მამუკა კარტოზია: თუკი რუსეთმა მოძმე უკრაინა გაიმეტა, ჩვენ რა გველის? საქართველო უფრო სახიფათო ტერიტორიაა რუსეთისთვის, ვიდრე უკრაინა.

    ,,ე.წ. ოპოზიცია საქართველოს მტერია, მზად არის, რომ რუსეთი დაატაკონ საქართველოს. ეს არის მათი იდეაც და მიზანიც... ჩვენ აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს “

    თბილისის ქუჩებში პროტესტანტებად წოდებულ ადამიანთა ჯგუფის გამოსვლებს ბოლო არ უჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნები საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვის, რომელიც გაცილებით მეტია, უცნობია. თავკაცის გარეშე დარჩენილი ადამიანები ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში არიან. მათ ხშირად უსვამენ შეკითხვას, რატომ დგანან ქუჩაში, პასუხი კი სხვადასხვანაირია: ,,დაინიშნოს ახალი არჩევნები”, ,,ჩვენ რუსეთი არ გავხდებით”, ,,გადადგეს მთავრობადა . .

    რას აპროტესტებენ ქუჩაში მყოფი ადამიანები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

    _ ე.წ. ოპოზიცია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდება და ჩვენ ამ გაყალბებას არ ვაპატიებთ ,,ოცნებასო”. იმავეს ამბობდნენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. ასე რომ, ჩვენ ეს ამბავი, რომელიც ახლა ხდება, ვიცოდით, ველოდით. მათ კონსტიტუციით აქვთ უფლება, გააპროტესტონ ესა თუ ის ქმედება ხელისუფლებისა, მაგრამ, რას აპროტესტებენ დღეს თბილისისა და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, წარმოდგენა არ მაქვს. დაიწყეს იმით, რომ არჩევნები გაყალბდა, მოითხოვეს შედეგების გადახედვა, მაგრამ გაყალბების ფაქტები ვერ წარმოადგინეს და მინელდა საპროტესტო ტალღა. თვითონაც იცოდნენ, რომ ახალი ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნები თითქმის ვერ გაყალბდებოდა…

     ვუყურებთ ქუჩებში მიმდინარე პროცესებს, არეულობას, თავდაპირველად ამ არეულობას სათავეში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი ჩაუდგნენ… წინასაარჩევნოდ შეიყარნენ გაურკვეველი წარმოშობის, გაურკვეველი იდეისა და იდეოლოგიის ადამიანების პოლიტიკური ორგანიზაციები: ხაზარაძეები, გვარამიას შეკოწიწებული პარტია, კონტექსტიდან ამოვარდნილი ,,ნაციონალური მოძრაობა” და ყველაზე მიუღებელი _ გახარიას, ადრე ხელისუფლებაში მყოფი ,,ჩინოვნიკების” პარტია. ეს პარტიები ვერ ერთიანდებიან, იდეა არ აქვთ და ამიტომ წინ მიუშვეს ახალგაზრდები და ამოეფარნენ მათ. ახალგაზრდებს კი თავკაცის გარეშე მოთხოვნაც არ აქვთ, ვერ გაიგებს ადამიანი, რა სურთ. ე.წ. მომიტინგეები მოსწყდნენ რეალობას. აქცია მუდმივად აქტუალური რომ იყოს, გარედან მოთამაშე ე.წ. პოლიტიკურ ლიდერებს, დესტრუქციულ პოლიტიკოსებს, მიტინგებზე დამრბევი ძალები ჰყავთ შეყვანილი, ადამიანები, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ. ეს კი დროდადრო  ძაბავს ვითარებას, მაგრამ ძალიან საშიშია. ჩვენი პოლიცია კარგად მუშაობს…

