საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ იმდენი ტყუილი დაახეთქა, ეიფელის კოშკის გამყიდველ და განგსტერ ალ კაპონეს მომტყუებელ ავსტრიელ თაღლით ვიქტორ ლუსტიკსაც კი შეშურდებოდა.
10 ივლისს სააკაშვილმა მისი საყვარელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა (სტილი დაცულია): “ვაღიზიანებდი თავის დროზე პრეზიდენტ ბუშს. ხმას ავუწიე და ვუყვირე, როდესაც ტანკებით მოდიოდნენ რუსები… ჩემი სამშობლო იყო სასიკვდილო საფრთხის ქვეშ და გაჭრა ამან. ხანდახან ესაც არის საჭირო. საჭიროა, შეუტიო, შეახსენო, კარები აუტალახო ბოლომდე. თუ საჭიროა, ნამუსზე ააგდო. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მქონდა სარკოზისთან. სარკოზი მრავალი საათი მარწმუნებდა, რომ მომეწერა ხელი კაპიტულაციაზე, ყვიროდა, დახტოდა, მოწმეები იყვნენ ამის, ვინც ესწრებოდა ამ ამბებს. მე ვუთხარი, რომ არა! ჩემი სამშობლოს კაპიტულაციაზე ხელს არ მოვაწერ–მეთქი. ეს რომ გავაკეთე, ამის შემდეგ უკვე სარკოზიმ დამპატიჟა ოფიციალური ვიზიტით, დიდი პატივით მიმიღო, იმიტომ, რომ არავის არ უყვარს ქვეშაფსიები და წაწოლილი ელემენტები”.
უყვირებდა, აბა, რა, მიშა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც თავზე ვაზელინწასმული დახვდა, როცა თბილისში ჩამოვიდა; არც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დატუქსვას მოერიდებოდა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის _ ბერნარ კუშნერისა და უამრავი ჟურნალისტის წინაშე მართლა ქვეშაფსიასავით ხოხავდა მიწაზე თვითმფრინავის ხმისგან შეშინებული. აი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს კი, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე ჯერ “ბე-ბე-ბე-ბე”-თი მიმართა, შემდეგ კი საჯაროდ უწოდა “კორუფცირებული გუბერნატორი” და დედაც შეაგინა (ამ ინციდენტის სტენოგრაფიულ ჩანაწერში პრეზიდენტი პოროშენკო მოუწოდებს ავაკოვს, დედას ნუ აგინებო), ვერაფერი დააკლო.
ასეა, “უშიში, ვითარცა უხორცო” სააკაშვილი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტს უყვირის და თავის ჭკუაზე ატარებს, მაგრამ ვერაფერს უბედავს მხოლოდ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის ძალისხმევითაც ოდესის ოლქის გუბერნატორობას ჩამოაშორეს.
ისე, მართლა არავის უყვარს ქვეშაფსია და წაწოლილი ელემენტები… ნაცების გარდა!