Home რუბრიკები სამართალი ლგბტ თემი და მოსამართლეებისთვის დასმული პროვოკაციული შეკითხვები

ლგბტ თემი და მოსამართლეებისთვის დასმული პროვოკაციული შეკითხვები

8979
ლგბტ თემი და მოსამართლეებისთვის დასმული პროვოკაციული შეკითხვები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება. შესაბამისად, თითოეულ კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან უწევთ გასაუბრება და კითხვებზე პასუხის გაცემა. სწორედ ამ პასუხებმა უნდა გადაწყვიტოს, აკმაყოფილებენ თუ არა მოსამართლეობის კანდიდატები კონკრეტულ კრიტერიუმს.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც კანდიდატებს უსვამენ, ლგბტ თემს ეხება. უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლეობის კანდიდატებს ეკითხებიან, გავლენ თუ არა ისინი ლგბტ პრაიდზე. ერთ-ერთმა მოსამართლემ უპასუხა: თუ შინაგანი მოთხოვნა არ მაქვს, რატომ უნდა წავიდეო?! ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ, თუ არ არის ლგბტ თემის წარმომადგენელი, რატომ უნდა გავიდეს მათ მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, პასუხი ლოგიკურია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ლოგიკური იქნება ის იუსტიციის საბჭოსთვის. ყველაზე საინტერესო კი მაინც კითხვების შინაარსია. რას ნიშნავს, გახვალ თუ არა ლგბტ პრაიდზე? რატომ სვამენ ამ კითხვას და, ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, რატომ უნდა გადაწყვიტოს ამ კითხვამ კონკრეტული კანდიდატის ბედი?!

საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში ლგბტ თემის წარმომადგენელთაგან სასამართლოებში შეტანილი სარჩელების რაოდენობამ ძალიან მოიმატა. საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილება მათ ხშირად არ მოსწონთ და ჯერ სააპელაციოში მიდიან, შემდეგ კი _ უზენაესში. ჰოდა, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოებში იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც მათ სარჩელს ლოიალურად შეხედავენ. სწორედ ეს არის მთავარი და ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ კანდიდატებს სწორედ ამ თემაზე უსვამენ შეკითხვებს.

საზოგადოდ, სასამართლო სისტემა საქართველოში ყველაზე მეტად პოლიტიზებული წინა ხელისუფლების პერიოდში იყო. განაჩენთა 99,98 პროცენტი გამამტყუნებელი გამოდიოდა და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, იმხანად დასავლეთი და ამერიკა ხმამაღლა არ საუბრობდნენ: ასეთი რამ არ უნდა ხდებოდესო. მაშინ არც არასამთავრობოები იბრძოდნენ ასე ხმალამოღებული და არ ამბობდნენ: ჩინჩალაძისა და მურუსიძის სასამართლო სანდო არ არისო. ჰო, იმ ჩინჩალაძისა და მურუსიძის, რომლებიც მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან, მაგრამ თურმე, როცა სასამართლოს თითქმის ასი პროცენტი გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა, მისაღებნი იყვნენ, ხოლო ახლა _ მიუღებელნი, რადგან… რადგან სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნიშნები აშკარად გაჩნდა.

2019 წელი ამ მიმართულებით ყველაზე დაძაბულია. ლგბტ თემმა აგრესიული კამპანია დაიწყო და დაიმუქრა, რომ “პრაიდს” აუცილებლად ჩაატარებდა. ლამის სრულიად საქართველო ფეხზე დადგა და, იმის მიუხედავად, რომ არაერთი პროვოკაცია მოეწყო, ყველაფერი შეტაკებისა და კონფლიქტის გარეშე დასრულდა. ლგბტ თემმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მოაწყო აქცია და დაარქვა “პრაიდი”, მაგრამ ეს არ იყო ის, რასაც აანონსებდნენ, და ეს არ იყო ის, რისი მოლოდინიც მათ ჰქონდათ.