    ხაზგასმით აღვნიშნავ _ პოლიცია განასახიერებს სახელმწიფოს. ის არ იცავს ამა თუ იმ მთავრობას. მთავრობა იცვლება, ძალოვანი სტრუქტურები რჩებიან, ისინი სახელმწიფოს ერთგულები არიან. მათი შეურაცხყოფა არ შეიძლება. პროტესტანტები მიდიან ანარქიისკენ. ისინი ამტვრევენ, წვავენ, ანგრევენ… ე.წ. ოპოზიციის ლიდერებმა ვითარება ვერ მართეს და ახალგაზრდები მიუშვეს ნებაზე. გენიალურად თქვა ბისმარკმა: ,,რევოლუციას ჩაიფიქრებენ რომანტიკოსები, ახორციელებენ რეალისტები და შედეგებს იმკიან ნაძირალები”. ასეა ჩვენთანაც. თუკი ე.წ. აპოლიტიკური ადამიანები მოაწყობენ რევოლუციას, არენაზე მაშინვე გამოჩნდებოდნენ პოლიტიკოსები. როგორც ჩანს, ჩვენი ე.წ. ოპოზიციის დასავლელი მეპატრონეებიც ვერ ჩამოყალიბდნენ, რა სურთ, რადგან საქართველო არ არის ძირითადი საფიქრალი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა სირიაში. ეს ქვეყანა დაკარგა რუსეთმა, რუსეთის გარკვეულ წრეებში გლოვაა. სირიას დაინაწილებენ, ის გახდა კატარის ბუნებრივი აირის სატრანზიტო გზა ევროპისთვის. ჩათვალეთ, რუსეთის ბუნებრივი აირი არავის დასჭირდება, რაც წარმოუდგენელია. 2011 წლიდან რუსეთი ინახავდა სირიას. იქ რუსეთის ჯარი იდგა. ვინმეს ფიქრობს, რომ კულუარული მოლაპარაკების გარეშე მოხდა სირიის დათმობა? ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის, ჩასვლა ევროპაში და ევროპის ლიდერებთან შეხვედრა, მისი შეხვდერა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, სირიის უპრეცედენტო დაბომბვა ისრაელის მიერ… ბევრი საყურადღებო ფაქტია, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, შევისწავლოთ. სირიის ხელისუფლებაში ტერორისტები მოვიდნენ, ამერიკამ მხარი დაუჭირა სირიაში ტერორისტების მოსვლას. დღეს ვინც საქართველოს მოუწოდებს არეულობისკენ, ჩვენი ქვეყნის მტერია, დიახ, მტერია. ერთი წუთით დავუშვათ, რომ რუსეთმა განაცხადა, არ მინდა კავკასიაო და რაღაცაში გაცვალა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ზუსტად 5 წუთში აღარ ვიარსებებთ და თურქეთის ვილაიეთად ვიქცევით. საქართველომ ისე უნდა წარმართოს თავისი პოლიტიკა, რომ რუსეთის ინტერესებში ჩავჯდეთ, ჩვენით დავაინტერესოთ.

    _ ამ დღეებში ბევრი ამბობს, რომ ქუჩაში მდგომებისგან ვერ გაიგეს, რა სურთ, მაგრამ ვერც ხელისუფლებისა გაიგეს რამე; არავინ იცის, რა სურს ხელისუფლებას, საქართველოს ახალარჩეულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალზე დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი, სადაც სიტყვით გამოდიოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ეს ნორმალური საქციელი იყო?

    _ ეს საქციელი ყოვლად დაუშვებელი იყო. ქვეყანაში, სადაც მთავრობა გაცხადებულად ემიჯნება ლიბერალურ პოლიტიკას, არ შეიძლება მისი მინისტრი იქცეოდეს ასე, ტოვებდეს დარბაზს მსოფლიოში უდიდესი დიპლომატის გამოსვლისას.

    რუსეთისგან დადებითი იმპულსები მოდის. სერგეი ლავროვმა და არა მხოლოდ მან, ბევრჯერ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად. ჩვენ აუცილებლად უნდა ვცადოთ რუსეთთან დალაპარაკება, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს. საქართველოს რუსეთთან 900-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. ძირითადად, ჩვენი მოსაზღვრეა ჩრდილოეთი კავკასია. ეს რეგიონი რუსეთისთვის ყოველთვის იყო სახიფათო. რუსეთის ფედერაციას არ სურს, თავის საზღვართან იყოს ქვეყანა, რომელიც ლიბერალიზმს ქადაგებს და ნატოსკენ მიისწრაფვის. თუკი რუსეთმა მოძმე უკრაინა გაიმეტა, ჩვენ რა გველის? საქართველო უფრო სახიფათო ტერიტორიაა რუსეთისთვის, ვიდრე უკრაინა.

