ლობიოობა

    ჯაბა იოსელიანს ეკუთვნის ქრესტომათიული სიტყვები: „დემოკრატია ლობიოობა არ არის!” ფორმის თვალსაზრისით ამ ნათქვამში მაღალი აკადემიზმი არ იგრძნობა, მაგრამ შინაარსი ღრმა აზრის შემცველია. აქ ის არის ნათქვამი, რომ დემოკრატია ყოვლის ნებადართულობა არ არის, პირიქით –  კანონის უზენაესობა და მისივე საყოველთაობაა.  

    დემოკრატიის საფუძველთა საფუძველია ის, რომ იგი უმრავლესობით მიიღწევა. ხალხის ნება ყოველთვის ერთგვაროვანი არ არის, ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი – ისე. ასეთ შემთხვევაში საკითხი კენჭისყრაზე დგება და იწყება დათვლა,  რომელ აზრს მეტი მომხრე ჰყავს და  რომელს – ნაკლები. საკითხი წყდება მეტი (უმრავლესი) მომხრის სასარგებლოდ. მორჩა, დემოკრატია ამით ამოიწურება. აქ  ჩნდება შეკითხვა: უმრავლესობა ყოველთვის მართალია? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: უმრავლესობა ყოველთვის არ არის მართალი! მაშ, რა გამოდის:  იმ შემთხვევაშიც, როდესაც უმრავლესობა მართალი არ არის, საკითხი მის  სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს? კი, დემოკრატია საკითხის ყველა შემთხვევაში უმრავლესობით გადაწყვეტას გულისხმობს. მას სხვა მექანიზმი არ აქვს.  ვიმეორებ: დემოკრატიას საკითხის უმრავლესობით გადაწყვეტის გარდა სხვა მექანიზმი არ გააჩნია. დემოკრატიას სხვა მექანიზმი რომ არ გააჩნია, იმას არ ნიშნავს, რომ საკითხის გადაწყვეტის სხვა მექანიზმი  არ არსებობს? როგორ არა, საკითხის უმცირესობის (გნებავთ, ერთი ადამიანის მიერ) გადაწყვეტის მექანიზმიც არსებობს, მაგრამ, როგორც კი უმრავლესობის გარდა სხვა მექანიზმით საკითხს გადავწყვეტთ, დემოკრატია ხელიდან გვეცლება.

    უმრავლესობა თუკი ყოველთვის ვერ ფლობს ჭეშმარიტებას, ხოლო დემოკრატიას საკითხის გადასაწყვეტად უმრავლესობის გარდა სხვა მექანიზმი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში რა უნდა ქნას ან დემოკრატიამ და ან საზოგადოებამ? ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მსჯელობა,  კამათი,  დარწმუნება.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც დემოკრატიის მახასიათებელია.  უმცირესობამ,  რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან,  უმრავლესობამ უნდა გააცნობიერებინოს, რომ სიმართლე ის კი არ არის, რასაც უმრავლესობა აღიარებს,  არამედ ის, რასაც  უმცირესობა სთავაზობს. დემოკრატია აღიარებს უმრავლესობისა და უმცირესობის ამგვარ თანამშრომლობას. ამ ფორმების გამოყენებისა და ამოწურვის შემდეგ უმრავლესობა ისევ საკუთარ აზრზე თუ რჩება, რომელიც მცდარია, რა სჯობს: უმრავლესობის მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილება თუ უმცირესობის მიერ შემოთავაზებული სწორი გადაწყვეტილება?  