საზოგადოებაში ვრცელდება აზრი, რომ ამ ხმაურიანი ნაბიჯის გამო დასავლეთიდან არაერთი გრანტი დაიძვრება, რათა “ჩაგრული” ლგბტ თემი უფრო თამამი გახდეს და უფრო მეტის შესაძლებლობა ექნეს. რეალურად კი ისინი ჩაგრულები ნამდვილად არ არიან, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ფართოდ ეთმობათ როგორც სატელევიზიო სივრცე, ასევე სოციალური ქსელი და, თუ სოციალურ ქსელში ვინმე მათ აგრესიულად მოიხსენიებს, ესეც გამოხატვის თავისუფლების ფორმა გვგონია. თუ მათ აქვთ იმის უფლება, რომ პროპაგანდა გასწიონ, სხვებსაც აქვთ უფლება, ეს პროპაგანდა არ მიიღონ, გააკრიტიკონ.

ჰოდა, ისე ჩანს, მედიის გარდა, ლგბტ თემსა და მათ მხარდამჭერებს სასამართლოს ათვისებაც სურთ. ჩვენი აზრით კი, მოსამართლე ყველაზე დამოუკიდებელი და ყველაზე მიუკერძოებელი უნდა იყოს. მას არავინ უნდა აიძულებდეს რომელიმე აქციაზე გასვლას ან პროტესტის გამოხატვას, ეს შინაგანი რწმენით უნდა გადაწყვიტოს, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერმა სხვამ და, თუ კონკრეტული მიმართულებით დავაძალებთ, ვაიძულებთ, რომ გამოხატოს ამა თუ იმ გუნდისა თუ თემის მიმართ მხარდაჭერა (თუნდაც უარყოფა), ის არასოდეს იქნება დამოუკიდებელი და აღმოჩნდება საკუთარი განცხადების ტყვეობაში. სხვა საკითხია, რა მოხდება მაშინ, თუ მოსამართლე იცრუებს _ იუსტიციის საბჭოს წევრებს ტყუილს ეტყვის, გამოვა, რომ უზენაესში კარიერას ტყუილით დაიწყებს, რაც არც მას წაადგება და არც ქვეყანას.

როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, არაერთი ცნობილი პუბლიცისტი ამბობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევიან აგრესიით. აგრესიაში მათი აგრესიული პოლიტიკა იგულისხმება, ანუ ისინი, თავს გვახვევენ თავიანთ უფლებებს და ეს ხშირად სხვისი უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ხდება. თუნდაც ჩვენი, ქართული, მაგალითი ავიღოთ: 30-მდე პირი აპირებდა “პრაიდის” ჩატარებას, რასაც, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მილიონი ზრდასრული ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ არა, ისე გამოდიოდა, რომ მათ თავისი უნდა გაეტანათ და, ქუჩასთან ერთად, ამ ადამიანების თავზე უნდა გაევლოთ. და სწორედ იმიტომ, რომ ეს ვერ შეასრულეს, რომ წინააღმდეგობა გასწია ლამის სრულიად საქართველომ, მათი მხრიდან აგრესიულმა განცხადებებმა იმატა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მომავალში უკეთესად მოემზადებიან და უკეთესად მოახერხებენ ორგანიზებას იმისა, რასაც, კიდევ ვიმეორებ, ლამის მთელი საქართველო აღუდგა წინ.

სხვათა შორის, ლგბტ თემის აქციები რუსეთში კანონით არის აკრძალული და აკრძალულია სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მათი გამოსვლები აგრესიას იწვევდა. გული დასწყდა ერთ პროცენტს, კმაყოფილია 99 პროცენტი. ჩვენთან აკრძალვაზე საუბარი რომ დავიწყოთ, იმდენ ფობიას მოგვაწერენ, ბოლოს თვითონ შეგვეშინდება და ამიტომ მარტივად ვიტყვით _ არ აიკრძალოს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საჯარო სივრცეში ძალით მოგვახვიონ თავს ის, რისი დანახვაც არ გვსურს. ხომ იკრიბებიან სახლებში, ოფისებში, სადაც არავინ უვარდებათ, შეიკრიბონ, იმსჯელონ და ერთ მშვენიერ დღეს, ასი ან ორასი წლის შემდეგ, თუ დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მზად არის ამისთვის, გამოვიდნენ.

