Home რუბრიკები საზოგადოება მაინცდამაინც ევროპაში უნდა წავიდეს ქართველი საშოვარზე და იქიდან გამოგზავნილ ფულს არ ექნება...

მაინცდამაინც ევროპაში უნდა წავიდეს ქართველი საშოვარზე და იქიდან გამოგზავნილ ფულს არ ექნება სუნი?

136

შოუმენმა აჩი ფურცელაძემ რამდენიმე დღის წინათ საინტერესო განცხადება გააკეთა. შოუმენის განცხადებაზე წერა პირველად მიწევს, მაგრამ მოდი, ჯერ აჩის მოვუსმინოთ: “მივიღე გადაწყვეტილება, ეს სახლი გავყიდო, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში გადავიდე. იქ მელოდება ხალხი, რომელიც აფასებს ჩემს, ეგრეთ წოდებულ, შემოქმედებას, ფულსაც იხდიან და ძალიან კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ის, რაც აქ მინდოდა, იქ მაქვს. ბინას ვყიდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად მომიწია ბანკთან ურთიერთობა ზუსტად ამ სახლის შესაძენად. ხუთწლიანი იპოთეკა, ჩემი საქმიანობის დამუხრუჭების გამო, ოცწლიანად იქცა…”

ეს არის მცირე ამონარიდი ვრცელი მონოლოგიდან და გვეეჭვება, ასე მარტივად, პრაქტიკულად, ერთ აბზაცში დაეხატოს ვინმეს საქართველოს ბოლოდროინდელი ყოფა, ასე მარტივად აეხსნას, რას ნიშნავს საბანკო სექტორთან ურთიერთობა და რას ნიშნავს ის, რომ არავის სჭირდები, თუ ნაცნობი არ გყავს. ახლა არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ აჩი ფურცელაძე ელვის პრესლია და საოცრად მღერის, მაგრამ სადაც სხვების ადგილია ტელესივრცეში, იქ არც ის გააფუჭებდა რამეს, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა. მთავარი ის არის, რომ ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში ათასობით კომენტარი დაიწერა და კომენტარების ავტორთა უმრავლესობა ფურცელაძის გადაწყვეტილებას ემხრობა, რადგან ადამიანი რეალურად თავის გადარჩენაზე ფიქრობს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ, თუ ის საქართველოდან გაემგზავრება, რუსეთში არ უნდა წავიდეს, რადგან რუსეთი ნომერი პირველი მტერი და ოკუპანტია. ანალოგიური კომენტარები ხშირად გვინახავს სოსო პავლიაშვილის სურათის ქვეშ, თამარ გვერდწითელის სტატუსებთან… მოდი, სოსო პავლიაშვილზე ვთქვათ, კაცზე, რომლის პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. სადაც სოსო ჩანს, იქ ქართული სული ტრიალებს და ეს ყველამ იცის, ეს ტელეეთერშიც იგრძნობა. ვთქვათ, ჩამოვიდა პავლიაშვილი საქართველოში, რა უნდა გააკეთოს კაცმა, რომელმაც არ იცის არაფერი სიმღერის გარდა? “ნაციონალურ მოძრაობაშიწავიდეს დაჩემი გმირი გიწოდეუმღეროს სააკაშვილს (ეს ნიშა ჩვენთან დაკავებულია) თუოცნებასმიაკითხოს დაჩემი საქართველო აქ არისიღიღინოს?! თუ გამოვიდეს ტელეეთერში და ვაიმე, ხალხო, აქ უძრაობის ხანაა, შიმშილით ვკვდები და მიშველეთო?! იგივე გააკეთოს თამარ გვერდწითელმაც და აქ მერე პირდაპირ ეთერში ან ხაჭაპური გამოაცხოს, ან კიდევ რომელიმე გადაცემის წამყვანად მოგვევლინოს და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სატელევიზიო ეთერში იჭორაოს?! ჰო, სწორედ იჭორაოს, რადგან გადახედეთ შოუებს და მიხვდებით, რომ, ძირითადად, ჭორებზე, ორღობეში მოსმენილ ამბებზეა აგებული ყველაფერი. სხვათა შორის, დემნა გვასალიამ, რომელიც მოდის სამყაროში დღეს ერთ-ერთი წარმატებულია, ამას წინათ თქვა, საქართველოდან გაჭირვებას და კიდევ იმას გამოვექეცი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს მაინცდამაინც არ სწყალობენო. ახლა წარმოიდგინეთ, დემნა რუსეთში რომ მოღვაწეობდეს და იქიდან რომ ეთქვა იგივე, რა ამბავი ატყდებოდა ქართულ სოციალურ ქსელებში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი სახელსა და ფულს რუსეთში იშოვიდა?! ნიჭიერი ადამიანი ყველგან ნიჭიერია, ნიჭს ეროვნება არ აქვს და სწორედ ეს ვერ შეიგნო ძალიან ბევრმა. უფრო ზუსტად, შეგნებული აქვს, მაგრამ არ უნდა აღიარება, რადგან “დასავლური ღირებულებები” მოსწონს თურმე (არადა, წარმოდგენაც არ აქვს, რა არის დასავლური ღირებულებები), ევროპა და ამერიკა უნდა და ეიფელის ფონზე გადაღებული სურათი ურჩევნია ყველაფერს. ცნობილ ადამიანებს რომ ეცემიან ხოლმე და სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ (გარწმუნებთ, არც ამ სიტყვების მნიშვნელობა აქვთ გააზრებული ბოლომდე, თორემ არ იტყოდნენ), იმაზე რატომ არ დაფიქრებულან, რომ, ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ცნობილი ადამიანების გარდა, მილიონამდე ქართველია რუსეთში წასული სწორედ იმიტომ, რომ სამშობლოში ვერაფერი გააკეთეს, ვერაფერი შექმნეს და აქედან ერთადერთ რამეს გაექცნენ _ შიმშილს. თქვენ მართლა გგონიათ, რომ დღეს ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, სრულფასოვნად იკვებება? ან ის გგონიათ, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში გაეროს მიერ აღიარებული 75 ათასი მოშიმშილე ბავშვი სადღაც გაქრა და მათ აღარ შიათ? თუ მაინცდამაინც ევროპაში უნდა წავიდეს ქართველი საშოვარზე და იქიდან გამოგზავნილ ფულს არ ექნება სუნი? სამწუხაროდ, ქართველი ემიგრანტი ქალების უდიდესი ნაწილი ვინმეს მომვლელად ან დამლაგებლად მუშაობს, მამაკაცები _ მშენებლობაზე ან ტაქსის მძღოლად და… გაგიგიათ ვინმეს, რუსეთში ქართველები მასობრივად მომვლელებად მუშაობდნენ? იქ მათ შედარებით ღირსეული სამსახურები აქვთ და, რაც მთავარია, ქართველების უმრავლესობას, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც საკუთარი ბიზნესი და საკუთარი შემოსავალი აქვს. ვერ გეტყვით, ამის გაგება და დანახვა არ გვინდა თუ მოდურია რუსეთის გინება და მოდას არ ჩამოვრჩებით?!

