Home რუბრიკები საზოგადოება მათ ერთი წმინდა განზრახვა ამოქმედებდათ _ ეკლესიისა და მამულის გადარჩენა

მათ ერთი წმინდა განზრახვა ამოქმედებდათ _ ეკლესიისა და მამულის გადარჩენა

232
წმ. არჩილი და წმ. ლუარსაბი

ქართულმა ეკლესიამ წმინდა არჩილის მოსახსენებელ დღედ 21 ივნისი (ახ. 4 ივლისი) დაადგინა. ამ დღეს მასთან ერთად მოიხსენება წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბი. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლუარსაბს ათასი წელი აშორებს წმინდა არჩილისაგან და მათი წამების ადგილიც სხვადასხვაა, მათ ერთი წმინდა განზრახვა ამოქმედებდათ _ ეკლესიისა და მამულის გადარჩენა. ამ მეფეთა თავგანწირული მოქმედების შედეგად მრავალი ქრისტიანი გადარჩა, ხოლო მათმა თავდადებამ განსაცდელისაგან დაიფარა ჩვენი ეკლესია. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, სრულიად გაქრებოდა ქართლკახეთში ქრისტიანობა.

წმიდა მოწამე მეფე არჩილი

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ _ არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები). სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ წმიდა მოწამე არჩილ მეფე, რომელიც ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. ეს იყო ჟამი უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისა და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვისა.

არჩილის მამამ, ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე. მირის მეფობის ჟამს ქართლში მურვან ყრუ შემოიჭრა, პირსისხლიანმა ჯალათმა “ყოველივე შენებული და სიმაგრენი საქართველოსნი” შემუსრა და სისხლით მორწყო ქვეყანა. მირი და არჩილი აფხაზეთში გაიხიზნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. უფალმა ისმინა მართალთა ლოცვა: ერთ ღამეს წმიდა არჩილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა: აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისა წინა წაგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის”. უფალს მინდობილი მირი და არჩილი მცირედი მხედრობით დაესხნენ თავს მტრის ბანაკს. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. გაქცეულ უსჯულოებს ღმერთმა სასტიკი ქარი და ძლიერი წვიმა მოუვლინა, მდინარეები ადიდდა და აგარიანთა მხედრობა წალეკა. ცოცხლად გადარჩენილმა მომხდურებმა კონსტანტინოპოლს მიაშურეს, მაგრამ ზეგარდამო მოწევნულმა რისხვამ ისინი ზღვაში ჩაახრჩო.

ბრძოლაში დაჭრილი მეფე მირი ავად გახდა, სიკვდილის წინ სამეფო თავის ძმას, არჩილს, გადააბარა, დარჩენილი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა და მცხეთაში დასაფლავება დაიბარა.

მეფე არჩილმა შეასრულა მირის ანდერძი, მცხეთის ზემო ეკლესიაში დაკრძალა იგი, მისი შვიდი ასულიდან ექვსი ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე, გურანდუხტი, კი ბიზანტიის კეისარს მიათხოვა.

თორმეტი წელიწადი იჯდა არჩილი ქუთაისში და ყოველნაირად ცდილობდა სრულიად საქართველოს გაერთიანებას, შემდეგ ქართლში გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ამ ულამაზესი კუთხის აღმშენებლობას შეუდგა; შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი და სამცხეჯავახეთი. არაბების ბატონობა, ფაქტობრივად, თბილისისა და მცხეთის შემოგარენს ვერ სცილდებოდა.

მურვან-ყრუსაგან დარბეული ქვეყანა ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული, როცა არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით კვლავ ააოხრა ქართლი და გეზი კახეთისაკენ აიღო. წინააღმდეგონის გაწევას აზრი არ ჰქონდა, არჩილ მეფემ გადაწყვიტა, ჭიჭუმ-ასიმს ხლებოდა მშვიდობის სათხოვნელად. განიხარა ჭიჭუმ-ასიმმა მეფის მისვლით, პატივით მოიკითხა, “აქო სიკეთე და სისრულე ჰასაკისა მისისა და მშვენიერება პირისა მისისა”.