ისევ მოსამართლეებზე ვთქვათ: მხოლოდ მოსამართლეზე კი არა, ზეწოლა მიდის იმ ადამიანებზეც, რომლებიც გაბედავენ და ლგბტ თემის წარმომადგენელს სამსახურში არ აიყვანენ. ჰო, ზუსტად ასეა: საკმარისია, ლგბტ თემის წარმომადგენელმა კომპანიას მიაკითხოს და მუშაობა მოითხოვოს, უარის შემთხვევაში მაშინვე ედება სარჩული, რომ ეს იყო უარი სწორედ იდენტობის გამო და შემდეგ მიდის სასამართლო დავა და გარჩევები. არადა, როცა თანასწორობაზე აქვს პრეტენზია ნებისმიერს, ვინც უნდა იყოს, უნდა დაიცვას სწორედ თანასწორობის პრინციპი და, როცა საკუთარ უფლებებზე საუბრობენ, უნდა იცოდნენ, რომ მათი უფლებები ზუსტად იქ მთავრდება, სადაც სხვა ადამიანის ცხვირი იწყება. შესაბამისად, როცა მოსამართლის ცხვირი იწყება, იქ სხვისი უფლებები მთავრდება და, ჩვენ თუ გვკითხავთ, არავის აქვს უფლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დაუსვას კითხვა, _ გავიდოდა თუ არა ლგბტ აქციაზე ან რა რეაქცია ექნებოდა, თუ მის ფოტოს პრეზერვატივზე დაახატავდნენ. ჰო, ეს შეკითხვაც დაისვა და ვინმემ მოძებნოს ადამიანი, რომელიც ბედნიერი იქნება იმით, რომ საკუთარი გამოსახულება პრეზერვატივის შესაფუთ მასალაზე იხილოს. როცა ასეთი ადამიანი არ არსებობს, რატომ სვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კითხვას? იმიტომ ხომ არა, რომ მოსამართლეობის კანდიდატის აგრესია გამოიწვიოს და შემდეგ თითი გაიშვიროს: აგრესიულია, მოსამართლედ არ გამოდგებაო.

საზოგადად, ქართულ რეალობაში შეურაცხმყოფელი ფრაზები ძალიან დამკვიდრდა. ქუჩაში, ტრანსპორტში, ტელევიზიებში ხშირად ისმის ბილწსიტყვაობა და ამ ყველაფერს თითქოს შევეგუეთ, თითქოს ჩვეულებრივ ამბად იქცა და, შესაბამისად, შეურაცხმყოფელი კითხვებიც თითქოს ყურს ისე მძაფრად აღარ ხვდება. ადრე არსებობდა ეთიკის საბჭო, რომელიც ასეთ რაღაცებს კრძალავდა, ახლაც არსებობს რაღაც ამდაგვარი, მაგრამ არ გვსმენია, რომელიმე ჟურნალისტის მიერ ტელეეთერში თქმულ გინებაზე მძაფრი რეაქცია ჰქონოდა. სამაგიეროდ, საკმარისი აღმოჩნდა, ერთ-ერთ ჟურნალისტს ლგბტ თემის წარმომადგენელზე ეთქვა “პედერასტიაო”, სამსახურიდან გაუშვეს. სწორედ ეს არის ის ორმაგი სტანდარტი და აგრესია, რომელზეც ვსაუბრობთ. აგრესიული იერიში მიაქვთ ყველაფერზე და ახლა უკვე მოსამართლეთა კორპუსზეც, იმიტომ, რომ კითხვები, რომლებსაც კანდიდატებს უსვამენ, პროვოკაციულია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here