აბა, მიმოიხედეთ გარშემო, გაიხსენეთ ის ადამიანები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში წავიდა სამუშაოდ, რამდენს აქვს საკუთარი ბიზნესი და ახლა რუსეთში წასულებზე დაფიქრდით. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ევროპაში ქართველები არ სჭირდებათ, იქნებ იმიტომ, რომ მათი კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელებს ბიზნესის კეთება ეკრძალებათ, თუ ქვეყნის ეკონომიკაში 100-მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებენ?! ჰო, ეკრძალებათ, რადგან ევროპაში არ სურთ, საქართველოს დარად, ვიღაც უცხოელმა 100 ათასი ჩამოიტანოს, პატარა კაფე გააკეთოს და მერე ადგილობრივები მათხოვრულ ხელფასზე ამუშაოს. ის თუ იცით, ბრიტანეთში 2-მილიარდიან ინვესტიციას თუ განახორციელებთ, ქვეყნის მოქალაქეობას უპრობლემოდ რომ მიიღებთ? ჰო, მოქალაქეობას და არა ქვეყნის მართვის უფლებას. ამით იმის თქმა გვსურს, რომ დასავლურ ღირებულებებზე რომ “ეკეტება ჭკუა” მავანს, ის იფიქროს, რატომ გვტენიან ჩვენ ისეთ რამეს, რასაც თვითონ არ “იტენიან” და რატომ არის რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცილებით თავისუფალი გარემო?! რუსეთში იმაზე მეტი ქართველია წასული ლუკმაპურის საშოვნელად, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც დიპლომატიური ურთერთობა არ გვაქვს. რუსეთში ჩვენს მოქალაქეს რამე რომ გაუჭირდეს, საქართველოს წარმომადგენლობას ვერ მიაკითხავს, იმიტომ, რომ არ არის. და ბოლოს როდის გაიგეთ, რუსეთში საქართველოს მოქალაქეს გაუჭირდა და დიპლომატიური დახმარება დასჭირდაო? ჰო, არც ჩვენ გვსმენია და ეს იმიტომ, რომ იქ ქართული დიასპორა ძლიერია, იქ ერთმანეთის გატანა იციან და, რაც მთავარია, იქ არც 3-თვიანი ვადები აქვთ დაწესებული, დრო დაგიმთავრდა და აქედან წადიო.