საქმისთვის, რა თქმა უნდა, უმცირესობის სწორი გადაწყვეტილება სჯობს, მაგრამ,  სადაც უმცირესობა იღებს გადაწყვეტილებას, დემოკრატია ქრება. საბოლოოდ  საკითხი ასე დგება: რა სჯობს  დემოკრატიის შესანარჩუნებლად – ცალკეულ შემთხვევებში შეცდომის დაშვებასთან შეგუება თუ აქა-იქ სწორი გადაწყვეტილების მიღების ხათრით დემოკრატიაზე უარის თქმა? საკითხი ასეც შეიძლება დაისვას –  რა ყრია ამ დემოკრატიაში ისეთი, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილება უმცირესობის სწორ შეთავაზებას უნდა გვერჩივნოს? საბოლოოდ არც არაფერი, მაგრამ ხალხისთვის დემოკრატიას ახლავს ხიბლი და მიმზიდველობა, რომელიც მის ფუნდამენტურ პრინციპში გამოიხატება: არავინ არ არის უფლებამოსილი,  ხალხს თუნდაც შეცდომის დაშვების უფლება წაართვას! რას იძლევა ეს საბოლოოდ? კარგს არაფერს! გერმანელი პოეტი ფრიდრიხ შილერი ამბობდა: „ხმებს კი არ უნდა თვლიდნენ, არამედ წონიდნენ!” ანგარიშგასაწევი ნათქვამია, ვინაიდან გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში ბევრი სულელი ცოტა ჭკვიანს ვერ აჯობებს ვერც სიბრძნით და ვერც ზნეობით. გერმანიის პირველი  ბუნდესპრეზიდენტი  თეოდორ ჰოისი ამბობდა: „პოლიტიკა ვერ განსაზღვრავს კულტურას, მაგრამ კულტურამ შესაძლებელია განსაზღვროს პოლიტიკა”.  მაღალი საზოგადოებრივი კულტურის გარეშე დემოკრატიული საზოგადოება როგორ ჩამოყალიბდება? სადაც კულტურის ნაკლებობაა, დემოკრატია „ლობიოობა” ჰგონიათ, ანუ საბანს ყველა თავის მხარეს ექაჩება.  ე.წ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც დემოკრატიას გაჰყვიროდნენ, საშინელი მოძალადეები იყვნენ. ისინი, საკუთარ თავს რაკი დემოკრატიის ქურუმებად განიხილავდნენ, ცეცხლითა და მახვილით სდევნიდნენ განსხვავებულ აზრს. ამას არც შეფარულად აკეთებდნენ და არც სინდისის ქენჯნით, რადგან სწამდათ, რომ „განსხვავებული აზრის დამცველების” (ეს სტატუსი თვითნებურად ჰქონდათ მისაკუთრებული) მიმართ განსხვავებული (კრიტიკული) აზრის გამოთქმის უფლება არავის უნდა ჰქონოდა. ეს პოლიტიკური სიტუაციის უზურპაციის მცდელობა იყო. ამ სიტუაციის სიმბოლოს გამსახურდიას  „კარვის ქალები” წარმოადგენდნენ,  რომლებიც ღამურებივით დაფართხუნებდნენ ქუჩებში და წყევლა-კრულვით იკლებდნენ ყველას,  ვინც ზვიადს ბელადად არ აღიარებდა. მეორე მხარეც ანალოგიური რადიკალიზმით ხასიათდებოდა. ისინიც დემოკრატიას გაიძახოდნენ,  რომელიც,  მათი აზრით,  იმგვარ უფლებებსა და გარანტიებს წარმოშობდა, რომ ვიღაცას შეეძლო,  არ ეღიარებინა გამსახურდიას ხელისუფლება. დემოკრატიის ამ მახინჯი გაგების ინერცია გამსახურდიას დამხობის შემდეგაც მოქმედებდა, რომლის გამოძახილსაც ჯაბა იოსელიანის ის ფრთიანი გამონათქვამი წარმოადგენდა, რომლის ციტირებითაც ეს სტატია დავიწყე. დემოკრატიის კულტურა არც იყო და არც არის საქართველოში,  ამიტომ ქართული დემოკრატიის განმსაზღვრელი,  ქართული კულტურა კი არა, ქართული უკულტურობა აღმოჩნდა. პოლონელი სატირიკოსი ვესლავ ბრუძინსკი  ამბობდა: „პოლიტიკური თეატრი: ერთ მომხსენებელს ათი სუფლიორი ჰყავს”.  ძლიერი ნათქვამია, განსაკუთრებით თანამედროვე დემოკრატიის ვითარებაში. ხალხის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ, რასაც ეს ჩვენი შარახვეტია პოლიტიკოსები როშავენ, მათი აზრებია. თითოეულ მათგანს, როგორც პატივცემული ბრუძინსკი ამბობს, ათი სუფლიორი (მოკარნახე) ჰყავს ქვეყნის გარეთ. ასეთი პოლიტიკოსებისგან და მათი მოკარნახეებისგან სიკეთე არ გამოვა, რადგან მათ ქართველი ხალხის მიზნებისა და ინტერესებისგან განსხვავებული სურვილები ამოძრავებთ. მათი ყოველი ძალისხმევა არსებულთან შედარებით უარესი ხელისუფლების მოყვანაა. როგორც ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი ამბობდა, რევოლუცია არის ძალისხმევა, ცუდი ხელისუფლების უარესით შესაცვლელად. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ცხოვრების წესად რაკი დემოკრატია გვაქვს არჩეული, ყველაფერი დემოკრატიულად (უმრავლესობით) უნდა გადაწყდეს. ან ასე უნდა ვიცხოვროთ, ან დემოკრატიაზე უარი განვაცხადოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში ნდობა დემოკრატიის მქადაგებელ პოლიტიკურ ძალას კი არა, მის საწინააღმდეგო პარტიას (ანარქისტებს, მონარქისტებს, კომუნისტებს და ა.შ.) გამოვუცხადოთ. ან – ასე, ან – ისე. დემოკრატიას თუ ვაღიარებთ, დემოკრატიის პრინციპებით უნდა ვიცხოვროთ;  დემოკრატია თუ არ გვსურს, ასეთ შემთხვევაში, ჯერ ის გზა ავირჩიოთ, რომელიც გვსურს, მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ იმ პრინციპებზე, რომლებიც უფრო მისაღებად გვეჩვენება. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც დემოკრატიის გზას დავადგეთ. თუნდაც დასავლეთში დემოკრატიას ყველა როდი აღმერთებს. მაგალითად, გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე აცხადებდა: „თანამედროვე დემოკრატია სახელმწიფოს დაცემის ისტორიული ფორმაა!” სახელმწიფოს დაცემიდან კი ან ერის გადაგვარება და დაღუპვა იწყება, ან ტირანია და ძალმომრეობა მოდის. სხვათა შორის, დემოკრატიის ისეთი ავტორიტეტი, როგორიც პლატონი იყო, ამ აზრს ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში ავითარებდა: სრული თავისუფლება ინდივიდსა და სახელმწიფოს გარდაქმნის მაქსიმალურად მონურ სისტემადანუ ტირანია სხვა არაფრისგან არ წარმოიშვება, თუ არა დემოკრატიისა და მონობის განუსაზღვრელი თავისუფლებისგან.  ეს უაღრესად საინტერესო აზრია. თანამედროვე ლიბერალ-ფაშისტებმა დემოკრატია უმრავლესობის მმართველობის ნაცვლად უმცირესობის მმართველობად გამოაცხადეს.  ისინი უმრავლესობის უფლებებზე კი არა, უმცირესობის უფლებებზე გაჰკივიან, რითაც უმცირესობის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას ცდილობენ და აღწევენ კიდეც. მათ დემოკრატიას მოხერხებულად გამოაცალეს შინაარსი და მის საფარველქვეშ თავიანთი დიქტატურა გამოაცხადეს, რადგან,  თუ უმრავლესობის მმართველობა დემოკრატიაა, უმცირესობის მმართველობა უკვე დიქტატურაა.

    ეს საუბარი მიმყავს იქით, რომ „ქართულმა ოცნებამ”  დემოკრატიის ცნების წინაშე ზედმეტი რევერანსებით  ნაცების (დასავლეთის აგენტურის) დიქტატურა შვა. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ მათ განკარგულებაშია საინფორმაციო საშუალებათა უმრავლესობა, რითაც ისინი ფსიქიკაზე ძალადობენ და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე უტიფრად მანიპულირებენ?  სატელეფონო საუბრები ისმინებაო, – გაჰყვირიან, მაგრამ რისთვის სჭირდებათ ტელეფონების გამოყენება, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას ტელეეთერებში გეგმავენ და ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად ასაღებენ?!  როდესაც „პოლიტიკოსები” ტელეეკრანებიდან მთავრობის დამხობისკენ მოგვიწოდებენ, ისინი სტუდიაშივე უნდა დააკავო, თუნდაც ამ მოწოდებას, მათი აზრით, გამანეიტრალებელ ზედსართავ სახელს (მშვიდობიანი) ამატებდნენ; რომელიღაც  სოციალური ჯგუფი (თუნდაც იგი უცხო სახელმწიფოთა აგენტურას არ წარმოადგენდეს)  დედაქალაქის ცენტრალურ მაგისტრალს ხელოვნურად როდესაც კეტავს, ეს დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება კი არ არის, საზოგადოებაზე, ხალხზე ძალადობაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს. აქ კი რას ვხედავთ?  