რამდენიმე დღე დიდებულად ისტუმრა ჭიჭუმმა ქართველთა მეფე, შემდეგ კი ქრისტიანობის უარყოფა და სარკინოზთა სარწმუნოების მიღება მოსთხოვა, სანაცვლოდ “აღუთქუმიდა ნიჭთა დიდ-დიდთა”. ზეგარდამო სულით აღვსილმა ცხებულმან უფლისამან ბრძანა: მე რომ შენ დაგიჯერო, უნდა მოვკვდე სიკვდილით, რომლის შემდეგაც უნდა ვიტანჯოღმერთმან ჩვენმან და მაცხოვარმან ჩვენმან ჩვენი ხსნისათვის თავი დადო, ამიტომაც მე არ მეშინია სიკვდილის. თუ მომკლავ, მეც ისევე აღვსდგები სიკვდილის შემდეგ, როგორც ღმერთი ჩვენი და კვლავ ვადიდებ მას”.

განრიხსებულმა ჭიჭუმმა ღვთისმოსავი მეფე არჩილი საპყრობილეში გამოკეტა. ჭიჭუმ-ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი გამაჰმადიანებული სომეხი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის მამას _ ადარნასეს სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა. სომეხს პაპის ჯავრი სჭირდა და გადაეწყვიტა, შური შვილიშვილზე ეძია. მან ასიმს უთხრა: დიდებულო მთავარო, არჩილი არის სტეფანოზ მეფის ძე, ნათესავი ვახტანგ მეფისა, რომელიც იყო შვილიშვილი მირიან მეფისა; ის თან ახლდა მამას, როცა იგი ქართლის სამეფო საგანძურს მალავდა, და ისიც იცის, თუ სად დაფლა განძი ბერძენთა მეფე ჰერაკლემო.

წმიდა დიდმოწამე არჩილ მეფის მონასტერი
წმიდა დიდმოწამე არჩილ მეფის მონასტერი

ჭიჭუმ-ასიმმა საპყრობილიდან გამოიხმო ქართველთა მეფე და უთხრა, პირველად შენი სიკეთისა და მშვენიერებისათვის გაფასებდი, ახლა კი გავიგე, რომ ხარ შვილი დიდთა მეფეთა, ამითომ განგადიდებ ჩემ წინაშე. შენი სამეფო და საგანძურიც მამათა შენთანი შენი იყოს, ოღონდ მიჩვენე ბერძენთა მეფის საგანძური, რომელიც სპარსეთიდან წამოიღო და საქართველოში დაფლა. სჯულიც შეიცვალე, სარკინოზად მოიქეც და სპასალარადაც დაგნიშნავ და ქართლის მეფობასაც მოგცემო. პასუხად წმიდა არჩილმა ჭიჭუმს უთხრა, რომ არ უარყოფდა ქრისტეს სახელს, საგანძურზე კი არაფერი იცოდა, რადგან, როცა ჰერაკლე მეფემ გაიარა საქართველოზე, მაშინ პატარა იყო.

რაკი ვერაფერი გაიგო არჩილისგან, უსჯულო ჭიჭუმი გულისწყრომით აღივსო და მისი მოკვლა ბრძანა.

წმინდანმა მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მუხლი მოიყარა და ხელაპყრობილმა მადლობა შესწირა შემოქმედს, მაცხოვარს შეევედრა, კეთილად დაეცვა ეკლესია, გაეძლიერებინა ქრისტიანობა საქართველოში, ილოცა ოჯახისთვის და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმიდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში (დღეს ეს არის სოფელი სიონთგორა თიანეთის მუნიციპალიტეტში) მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 718 წელს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

ქართლის მეფე ლუარსაბ II დაიბადა 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ 1606 წელს სამეფო ტახტზე თოთხმეტი წლის ლუარსაბი ავიდა.