თამარ გვერწითელი და სოსო პავლიაშვილი

ამიტომ, როცა ცნობილ ადამიანებს დავუწყებთ დანამუსებას, ფულს რუსეთში ნუ შოულობთო, ყველაზე ცოტა, ის მაინც უნდა შევთავაზოთ, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, უკეთესად თუ არა, ისე მაინც იქნებით, როგორც ახლა ხართო. მაგრამ არა, ასე არ ხდება. დაგვისახელეთ ერთი ადამიანი მაინც, რომელიც რუსეთში წარმატებული იყო, საქართველოში დაბრუნდა და აქაც წარმატება ჰქონდა. ვერ დაასახელებთ, არ ყოფილა ასეთი. რაც მთავარია, აქაც ორმაგი სტანდარტი გვაქვს. ვახტანგ კიკაბიძე, სანამ რუსეთში მოღვაწეობდა, მტერი იყო და, როცა დაბრუნდა, ისეთი დითირამბები უძღვნეს, თითქოს მთელი კარიერა რუსეთში არ გაატარა და ის, რითაც ახლა არსებობს, რუსეთში არ იშოვა. თუმცა, ოპოზიციამ მოახერხა და იმდენი ქნა, რომ კიკაბიძე რუსეთის მთავარ მტრად აქცია, პარლამენტში შეიყვანა და შეიყვანა იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცოდნენ, არ გამოვიდოდა ბუბასგან კანონმდებელი. მაინც მისცეს ადგილი, ის ადგილი, რომელიც, შესაძლოა, რომელიმე ახალგაზრდას უფრო მეტად ეკუთვნოდა. ჰო, ეს ხალხი ბუბას არ აკრიტიკებს, იმიტომ, რომ ჩამოვიდა დაბოლო კონცერტი სად ჰქონდა, იცით, კიკაბიძეს? “ნაციონალური მოძრაობისაქციაზე დაიქაც რუსულად იმღერა, მერე თქვა, ფონოგრამა ჩართეს შეცდომითო. და როგორ გგონიათ, კიკაბიძეს, ხვალ რომ წავიდეს რუსეთში, გამოაგდებენ? არა, არ გამოაგდებენ, ისევ გაივსება დარბაზი მისი სიმღერის თაყვანისმცემლებით და ეს იცის თვითონ კიკაბიძემაც და ეს იცის ყველამ. ამიტომ აკრიტიკებენ თამამად რუსეთს, იციან, ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვთ, მაინც გადაუსვამენ თავზე ხელს და მისცემენ საარსებო საშუალებას.

ჰოდა, მეგობრებო, სანამ რუსეთში წასულ ადამიანებს მტერს უწოდებთ, იმაზე იფიქრეთ, რომ მათ სამშობლომ ვერაფერი მისცა, ვერაფერი შესთავაზა და ის, რასაც აქ ეძებდნენ, იქ მიიღეს, იქ მისცეს, იქიდან აქ არჩენენ იმაზე მეტ ადამიანს, რამდენიც იქით არის წასული და, ქართული ეკონომიკა თავიდან ბოლომდე რუსეთზე რომ დგას, ეგ თუ არ იცით, სახელმწიფო ანგარიშები მაინც წაიკითხეთ და სავაჭრო ურთიერთობებს გადახედეთ, თორემ ხომ ხედავთ, აღარ გამოდის ასე: “თუ მილხინს _ ვმღერი, თუ ვსევდიანობ _ მაინცა ვმღერი…”

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here