Home რუბრიკები პოლიტიკა მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანი 6 კილო-ნახევარი დაიბადა, ექიმებმა მითხრეს, არამიწიერი ბავშვიაო

მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანი 6 კილო-ნახევარი დაიბადა, ექიმებმა მითხრეს, არამიწიერი ბავშვიაო

2964
მალხაზ მაჩალიკაშვილი

 2017 წლის 26 დეკემბერს სუსის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად პანკისის ხეობის მოსახლეობამ 19 აპრილს დუისში სოლიდარობის აქცია გამართა. დუისელებმა კიდევ ერთხელ წამოაყენეს მოთხოვნები და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, ხოლო 10 იანვარს თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახს კი ამ 4 თვის განმავლობაში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა. სპეცოპერაციიდან ოთხი თვის შემდეგ რას მოითხოვენ პანკისელები ხელისუფლებისაგან და რატომ სურთ პრემიერის ჩასვლა ხეობაში _ “საქართველო და მსოფლიოსმოკლულის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება:

_ ჩემს ოჯახს მთელი ხეობა უდგას მხარში და 19 აპრილს სოლიდარობის აქციაზე საკუთარი სურვილით შეიკრიბნენ. სიმართლის დასადგენად არ ვაპირებთ გაჩერებას. ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ მაქვს მხარდაჭერა ქვეყნის ფარგლებს გარედანაც, ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც ჩემი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს. ამ ადამიანებს აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. ასე რომ, ისინი საზღვარს კანონიერად გადმოკვეთენ ნებისმიერ დროს. როგორც კი დავურეკავ, ჩამოვლენ და ჩემთან ერთად დადგებიან აქციაზე. მე არა მხოლოდ ქისტების, ინგუშების, ჩეჩნების, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერაც მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ რეგიონებიდანაც ჩამოვლენ მხარდასაჭერად.

თემირლანი 6 კილო-ნახევარი დაიბადა, ექიმებმა მითხრეს, არამიწიერი ბავშვიაო. იმ დღიდან სულ რაღაცის მეშინოდა, მისი დაკარგვის შიში თან მდევდა… ამ 4 თვის განმავლობაში გამოძიება წინ არ წასულა და იმედი არ მაქვს, რომ ობიექტურად დასრულდება. საერთოდ, მიჩქმალეს ყველაფერი. ჩემი, როგორც შვილმოკლული მამის, თხოვნა, გნებავთ, მოთხოვნა მთავრობისადმი არის შემდეგი: პირველი _ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორიზმის საქმეში უდანაშულოდ ცნონ; მეორე _ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ; მესამე და მთავარი _ დასაჯონ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელმაც ეს ტორორისტული აქტი მომიწყო სახლში; მეოთხე თხოვნა _ ეს არის პრემიერთან შეხვედრა მოსახლეობის. თითქმის მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა.

_ ბატონო მალხაზ, რატომ გსურთ პრემიერთან შეხვედრა და რა შედეგს ელოდებით ამ შეხვედრიდან?

_ როდესაც ეს ამბავი შეგვემთხვა, მთავრობის წარმომადგენლებიდან გიორგი კვირიკაშვილი გამოდგა ის ვაჟკაცი ადამიანი, რომელმაც გულთან მიიტანა ჩვენი ტკივილი და ოჯახს თანაგრძნობა პირველმა გამოუცხადა. და რატომღაც მგონია, რომ ის ხეობის მოსახლეობას ადამიანურად დაელაპარაკება, ავუხსნით რა მოხდა. ამათ ჩაიდინეს უბედური შეცდომა, რომლის აღიარებაც არ უნდათ.

_ ერთერთ ინტერვიუში გამოთქვით ეჭვი, რომ კონკრეტული პიროვნებების მეშვეობით ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ საქმესკერავს”, ვინ არის დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი და იცნობდით თუ არა მას მანამდე?

_ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ადამიანი. როგორც ამბობენ, მოწმეა. ალაპარაკეს, რაც უნდათ, და ახლა ჩემ გასაჩუმებლად იყენებენ. ის ერთი უპატრონო ადამიანია, ხეობაში ნათესავიც არ ჰყავს, რომ ვკითხო, რატომ ტყუის, რით შეაშინეს. ახლა ჩემზე კერავენ საქმეს, მაგრამ ლაპარაკი ერთია და ფაქტები _ მეორე: მანახვონ, თუ რამე აქვთ ჩემ წინააღმდეგ. არც ციხის მეშინია და არც ამ სისტემის, თემირლანის დაკარგვის შემდეგ რისი უნდა მეშინოდეს?!

_ “მეშინია საქართველოს წინააღმდეგ რაიმე დანაშაული არ ჩავიდინო”, _ რას გულისხმობდით ამ განცხადებაში?

_ ამით იმის თქმა მინდა, რომ აქამდე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და არც მომავალში ვაპირებ. ვამბობ იმას, რომ მეშინია ჩემი სინდისისა და ჩემი კაცობის დაკარგვის, რადგან გამწარებული, შვილმოკლული მამა ვარ, რომელიც სიმართლის დასადგენად იბრძვის.

ესაუბრა სოფო კაკაჩია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here