    პოლიტიკას ქმნის ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენთან რა პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკო, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა და მიტინგს შეუერთდა. ისინი ჩასაფრებულები ყოფილან, არც ერთს საქართველოსთვის არ უმუშავია. ვისაც მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა, ქვეყნის მტრები ყოფილან. განუკითხაობა სუფევდა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    2008 წელი ჩვენთვის ტესტი იყო, დაგვანახვეს, რომ ხუთ დღეში გაგვანადგურებენ, მაგრამ ეს არ გვახსოვს, მოკლე მეხსიერება გვქონია. ე.წ. ოპოზიცია საქართველოს მტერია, მზად არიან, რომ რუსეთი დაატაკონ საქართველოს. ეს არის მათი იდეაც და მიზანიც, ამიტომაც არის დაბნეულობა მიტინგზე, ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ.

    როდესაც ქვეყანა ჩამოყალიბებულია, პოზიციაც და ოპოზიციაც ერთ რამეზე შეთანხმებულია, საკრალურ საკითხზე თანხმდებიან, ეთნიკურ მობილიზაციაზე _ პირობითად, რუსეთთან კონფლიქტი გამოიწვევს საქართველოს ანექსიას, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, აგენტურა გვყავს ქვეყანაში და არა ოპოზიცია.

    _ პარადოქსიამიტინგზე დგანან ადამიანები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის დანახვა არ უნდოდათ; სახლებში კი სხედან ისინი, რომლებმაც ზურაბიშვილს ხმა მისცეს და ლეგიტიმაცია გაუფორმეს. ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთში იყო, შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ამერიკის უკვე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპსაცზურაბიშვილის დაბრუნების შემდეგ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. როგორ ფიქრობთ, რაზე ისაუბრეს, სალომე ზურაბიშვილი აქედან მშვიდობით წასვლის გარანტიებს ითხოვს?

    _ პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლო უნდა იყოს. ის უნდა იყოს მედიატორი, არბიტრი… სალომე ზურაბიშვილი მხარედ იქცა, ის თავის ქვეყანას ოპოზიციაში ჩაუდგა. პრეზიდენტი ოპოზიციაშია _ ასეთი რამ არსად ხდება, გინესის წიგნში ვართ შესაყვანები. ზურაბიშვილის ლუსტრაცია მოხდა, ის დასავლეთის სპეცსამსახურების ლატენტური აგენტია. მისი ფუნქციაც არის საქართველოს რუსეთთან დატაკება.

    მაკრონსა და ივანიშვილს შორის, შესაძლოა, მართლაც იყო საუბარი სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარსულია, ის ვერაფერს ვეღარ იზამს…

    _ ეს დაუსჯელობა აბედინებს ყველა მომდევნო ხელისუფალს ბევრ ისეთ რამეს, რაც სახელმწიფოს ვნებსზურაბიშვილი არ უნდა დაისაჯოს?

    _ შესაძლოა, ზურაბიშვილი საფრანგეთში  თავის გადასარჩენად წავიდა. ალბათ, გარანტიებს ითხოვს. მისი ბოლოდროინდელი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია, სამშობლის ღალატია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ის გასამართლდებოდა. ვნახოთ, რა მოხდება, მალე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, წლის ბოლომდე კი ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის ფიქრებსაც მაშინ გავიგებთ…

    ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ ჩვენს პოლიციელებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ სახელმწიფოს ასე ერთგულად იცავენ. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, რომელმაც იმ პოლიციელების სახელები და გვარები გაასაჯაროვა, რომლებიც სამშობლოს იცავენ. ეს გაწირვა იყო ამ ადამიანების. გამოძიებას ბევრი არაფერი სჭირდება, რადგან ასეთ სიასთან წვდომა ბევრ ადამიანს არ ექნებოდა, ამიტომ ადვილია გამცემის ვინაობის დადგენა. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე გამცემის წინააღმდეგ. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს კი ქვეყნის ერთგულებისთვის კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here