Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ ერთხელ მოკლეს ილია, ამჯერად ბორჯომში

კიდევ ერთხელ მოკლეს ილია, ამჯერად ბორჯომში

1715
ილიას ძეგლი

ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში დაიბადა, 1907 წლის 12 სექტემბერს კი წიწამურთან მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა. წელს მისი დაბადებიდან 180 წლისთავი სრულდება.

…1861 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან საქართველოში გამოემგზავრა. მან სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები მხატვრულად ასახა “მგზავრის წერილებში”, რომელიც არა მხოლოდ ილიას ან “თერგდალეულების” მიზნებსა და ამოცანებს, არამედ ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე…. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?” _ წერდა ილია, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე შემოიკრიბა ახალი თაობა და საფუძველი ჩაუყარა ჰუნანისტურ დემოკრატიულ მიმდინარეობას, რომელიც “პირველი დასის” სახელით არის ცნობილი.

გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს, შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია”… პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. საგურამოდან წამოსვლისას დაუბარებია, _ დღესვე, საღამოს, დავბრუნდებიო. სოფელში დარჩენილა ილიას მოურავი ჯაში. ჯაშმა ყველა ზომა მიიღო, უკან დაბრუნებისას ილია რომ მოეკლათ, მაგრამ იმ დღეს ილია შინ არ დაბრუნებულა…

1907 წლის 12 სექტემბერს, 10 საათზე, ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი დღის წინათ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე წიწამურის წყაროსთან მისულან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა, რათა მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია მეეტლე თედო ლაბაურისთვის, ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. მან იცოდა, რომ 15-20 წუთის შემდეგ ილიას მოკლავდნენ.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, თქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟაფშაველა წერდა, “ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავდნენო”.

ათი დღე გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი დაკრძალა თბილისის უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე…

“ილიას გზით მივდივართ” _ “ძლიერთა ამა ქვეყნისა” ნათქვამი ეს ფრაზა ხშირად გვესმის სატელევიზიო ეთერიდან. არადა, ერის მამად წოდებული ილია მართლის ძეგლი, უკვე ორი წელიწადია, ბორჯომის პარკიდან გაიტანეს და ღია ცის ქვეშ უპატრონოდ დააგდეს.

ბორჯომელები ილიას ძეგლისადმი უდიერ მოპყრობასა და წმინდანად შერაცხული საზოგადო მოღვაწის უპატივცემულობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, ხელისუფლებას, რომელიც ირწმუნება, რომ ილიას გზას ადგას.

მართლაც, საით მიდის ილიას გზა და საით მივდივართ ჩვენ?

ჩვენ დავუკავშირდით ბორჯომის მუნიციპალილეტის გამგეობას, რათა გაგვერკვია, რას ერჩოდნენ ილიას ძეგლს. გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძემ გვიპასუხა:

“ილიას ძეგლი გამგეობის ეზოში გადავიტანეთ. რადგან ძეგლის ტანი ილიასი არ იყო, ბორჯომელების უმრავლესობას ის არ მოსწონდა და საერთოდ, ცუდად იყო გაკეთებული და შეუფერებელ ადგილასაც იდგა….

გადავწყვიტეთ, ილია ჭავაჭავაძის ძეგლი დავდგათ მისივე სახელობის სკოლის ეზოში. ამისთვის ნებართვაც ავიღეთ განათლების სამინისტროსგან. წლის ბოლოს ტენდერი გამოცხადდება და შესაძლოა, გამარჯვებულმა კომპანიამ უკეთესი იდეა შემოგვთავაზოს. ასე რომ, ილიას ძეგლი ბორჯომელებს უკეთესი სახით დაუბრუნდება”.

“გვატყუებენ, რომ ილიას გზით მიდიან, რადგან ილიას გზას ნამდვილად არ ადგანან, _ აღშფოთება ვერ დამალა ჩვენთან საუბარში ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი გოგოლაშვილმა, _ ილიას ძეგლის ჩამოგდება ის შემთხვევაა, როდესაც ენა არ გიტრიალდება რაიმეს სათქმელად. ეს უზნეო საქციელია და ამის ჩამდენს მომავალი არ აქვს.

ვიღაც ილიას ძეგლის რესტავრაციაზე საუბრობდა, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს, აღდგენამდე კი სათუთად უნდა შეინახონ.

დღეს ლიბერალური საზოგადოება გვიკიჟინებს: დავივიწყოთ წარსული, მოვიჭრათ ფესვები და ისე ვიაროთ წინო, სამწუხაროდ, ლიბერალები ხშირად ახსენებენ ილიას გზას, მაგრამ, ან არ იციან, რა გზაა ეს, ან გვატყუებენ, რომ ამ გზით მიდიან. ილიაც ამიტომ გაუშვეს სანაგვეზე”.

გულისტკივილს გამოთქვამს ლიტერატურათმცოდნე თემურ ქორიძე: “თუკი, ვინმეს ძეგლი არ მოსწონდა, ისე გაეტანათ, ილია არ შეურაცხეყოთ. ამ საქციელით სრულიად ქართველი ერი შეურაცხყვეს. ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს კიდევ ერთხელ ესროლეს ილიას და კიდევ ერთხელ მოკლეს”.

აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის აზრით, “ეს დიდი დანაშაული იმიტომ ხდება, რომ დამნაშავეები არ ისჯებიან, მეტიც: მათ, ვინც ჩვენს სულიერ მამებს შეურაცხყოფს, აწინაურებენ.

მოისროლეს მემედ აბაშიძის ძეგლი; დავით აღმაშენებლის ძეგლი კი ისეთ ადგილას გადაიტანეს, ვერაფრით მიუდგები; ააფეთქეს “დიდების მემორიალი”… ეს პოლიტიკაა, რომლითაც მიზანმიმართულად ხორციელდება ქართული ცნობიერების, კულტურის, ისტორიის განადგურება.

უბედურებაა! ილიას სახელს ახსენებენ ადამიანები და მისი ერთი ნაწარმოებიც არ აქვთ წაკითხული. ილიასნაირი სულიერი მამა საქართველოს არ ჰყოლია. მან ყველა სფეროში შეიმუშავა პროგრამა _ სოფლის მეურნეობაში, კულტურაში, ეროვნულ მოძრაობაში; გვასწავლიდა, როგორ გადავრჩენილიყავით. ილიას უპირველესი მიზანი იყო, ქართველში ეროვნული სული გაეღვიძებინა, რითაც ქვეყნისთვის სასიკეთო პროგრამების განხორციელებას შესძლებდა, მაგრამ ახლა ილიას იდეას კლავენ, ილიას ცეცხლს აქრობენ, და ეს ხდება უკვე მერამდენედ. ანგრევენ ყველაფერს, რასაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია.

ჯერ ის ვერ მოგვინელებია, ილია რომ მოვკალით, ადამიანი, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავის გულში სიცოცხლეშივე დაუდგა ძეგლი, ყველა ქართველმა იცოდა ილიას ფასი, მაგრამ ნაძირალებმა, გამყიდველებმა, არაქართველებმა მოკლეს. ჯაშმა მოკლა ილია და ახლა იმ მკვლელის შთამომავალი, მარიამ ჯაში, პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გვიზის

ტელეეთერში გამოჰყავთ ლევან ბერძენიშვილი, შეუქმნეს განათლებული კაცის იმიჯი, აკითხებენ ლექციებს იმ სფეროში და იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად სძულს _ ქართულ ლიტერატურა და საქართველო. სასაცილია, სატირალი რომ არ იყოს.

საქმე ძალიან ცუდად არის, საქართველო იღუპება და მშველელი არ ჩანს!”

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here