1609 წელს თურქები ყირიმელ თათრებთან ერთად თავს დაესხნენ ქართლს. მეფე ლუარსაბი ამ დროს ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა მცირეოდენ ამალასთან ერთად და, ალბათ, ვერაფრით გადაურჩებოდა მტრის უეცარ დარტყმას, რომ არა კველთელი მღვდელი _ წმიდა თევდორე, რომელსაც უსჯულოებმა მეფის სამყოფელისკენ უმოკლესი გზის ჩვენება დაავალეს, მაგრამ მან სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ატარა ისინი. ამასობაში მეფემ შეკრიბა ჯარი და ტაშისკართან სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროს მეფე ჩვიდმეტი წლისა იყო. ამ ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით ზაზა ციციშვილი და გიორგი სააკაძე გამოირჩეოდნენ.

გიორგი სააკაძემ სახლში მიიწვია გამარჯვებით გახარებული მეფე. ნადიმზე ლუარსაბ მეფეს გიორგის და მოეწონა და, მიუხედავად სამეფო კარის წინააღმდეგობისა, მალე დაქორწინდა მასზე.

შემდგომმა მოვლენებმა მტრობა ჩამოაგდო ლუარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. ეს უკანასკნელი საქართველოდან გაიქცა და შაჰ-აბასს სთხოვა თავშესაფარი. ცბიერებით ცნობილი შაჰი ყოველგვარ ინტრიგას აწყობდა საქართველოს წინააღმეგ. შაჰმა წმიდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთვაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის საფასურად ქართლის სამეფოს დაჰპირდა.

მიხვდნენ ქართველი მეფენი შაჰის მზაკვრობას. ღვთის შეწევნით, ამჯერად გადარჩა საქართველო ძმათა კვლის საშინელებას.

შეაშინა შაჰი ქართველთა ერთობამ, ვითომ სანადიროდ და დროის სატარებლად თავისთან მიიწვია ლუარსაბი და თეიმურაზი. მეფეებმა მოითათბირეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ნარეკვავის მინდორზე ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს წინაშე “ქრისტეს ღმრთისა დადებად სულნი და სიკვდილი ქრისტესთვის”. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ქართველების გამარჯვებაში, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ და თავი იმერეთს შეაფარეს.

შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი და გორში დაბანაკდა. აქედან შეუთვალა გიორგი მეფეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. გიორგი III-მ შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, კათალიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე აახლა ყაენს, მათი პირით პატიება სთხოვა. როცა შაჰ-აბასმა ნახა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, ცბიერებას მიმართა: დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიამან ბარათაშვილი და სთხოვა, მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებ, თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. თან ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად.

ლუარსაბმა კარგად იცოდა შაჰისმეგობრობა”, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა: “უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოხრებს, რა მადლი არს ჩემდა”.

შაჰ-აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი ჯერ ყარაიაში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი _ სპარსეთში.

ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებითა და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ, თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზებული აბასისათვის, მაგრამ მეფემ სევდიანად გაიღიმა და თქვა: “უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა”. დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა, _ დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო.

სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო, _ მხნედ უპასუხა წმიდა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები. “ჰოი, მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოება შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელის!” _ ეუბნებოდნენ ისინი წმიდანს. “რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისა”, _ პასუხობდა ლუარსაბი.

ყაენმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: ან უარჰყავი ქრისტე, ან საშინელი სიკვდილი გელისო. ლუარსაბმა, რომელსაც პატიმრობის შვიდი წელი ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინა, დუმილით განაცხადა თანხმობა მოწამეობრივ აღსასრულზე.

შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერაფერი შეარყევდა ლუარსაბის წმენას, განრისხებულმა საპყრობილეში გაგზავნა ჯალათები და მეფის წამებით მოკვდინება ბრძანა.

მტარვალები მივიდნენ ბრძანების აღსასრულებლად. მეფე მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: “მაცალეთ, რათა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძნებული მის უსჯულოისა”. წმიდა ლუარსაბმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და ილოცა.

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმიდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმიდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს.

ეს მოხდა 1622 წელს.

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ამ ორი მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს “ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here