ეს უმსგავსობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, თანაც ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები მათ ამაში ხელს კი არ უშლიან, ეხმარებიან (პოლიცია თვითონ კეტავს მაგისტრალს). ეს დემოკრატიაა? არა, ეს დესტაბილიზაციის მცდელობა და ხალხზე ძალადობაა! საბოლოო ჯამში რას ვიღებთ? – გათავხედებულ უმცირესობას და უუფლებო (შეურაცხყოფილ) უმრავლესობას. 2008 წელს გათავხედებულმა უმცირესობამ უუფლებო და შეურაცხყოფილი უმრავლესობა სისხლისღვრამდე მიიყვანა, რამაც, საბოლოოდ, ქვეყნის სამ ნაწილად დაშლა გამოიწვია. ანალოგიურმა ვითარებამ გაცილებით მძიმე შედეგები გამოიწვია უკრაინაში, სადაც ნგრევამ და სისხლისღვრამ კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია. მაო ძედუნი ამბობდა: „პოლიტიკა არის ომი სისხლისღვრის გარეშე, ომი კი არის პოლიტიკა სისხლისღვრით”.  რატომ უნდა მიიყვანო პოლიტიკა სისხლისღვრამდე, თუკი ომის წარმოებაც კი არის შესაძლებელი პოლიტიკით?! დემოკრატიულ ცდუნებებს აყოლა იმ თამაშში ჩათრევას ნიშნავს, რომელიც დემოკრატიას ასამარებს და ხალხს დიქტატურისკენ მიაქანებს. ამ არამზადებს ყველაფრის კადრება შეუძლიათ. მაგალითად, ამგვარი უტიფრობის: პრეზიდენტის სასახლეში იმიტომ შევიჭერით, რომ ღობე მყარი არ იყოო. ხაფანგი დაგვიგესო. ამ ლოგიკით, ერთ მშვენიერ დღეს სახლებში შემოგვიცვივდებიან, კარი კარგად არ გქონდათ ჩაკეტილიო. ამით რას გვეუბნებიან: პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ ღობე საერთოდ რომ არ იყოს, ყოველ დილა-საღამოს შტურმით უნდა აიღონ?! ამგვარ თახსირებთან და მოძალადეებთან დემოკრატიის თამაში, როგორც დიდი ჯაბა იტყოდა, „ლობიოობაა”, აბა რა არის?! შეუძლებელია,  ამ სიტუაციამ  ანტონ ჩეხოვის ნათქვამი არ გაგახსენოს: „უცნაურია, რომ აქ (იგულისხმება დემოკრატია – ვ.კ.) ყველაფრის წაკითხვა და თქმა შეგიძლია”.  უცენზურობა უწესობაში, უხამსობასა და დანაშაულში გადადის, ამის  ნათელი მაგალითი თანამედროვე საქართველოა.  გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ამბობს: „დემოკრატია სამ ძირითად პრინციპს ემყარება: „სინდისის თავისუფლებას; სიტყვის თავისუფლებასა და გონიერებას, რომ ამ ორიდან, არც ერთი არ იქნება გამოყენებული.” ეს ნათქვამი ისე ღრმა ცინიზმითაა გაჟღენთილი, რომ დემოკრატიის მიმართ უკიდეგანო სკეპტიციზმს აჩენს, მაგრამ ამ დაუნდობელ და გამანადგურებელ დამოკიდებულებას ერთგვარად არბილებს და აკეთილშობილებს ვლადიმერ ლენინის შორსმჭვრეტელური პოზიცია: „დემოკრატია სოციალიზმის წინა საფეხურია!” ლენინმა დემოკრატიას მისი ისტორიული ადგილი მიუჩინა ანუ აფასებდა მას, მაგრამ „ლობიოობამდე” არ დაჰყავდა. პროლეტარიატის დიდი ბელადი ჭკვიანი კაცი რომ იყო, ამას, სხვა რომ არაფერი, მის მიმართ ამ ვითომ დემოკრატი, სინამდვილეში კი ფაშისტი ძაღლისშვილების უკიდეგანო სიძულვილიც ადასტურებს.

    ვალერი კვარაცხელია                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here