციური არხები რომ არ იყვნენ. არადა, მედია სწორედ ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ არა ტენდენციურად კრიტიკული _ ტელეეთერიდან არ უნდა იღვრებოდეს ღვარძლი, არ უნდა უხაროდეს ჟურნალისტს, თუ ვინმე გარდაიცვალა, თუ ვინმეს ცუდი შეემთხვა. თავში კომუნისტები ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ისინი ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალურად ზღუდავდნენ, რათა მოსახლეობას ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიეღო და არასდროს არ იწყებდნენ ახალ ამბებს ნეგატივით. ჩვენთან კი, კარგი ამბები (თუ ხდება) ბოლოსთვის აქვთ შემონახული ან საერთოდ არ აქვთ საეთერო ბადეში, იმიტომ, რომ აპოკალიფსის განცდა მძაფრი იყოს, იმიტომ, რომ ვიღაცას არ ეგონოს, ქვეყანაში კარგიც ხდებაო.

უმარტივესი მაგალითები ვთქვათ: გასულ კვირაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჭიდაობაში ორმა ქართველმა ახალგაზრდამ ოქროს მედალი მოიპოვა, ანუ ჩვენი ბიჭები პლანეტის უძლიერესები გახდნენ. იმავე გასულ კვირაში, ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისევ ორმა ქართველმა ოქროს მედალი აიღო, ანუ კონტინენტზე პირველები არიან, მაგრამ ტელევიზიებმა ამ ამბავს წაუყრუეს, არ სცალიათ ჯანსაღი ცხოვრებისთვის, არ სცალიათ ჩემპიონი ახალგაზრდებისთვის. მთავარი განხილვის თემა ფაფა და წვენები იყო.

აქციებზე გაზრდილი თაობა ვართ… 30 წელია, ხან ერთი ლიდერის სახელს გაჰკივიან, ხან _ მეორის და ასე გრძელდება დაუსრულებლად. სამწუხაროდ, ვერც მომავალი თაობა იგებს და იღებს რამე ახალს _ მათთვისაც აქციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და აღარ უკვირთ. არადა, მედიის, მიუკერძოებელი მედიის გაძლიერებით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ქვეყნისთვის დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ. იმავე ხელისუფლებამ რომ მოინდომოს, თუნდაც პენსიონერების ნაწილს კვირაში ერთხელ სხვადასხვა გაზეთი გამოუწეროს, მათ მადლსაც მოისხამს და პრესასაც ამოასუნთქებს. გვერწმუნეთ, ძალიან სურთ პენსიონერებს გაზეთის შეძენა და წაკითხვა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან გაზეთი პურზე ძვირი ღირს, პური კი მთავარი საკვებია.

დღევანდელ მდგომარეობას რომ ვუყურებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ აქციები უახლოეს პერიოდში არ შეწყდება, წელსაც იქნება, გაისადაც და იმის შემდეგაც. სამწუხაროდ, არც ერთი აქცია არ იმართება სხვა მოთხოვნით, მხოლოდ ძალაუფლების გამო მიდის ჭიდაობა და ტელევიზიები არჩეულ კურსს არაფრის დიდებით აღარ გადაუხვევენ. მათ ისე აქვთ შეტოპილი, უკან დასახევი გზა მოიჭრეს და ამის სურვილიც არ აქვთ. კარგად იციან, თუ ხელისუფლებაში მათი კერპი იქნება, სასათბურე პირობებს შეუქმნიან, წლიურად 15-16 მილიონის დავალიანებას ჩამოაჭრიან (მერე რა, რომ ეს ფული რიგით მოქალაქეებს აკლდებათ), საზღვარგარეთ ვიზიტებისას წაიყვანენ, დააფინანსებენ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში აცხოვრებენჰო, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. დამოუკიდებელი მედია კი სულს ღაფავს და ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მაქსიმალურად ცდილობენ, ეს პროცესი დააჩქარონ. დამოუკიდებელი და ობიექტური დღევანდელ ლიბერალურ პოლიტიკას არავინ და არაფერი არ უნდა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here